Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„აქციებზე მისული აღარ დაგინახო…“ - როგორ „აშინებენ“ საპროტესტო აქციების მონაწილეებს კახეთში


მუქარის მიუხედავად, „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქციებში მონაწილეობას ისევ აპირებენ და ამჟამად ემზადებიან თბილისში დაანონსებული აქციებისთვის.
მუქარის მიუხედავად, „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქციებში მონაწილეობას ისევ აპირებენ და ამჟამად ემზადებიან თბილისში დაანონსებული აქციებისთვის.

„აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეთა აქციები თბილისის გარდა, საქართველოს სხვა ქალაქებშიც თითქმის ყოველდღე იმართება. ასეა კახეთშიც. ამასთან, მოქალაქეების ნაწილი დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის თბილისშიც ჩადის. არაერთ მათგანს უცხო სატელეფონო ნომრებიდან უკვე არაერთხელ დაურეკეს და „გააფრთხილეს“.

ფერმერი აქტიური სამოქალაქო პოზიციით, ნიკა ბაგალიშვილი, ოჯახთან ერთად წნორში ცხოვრობს. რამდენიმე კვირაა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს უერთდება. გვიყვება, რომ 10 მაისს, ღამის ორი საათისთვის ჯერ მამას დაურეკეს და უთხრეს, რომ აქციებში მონაწილეობა არ მიიღოს.

ტელეფონის ნომრები, რომლებიდანაც ნიკა ბაგალიშვილს დაურეკეს.
ტელეფონის ნომრები, რომლებიდანაც ნიკა ბაგალიშვილს დაურეკეს.

ცოტა ხანში მასთანაც დარეკეს, სახელით მიმართეს და როცა გაუთიშა, მალევე სხვა ნომრიდან დაურეკეს: „მაგინებდა და მეუბნებოდა, აქციებზე მისული აღარ დაგინახოო… მეც ვაგინე და გავუთიშე. ისევ დარეკეს და აღარ ვუპასუხე“.

დაურეკეს და საპროტესტო აქციებში მონაწილეობა „აუკრძალეს” ჟურნალისტ დავით ჭაბაშვილსაც. ის არასამუშაო დღეებში ლაგოდეხიდან თბილისში ჩადის და დემონსტრაციებს ესწრება. დავით ჭაბაშვილმა მისთვის უცნობ ადამიანთან სატელეფონო საუბრის ნაწილის ჩაწერა მოასწრო და ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა.

„მე შენ გეუბნები, აქციებზე ჩამოსული აღარ დაგინახო. გაფრთხილებ... კარგად ვიცი, ნაციონალების აქციებზე რომ დადიხარ. თუ კიდევ შეგამჩნიე იქ, მერე სხვანაირად დაგელაპარაკები...“ - ეუბნება დავით ჭაბაშვილს უცნობი კაცი.

"აგენტების კანონის" მოწინააღმდეგეთა აქცია კახეთში.
"აგენტების კანონის" მოწინააღმდეგეთა აქცია კახეთში.

დავით ჭაბაშვილმა რადიო თავისუფლებას უამბო, რომ იმ დროს, როცა უცხო ნომრიდან დაურეკეს და დაემუქრნენ, სტუმრად დასთან იყო. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, როცა სახლში ბრუნდებოდა, სადარბაზოსთან უცხო ხალხი შენიშნა. არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ფიზიკურადაც გასწორებოდნენ:

„ჩემს სადარბაზოსთან რამდენიმე ადამიანი იყო, რომლებიც ვერ ვიცანი. პრობლემები რომ ამერიდებინა თავიდან, უკან გავბრუნდი დასთან. რამდენიმე საათის შემდეგ დავბრუნდი და იქ აღარავინ დამხვედრია“.

ბოლო ორი დღეა სხვადასხვა ნომრიდან ურეკავენ თელაველ სამოქალაქო აქტივისტს, მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს არჩილ მჭედლიშვილს და მის არასრულწლოვან შვილს. ისინი საპროტესტო აქციებში თითქმის ყოველდღე მონაწილეობენ.

ტელეფონის ნომრები, რომლებიდანაც არჩილ მჭედლიშვილს დაურეკეს.
ტელეფონის ნომრები, რომლებიდანაც არჩილ მჭედლიშვილს დაურეკეს.

„ქალის ხმა იყო. არადა, მობილიზებული ვიყავი, რომ მეც უნდა მეგინებინა კახურად... მითხრა, ერეკლეს ქალაქიდან მოღალატე ხარო და გათიშა… იგივე ნომრიდან დაურეკეს ჩემს შვილსაც და ჰკითხეს, ფულს გიხდიან, აქციებზე რომ დადიხარო?! ამ შემთხვევაშიც ქალი იყო და ზრდილობიანად ლაპარაკობდა“.

არჩილ მჭედლიშვილი დარწმუნებულია, რომ სატელეფონო ზარები ორგანიზებული კამპანიის ნაწილია და ამის უკან ხელისუფლება დგას:

„უკვე ბევრი წელია "ქართული ოცნება" რაციონალურ გადაწყვეტილებებს აღარ იღებს. პატარა კაცუნების მოკლე ჭკუაში რომ რაღაც დაიბადება, ასე მოხდა ახლაც. რაც მათ მომხრეებზე ჭრის, იმას აკეთებენ სხვებზეც. ფიქრობენ, რომ ასე დარეკვებით დააშინებენ ადამიანებს და ისინი აქციებზე აღარ წავლენ, მაგრამ მე რასაც ვუყურებ, პირიქით ხდება. უფრო მეტი ადამიანი ღიზიანდება და გამოდის ქუჩაში“.

ტელეფონის ნომრები, რომლებიდანაც ნიკა ბაგალიშვილს დაურეკეს.
ტელეფონის ნომრები, რომლებიდანაც ნიკა ბაგალიშვილს დაურეკეს.

ყველა რესპონდენტი, ვისაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, ამბობს, რომ პირადი მონაცემების უკანონოდ მოპოვება-გამოყენებაზე, მუქარასა და დაშინებაზე სამართლებრივ ბრძოლას აპირებს. ნიკა ბაგალიშვილი უკვე ელაპარაკა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტებს:

„მირჩიეს, რომ პოლიციაში განცხადება დავწერო. მე აზრს ვერ ვხედავ, მაგრამ განცხადებას მაინც დავწერ. ამას არავინ გამოიძიებს, იმიტომ, რომ მაგათი დავალებულია, რასაც აკეთებენ“.

მუქარის მიუხედავად, „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქციებში მონაწილეობას ისევ აპირებენ და ამჟამად ემზადებიან თბილისში, 11 მაისს დაგეგმილი „ევროპის მარშისა“ და მომდევნო დღეებში პარლამენტთან დაანონსებული აქციებისთვის.

საქართველოს სახალხო დამცველმა 9 მაისს მიმართა საგამოძიებო უწყებებს, დაიწყოს გამოძიება „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეთა მიმართ დაწყებულ სატელეფონო მუქარაზე. ომბუდსმენი აცხადებს, რომ შიშის გაჩენა დემოკრატიული პროცესების დამაზიანებელია.

დაიწყო თუ არა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მოქალაქეებზე სატელეფონო მუქარის თაობაზე გამოძიება, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ამ კითხვაზე პასუხი რადიო თავისუფლებამ ამ დრომდე ვერ მიიღო.

მოკვლევა დაიწყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა. თუმცა, ამ შემთხვევაში, ეს მოკვლევა შეეხება იმას, თუ რამდენად კანონიერადაა მოპოვებული იმ მოქალაქეების მობილური ტელეფონების ნომრები, რომლებსაც უცნობი პირები ბოლო დღეების განმავლობაში უკავშირდებიან.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG