Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა წერია ირანის სამშვიდობო გეგმაში? - ვაშინგტონის და თეირანის ვერსიები

ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად მოკლული ჰეზბოლას ლიდერის, ჰასან ნასრალას ბანერი ისრაელის მიერ დაბომბილ უბანში
ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად მოკლული ჰეზბოლას ლიდერის, ჰასან ნასრალას ბანერი ისრაელის მიერ დაბომბილ უბანში

ვაშინგტონის მიერ ირანთან ომის დასასრულებლად შექმნილ დოკუმენტში 15 პუნქტია, ირანის გეგმაში 5. ორივე მათგანი არღვევს მოწინააღმდეგის მიერ დაწესებულ ე.წ. წითელ ხაზებს.

შეერთებული შტატების წინადადება საჯაროდ არ გამოქვეყნებულა, თუმცა მისი შინაარსის შესახებ ამერიკული პრესა წერს. თუ ამ ცნობებს დავუჯერებთ, ბევრი თვალსაზრისით ამერიკის გეგმა იმეორებს ომის დაწყებამდე გაჟღერებულ მოთხოვნებს.

თეთრი სახლის პრესსპიკერის, კეროლაინ ლევიტის თქმით, 15 პუნქტის შესახებ მედიაში გავრცელებული ცნობები "შეიცავს სიმართლის ელემენტებს."

როგორც ამერიკის, ასევე ირანის გეგმა მოიცავს ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებულ პუნქტებს, რომელიც ნავთობისა და გაზის საკვანძო საზღვაო არტერიაა.

რას ითხოვს ამერიკა?

შეერთებული შტატების ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა პრეზიდენტმა ტრამპმა არაერთხელ გაიმეორა საჯაროდ და მისი თქმით ირანელები უკვე აღარ ეწინააღმდეგებიან.

"მათ სურთ შეთანხმების გაფორმება. ისინი უკვე დათანხმდნენ, რომ მათ არასოდეს ექნებათ ბირთვული იარაღი", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა 24 მარტს, ოვალურ ოფისში ჟურნალისტებთან ურთიერთობისას.

უკვე მრავალი წელია შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები, ევროპის წამყვანი სახელმწიფოებისა და ისრაელის ჩათვლით შეშფოთებულები არიან პერსპექტივით, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას აპირებს, რასაც თეირანი მრავალი წელია კატეგორიულად უარყოფს.

იმ შემთხვევაშიც, თუ გასულ წლებში თეირანი არ იტყუებოდა, დღეს ირანს ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს, ვითარება შეცვლილია. ჯერჯერობით გაურკვეველია ახალი უმაღლესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის განზრახვები, რომელიც ოფიციალურად 8 მარტს აირჩიეს, მაგრამ საჯაროდ ამ დრომდე არ გამოჩენილა.

რთული სათქმელია, თუ ვინ იღებს საბოლოო გადაწყვეტილებებს ირანში, ასევე უცნობია ინტენსიური საჰაერო დარტყმებს ფონზე რამდენად აქვთ ერთმანეთთან კომუნიკაციის შესაძლებლობა ისლამური რესპუბლიკის გავლენიან მაღალჩინოსნებს.

25 მარტს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანელ მაღალჩინოსნებს ამერიკასთან მიმდინარე მოლაპარაკებების აღიარება მათივე გარემოცვის წევრებისგან მომდინარე სასიკვდილო საფრთხის გამო "ეშინიათ."

ამერიკის 15-პუნქტიანი გეგმა მოიცავს 1-თვიან ზავს, სანამ მოლაპარაკებები გაგრძელდება. დოკუმენტი იმეორებს კარგად ნაცნობ მოთხოვნებს, მათ შორისაა: ირანის ბირთვული ობიექტების დახურვა, უკვე გამდიდრებული ურანის მარაგის საერთაშორისო ატომური სააგენტოსთვის გადაცემა და მომავალში ურანის გამდიდრებაზე უარის თქმა.

სხვა პუნქტები გულისხმობს შეზღუდვების დაწესებას ირანის ბალისტიკური რაკეტების წარმოების პროგრამაზე და ასევე რეგიონში მოკალათებული სხვადასხვა პროქსი დაჯგუფებების მხარდაჭერის შეწყვეტას.

ამ მოთხოვნების დიდი ნაწილი ვაშინგტონმა ომის დაწყებამდე გააჟღერა, თუმცა 15 პუნქტში არის სიახლეც: ამერიკა ირანისგან ითხოვს ჰორმუზის სრუტის განბლოკვას და რეგიონის არაბულ ქვეყნების ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეწყვეტას.

სანაცვლოდ ირანი მიიღებს ეკონომიკური სანქციების შემსუბუქებას და აშშ-ს დახმარებას სამოქალაქო ბირთვული პროგრამის განვითარებაში.

"მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ამერიკული გეგმა საკმაოდ ამბიციურია", - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში საერთაშორისო კრიზის ჯგუფის ირანის ექსპერტი, ნაისან რაფათი.

"მაგრამ თუ წარსულის მიხედვით ვიმსჯელებთ, ამ გეგმის სიცოცხლისუნარიანობა დამოკიდებული იქნება ისლამური რესპუბლიკის ნებაზე - სამხედრო წნეხის ქვეშ წავიდეს დათმობებზე, რომელსაც დიდი ხანია წითელ ხაზად მიიჩნევს. ირანი უკვე მრავალი წელია ამბობს, რომ არავითარ შემთხვევაში არ იტყვის უარს ურანის გამდიდრების უფლებაზე, ისინი ასევე გამორიცხავენ მოლაპარაკებებს ბალისტიკური რაკეტების საკითხზე", - ამბობს რაფათი.

ირანის პოზიცია

ირანის ოფიციალური პირები არამხოლოდ უარყოფენ ამერიკასთან მიმდინარე მოლაპარაკებებს, არამედ დასცინიან კიდეც ვაშინგტონის მიერ ამ საკითხზე გავრცელებულ განცხადებებს. მაგალითად, ირანის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერმა, ებრაჰიმ ზოლფაღარიმ ყოველდღიურ ბრიფინგზე თქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მოლაპარაკებებს "თავის თავთან აწარმოებს."

ამასთანავე, თეირანის მიერ წარდგენილი მოთხოვნები ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების გეგმის არაერთ პუნქტს.

მაგალითად, ირანი ითხოვს მისი კონტროლის აღიარებას ჰორმუზზე, სრუტის გადაკვეთაზე საფასურის დაწესების უფლებით. ასევე, ბალისტიკური რაკეტების პროგრამის განვითარებას ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.

ყველაფერთან ერთად, ისლამური რესპუბლიკა სპარსეთის ყურის ქვეყნებში მოქმედი სამხედრო ბაზების დახურვას, მიყენებული ზიანის ანაზღაურებას და გარანტიას ითხოვს, რომ ამერიკა აღარ დაესხმება თავს.

"ამ დროისთვის ნაკლებად სავარაუდოა, რომ სანქციების შემსუბუქების დაპირება და მიმდინარე სამხედრო წნეხი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ თეირანს იმ დათმობებისკენ უბიძგოს, რასაც მისგან ვაშინგტონი ითხოვს", - ამბობს ნაისან რაფათი. მისი თქმით, რეჟიმი ჯერჯერობით არ არის ისეთ "სასოწარკვეთილ" მდგომარეობაში, რომ ამერიკის პირობებს დათანხმდეს.

მსგავსი აზრი გამოთქვა ამერიკა უპირველეს ყოვლისა (America First) პოლიტიკის ინსტიტუტის ვიცე-თავმჯდომარემ, ფრედ ფლეიცმაც.

"ვფიქრობ, მთავარი გამოწვევაა ირანის რეჟიმი საერთოდ რამეზე დავითანხმოთ. ვფიქრობ ჯერ კიდევ ირანელების მოლაპარაკებების დაწყების იძულების პროცესში ვართ. ჩვენ გვაქვს გარკვეული პროგრესი, მაგრამ გვჭირდება, რომ ირანის წარმომადგენლები დავსვათ მაგიდასთან და დაიწყონ მოლაპარაკებები", - ამბობს ფლეიცი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG