Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის რეჟიმის განაჩენი პოლიტპატიმრებისთვის - რისთვის და როგორ იხდიან სასჯელს რუსეთში


რუსი პოლიტპატიმრები. ილუსტრირებული ფოტო
რუსი პოლიტპატიმრები. ილუსტრირებული ფოტო

ალექსეი ნავალნის პატიმრობამ და სიკვდილმა თვალსაჩინო გახადა ის პირობები, რომელშიც რუსეთის ციხეებსა და შრომა-გასწორების კოლონიებში იმყოფებიან პოლიტიკური პატიმრები.

როგორც ადამიანის უფლებათა დამცველი ავტორიტეტული ორგანიზაციები შენიშნავენ, პოლიტპატიმრების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

ხშირ შემთხვევაში ადამიანებს დევნიან არა მხოლოდ საპროტესტო განცხადების ან რამე უწყინარი მოქმედების გამო, არამედ განზრახვისთვის.

ადამიანის უფლებათა დამცველების თქმით, მართალია ჯერჯერობით უცნობია რუსი პოლიტპატიმრის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, მაგრამ ნავალნის პატიმრობის პირობებმა აშკარა გახადა, რომ რუსეთის სასჯელაღსრულების სისტემა ყველა საშუალებას იყენებს იმისთვის, რომ რეჟიმისთვის მიუღებელი პირების საპატიმროებში ყოფნა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად გაუსაძლისი იყოს.

ვინ არიან ის პოლიტპატიმრები, რომლებსაც, ნავალნის მსგავსად, არაადამიანურ პირობებში უწევთ სასჯელის მოხდა?

ვიხსენებთ რამდენიმე მათგანს:

ალექსეი გორინოვი

ალექსეი გორინოვი
ალექსეი გორინოვი

მოსკოვის კრასნოსელსკის დეპუტატთა საბჭოს მუნიციპალური დეპუტატი ალექსეი გორინოვი იყო პირველი, ვინც რუსეთის ხელისუფლებამ გაასამართლა ანტისაომარი განცხადებებისთვის ე.წ. რუსული არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების მუხლით. 2022 წლის ივლისში სასამართლომ მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რის შემდეგაც გორინოვი სასჯელის მოსახდელად გადაიყვანეს ვლადიმირის N2 კოლონიაში, სადაც ხუთჯერ იქნა მოთავსებული საჯარიმო საკანში.

ჯერ კიდევ კოლონიაში განწესებამდე გორინოვს, რომელსაც ქრონიკული დაავადება აწუხებს (ამოკვეთილი აქვს ფილტვის ნაწილი), შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები. ადვოკატები აცხადებდნენ, რომ ციხეში მას არ გაუწიეს საჭირო დახმარება (მაღალი სიცხისა და მწვავე ბრონქიტის მიუხედავად, უარი უთხრეს სამედიცინო განყოფილებაში გადაყვანაზე). ადვოკატი, რომელმაც გორინოვი 2023 წლის დეკემბრის დასაწყისში ინახულა, ამბობს, რომ პატიმარი ძლივს იკავებდა თავს სკამზე ჯდომისას, სახე კი გალურჯებული ჰქონდა უჟანგბადობისგან.

2023 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ ალექსეი გორინოვის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის ახალი საქმე ტერორიზმის გამართლების მუხლით, რაც ითვალისწინებს 2-დან 5 წლამდე პატიმრობას.

ვლადიმირ კარა-მურზა

ვლადიმირ კარა-მურზა
ვლადიმირ კარა-მურზა

ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა და საზოგადო მოღვაწეს, რომელიც საზღვარგარეთიდან მოსკოვში დაბრუნდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მისჯილი აქვს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა - სახელმწიფო ღალატის, რუსული არმიის ცილისწამებისა და არასასურველ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით.

სულ რაღაც ერთი წლის განმავლობაში, კარა-მურზას გამოგონილი მიზეზებით შეუდგინეს რეჟიმის დარღვევის 14 ოქმი, რის გამოც საპატიმროს ადმინისტრაციამ მიიღო პატიმრობის პირობების გამკაცრების გადაწყვეტილება.

2023 წლის აპრილში კარა-მურზა გადაიყვანეს ომსკის N7 კოლონიაში, სადაც ოთხი თვით მოათავსეს კამერის ტიპის ერთიან შენობაში - სპეციალური პირობებით შექმნილ შიდაციხეში.

2023 წლის ნოემბრის მდგომარეობით, კარა-მურზა ხუთჯერ იყო ნამყოფი საჯარიმო იზოლატორში.

რუსი ადვოკატებისა და უფლებადამცველების შეშფოთებას ასევე იწვევს პოლიტიკოსის ჯანმრთელობა, რადგან დაპატიმრებამდე კარა-მურზა ორჯერ მოწამლეს (2015 და 2017 წლებში) უცნობი ქიმიკატებით.

პატიმრის ადვოკატი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ამ მოწამვლის შედეგად კარა-მურზას განუვითარდა პოლინევროპათია - პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადება, რის გამოც მას სრულფასოვნად მხოლოდ ერთი ხელის მტევანი უმუშავებს.

ანდრეი პივოვაროვი

ანდრეი პივოვაროვი
ანდრეი პივოვაროვი

ორგანიზაცია “ღია რუსეთის” ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს 2022 წლის ივლისში მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა „არასასურველი ორგანიზაციის“ ხელმძღვანელობისთვის. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ორგანიზაცია დაიხურა 2021 წელს ანუ კანონმდებლობის ამოქმედებამდე და, რომ „ღია რუსეთი“ არანაირად არ იყო დაკავშირებული რუსეთში არასასურველად ორგანიზაციად ჯერ კიდევ 2017 წელს გამოცხადებულ ამავე სახელწოდების ბრიტანულ ორგანიზაციასთან.

კრასნოდარის საგამოძიებო იზოლატორიდან გადაყვანის შემდეგ ანდრეი პივოვაროვი მთელი ერთი თვით „გაუჩინარდა“. როგორც მოგვიანებით გაირკვა, პატიმარი გადაუყვანიათ კარელიის N7 კოლონიაში, თუმცა ეტაპირებისას ორი კვირით მოუთავსებიათ საჯარიმო საკანში.

კოლონიაში შეყვანის შემდეგ პივოვაროვი შეასახლეს ე.წ. საკნის ტიპის ნაგებობაში, რომლის რეჟიმი გამორიცხავდა გარე სამყაროსთან ნებისმიერ კავშირს.

მალე ანდრეი პივოვაროვი კვლავ მოათავსეს საჯარიმო საკანში.

ამის შემდეგ კოლონიის ადმინისტრაციამ პივოვაროვს დაუწესა პატიმრობის მკაცრი რეჟიმი, რომელიც დღემდე არ შეცვლილა. პატიმარი იმყოფება სამარტოო საკანში ისე, რომ არ ეძლევა მშობლებსა და მეუღლესთან ტელეფონით დაკავშირების უფლება.

იგორ ბარიშნიკოვი

იგორ ბარიშნიკოვი
იგორ ბარიშნიკოვი

"რუსეთის არმიის შესახებ ფეიკების გავრცელების“ ბრალდებით ციხეში გაგზავნილი ათობით ადამიანიდან, უფლებადამცველების ყველაზე მეტ შეშფოთებას იწვევს, კალინინგრადის მკვიდრის, იგორ ბარიშნიკოვის ბედი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ჩაძირული კრეისერის („მოსკვა“) ეკიპაჟის დაღუპვისა და ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვის შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტებისთვის, 64 წლის ინჟინერსა და სამოქალაქო აქტივისტს 7,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

არადა, როგორც პატიმრის ადვოკატები ამბობენ, ბარიშნიკოვი დაავადებულია სიმსივნით, რამაც, ექიმების აზრით, შეიძლება ფატალური შედეგი გამოიღოს, თუ მას სათანადო მკურნალობა არ ჩაუტარდება.

სასამართლომ უარი უთხრა ბარიშნიკოვს სანქტ-პეტერბურგში გადაყვანაზე, სადაც ოპერაცია გაუკეთდებოდა. ადვოკატების თქმით, პატიმარი იყენებს ცისტოსტომას - დრენაჟულ მილს, რომელიც შარდის ბუშტში აქვს ჩადგმული და მიერთებულია სხეულის გარეთ შემგროვებელ სისტემასთან.

იგორ ბარიშნიკოვისათვის პატიმრობის მისჯის შემდეგ, სასამართლომ გადაწყვიტა სახელმწიფოს მზრუნველობაში გადაეცა პატიმრის 96 წლის დედა, რომელიც გადაწყვეტილების მიღებიდან ორ თვეში გარდაიცვალა.

ბარიშნიკოვს დედის დაკრძალვაზე დასწრების უფლება არ მისცეს.

კალინინგრადის N8 კოლონიაში გადაყვანის შემდეგ პატიმრის ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.

2023 წლის დეკემბრის ბოლოს მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ პატიმარს სოკოს გამო დაზიანებული ჰქონდა კანი, ხოლო სიმსივნის გამო უჭირდა როგორც შარდვა, ასევე ჯდომა. როგორც ადვოკატი ამბობს, პატიმარს ასევე უჭირს საკვების მიღება, სისხლის მიმოქცევის პროცესის დარღვევის გამო კი თვალშისაცემად აქვს გალურჯებული ზედა და ქვედა კიდურები.

იგორ ბარიშნიკოვის მდგომარეობის გასაჯაროების შემდეგ, რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური დათანხმდა ბარიშნიკოვის ციხის საავადმყოფოში გადაყვანას.

შედეგად, პატიმრის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, თუმცა ჯერჯერობით კვლავ უცნობია, გაუკეთებენ თუ არა მას ოპერაციას.

საშა სკოჩილენკო

საშა სკოჩილენკო
საშა სკოჩილენკო

სანქტ-პეტერბურგელი მხატვარი საშა სკოჩილენკო 2022 წლის აპრილში დააკავეს რუსული არმიის დისკრედიტაციის ბრალდებით აქციაზე - მან მაღაზიაში ფასის ეტიკეტები არასტანდარტულად, საპროტესტოდ გააფორმა.

გამოძიება და სასამართლო პროცესი დიდხანს გაგრძელდა: სკოჩილენკოს სასჯელი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა - მხოლოდ 2023 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში გამოუტანეს.

საგამოძიებო იზოლატორისა და კოლონიის ხელმძღვანელობა არად აგდებდა იმას, რომ პატიმარი იტანჯებოდა ქრონიკული დაავადებებით, მათ შორის გლუტენის აუტანლობით.

მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ მიეცა უფლება, რეგულარულად მიეღო უგლუტენო პროდუქტები.

როგორც ადვოკატები ამბობენ, საშა სკოჩილენკოს პატიმრობის პერიოდში გაუუარესდა გულისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე სკოჩილენკო საგამოძიებო იზოლატორში რჩება.

მარია პონომარენკო

მარია პონომარენკო
მარია პონომარენკო

მარია პონომარენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა "რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების“ ბრალდებით.

2022 წლის აპრილში გამოცემა RusNews-ის თანამშრომელმა, მარია პონომარენკომ გამოაქვეყნა პოსტი მარიუპოლის დრამატულ თეატრზე რუსეთის არტილერიის იერიშის შესახებ, რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

2023 წლის თებერვალში პონომარენკოს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ალტაის მხარის კოლონია N6-ში გადაყვანის შემდეგ პონომარენკომ ადვოკატებს შეატყობინა, რომ კოლონიის ადმინისტრაცია უქმნიდა გაუსაძლის პირობებს ანტისანიტარიით, სხვა პატიმრების წაქეზებითა და ხშირი ჩხრეკით.

პონომარენკო სამჯერ მოათავსეს საჯარიმო იზოლატორში, სადაც ჯამში დაახლოებით ერთი თვე გაატარა.

ციხის დისციპლინური კომისიის წინაშე იძულებითი წარდგენის შემდეგ, პონომარენკოს ბრალი წაუყენეს ციხის თანამშრომლებისთვის ზიანის მიყენებაში. გამოძიების თანახმად, პატიმარმა შიშველი ფეხი დააბიჯა კოლონიის თანამშრომელს.

ამის გამო პონომარენკოს შეიძლება პატიმრობის ახალი ვადა დაუმატონ.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა უკან წაიღეს მიცემული ჩვენების ნაწილი, ხოლო პონომარენკომ ბოდიში მოიხადა, სასამართლო პროცესი მაინც გრძელდება.

ვიქტორია პეტროვა

ვიქტორია პეტროვა
ვიქტორია პეტროვა

პეტერბურგის მკვიდრის, ვიქტორია პეტროვას საქმე განსხვავდება ეგრეთ წოდებული „ფეიკების“ სხვა საქმეებისგან იმით, რომ 2023 წლის დეკემბრის ბოლოს ბრალდებულ პეტროვას მიუსაჯეს არა პატიმრობა, არამედ ფსიქიატრიულ კლინიკაში იძულებითი მკურნალობა.

სტანდარტული სამედიცინო ექსპერტიზა, რომელსაც უნდა დაედგინა განსასჯელის შერაცხადობის საკითხი, დასრულდა პეტროვას საავადმყოფოში გადაყვანით. ექსპერტიზის მტკიცებით, ბრალდებული საფრთხეს უქმნიდა როგორც საკუთარ ჯანმრთელობას, ასევე გარშემომყოფებსაც.

პატიმრის თქმით, სამედიცინო შემოწმების დროს მას ამცირებდნენ, აიძულებდნენ გაშიშვლებულიყო მამრობითი სქესის პერსონალის თანდასწრებით და მიეღო შხაპი.

„უარის გამო საწოლზე დამაბეს და რაღაც ნემსები გამიკეთეს, რის გამოც რამდენიმე დღის განმავლობაში დავკარგე მეტყველების უნარი“, - უთხრა ვიქტორია პეტროვამ თავის ადვოკატს.

საბოლოო ჯამში, სასამართლომ პეტროვას პატიმრობა არ მიუსაჯა, თუმცა მას ფაქტობრივად წაერთვა თავისუფლება განუსაზღვრელი ვადით, რადგან რუსეთში არ არსებობს ბრალდებულის ფსიქიატრიული ზედამხედველობიდან გათავისუფლების მკაფიო კრიტერიუმები.

ილია იაშინი

ილია იაშინი
ილია იაშინი

2022 წლის 9 დეკემბერს მოსკოვის სასამართლომ რუსეთის არმიის შესახებ ე.წ. ყალბი ცნობების გავრცელებაში დამნაშავედ ცნო ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ილია იაშინი და მას 8,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

8,5 წელი ყველაზე მკაცრი სასჯელია არმიის შესახებ ე.წ. ყალბი ცნობების გავრცელების საქმეებზე უკვე გამოტანილ განაჩენებს შორის. ამ მუხლით სასჯელის ზედა ზღვარი 10 წელია.

პროკურატურის ინფორმაციით, იაშინის დანაშაული 7 აპრილს იუტუბზე გაკეთებული განცხადებაა.

ამ ვიდეოში, ოპოზიციის ლიდერმა მოიყვანა მტკიცებულება, რომ ბუჩის მცხოვრებლები რუსმა სამხედროებმა დახოცეს, მაგრამ ასევე მიმოიხილა რუსული მხარის არგუმენტები, რომლებიც ამტკიცებს, რომ რუსი ჯარისკაცები არ მონაწილეობდნენ მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობაში და მომხდარი ყალბია.

უფლებადამცველი ორგანიზაციის „მემორიალის“ წარმომადგენლის, სერგეი დავიდისის თქმით, პოლიტიკური რეპრესიები რუსეთის ხელისუფლების ხელში არსებული საზოგადოების კონტროლის ინსტრუმენტია.

„ამ თვალსაზრისით, რუსეთში რეპრესიების მასშტაბები მეტ-ნაკლებად ადეკვატურია იმ საფრთხეებისა, რომლებსაც ხელისუფლება აწყდება. რეპრესიების ამჟამინდელი დონით, ხელისუფლებას შეუძლია სიტუაციის გაკონტროლება. მაგრამ თუ გამოწვევები და რისკები გაიზრდება, მაშინ ხელისუფლება უთუოდ გაზრდის და გააძლიერებს რეპრესიებსაც, რისი უზარმაზარი პოტენციალიც მას აქვს. შესაბამისად, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტპატიმრების რაოდენობა“, - ამბობს სერგეი დავიდისი.

„მემორიალი“, რომელიც 2022 წელს რუსეთის სასამართლომ ოფიციალურად გამოაცხადა ლიკვიდირებულად, 2009 წლიდან აღრიცხავს რუსეთში პოლიტპატიმრების რაოდენობას. ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ 2023 წლის 5 ოქტომბრის მდგომარეობით, რუსეთში სულ მცირე 604 პოლიტპატიმარია: მათგან 419 დევნას განიცდის რელიგიური, ხოლო 185 პოლიტიკური ნიშნით.

სერგეი დავიდისი ამბობს, რომ პოლიტპატიმრების რაოდენობა, რაც მათ დაითვალეს, საკმაოდ პირობითი რიცხვია:

„პოლიტპატიმარს მაშინ ვუწოდებთ ადამიანს, როცა შეგვიძლია გავაანალიზოთ, რატომ და რის საფუძველზე ასამართლებენ მას და სათანადო არგუმენტებით დავუპირისპირდეთ მისთვის წარდგენილ ბრალდებას. ეს იმას ნიშნავს, რომ საქმე ჩვენს თვალსაწიერში უნდა მოხვდეს. ბევრი საქმე საერთოდ ვერ აღწევს ჩვენამდე ან გვიან გავიგებთ მის შესახებ. არის საქმეები, რომელთა შესახებ ჩვენთვის ცნობილია, მაგრამ ვერ ვიღებთ საჭირო მასალებს. გარდა ამისა, შეზღუდულია ჩვენი რესურსები, ვერ ვახერხებთ ყველა საქმის ერთდროულად შესწავლას, გვაქვს ერთგვარი რიგი. შესაბამისად, პოლიტპატიმრების რაოდენობა იმაზე ბევრად მეტია, რაც ოფიციალურად სახელდება“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG