Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სახეზე ჩანთა ავიფარე, თუ მოვკვდი, ამომიცნონ მაინც-მეთქი“ - რას ჰყვებიან 35 წლის შემდეგ 9 აპრილის მონაწილეები


 9 აპრილის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე. 9 აპრილი, 2024
9 აპრილის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე. 9 აპრილი, 2024

„9 აპრილის ღამეს ყოველთვის მეღვიძება, ზუსტად იმ დროს, როცა დარბევა დაიწყო“, - ამბობს ნანი ქარჩავა, ერთ-ერთი იმათგანი, ვინც ამ დღეს რუსთაველის გამზირზე იდგა. ნანი ზუგდიდიდანაა, როცა ახერხებს, 9 აპრილს პარლამენტის შენობის წინ, სხვა გადარჩენილებთან ერთად ხვდება.

უკვე წლებია, ყოველ 9 აპრილს, შუაღამისას რუსთაველზე ისინი იკრიბებიან, ვინც 1989 წლის მიტინგზე იდგნენ. 4 საათისთვის მოდიან და გათენებამდე იშლებიან, სანამ იგივე ადგილი მთავრობის წევრებს თუ სხვა ოფიციალურ პირებს დაუკავებიათ. მიაქვთ შინდისფერი დროშები, ტიტები და სანთლები. მღვდელი პანაშვიდს იხდის. ლოცვასა და ლოცვას შორის მღვდელი სახელებს ჩამოთვლის: აზა, ნათია, ეკა, ნატო... 1989 წლის 9 აპრილს რუსულმა ჯარმა თბილისში მრავალათასიანი მიტინგი დაარბია. დახოცეს 21 ადამიანი, დაშავდა და მოიწამლა რამდენიმე ასეული.

„ძალიან ბევრნი ვიდექით, თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის თეატრამდე. ჩემ წინ თამრიკო ჭოველიძე ცეკვავდა, - იხსენებს თინათინ მიქელაძე, რომელიც მაშინ 18 წლის იყო, - ჯარისკაცები რომ შემოვიდნენ, პირველ რიგში ძალიან მაღლები მოდიოდნენ, ფარებით. ნიჩბები ისე აელესათ, ღამეში ელავდა. ხალხს ჩეხდნენ, ხმა მახსოვს ამ ჩეხვის. ვიღაც ღვთისნიერმა ხელი მკრა და ნიჩაბი ამარიდა, თორემ გამაპობდა. მერე დეზადორის ხმა გავიგე. გავოგნდი, ვინ ისხამს ასეთ დროს დეზადორს-მეთქი. მოვტრიალდი და პირდაპირ სახეში შემასხეს გაზი.

ჩემი მამიდაშვილი, მეათეკლასელი ეკატერინე სხირტლაძე დროშით იდგა, ვერ გააგდებინეს. ხელები სულ დამტვრეული ჰქონდა. ამოატრიალა ეს დროშა და ურტყა ამ ჯარისკაცებს. მილიცია გადაეფარა, რომ არ აეჩეხათ.

9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი ხალხი, 9 აპრილი, 2024
9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი ხალხი, 9 აპრილი, 2024

კომენდანტის საათია და ახლავე დაიშალეთო. როგორ უნდა დავშლილიყავით, ყველგან ეგენი იდგნენ. ერთი მოხუცი ქალი, „ივერიასთანაც“ კი აჩეხეს. მერე გუდიაშვილის ქუჩაზე ვიღაცამ კარი გაგვიღო და შეგვიფარა.

დილით რომ გამოვედი, ქუჩაში ერთი ქალი შვილს ეძებდა, შვილის სახელს ყვიროდა. მაშინ გზა კეთდებოდა და ბორდიურები იყო ამოყრილი. მოკიდა ერთ ბორდიურს ხელი და ჯარისკაცს ჩაარტყა ფეხებში. როგორ აწია, არ ვიცი.

რუსთაველზე ყოველ 9 აპრილს მოვდივარ. ერთხელ ჩამეძინა და უცებ ჩემი სახელი გავიგონე, ორჯერ დამიძახა ვიღაცამ: „თინიკო, თინიკო“. გიჟივით წამოვხტი, ზუსტად ოთხი საათი იწყებოდა“.

ნანა მახარაძე - გოგო შავი დროშით, იური მეჩითოვის ფოტოდან. ეს ფოტო ისე გადაუღეს, არც გაუგია. გლოვის დღეები იდგა, შავი დროშებით და შუბლზე წაკრული შავი ლენტებით სიარულის.

ნანა მახარაძე
ნანა მახარაძე

„თავისუფლება იწყება იქ, სადაც შიში მთავრდება. ჯერ რა გავაკეთეთ სამშობლოსთვის? რა შევქმენით? როგორი ქვეყანა ჩამოვაყალიბეთ? იქნებ, ისე არ მოხდა, როგორც ჩვენ გვინდოდა, და ისევ გვიწევს ბრძოლა, როგორც ჩემს შვილს უწევს ახლა“, - ამბობს ნანა.

ნანი ქარჩავა მაშინ სტუდენტი იყო და თბილისში ბიძასთან ცხოვრობდა. 8 აპრილის დილას ხმა გავრცელდა, ვიღაც ბავშვთან ერთად დაწვა ტანკების წინ, რომ არ გაეტარებინაო. სახლში ვეღარ გაჩერდა და მიტინგზე გაიპარა. სახლში იცოდნენ, რომ დიპლომის დაცვის აღსანიშნავად მიდიოდა.

„ჯერ თქვეს, დამსხდრები შევხვდეთ ჯარისკაცებსო, შემდეგ, რომ ნახეს რა ამბავი იყო, ავდგეთო. ამ ადგომა-დაჯდომაში წავიქეცი. ვიღაცის ფეხს ვიყავი ჩაბღაუჭებული. სანამ შემეძლება, გაგათრევო, მითხრა. დღემდე არ ვიცი, ვინ გადამარჩინა. ჩემგან ერთ მეტრში სამხედროების ფეხებს, ნიჩბებს ვხედავდი, ხალხს ურტყამდნენ. სახეზე ჩანთა ავიფარე, სახეს გადავარჩენ, თუ მოვკვდი, ამომიცნონ მაინც-მეთქი.

ჯანმრთელობა შემერყა მას მერე, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ იმ ღამის მონაწილე ვიყავი“.

თამაზ ხუციშვილი 27 წლის იყო, მორაგბე. 9 აპრილისგან თავზე ჭრილობა დარჩა, ჯარისკაცებს ცარიელი ხელებით დავუპირისპირდით, ნაკლები არც მათ მოხვედრიათო.

„რამდენიმე ბეტეერი წამოვიდა, ჯარისკაცები ფარებზე არახუნებდნენ და იძახდნენ: „სმერტ, სმერტ“, 5 ათას კაცამდე იქნებოდა. ქალები გაგვყავდა. ისე მოვიწამლე, საავადმყოფოში რომ მიმიყვანეს, სახელი და გვარი დამავიწყდა“.

დაშავებულები საავადმყოფოებში მიჰყავდათ, მაგრამ ექიმებმა არ იცოდნენ რა ნივთიერებისგან იყვნენ მოწამლულები. მოგვიანებით, საერთაშორისო ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ეს იყო ქლორაცეტოფენონი, ე.წ. ჩერიომუხა, და გაზი „სი-ესი“. მოიწამლნენ არა მხოლოდ 9 აპრილის ღამეს, არამედ შემდეგ დღეებშიც.

მაგული სარიშვილი დღემდე ეჭვობს, რომ მისი ქალიშვილი თინათინი რუსთაველის გამზირზე მიტანილმა, შხამით გაჟღენთილმა ყვავილებმა დაღუპა.

„თინიკო 18 წლის იყო. 9 აპრილის ღამეს არ ყოფილა, მაგრამ მერე მიდიოდა ხოლმე. ჩვენ ვაგროვებდით ხალხის მიტანილ ყვავილებს და მანქანაზე ვყრიდითო, ასე მითხრა. გახდა ცუდად, დასივდა, სიცხე მისცა და მერე ლეიკოზი დაუდგინეს“.

დეკანოზი დავითი (რუხაძე) ამბობს, რომ ბევრმა სწორედ 9 აპრილის მერე გადაწყვიტა, სასულიერო პირი გამხდარიყო.

„ბევრი თავიდან სხვანაირად ხედავდა თავის ცხოვრებას, კარიერას გეგმავდა, მაგრამ 9 აპრილის შემდეგ სხვაგვარად იფიქრა, მოდი, უანგაროდ გავაკეთებ რაღაცასო. 9 აპრილის მერე მასობრივად მივიდა ხალხი ეკლესიაში და იქიდან ბევრი სასულიერო პირიც გახდა“.

პანაშვიდი 9 აპრილს დაღუპულებისთვის, 9 აპრილი, 2024
პანაშვიდი 9 აპრილს დაღუპულებისთვის, 9 აპრილი, 2024

„დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს“... 9 აპრილს გადაღებულ ბოლო კადრებს ფონად ეს სიმღერა მიჰყვება. პატრიარქის ხმა, მერაბ კოსტავას სიტვა, ირაკლი წერეთლის წაკითხული „მამაო ჩვენო“, რომელსაც რუსთაველზე შეკრებულები იმეორებენ, მერე დიდი სიჩუმე და ლენინის (შემდეგ თავისუფლების) მოედნიდან მომავალი ტანკების გრუხუნი...

„ტანკების ხმა რომ მოისმა, ბატონმა მერაბმა გვითხრა, გოგოებო, მოდით, სალაღობო დააგუგუნეთ. ჩვენ ის ერი ვართ, რომელიც სიკვდილსაც კი სიმღერით ხვდებაო, - იხსენებს ლელა ვეფხვაძე, უსინათლო მომღერალი 9 აპრილის ღამიდან, - კაბელი გაწყდა და არ ისმის, თორემ ჩვენ ეს სიმღერა ბოლომდე ვიმღერეთ“.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG