Accessibility links

site logo site logo

პერსონაჟი: ჰექტორი


პერსონაჟი: ჰექტორი
please wait

No media source currently available

0:00 0:38:08 0:00
ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პერსონაჟი“ გთავაზობთ საუბარს მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი მთავარი შედევრის, ჰომეროსის „ილიადის“ ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟზე, ტროელთა ბურჯზე, ჰექტორზე. „ილიადა“ არის ორი სამყაროს დაპირისპირება, აზიისა და ევროპის, პირველადობისა და ცივილიზაციის, ბუნებისა და კულტურის შეჯახება. აზიის, პირველადი და ცივილიზაციით შეურყვნელი კულტურის წარმომადგენელია უდიდესი გმირი ჰექტორი, რომელიც ჰომეროსს განსაკუთრებული სიყვარულითა და სითბოთი ჰყავს დახატული. ტროის ყველაზე მძლავრი მეომარი, ქვეყნისა და ლაშქრის იდეალური ლიდერი, ბრწყინვალე შვილი, შესანიშნავი მეუღლე და მამა, გაწონასწორებული პიროვნება მუდმივ წყვილებში განიხილება, ეს წყვილებია: ჰექტორი-აქილევსი, ჰექტორი-ანდრომაქე, ჰექტორი-პარისი, ჰექტორი-პრიამოსი. ეს მრავალწახნაგოვნად დახატული გმირია.ერთ-ერთი მთავარი წახნაგი ჰექტორისა იკვეთება მეუღლესთან საუბარში: ჰექტორმა იცის, რომ ტროას შანსი არ გააჩნია, რომ ილიონი დაიქცევა, რომ ყველა დაიღუპება, რომ იგი წაგებული ომის მთავარი გმირია, მაგრამ „ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულისკვეთება“, რომ მის თავდადებას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. ჰექტორის ფუნდამენტური ხასიათი, სამშობლოს სიყვარული, პატიოსნება, ღირსება უპირისპირდება „აფთიტოს კლეოსის“ ანუ „უჭკნობი დიდების“ მაძიებელ აქილევსის მისწრაფებებს. შემთხვევით არ არის, რომ „ილიადა“, რომელიც აქილევსის მრისხანებით იწყება, ჰექტორის სიკვდილითა და დაკრძალვით მთავრდება. ჰექტორის სიკვდილი არა მხოლოდ ტროის დაცემას მოასწავებს, ის იმ პირველყოფილი, სუფთა, ცივილიზაციით შეურყვნელი სამყაროს დაცემასაც მოასწავებს. „ილიადა“ არა მხოლოდ გამარჯვების პოემაა, „ილიადა“ ცივილიზაციის გამარჯვებისა და სისუფთავის ნოსტალგიის სევდიანი პოემაცაა, რომელიც ამ ემოციით გენიალური პაზოლინის „მედეასაც“ შეგვიძლია შევადაროთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG