Accessibility links

რას ჰყვებიან COVID-19-ით დაინფიცირებული პაციენტები ბათუმში


PCR ტესტირების კარავი ბათუმში

რადიო თავისუფლება რამდენიმე პაციენტს დაუკავშირდა. მათი ნაწილი ბათუმის კლინიკებში მკურნალობს, ნაწილი კი ე.წ. კოვიდკარანტინშია.

ყველამ გვთხოვა არ გავამხილოთ მათი ვინაობა, რადგან ოჯახის წევრებმა ან საერთოდ არ იციან მათი დაინფიცირების შესახებ, ან არ იციან, რომ მდგომარეობა გართულებული აქვთ.

27 წლის ინფიცირებული ქალი ბათუმში ერთ-ერთ სასტუმროში მოწყობილ საკარანტინო სივრცეშია. მანამდე ქალაქის ერთ-ერთ პოლიკლინიკაში მუშაობდა. სექტემბერში PCR ტესტირებისთვის მოქალაქეებს სინჯებს უღებდა. ამბობს, რომ დედამ მისი დაინფიცირების შესახებ არაფერი იცის. გახარებულია, რომ ოჯახის არც ერთ წევრს და არც მასთან კონტაქტში მყოფ ადამიანებს კორონავირუსი არ გამოუვლინდათ. როგორც ამბობს, ავადმყოფობა გართულების გარეშე მიდის და იმ სიმპტომებსაც აღარ უჩივის, რაც თავიდან ჰქონდა:

„მქონდაა თავის, წელისა და სახსრების საშინელი ტკივილი. უმადობას ვუჩიოდი და გულისრევის შეგრძნება მაწუხებდა. როცა ვირუსი დამიდგინეს, მესამე დღეს ყნოსვა და გემოს შეგრძნება დავკარგე. PCR ტესტირებას ვაკეთებდი, შეხება მქონდა და მაშინვე მივხვდი, რასთან მქონდა საქმე. გადავედი იზოლაციაში, ვიდრე ტესტის დადებითი პასუხი მოვიდა. მერე 112-ზე დავრეკე და კლინიკაში გადამიყვანეს. იქ ხუთი დღე ვიყავი, მერე კი სასტუმროში გადამიყვანეს. დღეს მეათე დღეა, აქ ვარ. უკეთესად ვარ, ფილტვების ანთება არ მქონია, CT - კვლევაზე არ გამოჩნდა. ანალიზებიც უკეთესი მაქვს“, - ამბობს 27 წლის პაციენტი ქალი.

კორონავირუსი დაუდასტურდა 40 წლამდე მამაკაცს, რომელიც ახლა ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს. გვიყვება, რომ თავდაპირველად კორონავირუსი მის ცოლს დაუდასტურდა, შემდეგ კი მთელ ოჯახს, მათ შორის მცირეწლოვან ბავშვებს. იხსენებს, რომ ვირუსის დადასტურების შემდეგ ოთხი დღე სახლში ელოდნენ კლინიკაში გადაყვანას:

„ოთხი დღე სახლში გვიკავშირდებოდნენ ტელეფონით. ერთ დღესაც დაგვირეკეს და გვითხრეს, კლინიკაში უნდა გადაგიყვანოთო - ალბათ, ადგილების სიმცირის გამო. მეუღლე ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ქობულეთის კლინიკაში გადაიყვანეს, იქ ადგილი გამოჩნდა. მესამე შვილი კი საკარანტინო სივრცეშია“.

PCR ტესტირების პროცესი
PCR ტესტირების პროცესი

ბათუმის კლინიკებში, სადაც კოვიდპაციენტებს მკურნალობენ, ადგილები შეზღუდულიაო, გვიყვებიან რესპონდენტები. მათ შორის 72 წლის ქალია, რომელიც 74 წლის ქმართან ერთად კლინიკა „ბაუში“ იმყოფება. გვეუბნება, რომ ორივეს ფილტვების ანთება დაუდგინეს. ქალი ამბობს, რომ გულის პათოლოგია აქვს, რისკჯგუფშია და ამიტომ ღელავს. როგორც იხსენებს, კორონავირუსის დადასტურების შემდეგ ცხელების ცენტრში რამდენიმე დღით დააყოვნეს. კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ და მხოლოდ მაშინ მოხვდნენ იქ, როცა შვილებმა ახლო კონტაქტები გამოიყენეს:

„თბილისში ვაპირებდი წასვლას და ტესტი ავიღე, რადგან აჭარაში უკვე კორონავირუსი მძვინვარებდა და ვიფიქრე, რამე არ წავიღო-მეთქი. მეუღლეს სიცხე მისცა. მანამდე მშენებლობაზე მუშაობდა. მუშებს ტემპერატურას უზომავდა და, ვფიქრობ, მაქედანაა ინფიცირების წყარო. მერე მშენებლობაზე მუშაობა შეწყდა. აქ მერამდენე დღე ვართ უკვე და ექიმი არ შემოსულა. ექთანი ყოველდღე შემოდის. აქ ექიმს არ გავუსინჯივარ. როცა აქედან წასვლას დავაპირებთ, მაშინ კომპიუტერით გაგვსინჯავენ კიდევ, როგორც შემოსვლისას გაგვსინჯეს, შვილო. აი, მაშინ გვეტყვიან, ფილტვები როგორ გვაქვს“.

უკვე მერვე დღეა, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს 41 წლის კაცი, რომელიც საავადმყოფოში შესვლიდან მალევე მძიმე პაციენტად შეფასდა. თითქმის ერთი კვირა რეანიმაციულ განყოფილებაში სასუნქი აპარატის მეშვეობით სუნთქავდა. ახლა კი მდგომარეობა უკეთესი აქვს. დღეს პალატაში გადაიყვანეს. ამბობს, რომ პირველი სიმპტომის გამოვლენისთანავე PCR ტესტისთვის სინჯი ჩააბარა და უთხრეს, რომ დადებითი პასუხის შემთხვევაში 48 საათში დაურეკავდნენ. მანამდე კი ორი დღე თვითიზოლაციაში დარჩა. მითითებულ ნომერზე არ დაურეკეს, თუმცა მდგომარეობა უკიდურესად დამიმძიმდაო, გვიყვება, და ამიტომ თავისით მივიდა საავადმყოფოში. რენდგენი გადაიღო და ორივე ფილტვის ანთება აღმოაჩნდა. საავადმყოფოში ტესტირება ხელმეორედ ჩაუტარეს და მეორე დღეს დადებითი პასუხი მიიღო. როცა მდგომარეობა გაურთულდა, სწორედ იმ დროს მიიღო პირველი ტესტის დადებითი პასუხი, 6 დღის დაგვიანებით. მაშინ უკვე რეანიმაციულ განყოფილებაში კორონავირუსის გართულებებს ებრძოდა:

„პირველი ტესტის პასუხი დროზე რომ მოსულიყო, 48 საათში, როგორც დამპირდნენ, ჩემი მდგომარეობა ასე არ გართულდებოდა და, სავარაუდოდ, ამ მდგომარეობაში არ ვიქნებოდი. თუმცა მალე გამოვედი რთული მდომარეობიდან, იმიტომ რომ არც მწეველი ვარ და ჯანმრთელობითაც არაფერს ვუჩიოდი მანამდე. ფილტვებზეც დადებითი დინამიკა მაქვს. ხველა დამიტოვა და ესეც გადაივლის. დრო სჭირდება“, - ამბობს 41 წლის ინფიცირებული მამაკაცი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG