Accessibility links

რა უნდა იცოდე, თუ დაგროვებით პენსიაზე უარის თქმას აპირებ


ვისაც დაგროვებით პენსიაში მონაწილეობა არ სურს, საპენსიო სქემიდან გასვლის შესაძლებლობა 1 აპრილიდან მიეცემა.

ვის შეუძლია პენსიაზე უარის თქმა?

დაგროვებითი პენსიის სქემიდან გასვლის შესაძლებლობა აქვს პირს, რომელიც 2018 წლის 6 აგვისტოს უკვე 40 წლის იყო.

როდის დავწერო განცხადება?

საპენსიო სქემა 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა, მაგრამ რადგან ყველა უშუალოდ ამ დღესვე არ დარეგისტრირებულა, საპენსიო სააგენტო ათვლის წერტილად იღებს თარიღს, როდესაც ამა თუ იმ სამსახურის ბუღალტერმა დეკლარაცია შეავსო, დახურა და თანამშრომლები საპენსიო სქემაში გააწევრიანა.

ამ თარიღიდან სამი თვის შემდეგ პირს უკვე შეუძლია განცხადების დაწერა საპენსიო სქემიდან გასვლის შესახებ.

სად ვნახოთ დეკლარაციის შევსების თარიღი?

ეს შეიძლება გაარკვიოთ ბუღალტერთან და საპენსიო სააგენტოს საიტზეც. მეტი სიზუსტისთვის ჯობს ორივე წყარო გამოიყენოთ.

  1. შედიხართ საპენსიო სააგენტოს საიტზე:
  2. შედიხართ ველზე: სააგენტოს სისტემაში შესვლა.
  3. ავსებთ ორ ფანჯარას: მომხმარებლის ფანჯარაში წერთ პირად ნომერს, პაროლის ფანჯარაში კი პაროლს, რომელიც თქვენმა ბუღალტერმა სისტემაში დარეგისტრირებისას მიიღო. ბუღალტერი ვალდებულია მოგაწოდოთ ეს პაროლი.
  4. თუ ორ ან მეტ ადგილას ხართ დასაქმებული, საჭიროა ორი პაროლი.

ყურადღება!

საპენსიო სქემაში რეგისტრაციიდან სამი თვის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ გახვიდეთ სისტემიდან, სისტემიდან გასვლა ორი თვის განმავლობაში არის შესაძლებელი.

თუ ამ ვადაში ვერ მოასწარით, შემდეგ საპენსიო სქემას უკვე ვეღარ დატოვებთ.

თუმცა, თუ გახვედით, დაბრუნების შესაძლებლობა ძველებურად გრჩებათ.

სად და როგორ დავწერო განცხადება?

განაცხადი პენსიიდან გასვლის შესახებ უნდა დაწეროთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებში. საქართველოს მასშტაბით სულ 69 ფილიალია

ასევე, განცხადების დაწერა შეგიძლიათ საპენსიო სააგენტოს მთავარ ოფისში, თბილისი - ნ. ყიფშიძის 7ბ-ა.

განცხადების დაწერის პროცედურა ადვილია და სამ წუთზე მეტს არ მოითხოვს.

ხელმოწერის შემდეგ განცხადება აიტვირთება სისტემაში და ამ დროიდან თქვენ უკვე აღარა ხართ საპენსიო სააგენტოს მომხმარებელი.

თუ ამ ორი თვის განმავლობაში განცხადების დასაწერად მისვლას ვერ ახერხებთ, თქვენს ნაცვლად განცხადების დაწერა შეეძლება პირს, რომელსაც თქვენგან სათანადო მინდობილობა აქვს.

სად წავა უკვე დაგროვებული ფული?

საპენსიო სქემიდან გასვლის შემდეგ დაგროვებული თანხა შემომტანებს (სახელმწიფო, დამსაქმებელი, მოქალაქე) უბრუნდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG