Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ ესწრება სასამართლოს სხდომებს ქალზე ძალადობაში ბრალდებული არჩილ მეფარიძე?


დაზარალებულო ლელა ჯუღელი პროკურორთან ერთად თბილისის საქალაქო სასამართლოს დერეფანში, 28 მარტი, 2023 წელი
დაზარალებულო ლელა ჯუღელი პროკურორთან ერთად თბილისის საქალაქო სასამართლოს დერეფანში, 28 მარტი, 2023 წელი

28 მარტს, სასამართლოს სხდომაზე, სადაც მომღერალ არჩილ მეფარიძის მიერ ქალზე ძალადობის საქმე უნდა განხილულიყო, ბრალდებული მომღერალი, ისევე როგორც წინა სხდომაზე, არც ამჯერად გამოცხადდა. მისმა ადვოკატმა არჩილ მეფარიძის გამოუცხადებლობის მიზეზი კი იმით ახსნა, რომ თავად მან უთხრა მომღერალს, „ფუჭად არ დაეკარგა დრო“, რადგან იცოდა, რომ მისი შუამდგომლობის საფუძველზე სხდომა მაინც გადაიდებოდა. სხდომის გადადების შუამდგომლობის დაყენება კი ადვოკატს იმიტომ სურდა, რომ მისი მტკიცებით, ის სააპელაციო სასამართლოში სხვა, პრიორიტეტულ სხდომას უნდა დასწრებოდა.

მოსამართლე ლელა შკუბულიანმა სხდომა მართლაც გადადო, თუმცა, არა არჩილ მეფარიძის ადვოკატის შუამდგომლობით, არამედ იმ მიზეზით, რომ ქალზე ფიზიკურ ძალადობასა და მუქარაში ბრალდებული მომღერალი სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის მიზეზის დამადასტურებელი, წერილობითი განცხადება წარუდგინა მოსამართლეს.

მომღერალ არჩილ მეფარიძეს პროკურატურა 2022 წლის 7 აპრილს, ლელა ჯუღელის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარას ედავება.

ბრალდების თანახმად, მომღერალს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ფიზიკური ძალადობა) ბრალი 28 აპრილს წარედგინა. 29 დეკემბერს კი ბრალს კიდევ ერთი, 151-ე მუხლი დაემატა, რაც სიცოცხლის მოსპობის მუქარას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას ჯარიმა, შინაპატიმრობა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

როგორ მიიღო მოსამართლემ 28 მარტის სხდომის გადადების გადაწყვეტილება

სასამართლოს სხდომა, 28 მარტი, 2023 წელი
სასამართლოს სხდომა, 28 მარტი, 2023 წელი

მას შემდეგ, რაც სასამართლოს სხდომის მდივანმა მოსამართლეს მოახსენა, რომ სხდომას ბრალდებული არ ესწრებოდა, მოსამართლე ლელა შკუბულიანმა არჩილ მეფარიძის სასამართლოში გამოუცხადებლობის მიზეზი იკითხა.

მის კითხვას, მომღერლის ადვოკატმა, ლევან ზაქრაძემ ასე უპასუხა:

„მოგახსენებთ, დღევანდელი სხდომა ორ საათზე იყო დანიშნული. მე გავარკვიე ბრალდების მხარესთან, რომ მას დღეს მოწმეები არ ეყოლებოდა სხდომაზე. სამ საათზე მე სხვა სასამართლო პროცესი დამინიშნეს სააპელაციო სასამართლოში და შევუთანხმდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, რომ დღევანდელი სხდომა ჩატარებულიყო მის გარეშე და ის თანახმაა, რომ დღევანდელი პროცესი ჩატარდეს მის გარეშე“.

ადვოკატის პასუხში ჩაერია პროკურორი თამარ ყულჯანიშვილი, რომელმაც შესწორება შეიტანა ლევან ზაქრაძის სიტყვებში და ამასთანავე, გამოეხმაურა ბრალდებული მომღერლის სასამართლოში გამოუცხადებლობის ფაქტს:

„პირველ რიგში, ბატონ ადვოკატს შევუსწორებ - მან აღნიშნა, რომ „ბრალდების მხარესთან როგორც გაარკვია“... მან კი არ გაარკვია, მან სთხოვა ბრალდების მხარეს, რომ რაკი სხვა სხვა პროცესი ჰქონდა დანიშნული, სურდა დღევანდელი პროცესის გადადება და სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ აღარ წარმოვადგინეთ დღევანდელ სხდომაზე მოწმე, თორემ ნამდვილად ვიყავით მზად, რომ დღეს სხდომაზე ერთი მოწმე წარმოგვედგინა. რაც შეეხება არჩილ მეფარიძის გამოუცხადებლობას, წინასასამართლო სხდომაზეც მას მიზეზი ჰქონდა, რომ არ მოსულიყო, დღესაც გარკვეულ მიზეზს ასახელებთ. ფაქტია, რომ ის თავს არიდებს პასუხისმგებლობას, მათ შორის, იმ პასუხისმგებლობის აღებაც არ უნდა საკუთარ თავზე, რომ სასამართლო პროცესზე იაროს და დაესწროს მის მიმართ წარდგენილი ბრალდების სხდომებს“.

პროკურორის რეპლიკას ადვოკატი ლევან ზაქრაძე ასე გამოეხმაურა:

„ვერ დავეთანხმები ამას, როცა იგი ჩათვლის საჭიროდ სასამართლოზე მოსვლას, მაშინ გამოცხადდება, ეს მისი უფლებაა და ითხოვს დღევანდელი სხდომა ჩატარდეს მისი დასწრების გარეშე“.

ამ სიტყვების შემდეგ მოსამართლემ ადვოკატს მოუწოდა:

„ის უნდა დაესწროს სასამართლოს სხდომებს. მობრძანდეს პატივცემული არჩილი შემდეგ სხდომაზე... სასამართლო ერთხელ კიდევ გადადებს სხდომას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩათვლის, რომ არჩილ მეფარიძე თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას“.

ადვოკატი: „დღევანდელ სხდომაზე ჩემგან იყო ინფორმირებული, რომ სხდომა გადაიდებოდა“.

მოსამართლე: „წერილობით არ მაქვს მე ეს წარმოდგენილი“.

ადვოკატი: „მე გავაჟღერე მისი პოზიცია, მისი პოზიცია მე მოგახსენეთ“.

როგორ აუხსნა ადვოკატმა ჟურნალისტებს სხდომის გადადების მიზეზი?

სასამართლოს დარბაზიდან გამოსულმა ადვოკატმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ სხდომა მისი შუამდგომლობის საფუძველზე გადადო მოსამართლემ. თუმცა, მოსამართლემ სხდომა გადადო არა ადვოკატის შუამდგომლობის, არამედ იმის გამო, რომ ბრალდებული არჩილ მეფარიძე დღევანდელ სხდომაზე არ გამოცხადდა.

ადვოკატი ლევან ზაქრაძე ამბობს, რომ არჩილ მეფარიძე წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობს და ბრალდებულიცა და ადვოკატიც დარწმუნებულები არიან, რომ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, მომღერალი აუცილებლად გამართლდება:

ლევან ზაქრაძე
ლევან ზაქრაძე

„არანაირი მყარი მტკიცებულებები არ არის წარმოდგენილი ამ სისხლის სამართლის საქმეში, პროკურორი აცხადებს, რომ თითქოს მოლოდინი აქვს, რომ ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგება. პროკურორებს ხშირად აქვთ ასეთი მოლოდინები, მაგრამ თქვენ ხედავთ, რომ უამრავ ასეთ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დგება. არჩილ მეფარიძესაც გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვს, ვინაიდან მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და არ უძალადია“.

არადა, ქალზე ძალადობის საქმეში დევს არჩილ მეფარიძის 28 აპრილის ჩვენება, სადაც ის ამბობს, რომ მისთვის სრულიად გასაგებია ბრალდების არსი, „რაშიც თავს მთლიანად დამნაშავედ ცნობს“.

რა შემთხვევაში დააყენებს პროკურატურა არჩილ მეფარიძის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხს?

პროკურორი თამარ ყულჯანიშვილი არ გამორიცხავს, რომ თუკი დადასტურდება, რომ ბრალდებული განზრახ არიდებს თავს სასამართლოში გამოცხადებას, შესაძლოა, ბრალდების მხარემ მოითხოვოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლა (არჩილ მეფარიძეს გასული წლის აპრილის ბოლოს აღკვეთის ღონისძების სახედ 5000 ლარიანი გირაო შეეფარდა):

თამარ ყულჯანიშვილი
თამარ ყულჯანიშვილი

„ამ ეტაპზე, ამ საკითხზე საუბარი ნაადრევია, რადგან ამის საფუძველი არ არსებობს. თუმცა, შემდგომ პროცესზე, თუკი არ გაითვალისწინებს დაცვის მხარე, მათ შორის სასამართლოს მოწოდებას, რომ ბრალდებული უნდა გამოცხადდეს სასამართლო სხდომაზე ან მინიმუმ წერილობითი ფორმით მაინც დააფიქსიროს, რომ ბრალდებული თანახმაა მხოლოდ ადვოკატის მონაწილეობით ჩატარდეს სასამართლოს სხდომა, შესაძლოა, დღის წესრიგში დადგეს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი. ჩვენი შეფასებით, ის გარკვეულწილად პასუხისმგებლობას არიდებს თავს, ანუ იმ პასუხისმგებლობასაც არ იღებს საკუთარ თავზე, რომ სასამართლო პროცესზე გამოცხადდეს და დაესწროს მის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმეს“.

პროკურორის განცხადებით, ბრალდების მხარეს აქვს უტყუარი მტკიცებულებები, რომელთა გამოკვლევის შემდეგაც აუცილებლად დადასტურდება მომღერლის მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტი:

„ჩვენ გვაქვს მოპოვებული მყარი, დამაჯერებელი მტკიცებულებები, კერძოდ საუბარია დაზარალებულზე, რომელიც დეტალურად, სრულყოფილად გადმოსცემს მის მიმართ განხორციელებულ ქმედებებზე ინფორმაციას, როგორც ფიზიკურ ძალადობას, ისე მუქარას. გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, საქმეში გვაქვს სხვა ნეიტრალური და ობიექტური მტკიცებულებებიც, აქ საუბარია ვიდეო ჩანაწერებზე, რომლებიც ამოღებულია სასამართლოს განჩინების საფუძველზე და ამ ჩანაწერებშიც ცალსახადაა ასახული არჩილ მეფარიძის მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი დაზარალებულის მიმართ. ასევე გვყავს სხვა მოწმე, რომელსაც დაზარალებულმა მოუყვა ამ ინციდენტის თაობაზე. მოწმეები არიან ექსპერტები, გამომძიებლები, რომლებიც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობენ საქმესთან მიმართებით და შესაბამისად, დარწმუნებულები ვართ, რომ ამ მტკიცებულებების გამოკვლევის შემდგომ, დავარწმუნებთ სასამართლოს, რომ არჩილ მეფარიძემ ნამდვილად ჩაიდინა როგორც ფიზიკური ძალადობა, ასევე განახორციელა მუქარა ქალის მიმართ“.

„ბოდიში მაინც რომ მოეხადა, შეიძლება სხვანაირად წასულიყო საქმე“

28 მარტს დანიშნული სხდომის ჩატარებას თბილისის საქალაქო სასამართლოს დერეფანში ელოდა თავად დაზარალებული, ლელა ჯუღელი. ის არჩილ მეფარიძის „სამაგალითოდ დასჯას“ ითხოვს და დარწმუნებულია, რომ საკუთარ სიმართლეს აუცილებლად დაამტკიცებს:

ლელა ჯუღელი
ლელა ჯუღელი

„რაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ უკვე მეორედ არ მოვიდა სხდომაზე? ეს არის მოძალადისთვის დამახასიათებელი თვისება, რომელსაც ბოდიში, მაგრამ აგდებული აქვს ყველა და ყველაფერი. ასე არ ცხადდებოდა ის საგამოძიებო ორგანოშიც, როდესაც დაიბარეს და მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ იკადრა მისვლა. დარწმუნებული ვარ, რომ სამართალი ნამდვილად გაიმარჯვებს, რაც არ უნდა ბანალური იყოს ეს სიტყვები. მე რომ დამენახა, რომ ის გულწრფელად ნანობს, ბოდიში მოეხადა, ადამიანი ვარ და შეიძლება სხვანაირად წასულიყო საქმე, მაგრამ ახლა, გამორიცხულია, ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ მოძალადე სამაგალითოდ დაისაჯოს“.

რას ედავება ბრალდება არჩილ მეფარიძეს?

სავარაუდო ძალადობისა და მუქარის ფაქტი, რომელსაც პროკურატურა მომღერალ არჩილ მეფარიძეს ედავება, 2022 წლის 7 აპრილს, ჭავჭავაძის 33 ნომერში მოხდა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას თავად დაზარალებული, ლელა ჯუღელი უყვება.

იხსენებს, რომ იმ დღეს საკუთარი მანქანით, შვილთან მიდიოდა. სწორედ შვილის სახლთან ახლოს მოხდა სავარაუდო ძალადობის ფაქტიც, რომელიც იმ ტერიტორიაზე დამონტაჟებულმა გარე სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირეს. როგორც ლელა ჯუღელი ყვება, არჩილ მეფარიძის აგრესია გამოიწვია მხოლოდ იმ ფაქტმა, რომ ის მანქანის გაჩერებას ცდილობდა, რა დროსაც, მომღერალს, გადაადგილებაში ხელი შეეშალა:

„დავინახე, მოწინააღმდეგე მხრიდან მოდის უზარმაზარი ჯიპი და მესმის როგორც მლანძღავს მძღოლი. კარგი ამინდი იყო, ფანჯარა ჩაწეული მქონდა და ვუპასუხე, შენ ვინ გეკითხება- მეთქი. საბოლოოდ, იმ ტერიტორიაზე მანქანა ვერ გავაჩერე და დაახლოებით 5-7 წუთში, იქვე, 50 მეტრის რადიუსში მოვახერხე მანქანის გაჩერება. ის ის იყო, მანქანიდან უნდა გადმოვსულიყავი, რომ უცებ მანქანასთან მოდის ამხელა კაცი და უშვერი სიტყვებით მიწყებს ლანძღვას და ფეხს ურტყამს მანქანას. ფანჯრის აწევას ვერ ვასწრებ და ჯერ მუშტს მირტყამს სახეში, შემდეგ სილას და გარბის. ეს ადამიანი ამედევნა და როგორც კი გავაჩერე მანქანა, მოვარდა, უშვერი სიტყვებით გამლანძღა, მემუქრებოდა, და თან ფიზიკურად იძალადა“.

ლელა ჯუღელის მტკიცებით, ძალადობის ფაქტის შემდეგ, მალევე, მას რამდენიმე წლის წინ ნაოპერაციებ ყურზე პრობლემები შეექმნა, დაუქვეითდა სმენა, დაეწყო ტკივილი და თავბრუს ხვევა. მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რომლის დაწერასაც რამდენიმე თვე დასჭირდა, ლელა ჯუღელის ჯანმრთელობის დაზიანება არ უკავშირდება 7 აპრილს მომხდარ ფაქტს, დაზარალებული დარწმუნებულია, რომ მისი მდგომარეობის გაუარესება სწორედ მასზე განხორციელებულმა ფიზიკურმა ძალადობამ გამოიწვია და რასაც სხვადასხვა დროს ჩატარებული გამოკვლევებიც ადასტურებს.

ძალადობასა და მუქარაში ბრალდებული არჩილ მეფარიძის საქმის არსებითი განხილვის სხდომა 2 მაისს გაიმართება. პროკურორი აცხადებს, რომ თუკი ბრალდებულმა კიდევ ერთხელ არ აარიდა თავი სასამართლოში გამოცხადებას და სხდომა ამ მიზეზით კვლავ არ გადაიდო, ბრალდების მხარე 2 მაისის სხდომაზე ძალადობის საქმის მინიმუმ ერთ მოწმეს მაინც წარადგენს და გამოკითხავს.

არჩილ მეფარიძის მიერ ქალზე ძალადობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 იანვარს გაიმართა. იმ დღეს ადვოკატმა მოსამართლეს წარუდგინა ნოტარიულად დამოწმებული წერილი, რომ არჩილ მეფარიძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ახერხებდა წინასასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და პროცესში მონაწილეობის მიღებას. და ითხოვდა, რომ სხდომა მისი მონაწილეობის გარეშე ჩატარებულიყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG