Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა წერია და რა რეაქციები მოჰყვა თაღლითურ სქემებზე BBC-ის გამოძიებას


დავით კეზერაშვილი
დავით კეზერაშვილი

„ქართული ოცნებისთვის“ დასავლელ პარტნიორზე შეტევის კიდევ ერთ საბაბად იქცა BBC Eye-ის მიერ გამოქვეყნებული გამოძიება, რომელშიც ე.წ. ქოლცენტრების მასშტაბური თაღლითური სქემის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ტელეკომპანია "ფორმულის" მფლობელი - დავით კეზერაშვილია დასახელებული.

ჟურნალისტურ გამოძიებას ჯერჯერობით არც სამართლებრივი რეაგირება მოჰყოლია და არც ბრალია წარდგენილი ან დამტკიცებული, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები, 12 აპრილს, კეზერაშვილს უკვე თაღლითს და პენსიონერების მძარცველს უწოდებდნენ.

ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებული არიან, რომ პრესაში გასულ მძიმე ბრალდებებთან დაკავშირებით, სიმართლეს აუცილებლად დაადგენს ბრიტანეთის სასამართლო, რომელიც "არ ჰგავს ქართულ სასამართლოს".

BBC-ს გამოძიების მიხედვით, თაღლითობასთან კავშირი დავით კეზერაშვილმა და სხვა დასახელებულმა პირებმა უარყვეს.

BBC Eye-ის გამოძიება ძირითადად Milton group-ის სახელით ცნობილ მასშტაბურ ქსელსა და მის პარტნიორ კომპანიებს შეეხება, რომლებმაც, თაღლითური სქემებით, მილიარდ დოლარზე მეტი გამოსძალეს "უბრალო ინვესტორებს" და უპირატესად ყველაზე მოწყვლად ფენას - პენსიონერებს.

რას წერს BBC

საგამოძიებო სტატიაში, დავით კეზერაშვილის გარდა, ნახსენებია ხუთი პირი: დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი. BBC-ის მიერ მიკვლეულ საჯარო დოკუმენტებში, ისინი კომპანია Milton-ის სავაჭრო პლატფორმების, ანდა დამხმარე ტექნიკური კომპანიების ხელმძღვანელებად არიან მითითებული.

ხუთიდან ოთხი - ჭელიძე, გოგეშვილი, მგელაძე და ბენიმინი - BBC-მ 2016 წელს გაჟონილ „პანამის დოკუმენტებშიც“ (Panama Papers) აღმოაჩინა, როგორც Milton group-მდე არსებული ჯგუფის ოფშორული კომპანიების, ანდა მათი შვილობილი კომპანიების ხელმძღვანელი პირები.

BBC-ის გამოძიებაში დავით კეზერაშვილზე წერია, რომ საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანია და 2 წლის განმავლობაში ქვეყნის თავდაცვის მინისტრი იყო. ასევე ხაზგასმულია, რომ კეზერაშვილი მსჯავრდებულია, სახელმწიფო ფინანსების - დაახლოებით 5 მილიონი ევროს მითვისების ბრალდებით. „გასამართლების დროს ის [კეზერაშვილი] ლონდონში ცხოვრობდა. გაერთიანებულმა სამეფომ უარი განაცხადა ექსტრადიციის მოთხოვნაზე საქართველოს მხრიდან“.

ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში, ვერ მიაგნეს საჯარო დოკუმენტებს, რომლებიც Milton-ამდე არსებულ ქსელთან კეზერაშვილის პირდაპირ კავშირს დაადასტურებდა; მაგრამ გამომძიებელმა ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ Panama Papers-ში მისი გვარი ხშირად მეორდებოდა, როგორც ქსელის მშობელი კომპანიების დამფუძნებლის, ანდა მსხვილი მეწილის.

კიდევ რა წერია კეზერაშვილზე?

BBC Eye-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალებში მითითებულია, რომ ვერ მიაკვლიეს საჯარო დოკუმენტებს უშუალოდ Milton-ის ჯგუფთან კეზერაშვილის კავშირის შესახებ და ასევე, არ არსებობს მტკიცებულებები, რომ მას ამ ქსელთან „პირდაპირი ფინანსური ინტერესი“ აკავშირებს.

თუმცა, Milton-ის ჯგუფის რამდენიმე ყოფილი თანამშრომლის მიერ კონფიდენციალურად მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ტექსტში აღნიშნულია, რომ მათი ცოდნით, კეზერაშვილი ამ ჯგუფში იყო ჩართული.

ტექსტის თანახმად, ასევე:

  • დავით კეზერაშვილი „არეკლამებდა თაღლითურ სავაჭრო პლატფორმებს თავის პერსონალურ ანგარიშებზე სოციალურ მედიაში“, „ბიზნეს სოციალურ ქსელ LinkedIn-ზე ის თავის ანგარიშს იყენებდა თითქმის მხოლოდ Milton-თან დაკავშირებული კომპანიების ვაკანსიების რეკლამირებისთვის და პოსტების გასაზიარებლად“.
  • კეზერაშვილის რამდენიმე კომპანია იყენებდა ელექტრონული ფოსტის კერძო სერვერს, რომელსაც მხოლოდ Milton-ის ჯგუფის კომპანიები იყენებდნენ.
  • მისი კომპანია Infinity VC ფლობდა იმ კომპანიების ბრენდინგისა და ვებ დომენებს, რომლებიც უზრუნველყოფდნენ სავაჭრო პლატფორმის ტექნოლოგიას თაღლითებისთვის.
  • კეზერაშვილს ეკუთვნის შენობა კიევში, რომელშიც ფუნქციონირებდა როგორც თაღლითური ქოლცენტრი EverFX, ასევე საპროგრამო უზრუნველყოფის მიმწოდებელი ტექნოლოგიური ფირმები, „სადაც პოლიციამ რეიდი მოაწყო ნოემბერში“. „მას ასევე ეკუთვნის საოფისე შენობა თბილისში, სადაც განთავსებული იყო ზოგიერთი ასეთივე ტექნოლოგიური კომპანია“.

BBC წერს, რომ შეამოწმა Milton-ის ჯგუფის მაღალი რანგის ოთხი წარმომადგენლის ანგარიშები სოციალურ ქსელებში და მათ შორის - ქორწილისა და სხვა წვეულებების ფოტოებით დაადასტურა, რომ „ყველა მათგანს ახლო სოციალური კავშირი აქვს კეზერაშვილთან“ და „კეზერაშვილის ფეისბუკმეგობარია Milton-ის ჯგუფის თაღლითობასთან დაკავშირებული, სულ ცოტა, 45 ადამიანი“, ხოლო „BBC-ის მიერ იდენტიფიცირებული ოთხი მაღალი რანგის პირიდან ერთ-ერთი მისი ბიძაშვილია“.

გამოძიების თანახმად, BBC მივიდა კეზერაშვილის 18 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეფასებულ სახლამდეც და მასთან საუბარიც ითხოვა, მაგრამ შეხვედრა ვერ მოხერხდა. კეზერაშვილმა BBC-ს ადვოკატების დახმარებით შეატყობინა, რომ „მტკიცედ უარყოფს Milton-ის ჯგუფში ყველანაირ ჩართულობას, ანდა თაღლითობის გზით ფინანსური სარგებლის მიღებას“.

BBC-ს თაღლითურ სქემებში მონაწილეობა არც სხვა ფიგურანტებმა დაუდასტურეს.

ზარი სავარაუდოდ საქართველოდან

BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება იწყება სცენის აღწერით - თუ როგორ ცდილობს ქოლცენტრის თანამშრომელი შვედი პენსიონერის დაყოლიებას - დააბანდოს თანხა თაღლითურ სქემაში, ვითომ ფინანსური მოგებისთვის, რაც საბოლოოდ მისი ფულის მოპარვით უნდა დასრულდეს.

75 წლის კაცი ჯერ სასტიკ უარზეა, თანამოსაუბრეს ეუბნება, რომ - ერთხელ უკვე გახდა თაღლითური გარიგების მსხვერპლი. მაგრამ მის დაყოლიებას ოპერატორი მაინც ახერხებს მას შემდეგ, რაც მას არა მხოლოდ მომავალ მოგებას, არამედ მანამდე დაკარგული, დაახლოებით 80 000 ფუნტ სტერლინგის მიკვლევა-დაბრუნებასაც ჰპირდებიან. ამის სანაცვლოდ, თანამოსაუბრე პენსიონერს საბანკო ინფორმაციასა და 250 ევროს გადახდას სთხოვს.

BBC-ის საგამოძიებო სტატიაში წერია, რომ შვედ პენსიონერს Solo Capitals-ის ოფისიდან დაურეკეს და, რომ ეს არის სავარაუდოდ კრიპტოვალუტით მოვაჭრე კომპანია, რომელიც საქართველოშია დაფუძნებული.

ეს კომპანია, BBC-ის ცნობით, ერთ-ერთია უკვე იდენტიფიცირებული 152 კომპანიიდან ქსელში, რომელსაც პოლიცია Milton group-ის (2020 წლამდე მოქმედი) სახელით იცნობს. სწორედ ამ სახელს იყენებდა თაღლითური ქსელი 2020 წლამდე. ინვესტორების მიზანში ამოღება და მათთვის ათასობით, ზოგჯერ კი - ასიათასობით ფუნტ სტერლინგის წართმევა - ასე აღწერს BBC თაღლითურ ქსელში ჩართული კომპანიების საქმიანობის სქემას.

ოპერაცია თბილისში და ურთიერთბრალდებები

როგორც საგამოძიებო სტატიიდან ირკვევა, 2022 წლის ნოემბერში, თბილისში სპეცოპერაციის ჩატარების დროს, ქართველ და გერმანელ სამართალდამცველებს BBC Eye-ის წარმომადგენელიც ახლდა თან და მან, სავარაუდოდ, ქოლცენტრის ოფისში, კომპიუტერების ეკრანზე, თაღლითური სქემის მსხვერპლი ბრიტანელების ტელეფონის ნომრები და საეჭვო წარწერებიც იხილა.

აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი კლიენტის - ბრიტანელი კაცის - სახელის გასწვრივ იყო მიწერილი - "10 ათასზე ნაკლები დანაზოგი, ძალიან მხდალი, მალე უნდა მოტყუვდეს".

2022 წლის ნოემბერში, საქართველოში ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. პროკურატურაში მაშინ განაცხადეს, რომ საერთაშორისო ჯგუფის წევრებმა საგამოძიებო მოქმედებები ერთდროულად ჩაატარეს საქართველოს, ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ტერიტორიაზე. ოფიციალური ცნობებით, საქართველოში ჩატარებულ ოპერაციებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის - 60, ხოლო საქართველოდან 250-მდე სამართალდამცველი მონაწილეობდა.

2022 წლის ნოემბერში ჩატარებული ერთობლივი ოპერაცია მოიცავდა 5 ქოლცენტრის რამდენიმე ათეული ადამიანის ბინების, ოფისებისა და ავტომობილების ჩხრეკას და მიკვლეულ იქნა „ასეულობით ელექტრონული მატარებელი, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა“.

სწორედ ამ ოპერაციის ფარგლებში გაიჩხრიკა, BBC-ის გამოძიებაში ნახსენები იოსებ მგელაძის საცხოვრებელი სახლი და ეს პროკურორმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში დაადასტურა.

მალევე, იოსებ მგელაძემ, საგანგებოდ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირი გამორიცხა და განმარტა, რომ მისი ბიზნესი უძრავ ქონებას უკავშირდება და უსამართლობაა, გაქირავებულ საოფისე ფართში (ჭავჭავაძის გამზირზე) მოქმედი კომპანიის საქმიანობის გამქირავებელთან დაკავშირება.

მგელაძემ თქვა, რომ დავით კეზერაშვილთან მეგობრობს, თუმცა ამჟამად მასთან არანაირი ბიზნესსაქმიანობა არ აკავშირებს; მანამდე კი მუშაობდა „უნივერსალ კაპიტალ გრუპში“ დირექტორად, სადაც დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე სწორედ კეზერაშვილი იყო.

იოსებ მგელაძემ ისიც თქვა, რომ კეზერაშვილის გარდა, მეგობრობა „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებთანაც აკავშირებს.

პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოში სისხლისსამართლებრივი დევნა ე.წ. ქოლცენტრების საქმიანობაში ჩართული 36 ფიზიკური და 2 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო.

„საქართველოში ან საერთოდ სადმე, ქოლცენტრების საქმიანობასთან ხართ რაიმე კავშირში?“ - დავით კეზერაშვილს ეს შეკითხვა, აპრილის დასაწყისში, ტელეკომპანია „ფორმულის“ გადაცემა „დროების“ წამყვანმა, გიორგი თარგამაძემ დაუსვა.

კეზერაშვილის პასუხია, რომ ქოლცენტრებთან მის დაკავშირებას „უკვე 2-3 წელია ცდილობენ“, მაგრამ მსგავსი ბრალდებები „აბსურდად“ მიაჩნია. თუმცა არ უარყოფს, რომ იცნობს ამ სფეროში ჩართულ ადამიანებს, რომლებთანაც მას ბიზნესკავშირს უსაფუძვლოდ მიაწერენ.

„... ამას ცდილობენ როგორ - არიან გარკვეული ადამიანები, ვისზეც ამბობენ, რომ აქვთ ეს ბიზნესი, თუ არიან ჩართული ამ საქმიანობაში, რომლებსაც მე ვიცნობ, რომლებთანაც მე ვმეგობრობდი, მქონდა გარკვეული ურთიერთობები და რახან ეს ასეა, მაშინ ეს ყველაფერი არის... საქართველო პატარა ქვეყანაა, ბევრნაირ ადამიანებს ვიცნობ და ეგ არ ნიშნავს, რომ პასუხისმგებელი ვარ ყველაფერზე, რაც შეიძლება ხდებოდეს ამ ადამიანების ირგვლივ ან ამაში ჩართული ვარ“, - თქვა კეზერაშვილმა „დროებასთან“.

ამავე ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ საქართველოში მხოლოდ ტელეკომპანია „ფორმულას“ ფლობს და ბოლო 10 წელია, მუშაობს რამდენიმე ქვეყანაში - „ძირითადად 2 მიმართულებით – ეს არის ტექნოლოგიები და უძრავი ქონება“.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი ზარქუა მოუწოდებს აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს, რომ კეზერაშვილს სანქციები დაუწესოს, BBC-ის მიერ გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიების საფუძველზე.

„თქვენ ხომ დემოკრატიას მხარს უჭერთ ჩვენს ქვეყანაში?! ამიტომ მე ველოდები თქვენგან რეაგირებას, ობიექტურ რეაგირებას“, - მიმართავს ზარქუა დეგნანს.

მანამდე, 5 აპრილს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, „მნიშვნელოვანი კორუფციის“ მიზეზით, სანქციები დაუწესა ყოფილ და მოქმედ მოსამართლეებს; რასაც „ოცნების“ მხრიდან მკვეთრად უარყოფითი რეაქციები მოჰყვა.

დეპუტატი ზარქუა ირონიულად მიმართავს ევროპარლამენტარებსაც, ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით, სადაც დავით კეზერაშვილის, როგორც ტელეკომპანია „ფორმულის“ დამფუძნებლის პოლიტიკურ შეზღუდვაზეა ლაპარაკი.

„თქვენ ქართველებს გამოგვიცხადეთ, მედია დევნილი არისო, თურმე თქვენსავე პენსიონერებს ძარცვავს და ეს თქვენმა პარტნიორებმა, ბრიტანელებმა დაადასტურეს. ახლა მაინტერესებს, შეცდომაში იყავით შეყვანილი, თუ თქვენც მონაწილე ხართ ამ სქემის, ლობისტური სქემის?!“, - მიმართავს ზარქუა ევროპარლამენტარებს.

„სამწუხაროდ, ამ ადამიანს, კეზერაშვილს ვგულისხმობ, იფარებს ევროპა. ვხედავთ, რომ იქიდან გეგმავს არეულობას ქვეყანაში“, - ეს უკვე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის სიტყვებია.

„ადამიანი, რომელმაც ჯერ ჯარს მოჰპარა 5 მილიონი, შემდეგ პენსიონერები თაღლითური სქემით გაძარცვა, ეს ადამიანი დღეს პირდაპირ ჩართული არის ფინანსებით ქართულ პოლიტიკაში, მედიაში და არასამთავრობო სექტორში. ამაზე ვსაუბრობთ სწორედ ჩვენ“, - თქვა პაპუაშვილმა.

  • 2021 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილი სავარაუდოდ დაკავშირებულია ე.წ. ქოლცენტრების ტრანსნაციონალურ დანაშაულთან. "მას აღნიშნული ქოლცენტრები ჰქონდა უკრაინაშიც, აქაც ჰქონდა მცდელობა", - თქვა მაშინ პრემიერმა.
  • 2022 წლის 14 თებერვალს ღარიბაშვილმა თქვა, რომ ე.წ. ქოლცენტრები საქართველოში წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ.

„ნაციონალური მოძრაობა“, თავის მხრივ, მოითხოვდა, რომ გამოძიება დაწყებულიყო ე.წ. ქოლცენტრების ბიზნესთან „ქართული ოცნების“ მოქმედი და ყოფილ მაღალჩინოსნების კავშირის დასადასტურებლად.

"ანტიკორუფციული მოძრაობა" ქოლცენტრების სქემასთან კავშირში ადანაშაულებდა ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილს, უჩა მამაცაშვილს - რომელმაც ცილისწამებისთვის იჩივლა და 2022 წლის მიწურულს პროცესი სააპელაციო სასამართლოშიც მოიგო. "ანტიკორუფციული მოძრაობა", რომლის წევრებსაც მამაცაშვილისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრათ, სასამართლოს მიკერძოებულობაზე ლაპარაკობდნენ.

"სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი ასობით ტრანსნაციონალურ ოფისს მფარველობს საქართველოში, საიდანაც მილიარდობით დოლარი შემოსავალი აქვს ბიძინა ივანიშვილს, უჩა მამაცაშვილს, გრიგოლ ლილუაშვილს და "ქართულ ოცნებას", რომლებიც შემდეგ, ამ თანხებს იყენებენ პროვოკატორებისთვის, ზონდერებისთვის და არჩევნების გასაყალბებლად", - აცხადებდა "ანტიკორუფციული მოძრაობა" .

BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების შესახებ „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მსგავსი სტატიები სხვა დროსაც ყოფილა, მაგრამ, სავარაუდოდ, "მტკიცებულებების არარსებობის გამო" სამართლებრივი შედეგი არ დამდგარა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, სახელისუფლებო პროპაგანდა ამ თემას ახლა არსებული მძიმე პრობლემების და მათ შორის - მოსამართლეთა სანქცირების საკითხის გადასაფარად გამოიყენებს.

"მე დავით კეზერაშვილს ვურჩიე, რომ მისი პოლიტიკიდან შორს ყოფნა, კარგი იყო როგორც მისთვის, ისე ქვეყნის მომავლისთვის, ქვეყანაში ავტოკრატიის დემოკრატიით შეცვლისათვის", - ბრიტანულ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიას საგანგებო პოსტი მიუძღვნა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, რომელიც მანამდე, დავით კეზერაშვილს ღიად აკრიტიკებდა, პარტიაში არაფორმალური გავლენების მცდელობისთვის.

"ახლა კი ვურჩევ მათ, ვინც "გამოსავალსა" და "ახსნას" ეძებს: მონსტრათან ბრძოლაში, მონსტრს არ უნდა დაემსგავსო. ორმაგი სტანდარტებით მორალური უპირატესობა არ მოიპოვება." წერს მელია და იქვე მიუთითებს, რომ "ადამიანი არაა დამნაშავე, სანამ არ დაადგენს სასამართლო. ეს უდანაშაულობის პრეზუმფციის ანბანია. ბრიტანეთის სასამართლო არაა თბილისის საქალაქო სასამართლო, რომ ჭეშმარიტება არ დაადგინოს, თუმცა არც BBC არის PosTV".

"აბსოლუტური პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არასდროს მიმიღია მონაწილეობა მსგავს სქემებში, ამიტომ არ ვაპირებ, უყურადღებოდ დავტოვო ის ზიანი, რასაც ეს მასალა მე მაყენებს..." - დაწერა დავით კეზერაშვილმა, თავის ფეისბუკგვერდზე, 12 აპრილს. ის ასევე აღნიშნავს, რომ აპირებს BBC-ის წინააღმდეგ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას.

პირველად ჟურნალისტული გამოძიებები საქართველოსა და კეზერაშვილის კავშირზე თაღლითურ ქოლცენტრებთან 2020 წელს გამოჩნდა. 2021 წელს ვრცელი გამოძიება მოამზადა თავისუფლების მონიტორმაც, სადაც დეტალურად არის აღწერილი თაღლითური სქემები და მსხვერპლთა, მათ შორის ქართველების ისტორიაც.

საქართველოს სამართალდამცავების ყურადღების ქვეშ ქოლცენტრები მხოლოდ 2022 წელს მოექცა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG