Accessibility links

site logo site logo

რა ვნახე და მოვისმინე 5 ივლისს 


შევეცდები აღვწერო, თუ რა ვნახე და რა მოვისმინე 5 ივლისს, ძალადობრივი ჯგუფების მიერ მოწყობილი ბაკქანალიის გაშუქებისას. ტექსტი სავსეა ფრაზებით, რომლებსაც, როგორც წესი, საიტზე არ ვაქვეყნებთ ხოლმე. მათ შორისაა შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი გამონათქვამები სექსუალური უმცირესობების მიმართ, მოწოდებები ძალადობისკენ და, ზოგადად უხამსი ლექსიკა. ალბათ ზედმეტია იმის აღნიშვნა, რომ ავტორისთვისაც და, ზოგადად, ყველა წესიერი ადამიანისთვის გულისამრევია ამ ფრაზების მოსმენაც და გამეორებაც. უსიამოვნო წასაკითხია და, თუ მსგავს რამეებს ერიდებით, ამის გაგრძელებასაც არ გირჩევთ. თუმცა, 5 ივლისი ეგეთი დღე იყო - სავსე ფიზიკური და ვერბალური სისასტიკით. ევფემიზმები და გინების ნაცვლად ვარსკვლავების წერა კი მხოლოდ აბლაგვებს და უფრო ადვილად მოსანელებელს ხდის მომხდარს. ვწერ იმას, რაც ვნახე და მოვისმინე. და რაც ვნახე და მოვისმინე იყო ძალადობა, სისასტიკე და ბოროტება.

„ქესტუმ, ევროკავშირი. ქესტუმ!“ - თქვა შუახნის მამაკაცმა. მაინცდამაინც არავის მიმართავდა. ისე, ხმამაღლა გამოთქვამდა კმაყოფილებას. „საბჭოთა კავშირი, ევროკავშირი მორჩა“ - თქვა და გაიცინა.

ასე, ოთხი საათის მიდამოები იყო. პარლამენტის წინ კიბეებზე ვიდექით. იქ შეკრებილები გამარჯვებას ზეიმობდნენ - ცოტა ხნის წინ გამოცხადდა, რომ „ღირსების მარში“ გაუქმდა. იმ ადგილას, სადაც ჯერ კიდევ რამდენიმე საათის წინ კარვები იდგა, ხალხს წრე შეეკრა და ორი მამაკაცის დავლურს ტაშს უკრავდა. მოცეკვავეებს ვუღებდი და ვერ დავინახე, რომ დიმპიტაურის ფონზე ჩემს ზურგს უკან, პარლამენტთან მოფრიალე ევროკავშირის დროშა დაუშვიათ.

მამაკაცის სიტყვებზე უკან მივტრიალდი. ამასობაში დიმპიტაური გამორთეს და საქართველოს ჰიმნის ფონზე ხუთჯვრიანი დროშა აღმართეს.

„მე ვარ ქართველი, და არავითარი მაშასადამე ამას აღარ სჭირდება“ - ასე ახსნა მომხდარი გამომსვლელმა - „საქართველოს ნებისმიერ სამთავრობო შენობაზე ჩვენი დროშა სრულიად საკმარისია. თუ უნდა ევროკავშირს, რომ მაგისი დროშა სადმე იყოს, ჯერ მაგათი ელჩები გამოვიდენ, აი ამ პიდარასტებმა ბოდიში მოიხადონ და მკაფიოდ თქვან, რომ ქართველი ერის ნება აქ უპირველესია. დამოუკიდებელ საქართველოს გაუმარ-„

„ჯოს“ - უპასუხა ხალხმა. „ჯოს!“

ჩემს გვერდით ორი ბებო იდგა. ორივეს თვალი ცრემლით ქონდათ სავსე. ერთი სლუკუნებდა კიდეც.

ნეტა სიხარულით ტიროდნენ? კი, მაგრამ რატომ? საქართველოს დროშის დანახვა გაეხარდათ? პარლამენტის წინ ხომ არც მანამდე იყო სახელმწიფო სიმბოლიკის ნაკლებობა.

ან, იქნებ არ უხაროდათ?

იქნებ იმას დასტიროდნენ, რომ ზუსტად იმ ადგილას, საიდანაც 9 აპრილს მერაბ კოსტავა მიმართავდა ხალხს, ახლა ის კაცი იდგა, ვინც ღიად, დაუფარავად, რუსეთში დაბრუნებას ქადაგებდა და ზედ ცინიკურად „დამოუკიდებელ საქართველოს“ აყოლებდა?

„მე ვარ ქართველი, და არავითარი მაშასადამე“ - ინგლისურად ასეთ ფრაზებს dogwhistle - ძაღლის სასტვენი ჰქვია. ამ სასტვენის ხმა აღაგზნებს ძაღლს, თუმცა ადამიანს ყურის მიღმა რჩება. ამ შემთხვევაშიც ასეა - გამომსვლელი თითქოს უწყინარი სიტყვებს იყენებს, რომლის სრული დიაპაზონიც მშვენივრად ჩაესმით შენს მხარდამჭერებს.

არავითარი მაშასადამე - ნიშნავს არავითარ ევროპას. არავითარი ევროპა - ნიშნავს რუსეთს. ასეა ეს და არავითარი მაშასადამე ამას არ ჭირდება.

ევროკავშირის დროშის საზეიმო დაშვების შემდეგ სიმღერა ჩართეს - „უნდა გავთიბოთ, უნდა ვიმკათ, უნდა გავლეწოთ“ - მღეროდა გოგი დოლიძე.

და კიდევ: „ო, საქართველოვ, ოქროსფერი ხარ საოცრება, ამ საოცრებას გვეცილება მტერი ვერაგი…“

„რქები უნდა დავატეხოთ“

ის „ევროპა არ გვინდა“ ყმაწვილი პირველად მაგ დილით, ქაშვეთის უკან ვნახე, სადაც დილის 10 საათისთვის უკვე რამდენიმე ასეული კაცი და რამდენიმე ქალი შეკრებილიყო. „ტაბულას“ ჟურნალისტ მაკო ჯაბუას მისთვის მიკროფონი მიეშვირა და ეკითხებოდა, თქვენი აქცია მშვიდობიანია თუ არაო. „ეგ დამოკიდებულია მეორე მხარეზე. ხალხი გასცემს საკადრის პასუხსო“ - მიუგო მორიგი „ძაღლის სასტვენით“. თარგმანი ადამიანურ ენაზე - „არა“.

ასე, ერთ საათში მეტრი და სამოცდახუთი სანტიმეტრის სიმაღლის მაკოს, რომელიც ტელეფონით ლაივს რთავდა უკნიდან წვერებიანი მუტრუკი დაესხმებოდა თავს, „გააჯვი აქედან, შენი დედა მოვტყანო“ მიაძახებდა და ზურგსა და თავში კეტს დაუშენდა.

თუმცა, ეგ ერთ საათში მოხდებოდა. ჯერ ნაცემი არავინ იყო.

იქ შავი მაისურით და შავი კეპით მივედი, აქციის მონაწილეებისგან ძალიან რომ არ გამოვრჩეულიყავი. ხან ერთ ადგილას ვიდექი, ხან კი - მეორეგან. ყველა მომავალ სისასტიკეს შეჰხაროდა.

სობჩაკის ძეგლის წინ სასულიერო პირი სამ დაკუნთულს ელაპარაკებოდა. უხსნიდა: „რქები უნდა დაატეხო, თორე შენ დაგატეხენო“. ალბათ სახარებაში ამოიკითხა.

მთელი დღის განმავლობაში, ყველგან, ყველგან, სუყველგან, ყველა კუთხესა და კუნჭულში ისმოდა მოწოდებები ძალადობისკენ.

განა მარტო კუნჭულებში.

ლიბერალებმა ასეთი მზაკვრული მოწოდება შემოგვაპარეს - არა ძალადობასო - მიმართა პარლამენტის წინ შეკრებილ ხალხს სასულიერო პირმა (მას შემდეგ, რაც იქაურობა კარვებისგან გაწმინდეს და ნარჩენები შუა რუსთაველზე დაყარეს). „არა ძალადობას“ კი არა, ვალდებულები ხართ იძალადოთო. მის გვერდით მდგომი კაცი მოკვდა სიცილით. (ნეტა უხერხულობისგან?) იძალადეთ სიწმინდისთვისო.

ტაში დაუკრეს.

მალევე ხალხს სხვა გამომსვლელმა მიმართა. ახლა გავიგეთ, რომ „სირცხვილიას“ ოფისი აქვე, ჩვენს უკან ყოფილაო. ხუთასი-რვაასი კაცი მივიდეს ახლა იქ და „იბრძოლოსო“.

ეს რომ თქვა 12 საათს ერთი წუთი აკლდა. თორმეტზე ლოცვა უნდა წაეკითხათ. ის რვაასი კაცი (ცოტა მეტიც) მაშინვე, მოწყვეტილად, ორგანიზებულად დაიძრნენ - თითქოს წინასწარ იცოდნენ რომ ამას ეტყოდნენო.

ნაკადს გვერდით მივყვებოდი. „წავიდა დედისტყვნაა! დედისტყვნაა!“ - ყვიროდა ჩემს გვერდით ვიღაც. თუმცა, რაღა მარტო ჩემს გვერდით. ყველა ეგეთებს ღრიალებდა.

ფონად კი „მამაო ჩვენო“ ისმოდა. დრამატურგის დადგმულ სცენას გავდა - „ქათმებთან“ საბრძოლველად მიმავალ ლაშქარს მღვდელი აცილებდა.

ან, იქნებ არ გავდა. იქნება ეგრე იყო დადგმული.

ყველაფერი სამხედრო ოპერაციას გავდა

აქცია რომ კარგად იყო ორგანიზებული, ჯერ კიდევ დილიდანვე ჩანდა.ქაშვეთის უკან აქეთ-იქით რაციებიანი ტიპები დადიოდნენ და მითითებებს იძლეოდნენ.

„ტექნიკურ ჯგუფი გადმოდით შეხვედრის ადგილას“ - გამოაცხადა ვიღაცამ მიკროფონში და 9 აპრილის ბაღში მდგომი რამდენიმე ადამიანი მშვიდად და საქმის ცოდნით სადღაც დაიძრა. არც კი დავეჭვებულვარ, ყურშიც კი არ მომხვედრია ეს „ტექნიკური ჯგუფი“, ვიდრე გვერდით მდგომმა ერთმა „იქაურმა“ მეორეს არ აუხსნა - ეს „იმათი“ მოჭიდავეები არიან, ჩვენ არ გვეხებაო. „იმათი“ არ უთქვამს, ვერ გავიგე რეალურად რა სიტყვა თქვა, მაგრამ აზრი გასაგები იყო - ხელმძღვანელი თავის დაჯგუფებას კონსულტაციებისთვის იხმობდა.

„უხილავი ხელი“ და გაცემული დირექტივები მთელი დღის განმავლობაში შეინიშნებოდა. არაერთხელ მოვხვდი მსვლელობაში, რომლის მონაწილეებსაც წარმოდგენა არ ჰქონდათ, თუ საით მიდიოდნენ, თუმცა რაღაც ხანში რომელიმე ხელს აწევდა, ტელეფონით მიღებულ ბრძანებას თუ ინფორმაციას სხვებს უზიარებდა და ყველანი ერთად იცვლიდნენ გეზს.

და პოლიცია სად იყო?

აი, ნახეთ - თერთმეტი საათისთვის, როდესაც პირველად დაიწყო თავდასხმა ჟურნალისტებზე, ვიღაც ტიპი სკუტერით შეგნებულად ეჯახებოდა ჟურნალისტებს. ყველამ დაინახა. მეც ვნახე. ოც მეტრში პოლიციის მანქანა იდგა. მერე აღარ დამინახავს, მაგრამ კოლეგებმა მითხრეს - წრეებს ურტყამდა და სადაც მიკროფონიანს და კამერიანს დაინახავდა - სკუტერს უმიზნებდაო.

შემდეგ, უკვე სამი საათისთვის ის ტიპი, თავის სკუტერიანად, მრგვალ ბაღთან დაძრწოდა - ათობით პოლიციელის წინ. ოთხისთვის რუსთაველზე დაბრუნდა. არავის შეუჩერებია.

აი, იმ პირველი მასირებული თავდასხმის დროს, თერთმეტზე, ბრბომ დედის გინებით და ხელისრტყმით ჟურნალისტებს თბილისი მერიოტიდან ასე, რესპუბლიკის მოედნამდე სდია. გვერდით პოლიციის ორიოდე მანქანა მიყვებოდა, რომლებმაც ორი ჟურნალისტი შეიფარეს. თავდამსხმელებმა მანქანებს ხელი ურტყეს და ბოთლები ჩასცხეს. მათი შეჩერება არავის უცდია. ჟურნალისტები გაარიდეს, მაგრამ მოძალადეებისთვის შენიშვნაც კი არ მიუციათ. არც კი გაუფრთხილებიათ.

„სირცხვილიას“ ოფისთან - სადაც ათასამდე გავეშებული ადამიანი იდგა, ათამდე პოლიციელი დავთვალე. არადა, ის, რომ „საბრძოლველად“ მიდიოდნენ პოლიციამ კი არა, ყველამ იცოდა - მიკროფონში გამოაცხადეს. ამ დროს, თორმეტზე, უკვე ათამდე ჟურნალისტი იყო ნაცემი.

როდესაც ახვლედიანზე, „პრაიდის“ ოფისთან ათი კაცი კედელზე აძვრა ცისარტყელის დროშის ჩამოსახევად (და გზად შეცდომით მეზობლების მძინარე ოჯახი შემოერბათ), ქვემოთ ალბათ სამი-ოთხი ფორმიანი იდგა, რომლებსაც რეაგირება არც უცდიათ.

ერთ-ერთი ლაივისას გვერდით მომავალ პოლიციელებს ვკითხე, ასე ცოტა რატომ ხართ მეთქი. არა ვართ ცოტანი, რამდენიც საჭიროა იმდენი ვართ. გადანაწილებულნი ვართ და, წინ რომ წახვიდე, ნახავ რომ ბევრნი დგანანო.

ეს წინ, როგორც მალე აღმოვაჩინე, მრგვალი ბაღი იყო (სადაც ერთი საათის წინ ჩემ მეგობრებს და კოლეგებს გაუსწორდნენ). გაეროს ოფისის წინ იცოცხლე, გამაგრებულნი იყვნენ.

ეს ისე, ვითომ კურიოზია

ფილარმონიის წინ რომ მივედით, ჩემს გვერდით ტიპი ვიღაცას ტელეფონით უხსნიდა, სად იყო. „აი, სპორტის სასახლესთან მოვედითო“. სპორტის სასახლესთანო, ბილ!

ერთი გრძელი და უაზრო მარშის დროს, ვიდრე გზააბნეულნი, დირექტივების მოლოდინში ვაკეში დავძრწოდით (გზადაგზა აივანზე ვინც იდგა და ტელეფონით ვიდეოს უღებდა, დედას აგინებდნენ და, ერთხელ, ორმა კაცმა სადარბაზოში შეჭრაც სცადა, თუმცა თავისიანებმა გააჩერეს. ცოტა წინ 5 პოლიციელი მიდიოდა). ჭავჭავაძიდან აბაშიძეზე ავედით, შემდეგ კავსაძეზე ჩამოვედით და ისევ უკან, მელიქიშვილის მხარეს. ინსტრუქცია ილიას უნივერსიტეტის წინ მოვიდა - შეჯგუფდნენ და ერთმა ხმამაღლა გამოაცხადა - მრგვალ ბაღთან მივდივართო. ეს შეჯგუფებული ხალხიც ადგა და ვაკის პარკისკენ დაიძრა. ერთმა შეაჩერა - გაჩერდით, მე ვიცი სადაცაა მრგვალი ბაღიო და წინ გაუძღვა.

„ბნელები არა ვართ“, „ნუ გვიღებთ“ - რა უშლიდათ ნერვებს

ერთი ფრაზა, რომელიც მესმოდა ყველგან - რუსთაველზეც, კოსტავაზეც, ჭავჭავაძეზეც - ნაწყენი, გამწარებული ხმით წარმოთქმული - იყო „აი, რატო გვეძახიან ბნელებს?“.

პირველად როდესაც გავიგე - ცისფერ გალერეასთან, ფილარმონიისკენ მივდიოდით - ოცდაათამდე წლის კაცმა გადაულაპარაკა გვერდით მომავალს. გადაულაპარაკა კი არა, უყვირა. გეგონება იმას ეთქვას. აი, ზუუუსტად მაგ დროს კი, ასე ათი მეტრით უკან ვიღაცის ღნავილი ისმოდა - „ქათმებს დედისტყვნაააააა. დედისტყვნა ქათმეეეეებს!“

ამის მერე ეგ ჩივილი კიდევ რამდენჯერმე გავიგე. ჩემთვის ყველაზე უცნაური ახვლედიანზე, „პრაიდის“ ოფისის დარბევის დროს მოსმენილი იყო. „აი, ესენი გვეძახიან ჩვენ ბნელებს“ - უთხრა ერთმა ახალგაზრდამ მეორეს. ორივე მიშტერებოდა იმ ათამდე მამაკაცს, რომლებიც პრიმატის მოხერხებულობით დახტოდნენ აივნიდან აივანზე, მათთვის გამაღიზიანებელი ფერადი ნაჭერი რომ დაეგლიჯათ.

სულ ცოტა ხანში გავიგონე, იგივე ტიპი როგორ უხსნიდა მოსაუბრეს - „ჟურნალისტები პიდარასტებზე უარესი პიდარასტები არიანო. პიდარასტები ავადმყოფები მაინც არიან და სხვანაირად არ შეუძლიათ, ესენი კი“ - ხელით ანიშნა, მგონი, „რუსთავი ორის“ გადამღებ ჯგუფზე, ოპერატორსა და ოცდახუთიოდე წლის ჟურნალისტ გოგოზე, რომლებსაც დედის გინებით და წიხლების რტყმით მიათრევდა ბრბო - „ესენი კიდე ავადმყოფებიც არ არიან. ამათ დედა უნდა მოუტყნა, სადაც დაიჭერო“.

ზუსტად რაში იყვნენ დამნაშავე ჟურნალისტები (რომელთა აფილიაციას და ლოგოს მაინცდამაინც არავინ კითხულობდა. კი, „მთავარს“ და „პირველს“ ყველაზე მეტი ხვდებოდა, მაგრამ სხვებსაც არ ინდობდნენ.) იმ ბიჭს არ აუხსნია. თუმცა, ყველგან სხვაგან აგრესიის მიზეზი უკეთ ჩანდა - უბრალოდ თავის საქმეს აკეთებდნენ.

„ნუ მიღებ მეთქი, გეუბნებიი“ - ღნაოდა ორმეტრიანი შკაფი და „მთავარის“ ოპერატორს მუშტს ურტყამდა თავში. ეგ პარლამენტის უკან სკვერში ხდებოდა, სადაც „სირცხვილიას“ ოფისს უტევდნენ. არადა, მაგ ოპერატორს არც კი გადაეღო, როგორ ისროდა ეგ ახმახი ბოთლებს ოფისის ზოგადი მიმართულებით და ეს სროლა მხოლოდ მაშინ შეწყვიტა, როდესაც წინ მდგომებმა - წიხლებით და კეტებით რომ ჩალეწეს სადარბაზოს შუშის კარი - არიერგარდს უყვირეს: ნუ ისვრით, ჩვენ გვხვდებაო.

„აი, რა ქნან, გაღიზიანდნენ ბიჭები, რომ უღებდნენო“ - მითხრა შუახნის ქალმა მრგვალ ბაღთან. ასე ახსნა, თუ რატომ იგინებოდნენ უკანასკნელი სიტყვებით ჩემი მეგობარი ფოტოგრაფების ზოგადი მისამართით მრგვალ ბაღში გამაგრებულები. იგინებოდნენ რა, იქ მდგომი პოლიციელებს რომ მიეშვათ, გოგუასაც და იანასაც ალბათ იქვე, გაეროს შესასვლელთან, საფეხურებზე გაასხმევინებდნენ ტვინს.

მეთქი ქალბატონო, როგორ წარმოგიდგენიათ, გაეროს ოფისთან რომ დგახარ, პოლიციის წინ და ბოლო ხმაზე ღნავი, არ უნდა გადაიღოს ვინმემ? სახლში ხო არ უვარდება ვინმე გადასაღებად მეთქი. რკინის ლოგიკასა და ფაქტებს ვერაფერი დაუპირისპირა და გაჩუმდა.

· * *

ყველაზე უცნაური სცენა მგონი ჩემს მეტი ვერავინ შენიშნა. ხუთის ნახევრისკენ იყო და რამდენიმე ჟურნალისტი ცისფერი გალერეის კიბეებზე, პოლიციის გვერდით ვისხედით. შედარებით სიმშვიდე იყო, თუმცა ნახევარი საათის წინ ბრბომ ლამის გაგლიჯა გოგონა, რომელმაც აქციასთან სკუტერით ჩაიარა. (რას ერჩოდნენ იმ გოგოს ვერავინ გაიგო - კოლეგები მიყვებოდნენ თავისთვის მიდიოდა, როდესაც თავს დაესხნენო).

ამ დროს ჩვენს წინ გოგომ ჩაგვისკროლა. სახე არ უჩანდა, რადგან „პრაიდის“ პირბადე ქონდა აფარებული. კინტოიან - ცისარტყელიანი.

ვახ.

საიდან მოდიოდა არ ვიცი, მაგრამ, საიდანაც არ უნდა წამოსულიყო, გზად თავისი „სკროლით“ უამრავი ადამიანის წინ უნდა ჩაევლო. გადაპენტილი იყო იქაურობა ხალხით, ვინც სულ ცოტა ხნის წინ გოგო სკუტერიდან ჩამოაგდო და წიხლქვეშ გაიფინა.

მეთქი, აი, ყოჩაღ შენს სიმამაცეს.

თვალი გავაყოლე. ჭანტურიაზე ჩაუხვია და გაუჩინარდა. იმედია მშვიდობით მივიდა იქ, სადაც მიდიოდა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG