Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ვაქციოთ მწერალი "უცხოურ აგენტად" და "ტერორისტად" - ბორის აკუნინის მაგალითი


რუსი მწერლები ბორის აკუნინი (გრიგორი ჩხარტიშვილი) და დმიტრი ბიკოვი (უკანა ფონზე)
რუსი მწერლები ბორის აკუნინი (გრიგორი ჩხარტიშვილი) და დმიტრი ბიკოვი (უკანა ფონზე)

რუსეთში ახლაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები ტერორიზმის გამართლებისა და რუსეთის არმიის შესახებ „ფეიკების“ გავრცელების ბრალდებით ცნობილი რუსი მწერლის, ბორის აკუნინის (გრიგორი ჩხარტიშვილი) წინააღმდეგ. მას „უცხოური აგენტის“ სტატუსიც აქვს და დაუსწრებლად მისჯილი წინასწარი პატიმრობაც.

აკუნინი რუსეთში აკრძალულია.

„საბჭოთა დროიდან რუსეთში წიგნები აკრძალული არ ყოფილა. „დიდი ტერორის“ შემდეგ მწერლებისთვის ტერორიზმში ბრალი არ წაუყენებიათ. ეს თითქოს საშინელი სიზმარია, რაც რეალურად ხდება რუსეთის თავს“, - ეს სიტყვები თავად ბორის აკუნინს ეკუთვნის.

მწერალი უკვე ათი წელია რუსეთში აღარ ცხოვრობს - 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ ის საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა. მაშინ, BBC-სთან ინტერვიუში ბორის აკუნინმა თქვა, რომ რუსეთს მართავდა ის ყველაფერი, რაც ყოველთვის ეზიზღებოდა: „შოვინიზმი, ქსენოფობია, ტყუილი, განსხვავებული აზრის შეუწყნარებლობა“.

მისი საჯარო კრიტიკა პუტინის პოლიტიკის და ზოგადად, რუსეთის ხელისუფლების მიმართ, ყირიმის ანექსიის და უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის საწინააღმდგეგო განცხადებები შეუმჩნეველი არ დარჩენილა. აკუნინი რუსეთში ჯერ ტერორისტად გამოაცხადეს, შემდეგ - „უცხოურ აგენტად“.

2023 წლის 18 დეკემბერს რუსეთის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა („როსფინმონიტორინგმა“) ბორის აკუნინი (გრიგორი ჩხარტიშვილი) ტერორისტებისა და ექსტრემისტების რეესტრში შეიყვანა.

მის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის საჯარო გამართლებისა და რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის.

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი აცხადებდა, რომ გრიგორი ჩხარტიშვილს ძებნილად გამოაცხადებდნენ.

2024 წლის იანვარში ასეც მოხდა.

ამავე წლის თებერვლის დამდეგს ის დაუსწრებლად „დააპატიმრეს“ - მოსკოვის ბასმანის რაიონის სასამართლომ მას 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

იანვარშივე რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ბორის აკუნინი შეიყვანა „უცხოური აგენტების“ რეესტრში, რაც არ ნიშნავს მხოლოდ აგენტის იარლიყის მიკვრას.

ეს ნიშნავს, აკუნინის წიგნები რუსულ მაღაზიებში აღარ გაიყიდება. ის ვეღარ შეძლებს თავის ქვეყანაში ლიტერატურული ღონისძიებების გამართვას. რუსეთში ის, ფაქტობრივად, „აკრძალეს“.

2024 წლის თებერვალში, მოსკოვის სასამართლომ, აკუნინის მეუღლის, ერიკა ჩხარტიშვილის საბანკო ანგარიშები (6 მილიონი რუბლი) დააყადაღა.

ბორის აკუნინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრის შემდეგ, გაჩხრიკეს გამომცემლობა „ზახაროვი“, რომელიც მწერლის წიგნებს გამოსცემს.

გამომცემლობა „ასტ“-მა და მაღაზიათა ქსელმა „ჩიტაი-გოროდ - ბუკვოედმა“ მისი ნაწარმოებების გავრცელება შეწყვიტეს.

მათ ეს გადაწყვეტილება „მწერლების ბოლოდროინდელი განცხადებებით“ ახსნეს.

„საჯარო განცხადებებში“ კი, იგულისხმება ბორის აკუნინისა და დმიტრი ბიკოვის ვიდეოკომენტარები კრემლის მომხრე პრანკერებთან, ლექსუსსა და ვოვანთან (ალექსეი სტოლიაროვი და ვლადიმირ კუზნეცოვი).

ბორის აკუნინი წარადგენს წიგნს "მიხაილ ხოდორკოვსკი: სტატიები. დიალოგები. ინტერვიუები". მოსკოვი. 2011 წლის 20 იანვარი.
ბორის აკუნინი წარადგენს წიგნს "მიხაილ ხოდორკოვსკი: სტატიები. დიალოგები. ინტერვიუები". მოსკოვი. 2011 წლის 20 იანვარი.

პრანკერებმა მწერლებს დაურეკეს, როგორც უკრაინის ოფიციალურმა პირებმა. ხოლო მათთან საუბარში ბიკოვმა და აკუნინმა დაადასტურეს ომის საწინააღმდეგო პოზიცია, გამოხატეს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და დაგმეს რუსეთის ხელისუფლება.

2022 წლის ოქტომბერში ბორის აკუნინის სახელი ამოიღეს მოსკოვის ახალგაზრდული აკადემიური თეატრის და სანქტ-პეტერბურგის ალექსანდრეს თეატრის აფიშებიდან და საიტებიდან.

პეტერბურგის თეატრმა აკუნინს შეატყობინა, რომ აღარ არის პიესის „1881“ ავტორი და, შესაბამისად, ვეღარ მიიღებს ჰონორარს ამ პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლისთვის.

პეტერბურგის თეატრის აფიშიდან აკუნინის გვარი ჯერ კიდევ 2023 წლის ოქტომბრიდან გაქრა და სპექტაკლის ავტორად მიუთითეს დამდგმელი რეჟისორი ვალერი ფოკინი.

2024 წლის იანვრის შუა რიცხვებში სპექტაკლი საერთოდ მოხსნეს.

ბორის აკუნინი ელიზავეტა ოსეტინსკაიასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ის დიდი ხანი მოელოდა, რომ რუსეთში აკრძალავდნენ: „დაიგვიანეს კიდეც“.

როდესაც ჟურნალისტმა ჰკითხა, რაში სჭირდება რუსეთის ხელისუფლებას მწერლების დევნა, აკუნინმა უპასუხა, რომ ყველაფერი გაცილებით უფრო სერიოზულადაა, ვიდრე რამდენიმე მწერლის მტრად გამოცხადებაა:

„როცა სადემონსტრაციოდ ვინმეს არჩევა გახდა საჭირო, მე და დმიტრი ბიკოვი აგვირჩიეს, რაც ლოგიკურია - ბიკოვი ინტელიგენციის ავტორია და მისი უცხოურ აგენტად გამოცხადება იყო გაფრთხილება მწერლებისთვის. მე - მასის ავტორი ვარ. ჩემი მტრად გამოცხადება გაფრთხილებაა მკითხველისთვის... იმედი მაქვს, მკითხველის ანგარიშსწორებასაც არ დააპირებენ“.

კანონმდებლობა უცხოური აგენტების წინააღმდეგ

2012 წლის ნოემბერში, რუსეთში ძალაში შევიდა კანონი „რუსეთის ფედერაციის ცალკეულ საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შეტანის თაობაზე უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებელი არაკომერციული ორგანიზაციების საქმიანობის რეგულირების შესახებ“.

ეს იყო რეპრესიული კანონების სერიების დასაწყისი, რომლებიც შეეხო ყველას: ფილანთროპებს, განმანათლებლებს, უფლებადამცველებს, მწერლებს, აქტივისტებს, ჟურნალისტებს.

ეს კანონი იუსტიციის სამინისტროს უფლებას აძლევდა, არაკომერციული ორგანიზაციები ეცნო უცხოურ აგენტებად, თუ ისინი იღებდნენ დაფინანსებას საზღვარგარეთიდან და ეწეოდნენ „პოლიტიკურ საქმიანობას“.

ამ ორგანიზაციებს უნდა გაევლოთ რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროს რეესტრში - როგორც „უცხოურ აგენტებს“.

Human Rights Watch-ის თანახმად, კანონის პირველადი ვერსია არ ეხებოდა საქველმოქმედო, მეცნიერების, კულტურის თუ ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს - მისი სამიზნე უშუალოდ ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიის საკითხებზე მომუშავე ჯგუფები იყო.

დროთა განმავლობაში ეს მიდგომა შეიცვალა და მალე კანონი მისწვდა მედიაორგანიზაციებს, შემდეგ ცალკეულ ჟურნალისტებს, იუტუბბლოგერებსა და ფიზიკურ პირებსაც კი.

ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდა:

2014 წლის მაისში, კანონში პირველი ცვლილება შევიდა, რამაც ვითარება კიდევ უფრო გააუარესა: რუსეთის სახელმწიფოს გაუჩნდა ბერკეტი, უფლებადამცველი და სადამკვირვებლო ორგანიზაციები საკუთარი ინიციატივით, მათი თანხმობის გარეშე დაერეგისტრირებინა „უცხოურ აგენტებად“, - რადგან მანამდე ამის სურვილი არც ისე ბევრმა ორგანიზაციამ გამოთქვა.

გავიდა ორი წელი და 2016 წლის მაისში, რუსეთის დუმამ მიიღო ცვლილებების მორიგი პაკეტი, რომლითაც „პოლიტიკური აქტივობის“ განმარტება გაფართოვდა და მოიცვა „საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მცდელობა“. ამ ცვლილებებმა კანონს დაუქვემდებარა ყველა დამოუკიდებელი ჯგუფი, მანდატის განურჩევლად.

2020 წლიდან კანონი კვლავ გამკაცრდა:

თუკი მანამდე „დისქლეიმერი“ მხოლოდ საიტის სქოლიოში უნდა დაერთოთ, კომუნიკაციების ფედერალურმა მარეგულირებელმა, „როსკომნადზორმა“ მოინდომა, ეს წარწერა ყოველი გამოქვეყნებული სტატიის, ვიდეოს თუ ნებისმიერი მასალის დასაწყისში ყოფილიყო გამოტანილი.

მომდევნო წლებშიც „უცხოური აგენტების“ ბაზა უწყვეტად ივსებოდა.

2022 წლის 14 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ახალ კანონს „უცხოური აგენტების შესახებ“, რომელიც „აჯამებდა, განმარტავდა და ავსებდა ამ სფეროში არსებულ კანონმდებლობას“. კანონში გაჩნდა ახალი ცნება „უცხოურ აგენტებთან დაკავშირებული პირები“.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის" ცნობით, ბოლო სამი წლის განმავლობაში რუსეთში უცხოურ აგენტად აღიარებულ პირთა რიცხვი 3,5-ჯერ გაიზარდა. 2024 წლის მარტის დასაწყისში მათი საერთო რაოდენობა იყო 579 ფიზიკური და იურიდიული პირი, ასევე მედია და არაკომერციული ორგანიზაცია.

უცხოური აგენტების უმეტესობა ფიზიკური პირია და დღეს ეს სტატუსი აქვს 409 ადამიანს. 2021 წლის მარტში ეს სტატუსი მხოლოდ ხუთს ჰქონდა.

საქართველოში ე.წ. აგენტების შესახებ კანონი პარლამენტმა 2023 წლის მარტში მიიღო, თუმცა მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ უკან გაიწვია. ერთი წლის შემდეგ, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ იმავე კანონის მიღებას ისევ გეგმავს - უცვლელი ტექსტით, რომელშიც მხოლოდ ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ შეიცვალა ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG