Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როცა აითაჯმა გაქცევა სცადა - რას ამბობენ მკვლელობაში ბრალდებული კაცის დები


აითაჯის მკვლელობაში ბრალდებული კაცის დები, იეგანა და სოილი სადიკოვები რუსთავის საქალაქო სასამართლოში მოწმის სტატუსით 18 იანვარს გამოიკითხნენ.
აითაჯის მკვლელობაში ბრალდებული კაცის დები, იეგანა და სოილი სადიკოვები რუსთავის საქალაქო სასამართლოში მოწმის სტატუსით 18 იანვარს გამოიკითხნენ.

აიძულეს თუ არა 13 წლის აითაჯი დედამ და ბიძამ, რომ თანხმობა ეთქვა 27 წლის კაცთან ნიშნობაზე? დამალეს თუ არა აითაჯის დედამ და ბიძამ დანაშაული, როდესაც 27 წლის კაცმა ბავშვი იძულებით წაიყვანა სახლში? - რუსთავის საქალაქო სასამართლო ახლა სწორედ ამ კითხვებზე ეძებს პასუხს.

მეორე დღეა, გასული წლის შემოდგომაზე მოკლული აითაჯის საქმეზე მხარეები მოწმეებს ჰკითხავენ. 18 იანვარს რუსთავის საქალაქო სასამართლოში სხდომა მკვლელობაში ბრალდებული კაცის, აითაჯის ე.წ. ქმრის, ალიმ სადიკოვის დების, სოილი სადიკოვასა და იეგანა სადიკოვას გამოკითხვით გაგრძელდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლო, 14 წლის აითაჯის მკვლელობის საქმე, მკვლელობაში ბრალდებული კაცის დის გამოკითხვის პროცესი, 18 იანვარი
რუსთავის საქალაქო სასამართლო, 14 წლის აითაჯის მკვლელობის საქმე, მკვლელობაში ბრალდებული კაცის დის გამოკითხვის პროცესი, 18 იანვარი

სოილი და იეგანა 2022 წლის შემოდგომაზე, უმცროს ძმასთან, ალიმ სადიკოვთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, დმანისში, სოფელ უსეინქენდიში აითაჯის დასანიშნად ჩავიდნენ.

რას ედავება გამოძიება აითაჯის დედას და ბიძას

ბრალდება აითაჯის დედას და ბიძას, ეგანა მაგარამოვასა და ნადიკ მაგარამოვს, სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება - ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას. ისინი წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.

აითაჯის ბიძა, ბრალდებული ნადიკ მაგარამოვი სასამართლოს სხდომაზე, 18 იანვარი
აითაჯის ბიძა, ბრალდებული ნადიკ მაგარამოვი სასამართლოს სხდომაზე, 18 იანვარი

აითაჯის დედა ირწმუნება, რომ მისი შვილი ნიშნობაზე თანახმა იყო. რაც შეეხება შვილის კვლავ გამტაცებელთან დაბრუნების ბრალდებას, ქალი ამბობს, რომ ის იძულებული გახდა აითაჯი ალიმისთვის გაეყოლებინა.

გამოძიების თანახმად, აითაჯ შახმაროვა ჯერ კიდევ 13 წლის იყო, როდესაც 2022 წლის შემოდგომაზე დედამ და ბიძამ მისი დაქორწინება დაგეგმეს და მოზარდი მასზე გაცილებით უფროს და შეძლებულ კაცზე, 27 წლის ალიმ სადიკოვზე დანიშნეს.

აითაჯის ბრალდებული დედა, ეგანა მაგარამოვა, სასამართლოს სხდომაზე, 18 იანვარი
აითაჯის ბრალდებული დედა, ეგანა მაგარამოვა, სასამართლოს სხდომაზე, 18 იანვარი

გამოძიების თანახმადვე, 2023 წლის ივნისში, ალიმ სადიკოვმა აითაჯი იძულებით წაიყვანა სოფელ ლამბალოში, თუმცა, ბავშვმა გაქცევა მოახერხა და უცნობი პირის ტელეფონიდან დედასთან დარეკა: „დახმარება და სახლში დაბრუნება სთხოვა, მაგრამ დედამ ბავშვი კვლავ ალიმ სადიკოვთან მიიყვანა“, - ამბობს პროკურატურა.

აითაჯ შახმაროვას მკვლელობის შესახებ ცნობა 2023 წლის 6 ოქტომბერს, საღამოს გავრცელდა. ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული მისი ე.წ. ქმარი, 27 წლის ალიმ სადიკოვია. გამოძიების თანახმად, კაცმა მოზარდი მაშინ მოკლა, როდესაც ის არასასურველი „ქორწინებიდან“ თავის დახსნას, გაქცევას ცდილობდა.

მკვლელობაში ბრალდებულის და, იეგანა სადიკოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოში, 18 იანვარი
მკვლელობაში ბრალდებულის და, იეგანა სადიკოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოში, 18 იანვარი

„არ ვიცი“, „არ მინახავს“, „არ მიმიქცევია ყურადღება“, - მოწმეების ტირილისა და ემოციების ფონზე, 18 იანვარს, პერიოდულად შეჩერებულ სასამართლო სხდომაზე, ძირითადად ეს ფრაზები ისმოდა. ასე პასუხობდნენ სოილი სადიკოვა და იეგანა სადიკოვა პროკურორის, ადვოკატისა და მოსამართლის კითხვების უმეტესობას.

თუმცა, სხდომის დასრულების შემდეგ. როგორც ბრალდების მხარე, ისე აითაჯის დედისა და ბიძის ინტერესების დამცველები ამბობდნენ, რომ მოწმეთა გამოკითხვამ ბრალდებულებთან დაკავშირებული საქმის დეტალები კიდევ უფრო ცხადად გამოკვეთა.

ადვოკატი ამბობს, რომ მკვლელობაში ბრალდებულის დებმა სასამართლოში დასმულ კითხვებზე გაცემული პასუხების ერთობლიობით დაადასტურეს, რომ აითაჯი საკუთარი ნებით დათანხმდა ნიშნობას და მასზე დედის ზემოქმედება არ დასტურდება.

პროკურორი, ხატია გოგრიჭიანი კი მიუთითებს, რომ ეგანა მაგარამოვამ საკუთარი შვილი, „სხვისი ძალდატანების გარეშე ჩასვა მანქანაში და დააბრუნა უკან იმ სახლში, საიდანაც გამოიქცა“.

2022 წლის შემოდგომა - ნიშნობის დღე

პროკურორი ორ საათზე მეტ ხანს ცდილობდა, მკვლელობაში ბრალდებულის დებისგან მოესმინა და მათ მონაყოლზე დაყრდნობით აღედგინა 13 წლის აითაჯის ნიშნობის დღე და ამ დღეს თავად აითაჯის ემოციური მდგომარეობა.

ხატია გოგრიჭიანი, პროკურორი
ხატია გოგრიჭიანი, პროკურორი

თუკი მოწმე დების მონათხრობს დავუჯერებთ - ნიშნობის დღეს დაიდო პირობა, რომ აითაჯი და ალიმი მხოლოდ მას შემდეგ იქორწინებდნენ, რაც გოგო 18 წლის გახდებოდა. თუმცა, ეს პირობა ვისი მხრიდან დაიდო, არ ახსოვთ.

ერთი მხრივ, მკვლელობაში ბრალდებულის დები ამბობენ, რომ აითაჯს არ იცნობდნენ და ნიშნობის დღეს მას არც კი გამოლაპარაკებიან, მაგრამ, ამასთანავე, ისინი 18 იანვარს იმასაც ირწმუნებოდნენ, რომ ნიშნობის დღეს აითაჯი იყო „კარგად“ და „უხაროდა“.

„რაზე დაყრდნობით ამბობთ ამას?“ - ჰკითხა პროკურორმა ერთ-ერთ დას, რომელმაც უპასუხა:

„სახის მიმიკებზე დაყრდნობით. ვიგრძენი, რომ ბედნიერი იყო. რომ შევხედე, მოწყენილი არ იყო. ვისაც სურათის გადაღება უნდოდა, ყველასთან ერთად იღებდა ფოტოს“.

პროკურორი ამბობს, რომ გამოძიების მასალებში დევს ნიშნობის დღეს გადაღებული ფოტო-ვიდეომასალა, რომელიც სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს.

გამოძიების მტკიცებით, „ამ საქმეში ბრალდებულმა და-ძმამ (აითაჯის დედა და ბიძა), მატერიალური დაინტერესების გამო შექმნეს დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანი იყო ნებისმიერი გზით აითაჯის გათხოვება. ამ განზრახვის განსახორციელებლად მათ არაერთი ადამიანი დაარწმუნეს, მონაწილეობა მიეღოთ ნიშნობაში. პირველ რიგში კი, მათ ზეწოლა მოახდინეს არასრულწლოვან აითაჯზე, რომელიც იმის შიშით, რომ დედა არ გაბრაზებოდა და ბიძას მის გამო არ შერცხვენოდა, არ საუბრობდა თავის სურვილებზე. იგი იმდენად იყო ოჯახის წევრების მხრიდან დაშინებული, რომ არჩია უცხო ადამიანთან ქორწინებას დასთანხმებოდა“.

2023 წლის ივნისი - დღე, როცა აითაჯმა ალიმისგან გაქცევა სცადა - რა თქვეს მოწმეებმა?

ბრალდების თანახმად, ნიშნობიდან რამდენიმე თვეში, 2023 წლის ივნისში, 27 წლის ალიმ სადიკოვმა აითაჯი ძალის გამოყენებით წაიყვანა სოფელ ლამბალოში, ბიძის სახლში, საიდანაც ბავშვმა გაქცევა მოახერხა და დედასთან დარეკა.

სოილი სადიკოვა, მკვლელობაში ბრალდებულის და, ამ ამბავს სასამართლოს დარბაზში, პროკურორის კითხვებზე პასუხისას, ასე იხსენებს:

სოილი საკიდოვა, მკვლელობაში ბრალდებულის და სასამართლოს სხდომაზე, 18 იანვარი
სოილი საკიდოვა, მკვლელობაში ბრალდებულის და სასამართლოს სხდომაზე, 18 იანვარი

„ჩემი ბიძაშვილი მოვიდა და მითხრა, ალიმი და მისი საცოლე არიან მოსულებიო. მაგრამ იქ (ბიძის სახლში) რომ მივედი, მითხრეს, აითაჯი არ არისო. ალიმი იქ იყო, მაგრამ არ მილაპარაკია მასთან... მერე გავიგეთ, რომ (აითაჯი) დედასთან ერთად იყო ბადიაურში“.

პროკურორი: საიდან გაიგეთ?

სოილი სადიკოვა: არ ვიცი, არ მახსოვს, ვისგან გავიგე.

პროკურორი: როგორ მივიდა დედასთან, გაიგეთ?

სოილი სადიკოვა: არა... ბაქირი (ბიძაშვილი) და მე ბადიაურში წავედით აითაჯის სანახავად... როცა ბადიაურში ჩავედით, ეგანა ტელეფონზე ელაპარაკებოდა ძმას, ნადიკს. არ ტიროდა, მშვიდად ლაპარაკობდა. არ მესმოდა ძმას რას ელაპარაკებოდა.

პროკურორი: შემდეგ რა მოხდა?

სოილი სადიკოვა: მერე ეგანამ თქვა, ნადიკმა მითხრა, წადით ბიძის (ალიმ სადიკოვის ბიძის) სახლში, მეც მოვდივარო. აითაჯი მანქანაში (ტაქსიში) იჯდა. მშვიდად გადმოვიდა მანქანიდან და ჩვენს მანქანაში ჩაჯდა.

პროკურორი: ეგანას ხომ არ უთქვამს, რომ არ უნდოდა წამოსვლა?

სოილი სადიკოვა: არა.

პროკურორი: გზაში თუ ელაპარაკეთ ეგანას?

სოილი სადიკოვა: არა.

პროკურორი: აითაჯი თავისი სურვილით გადმოვიდა მანქანიდან?

სოილი სადიკოვა: ერთად წამოვიდნენ.

პროკურორი: ეგანას მხრიდან რაიმე იძულება ხომ არ იყო?

სოილი სადიკოვა: არა. წყნარად და ნორმალურად უთხრა.

„ალიმმა ჰაერშიც გაისროლა“ - სად გაქრა აითაჯის დედის ჩვენებიდან ეს დეტალი?

მკვლელობაში ბრალდებულის დის გამოკითხვას სასამართლოს დარბაზში უსმენდნენ ბრალდებულები, აითაჯის დედა და ბიძა. სოფელ ბადიაურში განვითარებული მოვლენები აითაჯის დედამ გასული წლის 11 ოქტომბრის სასამართლოს სხდომაზე სულ სხვაგვარად მოყვა. მაშინ ქალმა თქვა, რომ მას და აითაჯს მანქანით გადაეღობნენ თავად ალიმ სადიკოვი და მისი და და შვილის სახლში წაყვანის საშუალება არ მისცეს:

„(ალიმი) იარაღით მემუქრებოდა და ერთხელ ჰაერშიც გაისროლა. როცა ვუთხარი, 112-ში დავრეკავ და შევატყობინებ-მეთქი, მითხრა, დარეკე, პრობლემა არ არის, მაგრამ ხვალ დილით ნახავ შენი შვილის გვამსო. ეს მოხდა ჩემი შვილის მოტაცების დღეს“, - აი ასე განმარტა ბრალდებულმა ქალმა შვილის კვლავ გამტაცებლის ოჯახში დაბრუნების მიზეზი 11 ოქტომბრის სხდომაზე.

თუმცა, 18 იანვარს, როცა ის ალიმის დის მონათხრობს ისმენდა აითაჯის ლამბალოში დაბრუნების შესახებ, ქალს იარაღსა და შვილის მკვლელობის მუქარაზე აღარაფერი უთქვამს.

რატომ არ ახსენა ეს დეტალი ეგანა მაგარამოვამ 18 იანვარს გამართულ სხდომაზე? მისი ადვოკატი, ალი ბადიროვი ამბობს:

ალი ბადიროვი, ადვოკატი
ალი ბადიროვი, ადვოკატი

„ნამდვილად გიდასტურებთ, რომ ალიმ სადიკოვი ეგანას ემუქრებოდა, თუმცა, ეს დეტალი ქალბატონ ეგანასთან კიდევ ერთხელ მექნება დასაზუსტებელი, ტელეფონით ემუქრებოდა თუ ადგილზე“.

რაც შეეხება ბრალდებულის დების გამოკითხვის სხვა დეტალებს, ადვოკატი ამბობს:

„მიმაჩნია, რომ მოწმეებს დღეს რაიმე მნიშვნელოვანი სასამართლოსთვის და პროკურატურის გასახარებლად არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებიათ“.

აითაჯის დედისა და ბიძის მომდევნო სასამართლო სხდომა 22 იანვარს გაიმართება.

სასამართლოს სხდომა, 18 იანვარი
სასამართლოს სხდომა, 18 იანვარი

14 წლის აითაჯის საქმეზე სულ ხუთი პირია დაკავებული. გარდა მკვლელობაში ბრალდებულისა და მოზარდის დედისა და ბიძის, საქმეზე დაკავებულები არიან მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი. მათ დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ ბრალად.

*საქართველოს კანონმდებლობით, აკრძალულია 18 წლამდე ასაკის პირის ქორწინება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქვეყანაში ქორწინება 18 წლის ასაკიდანაა დაშვებული. 2016 წლის პირველი იანვრიდან გაუქმდა წესი, რომლის თანახმადაც, 16 წელს მიღწეულ პირთა ქორწინება მშობლების თანხმობით დაიშვებოდა. მხოლოდ ერთ წლის განმავლობაში, 2017 წლამდე არსებობდა ასევე სამოქალაქო კოდექსში ჩანაწერი, რომ 17 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვებოდა მისი ნებით და მხოლოდ სასამართლოს თანხმობით, ისეთი პატივსადები მიზეზის არსებობისას, როგორიცაა ბავშვის დაბადება. 2017 წლის პირველი იანვრიდან, ეს მუხლი ძალადაკარგულად გამოცხადდა. ანუ, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, 18 წლამდე მოზარდი მის სრულწლოვან პარტნიორთან მხოლოდ ფაქტობრივ თანაცხოვრებაში იმყოფება და არა ქორწინებაში.

XS
SM
MD
LG