Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ეშინიათ ქართველ „არალეგალებს“ არჩევნებში მონაწილეობის?


საარჩევნო კოდექსის თანახმად, უცხოეთში არალეგალურად მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ სრული უფლება, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში.
საარჩევნო კოდექსის თანახმად, უცხოეთში არალეგალურად მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ სრული უფლება, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში.

„არჩევნებზე მინდა წასვლა, მაგრამ დაუცველობის განცდა მაქვს, არ ვიცი, შემდეგ როგორ მოგვიტრიალდება ეს ნაბიჯი მე და ჩემს ოჯახს“, - მეუბნება 41 წლის ანა*, რომელიც რამდენიმე წელია ჟენევაში, ქმარ-შვილთან ერთად, არალეგალურად ცხოვრობს.

ანას ეშინია, რომ საკონსულო აღირცხვაზე დადგომის, ანდა საარჩევნო უბანზე რეგისტრაციის შემდეგ მისი მონაცემები შვეიცარიის საემიგრაციო სამსახურში არ აღმოჩნდეს.

„მართალია, საემიგრაციო სამსახურმა იცის, რომ აქ ვარ, ვფიქსირდები, მაგრამ ჯერჯერობით, არ მეხებიან. სახელმწიფოსგან მე არანაირ მატერიალურ სარჩოს არ ვიღებ, პირიქით, აქეთ ვუხდი და, როგორც წესი, ასეთ ადამიანებზე თვალს ხუჭავენ. ბავშვი მალე სკოლაში შედის, მათ აქვთ ჩვენი მონაცემები, მაგრამ თუკი ამ მონაცემებს საემიგრაციო სამსახურს საქართველოს საკონსულო გადასცემს, სხვა გამოსავალი არ ექნებათ, რეაგირება უნდა მოახდინონ, რაც გულისხმობს ჩვენს დეპორტაციას“, - ამბობს ანა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ირწმუნება, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა და არჩევნებში მონაწილეობა, არ უკავშირდება უცხოეთში არალეგალურად მყოფი მოქალაქისთვის „რაიმე არასასურველ სამართლებრივ შედეგს“, - ორიოდ თვის წინ განაცხადა პარლამენტში მიწვეულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.

თუმცა, როგორც ჩანს, ეს განცხადება არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ „არალეგალმა“ საქართველოს მოქალაქეების ნაწილმა საარჩევნო უბნებზე მისვლა და ხმის მიცემა გაბედოს.

„აქ მყოფი ემიგრანტები ვმართავთ საპროტესტო აქციებს გზავნილით „არა რუსულ კანონს“, ამ ადამიანების დიდი ნაწილი იდენტიფიცირებულია, როგორც საქართველოს ხელისუფლებისადმი არალოიალურად განწყობილი პირები.

გარდა ამისა, იყო შემთხვევები, როდესაც აქ მყოფებმა, ერთ-ერთი პოლიტიკოსის მიმართ სოციალურ ქსელში კომენტარი დაწერეს, თავისი პოზიცია დააფიქსირეს, ნორმის ფარგლებში, არა აგრესიულად და წამოვიდა მუქარის მესიჯები, რაც ირიბ სიგნალს გაძლევს შენც, რომ იყო ჩუმად. პირადად შენ თუ ვერ მოგწვდებიან, შეიძლება მისწვდნენ შენი ოჯახის წევრს, რომელიც საქართველოშია. ასეთი ფაქტიც იყო - ოჯახის წევრების დაშინება და გაფრთხილება, რომ გაეჩუმებინათ ეს ადამიანები“.

ანა ამბობს, რომ ამ ამბებს უკვალოდ არ ჩაუვლია:

„აქამდე თუ ვფიქრობდი, რომ აუცილებლად უნდა მიმეღო არჩევნებში მონაწილეობა, ახლა ვფიქრობ, როგორ შეიძლება, რომ ეს მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გაკეთდეს, ისე რომ ჩვენც დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია და თან არ შეგვექმნას პრობლემები არც ჩვენ და არც ჩვენი ოჯახის წევრებს საქართველოში“.

„ეს შიში არ ნიშნავს იმას, რომ არ ვაძლევთ ხმას. რატომ?“

სამი წელი ხდება, რაც მაია ფელიშვილი, ყოფილი პოლიციელი, ნეაპოლში ცხოვრობს. მისი საემიგრაციო საბუთები წესრიგშია და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემასაც აუცილებლად აპირებს.

თუმცა, მის გარშემო არაერთი ადამიანია, რომლებიც იტალიაში არალეგალურად იმყოფებიან და ვერ გადაუწყვიტავთ, დადგნენ თუ არა საკონსულო აღრიცხვაზე.

„საქართველოში მიმდინარე შიშისა და ტერორის დათესვის მცდელობები, აქ მყოფ საქართველოს მოქალაქეებზეც მოქმედებს“, - ამბობს ის რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.

მაია ფელიშვილი
მაია ფელიშვილი

„ეს ადამიანები ხედავენ, რა მოსდევს საწინააღმდეგო აზრის გამოხატვას - დევნა, დახვედრა, ცემა, გინება, პირად ნომრებზე დარეკვა. არის შიში, რომ არც იმისგან დაიხევენ უკან, რომ იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდა, რომ აქ ჩვენ მათ საწინააღმდეგო აზრზე ვართ და გვინდა პრორუსი მთავრობის შეცვლა, არ შეთითხნიან რაიმეს იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვისაც, მაგალითად, წესრიგში არ აქვთ საბუთები“.

მაია ფელიშვილი ამბობს, რომ იტალიაში არალეგალურად მყოფი არაერთი ადამიანი ეკითხება მას რჩევას, დადგნენ თუ არა საკონსულო აღრიცხვაზე, წავიდნენ თუ არა არჩევნებზე, თუმცა, მათთვის კონკრეტული და ერთმნიშვნელოვანი პასუხი, ამ ეტაპზე, არ აქვს:

„ყველა ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობა არალეგალებს პრობლემებს არ შეუქმნის, თუმცა, გულახდილად გეტყვით, არანაირი გარანტია ჩვენი მთავრობის მხრიდან, რომ არალეგალებს პრობლემები არ შეექმნებათ, მე არ მაქვს და ვერანაირ გარანტიას ვერავის მივცემ. შენი პირადი მონაცემების შესახებ იცის სახელმწიფომ, რომლის მიმართაც ნდობა გაქვს დაკარგული, ეს საფუძვლიან შიშს გიქმნის, რომ შესაძლოა, პრობლემა შეგექმნას“.

თუმცა, მაია ფელიშვილი იმასაც ამბობს, რომ ეს შიში უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის, არალეგალურად მყოფ მოქალაქეებს, არჩევნებში საკუთარი აზრის დაფიქსირებაზე უარს ვერ ათქმევინებს:

„ეს შიში არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ არ ვრეგისტრირდებით და არ ვაძლევთ ხმას. რატომ? იმიტომ, რომ თუკი არ შეიცვლება რუსული სამთავრობო კურსი, უკვე არანაირი აზრი აღარ ექნება, სად ვიქნებით და დაგვადეპორტებენ თუ არა.

წელს არის აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია. როგორც ჩანს, ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთა ხელისუფლებამ, რადგან უამრავი ადამიანია გაწბილებული და ამბობენ, რომ ხოხვით რომ მოუწიოთ წასვლა, მაინც წავლენ არჩევნებზე“.

უცხოეთში, არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების შიშსა და უნდობლობაზე ელაპარაკება რადიო თავისუფლებას სტრასბურგში მცხოვრები მარი კაიშაურიც.

ის ხუთი წელია საფრანგეთში ცხოვრობს და უკვე სარგებლობს თავშესაფრის მიმღების სტატუსით. თუმცა, ამბობს, რომ მის გარშემო მყოფი ე.წ. არალეგალები დიდი დილემის წინაშე დგანან:

„განცხადებებს რომ აკეთებენ, მოგვმართეთ საელჩოებს, დარეგისტრირდითო, ამ ადამიანებმა სრულად უნდა მოახდინონ თავიანთი იდენტიფიცირება, რაც გამორიცხულია და რაც, რა თქმა უნდა, მათ უჩენთ შიშს, რომ შეექმნებათ პრობლემები.

ამ ადამიანების მაქსიმალური უმეტესობა პროევროპული არჩევანის მხარდამჭერია. ეს ადამიანები მონაწილეობენ საპროტესტო აქციებში. ვინ მისცემს მათ გარანტიას, რომ არალეგალების სიას პირდაპირ არ გადასცემენ საფრანგეთის ხელისუფლებას და არ დაადეპორტირებენ მათ? არის კიდევ ერთი შიშიც, რომ ამ ადამიანების იდენტიფიცირებით, საქართველოში მყოფ მათი ოჯახის წევრებს არ შეექმნათ პრობლემები“, - ამბობს მარი კაიშაური.

„შიშებს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაფიოდ უნდა უპასუხოს“

რადიო თავისუფლებამ საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვა კომენტარი და დამატებითი განმარტება, საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. არალეგალების საპარლამენტო არჩევნებში უსაფრთხოდ მონაწილეობის გარანტიებსა და იმ შიშებზე, რაც მათ აქვთ, თუმცა, უწყებისგან კომენტარი ამ დრომდე ვერ მივიღეთ.

ნინო დოლიძე, „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი, ამბობს, რომ საზღვარგარეთ არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობა არ უკავშირდება მათთვის რაიმე რისკს.

თუმცა, მისივე თქმით, რაკიღა არსებობს შიშები, ამ შიშებს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაფიოდ უნდა უპასუხოს.

ნინო დოლიძე, "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი
ნინო დოლიძე, "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი

„პოლიტიკური ნება უნდა იყოს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთოს განცხადება, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის საქართველოს საკონსულო და საელჩო უსაფრთხო ადგილია, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ არჩევნებში ხმის მიცემა. ჩვენ სწორედ ამას ველით საგარეო საქმეთა სამინისტროსგან“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნინო დოლიძემ.

როგორ უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა უცხოეთში უკანონოდ მყოფმა (არალეგალმა) პირმა?

საარჩევნო კოდექსის თანახმად, უცხოეთში არალეგალურად მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ სრული უფლება, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში.

ამისათვის კი, ანუ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, უცხოეთში მცხოვრები სხვა საქართველოს მოქალაქეების მსგავსად, მათ, ამ ორი გზიდან, ერთ-ერთი უნდა აირჩიონ:

  • ან დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე (საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის ინსტრუქცია შეგიძლია წაიკითხოთ აქ);
  • ან 2024 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით საარჩევნო რეგისტრაცია გაიარონ საუბნო საარჩევნო კომისიაში.

ანუ, იმ საარჩევნო უბანზე, სადაც 26 ოქტომბერს ხმა უნდა მისცენ. საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები ძირითადად იხსნება საკონსულოებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

წელს საარჩევნო უბნები გაიხსნება არაუგვიანეს 26 სექტემბრისა.

თუკი უცხოეთში უკანონოდ მყოფი პირი არჩევნებში მონაწილეობისთვის მეორე გზას, საარჩევნო კომისიაში დარეგისტრირებას აირჩევს, რა დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს ადგილზე მისვლისას?

საარჩევნო უბანზე დასარეგისტრირებლად მათ დასჭირდებათ მხოლოდ და მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა:

  • საქართველოს მოქალაქის ვადიანი/მოქმედი პასპორტი;
  • ან პირადობის დამადასტურებელი, ე.წ. ID ბარათი.

საუბნო საარჩევნო კომისიაში დასარეგისტრირებლად მისვლისას, უცხოეთში არალეგალურად მყოფ პირებს არ აქვთ ვალდებულება წარადგინონ სხვა რაიმე დამატებითი დოკუმენტაცია, მათ შორის, მაგალითად, უცხოეთში, საცხოვრებელი ბინის მისამართი.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხმის მიცემა აკრძალულია ნებისმიერი სხვა დოკუმენტით, მათ შორის, პირადობის მოწმობისა და პასპორტის ქსეროასლებით.

თუკი საზღვარგარეთ უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქე საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფება, დასჭირდება თუ არა მას საარჩევნო უბანზე 7 ოქტომბრამდე მისვლა და დარეგისტრირება?

არა, მას ამის ვალდებულება არ აქვს, რადგან ის ისედაც იქნება დაფიქსირებული ამომრჩეველთა სიაში.

შეუძლია თუ არა უცხოეთში არალეგალურად მყოფ პირს არჩევნებში მონაწილეობის მიღება დისტანციურად?

არა, რადგან ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ საარჩევნო უბანში პირადად გამოცხადების შემთხვევაში.

დაფიქსირებულა თუ არა შემთხვევა, როდესაც არჩევნებში მონაწილეობის შემდეგ, არალეგალ პირს შეჰქმნია რაიმე ტიპის პრობლემა, მათ შორის, დეპორტაციასთან დაკავშირებით?

ნიკოლოზ ოდიკაძე, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ანალიტიკოსი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ამგვარი შემთხვევის შესახებ არ სმენია.

ნიკოლოზ ოდიკაძე
ნიკოლოზ ოდიკაძე

„საფუძველი ან პრაქტიკული გამოცდილება იმისა, რომ არჩევნებზე მისულ არალეგალ პირს შემდეგ რაიმე პრობლემა შეექმნა, არ გვაქვს. ასეთი შემთხვევის შესახებ ჩვენ ნამდვილად არ გვსმენია.

თეორიულადაც კი გამოვრიცხავ რისკს, რომ ინფორმაცია მათ შესახებ სხვა ქვეყნის შესაბამის სამსახურებს ჩაუვარდეთ. შესაძლოა, მაქსიმუმ დეზინფორმაციის და მუქარის დონეზე იყოს ასეთი რამ გავრცელებული, თუმცა, პრაქტიკაში, ამის მიზერული შანსია. ცხადია, ჩვენ ასპროცენტიან გარანტიებს ვერავის მივცემთ, მაგრამ, ამგვარი პრაქტიკის შესახებ ჩვენ არაფერი გვსმენია“, - ამბობს ნიკოლოზ ოდიკაძე.

მისივე თქმით, უმჯობესია, თუკი შიშებისა და ეჭვების გასაფანტად შესაბამისი უწყებები, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაფიო განცხადებებს გააკეთებს და უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის, არალეგალ პირებს, არჩევნებში მონაწილეობისთვის მეტ სტიმულს მისცემს.

2020 წელს საქართველოს საპარლამენტო არჩევნები საზღვარგარეთ ჩატარდა 38 სახელმწიფოში გახსნილ 52 საარჩევნო უბანზე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოქმის თანახმად, საზღვარგარეთ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 66 217 ადამიანი. საბოლოოდ, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 12 247-მა ამომრჩეველმა. ბათილად იქნა ცნობილი 162 ბიულეტენი.

იმ წელს ოპოზიციამ საზღვარგარეთის უბნები მოიგო.

თუკი გავითვალისწინებთ, რომ 2020 წელს მსოფლიოში კოვიდპანდემია იყო და, შესაბამისად, კიდევ უფრო გართულებული იყო საქართველოს მოქალაქეებისთვის ქალაქიდან ქალაქში გადაადგილება არჩევნებზე მისასვლელად, არსებობს მოლოდინი, რომ 2024 წლის არჩევნებზე საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე იმაზე გაცილებით მეტი ამომრჩეველი უნდა მივიდეს, ვიდრე 2020 წელს.

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილია 141 დღე.

*რესპონდენტის სახელი შეცვლილია მისი თხოვნითა და ანონიმურობის დაცვის მიზნით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG