Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას გვეუბნება ორდენის სკანდალი კიევისა და ვარშავის რთულ ურთიერთობებზე ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების დაწყების ფონზე

გასულ კვირას კაროლ ნავროცკიმ ვოლოდიმირ ზელენსკის ჩამოართვა თეთრი არწივის ორდენი - პოლონეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო.
გასულ კვირას კაროლ ნავროცკიმ ვოლოდიმირ ზელენსკის ჩამოართვა თეთრი არწივის ორდენი - პოლონეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო.

პოლონეთის უმაღლესი ჯილდოს დაბრუნების ირგვლივ განვითარებულმა სკანდალმა ხაზი გაუსვა პოლონეთისა და უკრაინის ურთიერთობების რთულ ისტორიას და აჩვენა ისიც, რომ ვარშავას, თუ მოინდომებს, შეუძლია შეაფერხოს კიევის ევროკავშირში გაწევრიანების ძალისხმევა.

მას შემდეგ რაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ სპეციალური ძალების ერთ-ერთ დანაყოფს მეორე მსოფლიო ომის წლებში მოქმედი საკამათო რეპუტაციის მქონე, მეამბოხე არმიის (УПА) გმირების სახელი მიანიჭა, გასულ კვირას კაროლ ნავროცკიმ ვოლოდიმირ ზელენსკის ჩამოართვა თეთრი არწივის ორდენი - პოლონეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო.

პოლონეთში ამბობენ, რომ УПА-ს დანაყოფები დღევანდელი ჩრდილო-დასავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე მონაწილეობდნენ პოლონელების "გენოციდში", რომელიც მაშინ ნაცისტურ გერმანიას ჰქონდა ოკუპირებული.

უკრაინაში ეწინააღმდეგებიან პოლონეთის მიერ გაჟღერებულ ტერმინებს და მათ შორის გენოციდსაც. კიევში ამბობენ, რომ УПА-ს დანაყოფები ებრძოდნენ როგორც საბჭოთა ასევე გერმანულ არმიებს, ხოლო პოლონელები მათ მიმართ მტრულად იყვნენ განწყობილები.

ვარშავაში, მომხდარს "ვოლინის სასაკლაოს" უწოდებენ, ხოლო კიევში მოვლენები ცნობილია როგორც "ვოლინის ტრაგედია."

დიდი ხანია 2 ქვეყნის ურთიერთობები 80 წლის წინანდელი მოვლენების ჩრდილში ვითარდება - მიმდინარე დაძაბულობამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ვარშავის მხარდაჭერას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

"ჯერ კიდევ რუსეთის თავდასხმამდე პოლონეთი იმ ქვეყნებს შორის იყო, რომლებიც მხარს უჭერდნენ უკრაინის ევროპულ მისწრაფებებს", - წერდა პოლონეთის პრეზიდენტი, კაროლ ნავროცკი და ამავე პოსტში დასძენდა, რომ "ვარშავა მზად არის კიევთან თანამშრომლობისთვის."

"უკრაინის გზა ევროპული სტრუქტურებისკენ ასევე მოიცავს საჭიროებას თვალი გაუსწორონ მათი ისტორიის რთულ თავებს. გაერთიანებული ევროპა დაფუძნებულია ტოტალიტარიზმისა და ძალადობის კულტის უარყოფაზე. ეს პრინციპები ვრცელდება ყველა წევრზე. ვისაც ეს არ ესმის, მათი ადგილი ევროკავშირში არ არის და პოლონეთი ამას არ დაუშვებს."

კიევის ყველაზე დიდი გამოწვევა

ევროპელი დიპლომატები წლების განმავლობაში ამბობდნენ, რომ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების გზაზე ყველაზე დიდ დაბრკოლებებს მისი მეზობლები შექმნიდნენ.

მრავალი წლის განმავლობაში სწორედ ასე იქცეოდა რუსეთის მიმართ მეგობრულად განწყობილი, უნგრეთის მთავრობა პოპულისტი, ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით, რომელიც 2 წლის განმავლობაში ბლოკავდა უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას. მიმდინარე წლის აპრილში ორბანის მარცხის ფონზე, ბრიუსელში იმედი ჰქონდათ, რომ ბლოკში გაწევრიანების გზაზე მთავარი დაბრკოლება მოიხსნა.

თუმცა ორბანის გარდა წლების განმავლობაში ძალას იკრებდა უკრაინის გაწევრიანების საწინააღმდეგო ეკონომიკური არგუმენტიც.

ამის მაგალითია ბოლო წლებში აღმოსავლეთ ევროპის არაერთ ქვეყანაში გამართული ფერმერების საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც ბლოკში უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციის შედინებას ეწინააღმდეგებოდნენ.

ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში უკრაინული პროდუქცია თავისუფლად შევა ისეთ ქვეყნებში როგორიცაა: ბულგარეთი, პოლონეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი. კიევს ასევე შეეძლება იაფი ალტერნატივების შეთავაზება ეკონომიკის მგრძნობიარე სექტორებში, მაგალითად ტრანსპორტში. კიდევ უფრო წინააღმდეგობრივი იქნება ევროკავშირის ფონდებიდან თანხების განაწილება, რომელიც დადგენილი პრინციპით ბლოკის მდიდარი რეგიონებიდან ღარიბებს გადაეცემათ. უკრაინის გაწევრიანების შემთხვევაში კიევი ამ ფონდებიდან თანხების ერთ-ერთი ყველაზე უმსხვილესი ბენეფიციარი გახდება.

ამ სირთულეებს ბოლო კვირებში დაემატა დაძაბულობა პოლონეთთან, რაც შესაძლოა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ახალ დაბრკოლებაში გადაიზარდოს.

ნავროცკის გადაწყვეტილება ძირითადად შიდა პოლიტიკური გარემოებებითაა განპირობებული - თავად ოპოზიციური პარტიის (კანონი და სამართლიანობა) ლიდერი მომავალი წლის არჩევნებში უკრაინის მიმართ უფრო მეგობრულად განწყობილ, ლიბერალ, დონალდ ტუსკის პარტიას დაუპირისპირდება.

განათლებით ისტორიკოსი, კაროლ ნავროცკი პრეზიდენტობამდე პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა - ინსტიტუტი წლების განმავლობაში იკვლევდა "ვოლინის სასაკლაოს", ნავროცკისთვის კარგად ცნობილია ეს ისტორიული თემა, რომელიც უკვე მრავალი წელია კიევისა და ვარშავის ურთიერთობებში დაძაბულობის ერთ-ერთი მთავარი წყაროა.

ანტი-უკრაინული სენტიმენტი

გარკვეული აზრით, ნავროცკი ცდილობს პოლონეთის საზოგადოებაში გავრცელებულ ანტი-უკრაინულ სენტიმენტების ექსპლუატაციას, რომელიც არ არის ახალი და რუსეთის თავდასხმის ფონზე, პოლონეთში უკრაინელი დევნილების რიცხვის ზრდასთან ერთად კიდევ უფრო გაძლიერდა.

ნავროცკი ასევე ცდილობს დაწინაურდეს შიდა პარტიულ დაპირისპირებაშიც, რომელსაც 2023 წელს არჩევნების მარცხის შემდეგ აღარ აქვს მკაფიოდ გამოკვეთილი საყრდენი წერტილი.

თუმცა ნავროცკისთვის უფრო მნიშვნელოვანი ულტრა-მემარჯვენე პარტიებია (Konfederacja და Korona), რომლებიც წლების განმავლობაში თამაშობენ ანტი-უკრაინულ სენტიმენტებზე და რომელთა მხარდაჭერაც სოციოლოგიური გამოკითხვებით მზარდია.

ნავროცკის პარტიისთვის მნიშვნელოვანია აღნიშნული ხმების მიმხრობა, რათა გაუთანაბრდეს ტუსკის კოალიციას, რომელიც არც თუ დიდი უპირატესობით, მაგრამ კვლავ ლიდერობის საზოგადოებრივი აზრის კვლევებში.

სავარაუდოა, რომ ეს გაართულებს ტუსკის მდგომარეობასაც - როგორც ჩანს პოლონელების უმრავლესობა მხარს უჭერს ნავროცკის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებს.

ერთ-ერთი ბოლო კვლევის მიხედვით, პოლონელების 58% მიიჩნევს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი მათი ქვეყნის მიმართ არ არის მეგობრულად განწყობილი. კიდევ ერთი კვლევის მიხედვით პოლონელთა 52%-ის თქმით, ზელენსკის გადაწყვეტილების შემდეგ მათი დამოკიდებულება უკრაინის მიმართ უარყოფითად შეიცვალა.

ნავროცკისა და ზელენსკის შორის მიმდინარე დაძაბულობას გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერი, დონალდ ტუსკი - მისი თქმით, უკრაინელი და პოლონელი მაღალჩინოსნებს შორის პოლიტიკურ კონფლიქტი "სტრატეგიული შეცდომაა, რომლის საფასურსაც ორივე ქვეყანა გადაიხდის."

მთავარი კითხვაა - შეცვლის თუ არა ეს სკანდალი პოლონეთის მთავრობის მიდგომას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

პოლონეთის კონსტიტუციით მსგავს საკითხებს მთავრობა და პრემიერ-მინისტრი წყვეტენ. გასულ კვირას უკრაინამ და მოლდოვამ გახსნეს გაწევრიანების პირველი 5 კლასტერი 33-დან. კიევისა და კიშინოვის გარდა დანარჩენი კლასტერების მაქსიმალურად სწრაფად გახსნას ემხრობა ევროკომისია და რამდენიმე სხვა წევრი.

თუმცა საეჭვოა, რომ პროცესი ასე სწრაფად განვითარდეს.

უნგრეთის ახალი მთავრობის მიდგომა უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით შერბილდა, თუმცა გასულ კვირას ევროკავშირის სამიტის მიმდინარეობისას უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებიდან გაქრა ფრაზა "რაც შეიძლება სწრაფად", რომელიც დარჩენილი კლასტერების გახსნის ვადას ეხებოდა. გასულ თვეებში პეტერ მადიარმა არაერთხელ ისაუბრა "დაჩქარებული გაწევრიანების" წინააღმდეგ.

ანონიმურობის დაცვით ევროპელი დიპლომატები რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობენ, რომ ჩეხეთი და პოლონეთი კომფორტულად გრძნობენ თავს, იმით, რომ უნგრეთი ანელებს უკრაინის გაწევრიანების პროცესს, რამდენადაც, მათ "აღარ უწევთ კონკრეტული აზრის დაფიქსირება."

პოლონელი დიპლომატი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ვარშავას ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, თუმცა დარჩენილი კლასტერების ერთდროულად გახსნა მისი თქმით, დაჩქარებული გაწევრიანების ტოლფასი იქნება, რასაც პოლონეთი ეწინააღმდეგება. დიპლომატის თქმით, ვარშავა ე.წ. სალიამის პროცესს ემხრობა - ერთდროულად რამდენიმე თავის გახსნა.

უკრაინასა და პოლონეთს შორის მიმდინარე სკანდალის გათვალისწინებით, შესაძლოა სწორედ ახლა იყოს ყველაზე კომფორტული მომენტი დონალდ ტუსკისთვის "შენელების" ბერკეტის გამოსაყენებლად.

"ბოლო მოვლენებმა შესაძლოა ჩვენ მოგვცა დამატებითი არგუმენტები ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესანელებლად", - ამბობს პოლონელი დიპლომატი რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG