Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გილოცავთ, ვტირი“, - რა ხდებოდა სტადიონს მიღმა


ქართველი გულშემატკივრები, 26 მარტი, 2024 წელი
ქართველი გულშემატკივრები, 26 მარტი, 2024 წელი

„ახლა მთავარია არ გამეღვიძოს....“ - ეს ერთ-ერთი რეპლიკაა საქართველო-საბერძნეთის მატჩის შემდეგ, რომელმაც საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოუტანა, პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში.

27 მარტის ღამე საქართველომ მართლა თეთრად გაათია, ზეიმში. თუმცა დაძინებაც და გაღვიძებაც უსაფრთხო იყო, გუშინდელი გამარჯვება არსად წასულა და იმის აღდგენაც შეიძლება, რაც თბილისში თამაშამდე თუ თამაშის შემდეგ ხდებოდა.

საქართველო-საბერძნეთის მატჩი საღამოს 9 საათზე იყო დანიშნული, მაგრამ თბილისური საცობი ორი საათით ადრე დაიწყო. წინდახედულებმა მანქანები სახლში დატოვეს.

დიდუბის სტადიონზე ბილეთიანიც და უბილეთოც ერთნაირად ცდილობდა შესვლას.

„ბილეთი გაქვთ? - ეუბნებიან ბიჭები მათ წინ მიმავალ კაცს, - რომ შემოგყვეთ, შეიძლება?“

„შემომყვევით, თუ შემოგიშვებენ“.

რამდენიმეს ტრაფარეტი უჭირავს: „ვიყიდი ბილეთს“.

„საათია აქ ვდგავარ და არავინ შემხმიანებია“, - მეუბნება ერთ-ერთი.

ბავშვები დროდადრო გალავანზე გადაძრომას ცდილობენ, ერთმა მოახერხა კიდეც.

„ჩამოდი ქვევით“, - უყვირის პოლიციელი.

ბავშვი არ ჩამოდის, ფიჭვს ეფარება.

„მეც ამწიეთ, რა“, - ეხვეწება ძმაკაცებს ათიოდე წლის ბიჭი, სამიდან ყველაზე გამხდარი.

სტადიონი უკვე გუგუნებს, ნახევარ საათში მატჩი დაიწყება, ხალხს კი ჯერ ისიც ვერ გაურკვევია, მაყურებლებს რომელი კარიდან უშვებენ - ყველადან თუ ბილეთის მიხედვით.

„- F თუ არ აწერია, აქედან ვერ შეხვალ, რა აწერია შენსას?

- G აწერია.

- უი, G მტრისას“.

G კარიბჭის წინ მართლა ზედახორაა. ერთი ქალი, ჩანს, ჭყლეტაში მოყვა. მიწაზე ზის და აბრუნებენ.

იქით კაცი ჩხუბობს, სახლში წავიდეთო.

„- იქ მაინც ვუყურებ, ვერ შევდივარ და.

- ხომ იდექი, რატომ გამოხვედი?! - საყვედურობს ცოლი.

- აღარ შემეძლო, ნინო, წამივიდა გული“.

სტადიონზე ხმაური ძლიერდება. მატჩი დაიწყო, ხალხი კი ისევ რიგში დგას.

„მეორე ტაიმზე მაინც შევალ“, - იმშვიდებს თავს ერთი.

„ვაიმე, ძალიან ყვირიან“, - იძახის სხვა და რამდენიმე კაცი იქვე კორპუსში შერბის, იქ ტელევიზორი ეგულებათ.

აქა-იქ კაფეებშიც სხედან და MYVIDEO-ს მისჩერებიან. ჭედავს. ნერვები ეშლებათ.

ნაწილი მეტროსკენ მიდის, რესპუბლიკის მოედანზე მატჩის ნახვა დიდ ეკრანზე შეიძლება.

რესპუბლიკის მოედანზე გამარჯვების შემდეგ
რესპუბლიკის მოედანზე გამარჯვების შემდეგ

რესპუბლიკის მოედანი ხალხითაა სავსე, უფრო ახალგაზრდებით. რამდენჯერაც ბურთი ეროვნული ნაკრების კარს მიუახლოვდება, გამწარებულები ყვირიან: „არა, არა, არა, არა!“.

ზოგი ინტერნეტში ნერვიულობს: „თქვენ გაგიწყრათ ძველი და ახალი ღმერთები“, - წყევლიან ბერძნებს.

„დროა კვარა ილია თოფურიამ შეცვალოს“, - ხვიჩა კვარაცხელია უკვე რამდენჯერმე წააქციეს.

„ბოლო ორი ღერი ნერვი მქონდა სიბერისთვის შენახული და ისიც ამ თამაშს გავაყოლე“...

დამატებითი წუთები, დამატებითი ტაიმი, პენალტების სერია... რესპუბლიკის მოედანზე ზოგი ლოცულობს, ზოგს ნერვები აღარ ჰყოფნის და პენალტებს თვალს არიდებს.

ბოლო წუთების ბოლო ბურთის დასარტყმელად გალელი ბიჭი, ნიკა კვეკვესკირი გამოდის. გააქვს! მოვიგეთ!

„ვფიქრობდი ყველაფერზე და არაფერზე. ხმაურიანი სიჩუმე იყო ჩემს თავში“, - იტყვის მერე ჟურნალისტებთან. „თუ კარგად ვითამაშე მოედანზე, ვარიანტი არაა, ჩემ გულში ჩუმად არ ვთქვა: შენთვის, ჩემო აფხაზეთო“, - თქვა ასევე ჟურნალისტებთან, 17 წლის წინ.

ვისაც 1981 წლის თასების მფლობელთა თასი ახსოვს, ყველას ვიტალი დარასელია გაახსენდა, აფხაზი „დინამოელი“, ბოლო გადამწყვეტი გოლი ვინც გაიტანა.

რუსთველზე, კოსტავაზე მოძრაობა თითქმის შეჩერებულია, ხალხი მანქანებიდან გადმოდის, ერთმანეთს ეხვევა. დარბიან, ყვირიან, კივიან, უსტვენენ... მთელ ქალაქში საყვირის ხმა და შეძახილები ისმის, ერთი საათი, ორი, სამი, მთელი ღამე...

ამ სიხარულში ცოტა სასოწარკვეთაცაა, ვინ იცის, ასე კიდევ როდის გაგვიხარდება.

ვინც გარეთ არ დარბის აწყვეტილი, ინტერნეტშია შემძვრალი, ფეისბუკს „სქროლავენ“.

„პირველად ევროპის ჩემპონატზე გერმანიის ნაცვლად საქართველოს ვუგულშემატკივრებ“.

„დორტმუნდის სტადიონთან ქართველ გადამყიდველებს ვხედავ“.

„ათენში ვერ გაიგეს, წააგეს თუ მოიგეს, ისეთი ბედნიერი ყიჟინაა“.

„ბერძნებმა შემოგვითვალეს, ამ თვეში ხელფასებს დააგვიანდებაო“.

„მამარდაშვილმა ოქროს საწმისი დააბრუნა“.

„უკრაინამაც მოიგო დღეს, უკრაინაც ევროპაზეა“.

„1981 წელი ბუნდოვნად მახსოვს. მახსოვს, რომ მთელი საქართველო ზეიმობდა. მახსოვს, ავტომობილების „სიგნალები“ არ ჩერდებოდა. 43 წლის მერე შევიგრძენი, თურმე როგორ უხაროდათ“.

„მთელი ცხოვრება ველოდი! გილოცავთ, ვტირი!“

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG