Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა უნდა რუსეთს მთვარეზე?!


რუსეთის კოსმოსურმა სააგენტომ, როგორც ჩანს, სცადა დაესწრო ინდოეთის მთვარის მისიისათვის, რომლის აპარატი Chandrayaan-3 მთვარეზე 23 აგვისტოს უნდა დაჯდეს. ინდური მისია 14 ივლისს დაიწყო, რუსული - ბევრად გვიან, 10 აგვისტოს.

სავარაუდოდ, ინდოელებისათვის დასწრებით რუსეთი აპირებდა გამხდარიყო ლიდერი ქვეყანა მთვარის ათვისებაში, პირველს დაესვა მთვარის პოლუსზე თავისი Луна-25 და პირველს აეღო მთვარეზე არსებული ყინულის სინჯები. თუმცა მოწყობილობა, რომელზეც რუსეთის კოსმოსური სააგენტო 1997 წლიდან მუშაობდა და რაზეც 135 მლნ დოლარი დახარჯეს, „მოულოდნელად“ მთვარის ზედაპირს შეეჯახა და დაიმსხვრა.

Луна-25-თან ერთად დაიმსხვრა რუსული პროპაგანდის იმედებიც. გასულ კვირას რუსეთის ტელევიზიებმა წინსწრებით „სენსაციად“ გამოაცხადეს ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში მთვარის პირველი რუსული მისია, რომელმაც თითქოსდა „შეაშინა ევროპა“ და „გააოგნა ამერიკა“. Луна-25-ის კატასტროფამ პირდაპირი მნიშვნელობით დაამუნჯა რუსეთის ტელევიზიები და მათი მთავარი პროპაგანდისტები.

2023 წლის 19 აგვისტოს რუსეთს მთვარის ზედაპირზე უნდა დაესვა ავტომატური აპარატი პირველად 1976 წლის შემდეგ. სწორედ 1976 წლის 9 აგვისტოს კოსმოდრომ ბაიკონურიდან გაშვებული Луна-24 ათი დღის შემდეგ მთვარის ზედაპირზე დაეშვა. 22 აგვისტოს კი, მთვარის გრუნტის სინჯებით, წარმატებით დაბრუნდა დედამიწაზე.

Луна-25-ის მიერ მთვარის ზედაპირის ფოტოები ოპერატიულად გამოქვეყნა კომპანია "როსკოსმოსმა" 17 აგვისტოს, კატასტროფამდე ორი დღით ადრე, ვიდრე აპარატი მთვარის ორბიტაზე მოძრაობდა.

რუსული პროპაგანდისტული მედია არ მალავდა, რომ ახალი მოწყობილობის სახელი Луна-25 გამიზნულად შეირჩა იმის ხაზგასასმელად, რომ რუსეთი აპირებს ტრადიციის გაგრძელებას და ძველი, საბჭოთა კოსმოსური დიდების დაბრუნებას. შემთხვევით არ იყო, რომ კოსმოსური ხომალდის გაშვების შემდეგ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრმა და ერთ-ერთმა მთავარმა პროპაგანდისტმა, ევგენი პოპოვმა, რომელსაც პოპულარული ტოქშოუ მიჰყავს სახელმწიფო არხზე (ასევე პროპაგანდისტ მეუღლესთან, ოლგა სკაბეევასთან ერთად), თავის Telegram-არხზე ნიშნის მოგებით დაწერა:

„ბენზინგასამართი სადგური მისიას აგზავნის მთვარეზე. წარმოგიდგენიათ?! ესეც თქვენი ურდო“.

ოლგა სკაბეევა და ევგენი პოპოვი
ოლგა სკაბეევა და ევგენი პოპოვი

რუსეთს „ბენზინგასამართი სადგური" პირველად ამერიკელმა სენატორმა, ჯონ მაკკეინმა უწოდა 2014 წელს, CNN-თან ინტერვიუში, როცა რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში გაღვივებული კონფლიქტის შესახებ საუბრობდა. სამიოდე დღის წინ ეს მეტაფორა გამოიყენა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელმა ესპანურ გაზეთ El Pais-თან მიცემულ ინტერვიუში:

„უპირველეს ყოვლისა, ჩინეთი არ არის რუსეთი. ჩინეთი არის ნამდვილი გეოპოლიტიკური აქტორი, ხოლო რუსეთი არის ეკონომიკური ჯუჯა, როგორც ბენზინგასამართი სადგური, რომლის მფლობელსაც ატომური ბომბი აქვს“.

ჟოზეპ ბორელი
ჟოზეპ ბორელი

„თავშეუკავებლად ვამაყობ ჩემი ქვეყნით!“ - დაწერა მარგარიტა სიმონიანმა 11 აგვისტოს, როცა რუსულმა კოსმოსურმა ხომალდმა წარმატებით აიღო სტარტი მთვარისაკენ.

რუსული მთვარის მისიის დაწყება რუსეთის აღორძინებას და უკვდავებას დაუკავშირა პუტინის რეჟიმის აქტიურმა მხარდამჭერმა, მწერალმა და პოლიტიკოსმა ალექსანდრ პროხანოვმა:

„მთვარის პროგრამა - ეს არის ინსტრუმენტი მიწიერი ცივილიზაციის მთვარის ცივილიზაციად გადაქცევისა. როდესაც ბრძოლები მიმდინარეობს კუპიანსკის მიმართულებით, როდესაც ხერსონის მახლობლად რუსული ჯარები იგერიებენ დღეში ათ იერიშს, როდესაც დედამიწის ზედაპირი ჭურვებისგან ბოლავს და იმსხვრევა, ჩვენ ეს ცივილიზაცია მთვარეზე მიგვაქვს. ხარების მაუწყებელი ეს სტარტი ნიშანია რუსეთის სასწაულებრივი უნარისა, აღდგეს მკვდრეთით. რუსული უკვდავების მოლეკულამ, რომელიც გადაურჩა 1991 წლის კატასტროფას, დაიწყო გამრავლება, იქცა რა ცოცხალ ქსოვილად“.

ალექსანდრ პროხანოვი
ალექსანდრ პროხანოვი

თუმცა რუსულ პროპაგანდას მთელი სიმძლავრით ამუშავება არ დასცალდა. რუსეთის კოსმოსურმა სააგენტომ (როსკოსმოსმა) 20 აგვისტოს დაადასტურა Луна-25-ის დაღუპვის ფაქტი, რასაც შეუკავებელი კმაყოფილებით შეხვდა ემიგრაციაში მცხოვრები რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მიხაილ ხოდორკოვსკი.

„ეს არის რეჟიმის სერიოზული პროპაგანდისტული მარცხი, - განაცხადა მან, - ყველასთვის გასაგებია, რომ მთვარეზე აპარატის გაშვება სასტიკი და წარუმატებელი ომის, სრულფასოვანი ეკონომიკური კრიზისის დაწყების დროს, ატარებდა განსაკუთრებული პროპაგანდისტული ღონისძიების ხასიათს, აქაოდა, "ჩვენ კარგად ვართო". რა თქმა უნდა, ვერ არიან კარგად. ხალხი იხოცება. ეკონომიკა იშლება. ოკუპირებული ტერიტორიები მძიმე ტვირთად აწვება გაღატაკებულ მოსახლეობას. კადიროვებმა და პრიგოჟინებმა თავები წამოყვეს. მიდის რეპრესიები. და მხოლოდ კრემლისთვის არის "ყველაფერი OK": მთვარის პროგრამა, ვიღაც მარსელები...“

მიხაილ ხოდორკოვსკი
მიხაილ ხოდორკოვსკი

პოლიტიკის ანალიტიკოსების თქმით, Луна-25-ის დაკარგვა მძიმე დარტყმაა რუსული კოსმონავტიკისა და მეცნიერებისთვის, მაგრამ ეს ასევე დიდი დარტყმაა პუტინის რეჟიმისთვის, რომელსაც ნებისმიერ ფასად სურდა დაემტკიცებინა, რომ რუსეთი, უკრაინაში ომისა და სანქციების მიუხედავად, ლიდერობს სხვა ქვეყნებთან შეჯიბრებაში.

„1,8 ტონა ლითონის ჯართი, ტრიუმფალური დაშვების ნაცვლად, - დაწერა გაზეთმა Die Welt-მა, - ეს მისია რუსეთის მიერ იყო ჩაფიქრებული, როგორც ჯიუტი ძახილის ნიშანი. ოდესღაც ამაყ კოსმოსურ სახელმწიფოს სურდა დაემტკიცებინა, რომ უკრაინაში ომისა და დასავლეთის სანქციების მიუხედავად, კოსმოსის ათვისებაში ის კვლავ თამაშობს უმაღლეს ლიგაში. დღევანდელი პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, მთვარის დაპყრობა იქნებოდა სამეცნიერო მისიაზე ბევრად მეტი რამ, შესაბამისად, მძიმეა ჩავარდნის შედეგებიც“.

იური ბორისოვი, „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელი: „Луна-25-ის ძრავა დროულად არ გამოირთო - 84-ის ნაცვლად 127 წამი მუშაობდა, რის გამოც მოხდა ავარია. მთვარის პროგრამების 50 წლით შეწყვეტის გამო, ტექნოლოგიას ხელახლა უნდა დავეუფლოთ. ვერავინ იძლევა გარანტიას. რუსეთს აუცილებლად სჭირდება მთვარის რბოლაში მონაწილეობა“.

რუსული ავტომატური კოსმოსური სადგური Луна-25 კოსმოდრომ ვოსტოჩნიდან 11 აგვისტოს გაფრინდა. მისიის მთავარი ამოცანა იყო კაცობრიობის ისტორიაში პირველი რბილი დაშვების განხორციელება სამხრეთ პოლუსზე (ყველა წინა შემთხვევაში დაშვების ადგილად შერჩეული იყო მთვარის ეკვატორი). წარმატებული დაშვების შემთხვევაში Луна-25 მთვარეზე უნდა დარჩენილიყო 1 წლის განმავლობაში, უნდა შეესწავლა გარემო სხვა აპარატების რბილი დაშვებისთვის და აეღო მთვარის წყლის პირველი სინჯები. წყალი საჭიროა მთვარეზე ბაზების მოწყობისთვის.

ვიტალი ეგოროვი, ბლოგერი და კოსმონავტიკის პოპულარიზატორი: „რუსეთს ჰქონდა შესაძლებლობა, გამხდარიყო პირველი კოსმონავტიკის ისტორიაში, ვინც აიღებდა მთვარის წყლის სინჯებს, მაგრამ არ გამოუვიდა. შესაძლოა ეს იყოს დაკავშირებული ელექტრონიკასთან, მართვისა და ორიენტაციის სისტემასთან. რადგან ცნობილია, რომ Луна-25-ის გაშვების თარიღი 5-ზე მეტი წლის განმავლობაში რამდენჯერმე გადაიდო სწორედაც რომ ელექტრონიკასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რომლებიც, თავის მხრივ, გამოიწვია ყირიმის ანექსიის პასუხად 2014 წელს დაწესებულმა სანქციებმა. რუსული სადგურის შემდგომი დაჯდომა მთვარეზე, სავარაუდოდ, 2028 წელზე ადრე ვერ მოხდება. შესაბამისად, გამოდის, რომ არანაირი მიიღწევა და პირველობა აღარ გამოვა. Луна-25-ის გამოცდილების - ჩავარდნისა და სირცხვილის - შემდეგ ნებისმიერმა პოლიტიკოსმა შეიძლება იკითხოს, გვინდა კი ეს პროგრამა საერთოდ?“

„Луна-25-ის პროგრამა 1997 წელს ამოქმედდა (თავიდან „Луна-Глоб“ სახელით) და 2015 წლისთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა პროგრამა დროში გაიწელა ხან კორუფციის, ხან დაფინანსების შემცირების, ხანაც ტექნიკური ხარვეზების გამოვლენის გამო. 2014 წელს კი მოსკოვმა მოახდინა ყირიმის ანექსია, რის გამოც ეკონომიკური სანქციები დაუწესდა რუსეთს, სანქციები შეეხო Луна-25-სა და მთლიანად რუსეთის კოსმოსის ინდუსტრიას, - ყოველივე ამან კიდევ უფრო შეაფერხა პროექტის დასრულება.

მთვარის ათვისების მეორე ეტაპი

მთვარის ათვისების პირველი ეტაპი დასრულდა მთვარეზე ამერიკელების გადასვლით. ამის შემდეგ სსრკ-მა შეაჩერა თავისი პროგრამა, ახალი ეტაპი კი დაიწყო 2009 წლიდან, როცა კოსმოსურმა აპარატმა LCROSS-მა, დაადასტურა მთვარეზე წყლის (ყინულის) არსებობა. ამ დროიდან მოყოლებული ე.წ. კოსმოსურმა სახელმწიფოებმა დაიწყეს განსაკუთრებული მზადება მთვარის ექსპედიციისათვის.

ინდოეთმა ავტომატური სადგური Chandrayaan-3 2023 წლის 14 ივლისს გაუშვა. ბევრად უფრო ადრე, ვიდრე მოსკოვმა, რომელმაც თავისი მისია მხოლოდ 10 აგვისტოს დაიწყო. თუმცა, როგორც ჩანს, რუსეთს სურდა დაესწრო ინდოელებისთვის და ამიტომ აირჩია სხვა, უფრო სწრაფი ფრენის ტრაექტორია. ახლა, Luna-25-ის კრახის შემდეგ, გამარჯვება შეიძლება დარჩეთ ინდოელებს, რომლებიც 23-ში აპირებენ მთვარის ზედაპირზე თავიანთი აპარატის დასმას (რუსების მიერ შერჩეული ადგილიდან დაახლოებით 100 კმ-ში). უახლოეს წლებში იგეგმება ამერიკის, ჩინეთისა და იაპონიის მთვარის მისიების გაშვება.

როგორც სპეციალისტები შენიშნავენ, მთვარეს არ გააჩნია რაიმე უნიკალური და სუპერძვირადღირებული რესურსი, რომელსაც დედამიწაზე გამოიყენებდნენ. მთვარის ნებისმიერი რესურსი ფასეული იქნება თავად მთვარეზე ან კოსმოსში. ეს შეიძლება იყოს წყალი, რომელიც საჭიროა დასახლებული ბაზებისათვის, საწვავის კომპონენტებისთვის; ეს შეიძლება იყოს ლითონი ორბიტალური კონსტრუქციისთვის და ა. შ. თუმცა ჯერჯერობით ეს შორეული მომავლის საკითხია. ამიტომ ქვეყნებს შორის მთვარის რესურსების გამო პირდაპირი კონკურენცია არ მიმდინარეობს. უბრალოდ დაწყებულია მთვარის პერსპექტივისა და მისი რესურსების შეფასების ზოგადი პროცესი, რომელშიც მრავალი კოსმოსური სახელმწიფო (აშშ, ჩინეთი, ინდოეთი, იაპონია, სამხრეთი კორეა და სხვ.) მონაწილეობს. ასევე საუბარია მთვარის კოლონიზაციაზე: მთვარეზე მუდმივი ბაზის აშენებაზე ან მთვარის მახლობლად ორბიტალური სადგურების შექმნაზე.

ინდური მისიის Chandrayaan-3-ის გაშვება. 2023 წ. 14 ივლისი
ინდური მისიის Chandrayaan-3-ის გაშვება. 2023 წ. 14 ივლისი

თუ ადრე მთვარის პროგრამა მხოლოდ აშშ-სა და სსრკ-ს ჰქონდათ, ახლა ასეთი ქვეყნების რაოდენობა 40-მდეა. ეს ქვეყნები, თავის მხრივ, ორ ნაწილად იყოფიან: ერთნი, ვინც ხელი მოაწერეს NASA-ს შეთავაზებულ შეთანხმებას (Artemis - მთვარის პროგრამა) - ასეთი 28 ქვეყანაა, და მეორე ჯგუფი, რომელშიც ცენტრალური მოთამაშეები რუსეთი და ჩინეთი არიან და, რომლის წევრებსაც გაფორმებული აქვთ მემორანდუმი მთვარის სადგურის მშენებლობაზე.

Artemis - ამერიკის მთვარის პროგრამას 2023 წელს შეუერთდა ინდოეთი, რომელსაც პრობლემები აქვს ჩინეთთან, რუსეთთან ურთიერთობა კი გაურთულა უკრაინასთან ომმა, რომლის გამო „როსკოსმოსს“ სანქციები დაუწესა დასავლეთის თითქმის ყველა ქვეყანამ. უკრაინასთან ომის გამო „როსკოსმოსთან“ თანამშრომლობა შეწყვიტა ევროპის კოსმოსურმა სააგენტომაც, რომლის დამზადებული საბურღი მოწყობილობა ვერ მოხვდა Луна-25-ზე. ბურღი და, შესაბამისად, მისი საშუალებით მთვარის გრუნტის სიღრმიდან აღებული სინჯები საჭიროა მთვარის წარმომავლობის თეორიის დასადგენად (მთვარე დედამიწის ნაწილია, რომელიც მოგლიჯა მეტეორიტთან შეჯახებამ თუ გაჩნდა დედამიწასთან ერთად?).

მთვარე კოსმოსურ ხომალდ "ორიონიდან". Artemis-ის პირველი მისია. 2022 წ.
მთვარე კოსმოსურ ხომალდ "ორიონიდან". Artemis-ის პირველი მისია. 2022 წ.

სპეციალისტების თქმით, მთვარის კოლონიზაცია გარდაუვალია, რადგან მთვარე განიხილება შუალედურ პუნქტად მარსისკენ მიმავალ გზაზე. შესაბამისია პროგრამა Artemis-ის ლოზუნგიც: „მთვარიდან მარსისაკენ“. გარდა იმისა, რომ მთვარიდან უფრო ახლოა მარსამდე, დაბალი გრავიტაციის გამო, მთვარიდან უფრო ადვილია კოსმოსური აპარატის გაშვებაც. დედამიწიდან საჭიროა მიზიდულობის დაძლევა მეორე კოსმოსური სიჩქარით, საჭიროა საწვავის დიდი მარაგი და ბევრი სხვა სირთულის გადალახვა. მთვარეზე მოხდება საწვავის შევსება, წყალიც, დიდწილად, საწვავის კომპონენტად განიხილება. თუ წყალი არის, ე.ი. შესაძლებელია მისი დაშლა წყალბადად და ჟანგბადად და, შესაბამისად, შესაძლებელია რაკეტის ძრავისთვის საჭირო საწვავის მიღება. აშშ-მა ასეთი ძრავა უკვე გამოცადა წარმატებით.

რომელი ქვეყანა შეიძლება დაწინაურდეს მთვარის ათვისებაში?

როგორც სპეციალისტები ამბობენ, რუსეთს ასეთი რამ თეორიულადაც კი არ ემუქრება. სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს: 20 წლის წინ „როსკოსმოსზე“ მოდიოდა კოსმოსური ხომალდების გაშვებათა 40%, ახლა ეს მაჩვენებელი 5-8%-ია. უკრაინასთან ომმა კიდევ უფრო შეაფერხა რუსეთის კოსმოსური გეგმების განხორციელება. ძნელი წარმოსადგენია, რომ კრემლმა მნიშვნელოვანი თანხები მიმართოს კოსმოსის ათვისებაზე და არა ომზე, შესაბამისად, კოსმოსში რუსული აპარატების გაშვების რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდება.

გარდა ამისა, 2022 წლის თებერვლის შემდეგ რუსეთში მწვავედ დადგა კვალიფიციური კადრების პრობლემაც. „როსკოსმოსის“ ბევრმა თანამშრომელმა დატოვა რუსეთი და ემიგრაციაში წავიდა.

ვლადიმირ პუტინი (შუაში) კომპანია "როსკოსმოსში". 2019 წ.
ვლადიმირ პუტინი (შუაში) კომპანია "როსკოსმოსში". 2019 წ.

ბლოგერისა და კოსმონავტიკის პოპულარიზატორის, ვიტალი ეგოროვის თქმით, „როსკოსმოსის“ გეგმების მიხედვით, მთვარის მომდევნო მისიები - Луна-26 და Луна-27 - შესაბამისად, 2027 და 2028 წლებში უნდა განხორციელდეს. მოქმედი „საბიუჯეტო ტრადიციით“, „როსკოსმოსი“ რუსეთის ბიუჯეტიდან 10-წლიანი პროგრამებით (2005-2015, 2015-2025, 2025-2035 და ა.შ.) ფინანსდება, მოქმედი პროგრამა და, შესაბამისად, დაფინანსება 2025 წელს მთავრდება. სპეციალისტებს უჭირთ იმის თქმა, Луна-25-ის ჩავარდნისა და უკრაინასთან გაჭიანურებული ომის გათვალისწინებით, კვლავ გაიღებს თუ არა „კოსმოსურ ხარჯებს“ პუტინის რეჟიმი, რომელსაც უზარმაზური საბიუჯეტო დეფიციტის, უარყოფითი სავაჭრო სალდოს, ეროვნული ვალუტის დევალვაციისა და მზარდი ინფლაციის გამო, ყოფითი - „მიწიერი პრობლემების“ გადაჭრაც კი უჭირს.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG