Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ჰყვება ოჯახის ექიმი, რომელსაც პაატა იმნაძემ მადლობა საჯაროდ გადაუხადა


47 წლის ია გოგიძე, სოფელ ქვემო ბოლნისის ოჯახის ექიმია. მეექვსე დღეა კარანტინის ზონაში, ოჯახ-ოჯახ, კარდაკარ დადის და სოფლის მცხოვრებლების ჯანმრთელობის მდგომარეობას ამოწმებს.

27 მარტს, ერთ-ერთი ასეთი შემოვლის დროს მიაკვლია მან ქალს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, ია გოგიძეს, 31 მარტს, სათანადო მუშაობისა და დროული რეაგირებისათვის, მადლობა საჯაროდ გადაუხადა.

ეს სატელევიზიო მადლობა ია გოგიძეს ჯერ არ უნახავს. როდესაც რადიო თავისუფლება ექიმს ტელეფონით დაუკავშირდა, ის კვლავ შემოვლაზე იყო. აი, მოვრჩები საქმეს და მერე ინტერნეტთან დაჯდომასაც მოვახერხებო, გვითხრა მან და პაციენტის აღმოჩენის ამბავი გაიხსენა:

ია გოგიძე, ოჯახის ექიმი
please wait

No media source currently available

0:00 0:01:44 0:00
გადმოწერა

„როგორც წესი, პაციენტების გასინჯვას გარეთ, ღია სივრცეში ვატარებთ. იმ დღეს, როდესაც ინფიცირებულის ოჯახში მივედით, გვითხრეს, რომ მათი ოჯახის წევრი ავად იყო, იწვა და გარეთ ვერ გამოვიდოდა, ამიტომ ჩვენ შევედით სახლში. დაგვხვდა ქალი, რომელსაც ჰქონდა მაღალი ტემპერატურა, ხველება და იყო სუსტად. გამოვიკითხე მისი მოგზაურობის ისტორია და აღმოჩნდა, რომ ის რუსეთიდან 12 მარტს ჩავიდა ბაქოში, 17-ში შემოვიდა საქართველოში და კორონავირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები დაეწყო 20 მარტს. რა თქმა უნდა, ეჭვი მაშინვე კორონავირუსზე მივიტანე. დავუკავშირდი 112-ს. ქალი იმ დღესვე გადაიყვანეს კლინიკაში, გაუკეთდა ტესტი და დაუდასტურდა კორონავირუსი“.

ია ამბობს, რომ ვირუსთან ბრძოლა, რომლის შესახებაც, დღემდე ბევრი არაფერია ცნობილი, შესაძლოა, ხანდახან შიშსაც ჰგვრიდეს ადამიანს, მაგრამ მისი თქმით, იმ მომენტში, როდესაც სავარაუდო ვირუსზე აიღო ეჭვი, შიშის გრძნობა არ გასჩენია:

„ექიმი რომ ხარ, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო, ამიტომ შიშსა და ემოციებზე ნამდვილად არ ვფიქრობ. შესაბამისად ვიყავი აღჭურვილი, ხალათი, სათვალე, ქუდი, ბირბადე, ფარი, ხელთათმანი და ალბათ ესეც იყო მიზეზი, რომ დაცულად ვგრძნობდი თავს“.

ია გოგიძე რუსთავში ცხოვრობს. ექვსი დღეა ქმარ-შვილი არ უნახავს. მას შემდეგ, რაც მარნეული და ბოლნისი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საკარანტინე ზონად გამოცხადდა, ია ღამეს ბოლნისის ერთ-ერთ სასტუმროში ათენებს:

„მიჭირს ამ სიტუაციაში ოჯახისგან შორს ყოფნა, მაგრამ ეს ჩემი მოვალეობაა - პირველ რიგში, პროფესიული და შემდეგ, ადამიანური, მორალური. ოჯახი ცოტა შეშინდა, როდესაც შეიტყვეს, რომ ერთ-ერთი ინფიცირებული სწორედ მე გამოვავლინე, მაგრამ დავამშვიდე, რომ შესაბამისად ვიყავი დაცული და საფრთხე არ მემუქრებოდა“.

როგორც ია გოგიძე რადიო თავისუფლებასთან ეუბნება, ამ ეტაპზე, მას და მის კოლეგებს, კონკრეტული ტრენინგი კორონავირუსის გამოვლენისა თუ მართვის შესახებ არ ჩასტარებიათ:

"ამის დრო არც იყო. თუმცა, ინტერნეტში უკვე იმდენი ინფორმაცია ტრიალებს, რომ ექიმებმა კი არა, რიგითმა მოქალაქეებმა იციან, როგორ აიღონ ეჭვი სავარაუდო შემთხვევაზე".

ია იმასაც ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოში ექიმის ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ვირუსის გამოსავლენი ტესტები ექიმებსაც უტარდებოდეთ, რათა თავად ისინი არ იქცნენ ინფექციის გავრცელების წყაროდ:

„ძალიან კარგი იქნება, რომ ვისაც უშუალოდ გვაქვს შეხება სავარაუდო ინფიცირებულებთან, ტესტირება სისტემატურად გვიტარდებოდეს. ჩვენ ვურთიერთობთ სხვა პაციენტებთანაც და შესაძლოა, რომ უნებლიედ თავად გავხდეთ მათთვის ან ჩვენი მონატრებული ოჯახის წევრებისთვის ინფექციის წყარო“.

31 მარტს პაატა იმნაძემ, ია გოგიძესთან ერთად მადლობა გადაუხადა ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს, მაკა მამარდაშვილსაც. ვირუსის გამოვლენის შემდეგ, სწორედ ამ რგოლს ევალება ეპიდემიოლოგიური კვლევის ჩატარება და ინფიცირებულების კონტაქტების გამოვლენა:

„პაატა იმნაძის მადლობა ჩვენთვის როგორც სტიმული, ისე დიდი პასუხისმგებლობაცაა, რომ კიდევ უფრო უკეთ ვიმუშაოთ. ჩვენი მოვალეობაა, რომ დავადგინოთ ინფექციის წყაროები და შემდეგ უკვე ინფექციის შემდგომი გადაცემის წყვეტა, რაც გულისხმობს კონტაქტების მოძიებასა და ამ კონტაქტების თვითიზოლაციაში მოქცევას“.

დღესდღეობით ბოლნისის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 380 პირი იმყოფება. მაკა მამარდაშვილის თქმით, ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგებს მათთან ყოველდღიური სატელეფონო კომუნიკაცია აქვთ. ამოწმებენ, როგორც მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას, ისე იმას, თუ რამდენად იცავენ ისინი თვითიზოლაციის წესებს.​

31 მარტის მონაცემებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 3 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის ერთი, ორსული ქალია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG