Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ მსჯელობს კომუნიკაციების კომისია მინისტრის გენიტალიებზე


კომუნიკაციების კომისიის წევრები
კომუნიკაციების კომისიის წევრები

კომუნიკაციის კომისიამ წამოიწყო ისეთი საქმის განხილვა, რომელიც მოითხოვს ჟურნალისტური მასალის შინაარსის შეფასებას. თუკი კომისია თავს უფლებას მისცემს, „მთავარი არხი” უხამსი მასალის გამოქვეყნებისთვის დასაჯოს (სანქციის დაწესების გზით), ეს იქნება ცენზურის დაკანონება - ასე აფასებს მედიის და იურისტების ერთი ნაწილი კომისიის ამ მცდელობას.

თამთა მურადაშვილი: ესწრება თუ არა სხდომას ივანე მაჭავარიანი?

კახა ბექაური: არ ესწრება. არ ვიცით, ესწრება თუ არა, შეიძლება უყურებს.

თამთა მურადაშვილი: გაუგზავნეთ შეტყობინება, რომ მის საკითხზე სხდომა იყო ჩანიშნული?

კახა ბექაური: რას ნიშნავს „მის საკითხზე“? აქ მისი საკითხი არ იხილება.

თამთა მურადაშვილი: აბა, ვისი საკითხი იხილება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაო? პოლიტიკოსის უფლებებიო და ღირსების შემლახავი... ამიტომ მაინტერესებს, იყო თუ არა ივანე მაჭავარიანი სხდომაზე მოწვეული.

კახა ბექაური: პასუხი მიიღეთ უკვე, რომ არ იყო მოწვეული და იქნებ, დავუბრუნდეთ თქვენს განმარტებებს.

კახა ბექაური და თამთა მურადაშვილი
კახა ბექაური და თამთა მურადაშვილი

ეს დიალოგი „მთავარი არხის” იურისტს, თამთა მურადაშვილსა და „კომუნიკაციების კომისიის” თავმჯდომარეს, კახა ბექაურს შორის კომუნიკაციების კომისიის საჯარო სხდომაზე გაიმართა. ამ სხდომაზე კომისია მსჯელობდა, უნდა დაეჯარიმებინათ თუ არა „მთავარი არხი” მის ეთერში გასული სიუჟეტის გამო.

28 დეკემბერს კომისიის აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურების მთავარმა სპეციალისტმა, კონსტანტინე ქორიძემ სამსახურებრივი ბარათი გაუგზავნა კომისიის თავმჯდომარეს და სხდომაზე კი არწმუნებდა კახა ბექაურსა და მის კოლეგებს, რომ თუკი კომისია „მთავარი არხის” ეთერში გასული მასალის შესახებ არ იმსჯელებს, „თავისი უმოქმედობით დაარღვევს პოზიტიურ ვალდებულებას, დაიცვას ადამიანისა და მოქალაქის ღირსება და ძირითადი უფლებები“. დეპარტამენტის თანამშრომელი ასე აღწერდა მასალას, რომლის შეფასებასაც ითხოვდა:

„სიუჟეტის პირველ ნაწილში ნაჩვენებია პარლამენტის დარბაზში მყოფი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ივანე მაჭავარიანი. კადრი გადატანილია ახლო ხედით მინისტრის შარვალთან, შარვლის გარედან გენიტალიებზე ფოკუსით და მკაფიოდ ჩანს, როგორ იკიდებს ხელს შარვალზე ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი. კადრს გასდევს ჟურნალისტის სიტყვები: „აგერ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მართალია სხეულის ენით, მაგრამ ძალიან გარკვევით და გასაგებად გვაჩვენა, რის გაკეთებას აპირებს მეათე მოწვევის პარლამენტი“.

კომისიის თანამშრომელი ყურადღებას ამახვილებდა სიუჟეტის კიდევ ერთ ფრაგმენტზე: „პარლამენტის დარბაზის კადრების ფონზე ჟურნალისტი ამბობს: „ჩვენი პარლამენტი და პრეზერვატივი მხოლოდ იმით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რომ პრეზერვატივში მხოლოდ ერთი (ისმის ჩახველება) ეტევა და პარლამენტში კიდე ბევრიო“.

სიუჟეტი, რომელსაც კომისიის მთავარი სპეციალისტი აღწერს, „მთავარი არხის” ეთერში 12 დეკემბერს „შაბათის მთავარში” გავიდა. მასალა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას შეეხებოდა, რომლის გახსნასაც ოპოზიციის ბოიკოტის გამო, მხოლოდ ერთი - მმართველი პარტიის წევრები ესწრებოდნენ. ჟურნალისტი ბექა ყორშია პლენარულ სხდომაზე და შენობაში გადაღებული მასალებით, იქვე ჩაწერილი კომენტარებითა და საავტორო ტექსტით, დასცინის მმართველ პარტიას და ერთპარტიული პარლამენტის უარყოფით მხარეებზე საუბრობს. ივანე მაჭავარიანის კადრები, რომელიც სხდომაზე სადავო გახდა, სწორედ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზშია გადაღებული, სადაც ათეულობით სატელევიზიო კამერა ერთდროულად მუშაობდა.

„მთავარი არხის” იურისტი და სიუჟეტის ავტორები სხდომაზე აცხადებდნენ, რომ მასალა პოლიტიკური სარკაზმი იყო, რაც გამოხატვის თავისუფლებით დაცული უფლებაა, და რაც იმაზე მიუთითებს, რომ კომუნიკაციების კომისიას „მთავარი არხისთვის” ცენზურის დაწესება სურს - უხამსობის საკითხის განხილვა კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილებას აღემატება და ეს დასტურდება საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის გადაწყვეტილებითაც. მაშინ საკონსტიტუციო სასამართლომ მოქალაქეებს უხამსობის შესახებ საქმის სასამართლოში გასაჩივრების უფლება მისცა.

ლევან მაისურაძე
ლევან მაისურაძე

„[სიუჟეტში] იკვეთება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შეზღუდვა, ვინაიდან, სტრასბურგის გადაწყვეტილების მიხედვით, შეურაცხყოფა და ადამიანის რეპუტაციის შელახვა გავლენას ახდენს ადამიანის პირად ცხოვრებაზე”, - განაცხადა სხდომის დაწყებისას კომისიის იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომელმა ლევან მაისურაძემ, და მიუთითა, რომ პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების გარდა, ამ სიუჟეტს შესაძლოა ბავშვების ინტერესებიც შეელახა.

„ამ ადამიანმა საკუთარ სხეულზე შეხებით, რომელიც საკუთარი ნებით განახორციელა, როგორც ჩანს, საჯარო სივრცეში არ ჩათვალა ღირსების შემლახავად და ან თავის დასაკნინებლად და თქვენ მედავებით, რომ შეილახა მისი უფლება… აუდიტორია ამ სიუჟეტის არის მკაფიოდ განსაზღვრული. არასრულწლოვნები ამას ვერც კი გაიგებდნენ, რადგან არის სარკაზმის ენა და პოლიტიკური შინაარსი. თქვენ ვერ დაადგენთ, მაყურებელმა იგრძნო თუ არა თავი შეურაცხყოფილად“, - თქვა მურადაშვილმა.

საბჭოთა ნოსტალგიად შეაფასა სიუჟეტის ავტორმა ბექა ყორშიამ კომუნიკაციების კომისიაში მისი მასალის შინაარსის განხილვა: „შემიძლია დეპეშით გამოგიგზავნოთ ავტორები [ავტორმა ტექსტში ცნობილი ამერიკელი მწერლის ჩაკ პალანიკის ციტატა გამოიყენა] და ერთად შევათანხმოთ, ვისი ციტირება შეიძლება და ვისი - არა... მეტი სათქმელი მე არ მაქვს, გიყურებთ და მართლა, თქვენ მაგივრად მრცხვენია“.

კომუნიკაციების კომისიის წევრები, "მთავარი არხის" ჟურნალისტი და იურისტი, ტელეკომპანია "კავკასიას" დირექტორი
კომუნიკაციების კომისიის წევრები, "მთავარი არხის" ჟურნალისტი და იურისტი, ტელეკომპანია "კავკასიას" დირექტორი

კომუნიკაციების კომისიაში მიმდინარე პროცესებს საფრთხედ აღიქვამს არამხოლოდ „მთავარი არხი”. თუ კომისია, ანუ ადმინისტრაციული ორგანო, რომელსაც შეუძლია ფინანსური სანქციების დაწესება, თავს უფლებას მისცემს, გასცდეს თავის ამოცანას და იმსჯელოს მედიაპროდუქტის შინაარსზე, მათ შორის, შეაფასოს საავტორო ტექსტის უხამსი მხარე, შეიქმნება მექანიზმი, რომლის დახმარებითაც ხელისუფლებას შეეძლება დასაჯოს მედია, რომელიც მას აკრიტიკებს, - ფიქრობს იურისტების, ჟურნალისტებისა და სხვა მედიაკომუნიკაციების სპეციალისტების ერთი ჯგუფი.

ტელეკომპანია „კავკასიის” დირექტორმა, ნინო ჯანგირაშვილმა, რომელიც სხდომას ესწრებოდა, კომისიის წევრები ცენზურის დაკანონების მცდელობაში დაადანაშაულა:

„ქმედებაა უხამსობა, რაც მინისტრმა ჩაიდინა, თუ სიუჟეტია უხამსი? ცხვირში რომ თითი შეეყო, იქნებოდა ეს უხამსობა და ამის ჩვენებაც არ შეიძლებოდა? იმ მინისტრს რომ შეეგინებინა მეორესთვის, იქნებოდა უხამსო თუ არ იქნებოდა ამის ჩვენება?.. თქვენ რას აპირებთ, არა მხოლოდ ტექსტების, არამედ ქვეტექსტების და კონტექსტების ცენზურას აპირებთ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში?! სიზმარში მგონია თავი, თქვენ რომ გიყურებთ… "მინისტრის გენიტალიების მცველებო"“.

ამ საქმეზე გადაწყვეტილება ზუსტად ერთ კვირაში, შემდეგ ხუთშაბათს გამოცხადდება, დასაბუთება - კიდევ უფრო გვიან, დაახლოებით ერთ თვეში. „მთავარი არხის” იურისტმა თამთა მურადაშვილმა კომუნიკაციის კომისიის სხდომაზევე განაცხადა, რომ სანქციის დაწესების შემთხვევაში ის ამ გადაწყვეტილებას ყველა ინსტანციაში გაასაჩივრებს, მათ შორის, თუ საჭირო გახდა - სტრასბურგშიც.

„ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ მონიტორინგს უხამსობის ნაწილზე, სანამ არ მივაღწევთ მედიაში იმ მდგომარეობას, რომ ამ თვალსაზრისით ეთიკური საკითხები იქნება დაცული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლებისთვის პირდაპირი მნიშვნელობით... უხამსობიდან სამაუწყებლო ეთერის დაცლა გამოხატვის თავისუფლებას კი არ ზღუდავს, არამედ გამოხატვის თავისუფლება უფრო მაღალ სტანდარტზე აჰყავს“, - თქვა ბექაურმა სხდომის დასასრულს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG