Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეგულირების სააგენტო ხაშურის სამშობიარო სახლის შემოწმებას გეგმავს


ხაშურის სამშობიარო სახლში გარდაცვლილ დედა-შვილთან დაკავშირებით, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ სასამართლოს მიმართა. სააგენტო კლინიკაში შესვლისა და მოკვლევის ნებართვას ითხოვს. ხაშურის სამშობიარო სახლში 40 წლის ინგა კაკიაშვილი მშობიარობის დროს გარდაიცვალა, დაიღუპა ბავშვიც.

„სრულყოფილად მივიღეთ ინფორმაცია გაწეული მომსახურების თაობაზე. როგორც კი იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება, კომისია ადგილზე დაიწყებს საქმის შესწავლას“, - ამბობს რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსი ნინო ხუციშვილი.

ინგა კაკიაშვილისთვის ეს მეხუთე მშობიარობა იყო. მას ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა. გარდაცვლილის ახლობლების განცხადებით, მშობიარე ითხოვდა მისთვის საკეისრო კვეთა ჩაეტარებინათ, რაზეც ექიმებმა უარი თქვეს.

შპს „ახალი კლინიკის“ დირექტორმა კახა ხელაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ მედპერსონალმა რისკების შეფასების დროს გადაწყვეტილების მიღება იჩქარა:

„კლინიკას ლიცენზიის შესაბამისად, მინიჭებული აქვს პირველი დონე, რაც არ გულისხმობს ასეთი რთული შემთხვევების მართვას. კონკრეტული კრიტერიუმებია შემუშავებული, სად როგორი შემთხვევა უნდა იმართებოდეს. ზუსტად ამ კრიტერიუმებს თუ განვიხილავთ, ვნახავთ, რომ ასეთი პაციენტი ექვემდებარებოდა უფრო მაღალი დონის სამშობიაროში გადაგზავნას.

ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე, პერსონალმა, ალბათ, იჩქარა რისკების შეფასებისას - ეს გარკვეული გადაცდომები გამოიკვეთა. სამწუხაროდ, მშობიარობის მართვისას გამოიკვეთა გართულებები და ამ გართულებებს მოჰყვა უკვე როგორც დედის, ისე ნაყოფის დაღუპვა“.

ინგა კაკიაშვილის ოჯახს შეჩერებული ჰქონდა სოციალური დახმარება. ჭირისუფლები ვარაუდობენ, რომ უსახსრობა ერთ-ერთი მიზეზი იყო, რის გამოც პაციენტს ყურადღება არ მიაქციეს.

სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სერვის-ცენტრის უფროსი თეა თედელური ამბობს, რომ კაკიაშვილის ოჯახს ხელახალმა შემოწმებამ მოუწია, რის გამოც დახმარება ერთი თვით შეუჩერეს.

„ოთხი წელი იღებდა ოჯახი დახმარებას. ოთხი წლის შემდეგ ხელმეორედ მოწმდება ოჯახის მდგომარეობა და ამიტომ 1 სექტემბერს დახმარება შეუჩერდა. 9 სექტემბერს გადაამოწმეს და სარეიტინგო ქულაც დათვალეს. ამ ქულით მათ დახმარება ისევ ეკუთვნით, 560 ლარი უნდა ჩარიცხვოდათ. თუმცა, იმის გამო, რომ ოჯახს ერთი წევრი გამოაკლდა, ისევ ხელახლა უნდა გადამოწმდეს“.

თეა თედელურის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კაკიაშვილს დაზღვევა შეჩერებული ჰქონდა, კლინიკისთვის ეს არ უნდა ყოფილიყო დაბრკოლება, რადგან ორსულების კონსულტაცია და მშობიარობა სახელმწიფო პროგრამით ისედაც ფინანსდება.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG