Accessibility links

რა წესები არსებობს Covid-19-ით დაავადებულთა ახლობლებისთვის?


პაატა ვეფხვაძე

უშვებენ თუ არა ახალი კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებთან ახლობლებს? ვინ ზრუნავს მათ კვებაზე? ამ და სხვა დეტალებზე რადიო თავისუფლებასთან ინფექციური პათოლოგიის ცენტრის ექიმმა- ინფექციონისტმა პაატა ვეფხვაძემ ილაპარაკა.

რადიო თავისუფლება: შეუძლიათ თუ არა ახლობლებს Covid-19-ით დაავადებულების მონახულება?

ტელეფონსა და, ზოგადად, სოციალურ მედიაზე შეზღუდვა არ არის...
პაატა ვეფხვაძე

პაატა ვეფხვაძე: სასტიკად აკრძალულია, შენობაშიც კი არ ვუშვებთ. ფანჯრიდან თუ გამოხედავენ პაციენტები.

რადიო თავისუფლება: სპეციალური ეკიპირებით რომ შევიდნენ?

პაატა ვეფხვაძე: არა, არ შეიძლება. ექიმი და ექთანი სპეციალურ ტრენინგს გადიან ეკიპირებაში. ამ ყველაფრის ჩაცმას და გამოყენებას ცოდნა უნდა. თუ არ იცი, შესაძლოა დაინფიცირდე, ამიტომ უცხოს შესვლა აკრძალულია.

რადიო თავისუფლება: ბავშვებიც მარტო არიან?

პაატა ვეფხვაძე: ბავშვის ასაკის მიხედვით, ზოგჯერ დაიშვება გამონაკლისი და ბავშვი დედასთან ერთად არის იზოლირებული.

რადიო თავისუფლება: პაციენტებს ტელეფონი თუ აქვთ?

პაატა ვეფხვაძე: კი, ტელეფონსა და, ზოგადად, სოციალურ მედიაზე შეზღუდვა არ არის.

პაციენტებს შეუძლიათ კონტაქტი ჰქონდეთ ახლობლებთან, ეს მათთვის დიდი მხარდაჭერაა. გარდა ამისა, ჩვენც, ექიმებიც, ვზრუნავთ ამ მხრივ...
პაატა ვეფხვაძე

რადიო თავისუფლება: თუ შეუძლიათ, რომ პალატაში ასევე იქონიონ წიგნი, ტელევიზორი და მსგავსი ნივთები?

პაატა ვეფხვაძე: არაფრით ვზღუდავთ. ტელევიზორი იქნება თუ კომპიუტერი, ყველაფერი შეიძლება ჰქონდეს.

რადიო თავისუფლება: რა ეჭმევათ? შეუძლიათ ახლობლებს საკვების მიტანა?

პაატა ვეფხვაძე: თუ პაციენტის მდგომარეობა მძიმე არ არის, მას საკვებში არ ვზღუდავთ. ნებისმიერი რამ შეუძლიათ მოიტანონ. საკვებს და ნივთებს გარეთ ტოვებენ და გადავცემთ. ჩვენი მხრივ, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურს ვეუბნებით, რამდენი პაციენტი გვიწევს და მასაც საუზმე, სადილი და ვახშამი მოაქვს.

რადიო თავისუფლება: ყველაზე მეტად რა ამხნევებთ ხოლმე?

პაატა ვეფხვაძე: პაციენტებს შეუძლიათ კონტაქტი ჰქონდეთ ახლობლებთან, ეს მათთვის დიდი მხარდაჭერაა. გარდა ამისა, ჩვენც, ექიმებიც, ვზრუნავთ ამ მხრივ. ბევრი, სანამ ტესტირების პასუხი მოვა, მანამდეც პანიკაშია - მით უფრო, თუ დაავადება დადასტურდა. ამიტომ მათთან ხანგრძლივად საუბარი გვიწევს, რომ დავამშვიდოთ. ნახევარი საათი, 40 წუთიც გაგვიგრძელებია დიალოგი.

რადიო თავისუფლება: რამის თქმა ხომ არ გინდოდათ პაციენტების ახლობლებისთვის?

პაატა ვეფხვაძე: ახლობლები ძალიან ნერვიულობენ და მინდა ვუთხრა, რომ საგანგაშო და საპანიკო აქ არაფერი არ არის. ამ დაავადებას უმეტესად კარგი გამოსავალი აქვს. მშვიდად იყვნენ, ნუ ინერვიულობენ. პაციენტები ნამდვილად საიმედო ხელში არიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG