Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ვაჩუქეთ აშშ-ს პრეზიდენტს - გადახედეთ ფოტოალბომს „რელიგიები საქართველოში“ 


ფოტოალბომი „რელიგიები საქართველოში“ 200 გვერდიანი გამოცემაა. სწორედ ეს ალბომი მიიღეს საჩუქრად აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისგან, მათი სახელით გამართულ მიღებაზე ნიუ-იორკში, სადაც პრეზიდენტები გენერალური ასამბლეის 74-ე სესიას ესწრებიან.

ქართულ-ინგლისური ფოტოალბომი, მყარი ყდით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს პროექტია. ის 2019 წელს ასობით ცალი დაიბეჭდა და არასოდეს გაყიდულა - გამოცემა სასაჩუქრეა. ფოტოალბომის ავტორები თავად სააგენტოს წარმომადგენლები არიან, რედაქტორი - სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე.

ალბომის ყდაზე საქართველოს დროშაა გამოსახული, პირველი გვერდები კი პატრიარქ ილია II ბიოგრაფიასა და სინოდის წევრების ჩამონათვალს ეთმობა.

ამოცემაში შესულია ინფორმაცია საქართველოში რელიგიისა და საკულტო ნაგებობების შესახებ, ძირითადად ფოტოები, მწირი მინაწერებით. 200 გვერდიდან 149 გვერდი მართლმადიდებლური ეკლესიის რელიგიურ და კულტურულ მემკვიდრეობას აღწერს, დანარჩენი ყველა - სხვა რელიგიისას.

„ძირიადი ნაწილი მართლმადიდებელი ეკლესიების ფოტოებია და ბოლოსკენ თითო გვერდი აქვს დათმობილი სხვა რელიგიებს. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ძალიან ცუდი წიგნია და ვერ ასახავს მრავალფეროვნებას. იდეა - მსგავსი წიგნი გადასცე საჩუქარად - ცუდი არ არის, მაგრამ თავად წიგნი არ ვარგა. სალომე ზურაბიშვილმა თუ გადახედა, არ ვიცი. თუ გადახედა და მოეწონა, ესეც პრობლემაა. მე არ ვაჩუქებდი“, - ამბობს თეოლოგი ბექა მინდიაშვილი.

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი რადიო თავისუფლებას უხსნის, თუ როგორ ხდება საჩუქრების შერჩევა მაღალი დონის შეხვედრებისთვის.

„სალომე ზურაბიშვილმა რა წიგნი გადასცა [ტრამპს] არ მინახავს, მაგრამ ალბათ ამ საჩუქრის გზავნილი ის არის, რომ საქართველოს მრავალფეროვნება წარმოაჩინოს. არ არის აუცილებელი [საჩუქარი] ძვირადღირებული იყოს, უფრო მეტიც, თანამდებობის უმაღლეს პირებს ლიმიტიც აქვთ, გარკვეულ ღირებულებაზე უფრო ძვირფას ნივთს ვერ მიიღებენ. მახსოვს, ჩვენს გერმანელ კოლეგებსაც წიგნები ჩავუტანეთ საჩუქრად. ეს იყო მე-2 მსოფლიო ომის დროს გერმანიიდან საბჭოთა კავშირის დროს ჩამოტანილი იშვიათი გამოცემების ორი ტომი.“, - ამბობს იგი.

სამხატვრო აკადემიის პროფესორმა, მხატვარ-დიზაინერმა თამაზ ვარვარიძემ დეტალურად დაათვალიერა აშშ-ის პრეზიდენტისთვის გადაცემული საჩუქარი, მისი შეფასებით ფოტოალბომის მხატვრული ღირებულება და დიზაინი კრიტიკას ვერ უძლებს.

„ძალიან დიდი ფონტებია გამოყენებული. უამრავი ფონტი არსებობს, რომელიც მსგავს წიგნს შეეფერება და ეს რატომ აიღეს?! ფოტოები მიჯრით არის ჩაყრილი, ერთი თავისუფალი ადგილი არ დაუტოვებიათ, რომ ამოისუნთქო. თითქოსდა, ამოცანა იყო, რაც შეიძლება მეტი ფოტო ჩაესვათ“, - ამბობს იგი.

ფოტოალბომში „რელიგიები საქართველოში“ ცალკე თავებად არის გამოყოფილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის - სალოცავების ფოტოსურათები, მოკლე მინაწერებით.

„აქ ნაჩვენებია ოკუპირებულ ტერიტორიებზე როგორ ნადგურდება ეკლესია-მონასტრები, როგორი იყო ომამდე და ახლა როგორია. სასიხარულო ფაქტია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ეს წიგნი აშშ-ის პრეზიდენტს გადასცა, რადგან ამ წიგნში გამოხატულია ქვეყნის კულტურა, ტოლერანტობა, უფლებები... ყველაფერი ერთად“, - ამბობს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი და გამოცემის რედაქტორი ზაზა ვაშაყმაძე.

გამოცემაში სახელწოდებით „რელიგიები საქართველოში“ მართლმადიდებლური ეკლესიის გარდა 11 რელიგიური თემის და მათი ლიდერების შესახებ არის ინფორმაცია.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG