Accessibility links

რა უნდა გააკეთოს პოლიციელმა ბავშვიანი პირის დაკავებისას


ბავშვთა უფლებების დამცველი ანა არგანაშვილი აცხადებს, რომ მომღერალ თიკა ჯამბურიას დაკავებისას პოლიციას მისი თანხმლები არასრულწლოვანი შვილისუფლებები უნდა გაეთვალისწინებინა.

ანა არგანაშვილი
ანა არგანაშვილი

„პოლიციას მაქსიმალურად უნდა ეცადა, დაკავება არასრულწლოვანის თვალწინ არ მომხდარიყო. ბავშვისთვის ეს ნამდვილად დიდი სტრესია, აღიქვამს როგორც ძალადობას. თუ სხვა გზა არაა, პოლიციელმა ბავშვს უნდა განუმარტოს თუ რა ხდება, აუხსნას, რომ ეს დროებითია, მხოლოდ სამმართველოში გადაიყვანენ და ასე შემდეგ. არ ვიცი ეს გააკეთეს თუ არა“, - ამბობს ანა არგანაშვილი.

შემთხვევა 25 ივლისს თბილისში, თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. თიკა ჯამბურია, რომელიც ოჯახთან, მათ შორის შვილთან ერთად იყო და მანქანის დასაყენებელ ადგილს ეძებდა, პოლიციამ დააკავა. მასთან ერთად დააკავეს მისი დედაც. პოლიციამ ისინი შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.

შსს-ს ინფორმაციით, „ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მათ, რის გამოც დააკავეს. რაც შეეხება დაკავებული ქალბატონების თანმხლებ არასრულწლოვანს, მან სურვილი გამოთქვა დარჩენილიყო დედასთან ერთად. ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით პოლიციამ არასრულწლოვანი დატოვა დედასთან“.

უშუალოდ თიკა ჯამბურიას განმარტებით, რომელიც მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, პოლიციელებისთვის წინააღმდეგობა არავის გაუწევია. ის ასევე ამბობს, რომ „პანორამა თბილისის“ აშენების შემდეგ მის საცხოვრებელ ადგილას პარკინგის ადგილი აღარ დარჩა, ამიტომ მანქანის გაჩერება ყოველთვის პრობლემატურია. ის ასევე აცხადებს, რომ პატრული აგრესიული იყო და არ დააცალა ოჯახს სიტუაცია აეხსნა. რაც შეეხება ბავშვს:

„ნინამ დღეს მიიღო ზუსტად ის ტრავმა რომელიც მე 13 წლის ასაკში სააკაშვილის რეჟიმის დროს დაღად დამადეს , როდესაც ზუსტად ამავე ადგილას მამაჩემი ჩემთან ერთად დაიჭირეს! არასოდეს დამავიწყდება ეს ტკივილი და ძალიან დიდი დრო დამჭირდება ნინას რეაბილიტაციისთვის“, - წერს თიკა ჯამბურია.

ანა არგანაშვილის თქმით, ოჯახს შეუძლია ბავშვის უფლებების შელახვისთვის სასამართლოს მიმართოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG