Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ნიშნავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი?


ოფიცრის ფუნქცია შესაძლოა ორგანიზაციამაც შეასრულოს, თუკი მას ამის კომპეტენცია აქვს და დაიქირავებენ (საილუსტრაციო ფოტო).
ოფიცრის ფუნქცია შესაძლოა ორგანიზაციამაც შეასრულოს, თუკი მას ამის კომპეტენცია აქვს და დაიქირავებენ (საილუსტრაციო ფოტო).

საქართველოში ამოქმედდა კანონი, რომელიც საჯარო დაწესებულებებს (და არა მხოლოდ) ავალდებულებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი იყოლიონ.

ვინ არის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი?

ადამიანი, რომელიც აკონტროლებს, რამდენად დაცულია პერსონალური მონაცემები ორგანიზაციაში. თუ ამ საკითხზე ვინმემ იჩივლა, ამ საჩივარსაც ოფიცერი განიხილავს. ის რჩევებს აძლევს ორგანიზაციას, მაგალითად, როგორ შეინახოს პერსონალური მონაცემები ან რას სთხოვს მას კანონდებლობა ან ამ კანონმდებლობის ცვლილებები.

რა იგულისხმება პერსონალურ მონაცემებში?

ნებისმიერი ინფორმაცია ადამიანის შესახებ, რომლითაც მისი იდენტიფიცირება არის შესაძლებელი: სახელი, გვარი, ასაკი, ტელეფონი, რელიგიური კუთვნილება, დიაგნოზი.

ვისგან ან რისგან ვიცავთ პერსონალურ ინფორმაციას?

„სამედიცინო დაწესებულება ავიღოთ, სადაც ადამიანების ჯანმრთელობის შესახებ გროვდება ინფორმაცია. პერსონალური მონაცემების დაცვა გულისხმობს იმას, რომ ეს მონაცემები ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ იმ ექიმებისთვის, ვისაც ეს ფუნქციურად ეხებათ და არა მთელი სამედიცინო პერსონალისთვის. მაგალითად, ანკეტები, თუ ისინი ელექტრონული არაა, თაროებზე კი არ უნდა გამოდონ, დაცულ კარადებში უნდა ინახებოდეს. ასევე, ეს მონაცემები დაკარგვისა და განადგურებისგანაც უნდა იყოს დაცული“, - ამბობს ლიკა საჯაია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ საპარლამენტო მდივანი.

ოფიცერი ადამიანია თუ ორგანიზაცია?

ოფიცრის ფუნქცია შესაძლოა ორგანიზაციამაც შეასრულოს, თუკი მას ამის კომპეტენცია აქვს და დაიქირავებენ.

რა არის საჭირო ამ თანამდებობის დასაკავებლად?

ცოდნა, ამ ცოდნის მისაღებად ტრენინგებიც ტარდება. პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერი თავად არ აგროვებს მონაცემებს. მას ინტერესთა კონფლიქტი არ უნდა ჰქონდეს.

ოფიცერი მხოლოდ ოფიცერია?

არა, თუ ინტერესთა კონფლიქტი არ არის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს უფლება აქვს სხვა საქმეც აკეთოს.

რომელი ორგანიზაცია არის ვალდებული პერსონალური დაცვის ოფიცერი ჰყავდეს?

  • საჯარო დაწესებულება (გარდა რელიგიური და პოლიტიკური ორგანიზაციებისა)
  • სადაზღვევო ორგანიზაცია
  • კომერციული ბანკი
  • მიკროსაფინანსო ორგანიზაცია
  • საკრედიტო ბიურო
  • ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია
  • ავიაკომპანია
  • აეროპორტი
  • სამედიცინო დაწესებულება, რომელიც მომსახურებას უწევს წელიწადში არანაკლებ 10 000 მონაცემთა სუბიექტს
  • ორგანიზაცია, რომელიც ამუშავებს დიდი რაოდენობით (საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 3%) სუბიექტების მონაცემებს ან ახორციელებს მათი ქცევის სისტემატურ და მასშტაბურ მონიტორინგს.

რატომ გახდა საჭირო ეს სიახლე?

პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა 2023 წელს მიიღო. ამ თანამდებობის შემოღების აუცილებლობა გათვალისწინებულია ევროკავშირის და ევროპის საბჭოს სამართლებრივი აქტებით. კანონი უკვე მოქმედებს ევროკავშირის ქვეყნებში.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG