Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას უპირებს ბიძინა ივანიშვილი „რუსთავი 2“-სა და სხვა მედიებს?


„რუსთავი 2“ გეგმავს, რომ ბიძინა ივანიშვილის მუქარისშემცველი განცხადებები ახალი გარემოების სახით გადაუგზავნოს სტრასბურგის სასამართლოს, სადაც კვლავაც გრძელდება ტელეკომპანიის საკითხის განხილვა. „რუსთავი 2“-ისთვის უცნობია, რა სახით განხორციელდება მორიგი შეტევა, მაგრამ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადებები რეალურ საფრთხეზე მიანიშნებს. სამი ტელევიზიის წარმომადგენლებთან 23 ოქტომბერს გამართული შეხვედრის დროს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ხალხის მიერ ქვეყნის აღმშენებლობის აღიარებას „რუსთავი 2“ უშლის ხელს და მან დადო პირობა, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში „რუსთავი 2“-ს მოუწევს გადახედოს თავის სარედაქციო პოლიტიკას. რას უპირებს კრიტიკულ აზრს ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნება“? რატომ არის საგანგაშო მსგავსი განცხადებები ყველა სხვა მედიასაშუალებისთვის და მთელი ქვეყნისთვის?

„ჩვენთვის ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, ამჯერად რა მეთოდებით შეიძლება შემოგვიტიოს „ქართულმა ოცნებამ“; გაუგებარია, რას წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის მიერ ნახსენები პიარჯგუფი, რომელიც პარტიას ჩამოუყალიბებია, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენს წინააღმდეგ რაღაც ნამდვილად იგეგმება “, - უთხრა რადიო თავისუფლებას „რუსთავი 2“-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა, რომლის თქმითაც, 23 ოქტომბრის ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოსაც გადაეგზავნება. მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ უვადოდ შეაჩერა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანიის მფლობელად ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში გამოცხადდა, ამ ეტაპზე, საქმის არსებით განხილვამდე, კომუნიკაციის პროცესი მიმდინარეობს. მურადაშვილისთვის ნათელია, რომ ბიძინა ივანიშვილის ბოლო განცხადებათა შინაარსი მეტად წამგებიანი იქნება ხელისუფლებისთვის, რომელიც სტრასბურგში კატეგორიულად უარყოფს ზეწოლას სიტყვის თავისუფლებაზე.

როგორც თამთა მურადაშვილმა დღის პირველ ნახევარში უთხრა რადიო თავისუფლებას, გამოვლინდა „რუსთავი 2“-ის კუთვნილ ორ კომპიუტერში შეღწევის მცდელობა (ლაპარაკია გენერალური დირექტორისა და საინფორმაციო სამსახურის უფროსის კომპიუტერებზე) და, შესაძლოა, ტელეკომპანიაზე თავდასხმა კიბერშეტევების თვალსაზრისითაც გაძლიერდეს. ხოლო უკვე საღამოს არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ, გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეორე დღეა, სამუშაო პროცესი უმძიმეს რეჟიმში მიმდინარეობს. „ისევ კიბერშეტევა, ამჯერად ვებგვერდზე. მართვის პანელზე წვდომას ვერ ვახერხებთ. საიტი პრაქტიკულად პარალიზებულია“, - დაწერა მან სოციალურ ქსელ ფეისბუქში.

არ იქნება „რუსთავი 2“, არ იქნება პრობლემების აღქმა?

„დღეს რომ გამორთო „რუსთავი 2“, ქვეყანაში აღმავლობისა და აღმშენებლობის მეტს ვერაფერს ნახავთ“, - ასე ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი და ეს საზოგადოებასაც გაუზიარა სამშაბათს, ხმაურიანი სატელევიზიო ინტერვიუს მსვლელობისას. მას ასევე სჯერა, რომ ქვეყენაში ყველაფერი შესანიშნავად არის და ხალხის უკმაყოფილება დიდწილად იმის ბრალია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი „რუსთავი 2“-ს მძევლად ჰყავს აყვანილი და გაუგონარი სიცრუით კვებავს. ბიძინა ივანიშვილმა ისიც იცის, თუ როგორ უნდა შეიცვალოს ეს რეალობა სარედაქციო პოლიტიკაზე ზემოქმედების გზით. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ თქვა:

  • „მაქსიმუმ ერთ წელიწადში ჩვენს საზოგადოებაში ყველას თავისი სახელი ერქმევა და ყველას თავისი ადგილი ექნება და „რუსთავი 2“ ვერ შეძლებს საზოგადოების დიდი ნაწილი მძევლად ჰყავდეს და განსხვავებული აზრი არ მოისმინოს“;
  • „ამასაც გპირდებით, რომ „რუსთავი 2“-ს არ ექნება საშუალება, რომ მოახერხოს განსხვავებული აზრი არ შევიდეს ტელევიზიაში“;
  • „ჩვენ გვაქვს პიარჯგუფთან ერთად (რომელიც პარტიაში ჩამოვაყალიბეთ) მთელი პროგრამა, რომ მაქსიმალურად მოვახერხებთ (თუ თვითონაც გამოგვყვებიან, თუმცა დიდი ილუზია ამისა არ გაგვაჩნია)... მაგრამ მცდელობას არ დავაკლებთ, რომ „რუსთავი2“-ში განსხვავებული აზრი შევიდეს და არა ეს სიცრუე, რაც მუსირებს“;
  • „მე შევეცდები დაგეხმაროთ, მაგრამ თქვენ თუ ამას არ მიიღებთ, თქვენ თქვენს სახელს დაგარქმევთ“...

მას შემდეგ, რაც „რუსთავი 2“-ის წამყვანმა, ეკა კვესიტაძემ, მმართველი პარტიის თავმჯდომარის სიტყვები პირდაპირ მუქარად შეაფასა და მწვავე რეაქცია გამოხატა, ბიძინა ივანიშვილი იმის მტკიცებას შეუდგა, რომ არანაირი მუქარა არ ყოფილა და რომ ტელეკომპანიის გადაცემების შინაარსს პიარტექნოლოგიების საშუალებით შეცვლის. კონკრეტულად, ბიძინა ივანიშვილმა თქვა:

  • „უცხო არაფერი არ არის: ჩვენს საზოგადოებას ავუხსნით, გავაცნობთ და გამოვიყენებთ, რომ განსხვავებული აზრი რამდენად შედის ტელევიზიაში და რამდენ სიცრუეს აჟიტირებს, ამის რეიტინგებს გავაკეთებთ და ეს იქნება ის, რასაც ქალბატონი ეკა (კვესიტაძე) მუქარას ეძახის“...
  • „თქვენთვის შეიძლება ეს მუქარაა, რადგან სიცრუის მეტს არაფერს არ აკეთებთ და ჩვენ ამას გამოვამჟღავნებთ, ჩვენ ამას ვაჩვენებთ“...
  • „ჩვენ ჩავატარებთ რეიტინგებს და საზოგადოებას ვაჩვენებთ, რომ „რუსთავი 2“-ში განსხვავებული აზრი არ შედის. თუ ესენი ამას არ გაითვალისწინებენ, ელემენტარულად საზოგადოება გაიგებს, რომ ეს არის სიცრუის ტელევიზია“.

ბიძინა ივანიშვილის მიერ დასმული აქცენტები - და მათ შორის „რუსთავი 2“-თან დაკავშირებითაც - დაუყოვნებლივ მოიწონეს „ქართული ოცნების“ წევრებმა. აქ იგულისხმება პარტიის ის ნაწილიც, რომელიც პოლიტიკაში ჩართვამდე სამოქალაქო საზოგადოებას წარმოადგენდა. მაგალითად, საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი არ ფიქრობს, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუს დროს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ემუქრებოდა ან პრობლემების სხვებისთვის გადაბრალებას ცდილობდა. თუმცა ასე არ ფიქრობს ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი.

მუქარა მხოლოდ „რუსთავი 2“-ს თუ მთელ მედიას?

„ბიძინა ივანიშვილს პრობლემა აქვს კრიტიკული აზრის მოსმენასთან დაკავშირებით და სჯერა, რომ კრიტიკული მედია უშლის ხელს საზოგადოებაში მისთვის მოსაწონი აზრის დამკვიდრებას. ეს ცალსახად ეწინააღმდეგება დემოკრატიული სახელმწიფოს ძირეულ პრინციპს და სახიფათოა არა მხოლოდ მედიისთვის, არამედ მთელი სახელმწიფოსთვის“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მედიაპროგრამების მენეჯერმა, მამუკა ანდღულაძემ. მან ჩვენთან საუბარში გაიხსენა „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებით განხორციელებული წნეხი, როდესაც „ტელეკომპანიისთვის არ იყო უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლოს პრინციპი“, ხოლო ხელისუფლება ამას ორ კერძო მფლობელს შორის დავას უწოდებდა.

გადმოწერა

მამუკა ანდღულაძის შთაბეჭდილებით, 23 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილს კონკრეტული განცხადებები მხოლოდ „რუსთავი 2“-ის გასაგონად არ გაუკეთებია და ამით მან გააფრთხილა ყველა მედიასაშუალება, რომ კრიტიკული აზრის გავრცელების გამო ნებისმიერი მედიასაშუალება შეიძლება გახდეს თავდასხმის სამიზნე. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მედიაპროგრამების მენეჯერისთვის გაუგებარია, კონკრეტულად რას წარმოადგენს ან რას გეგმავს „ქართული ოცნების“ მიერ ჩამოყალიბებული პიარჯგუფი, მაგრამ მისთვის აშკარად იკვეთება ე.წ. თვითცენზურის დანერგვისა და გაძლიერების მცდელობა.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიასთვის თვალსაჩინოა „რუსთავი 2“-ის კავშირი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და პარტიის გეგმებთან, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ისეთი გამონათქვამები, როგორიც მან ბიძინა ივანიშვილისგან, თუნდაც, 23 ოქტომბერს მოისმინა.

„ეს არ არის ივანიშვილისგან მსგავსი შინაარსის პირველი განცხადება. მას აქვს მისწრაფება, რომ მოარჯულოს დამოუკიდებელი აზრი და ეს ეხება როგორც მასმედიას, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს. ამის უფლება არა აქვს ხელისუფლებას დემოკრატიულ სახელმწიფოში. ეს სახიფათო და საგანგაშოა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კორნელი კაკაჩია.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG