Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

7 ფილმი - გინახავთ როგორ აჩვენებენ საქართველოს უცხოურ სერიალებში? 

ფილმის „Fast & Furious“-ის გადაღება თბილისში, 2019 წელი.
ფილმის „Fast & Furious“-ის გადაღება თბილისში, 2019 წელი.

ცოტა არ იყოს მოულოდნელია, როდესაც ამერიკული პოპულარული სერიალის „კარგი ექიმის“ მეექვსე სეზონის 21-ე სერიაში ერთი პერსონაჟი მეორეს ქართულ რესტორანში ხაჭაპურზე პატიჟებს, თან უხსნის, დავგუგლე და ყველიანი პური ყოფილაო.

საქართველო და ქართველები უცხოურ ფილმებში იშვიათად ჩანან, მაგრამ როდესაც ჩანან, ხშირად უარყოფითი კონტექსტით, როგორც რომელიმე მაფიოზის ქვეყანა ან ადგილი, სადაც რამე უკანონობა ხდება. აქ 7 ყველაზე სტერეოტიპული მაგალითი შევაგროვეთ.

„გამოხსნა 2“ (Extraction 2)

ფილმის დირექტორი: სემ ჰარგრეივი

ქვეყანა: აშშ

გამოსვლის თარიღი: 2023

აუდიტორია: Netflix-ის მონაცემებით, პირველი 66 დღის განმავლობაში 129 მილიონი ნახვა ჰქონდა.

„გამოხსნა 2-ში“ თხუთმეტამდე ქართველი მონაწილეობს, მათ შორის: თინათინ დალაქიშვილი, თორნიკე გოგრიჭიანი, თორნიკე ბზიავა, ლევან საგინაშვილი და ანდრო ჯაფარიძე.

ფილმში მთავარი გმირი ტაილერი, რომლის როლსაც კრის ჰემსვორთი ასრულებს, ქართულ კრიმინალურ დაჯგუფებას ებრძვის - ქეთო და მისი ორი შვილი დესპოტი ქმრისგან უნდა დაიხსნას. ტაილერის ყოფილი ცოლი ქართველია, ქეთო კი მისი ცოლისდაა. ფილმი ჩეხეთსა და ავსტრიაშია გადაღებული, გარდა ერთი კადრისა, სადაც სვანური კოშკები მოჩანს. ფილმში ხშირად ისმის ქართული საუბარი, ხანდახან თავად ჰემსვორთიც ქართულად ლაპარაკობს.

„შერლოკი“ (Sherlock)

ავტორები: სტივენ მოფატი და მარკ გეტისი

ქვეყანა: ბრიტანეთი, აშშ

გამოსვლის თარიღი: 2010-2017

აუდიტორია: „გარდიანის“ მონაცემებით, მხოლოდ ბრიტანეთში პირველი სეზონის ბოლო ეპიზოდს 7.33 მილიონმა ადამიანმა უყურა.

კადრი ფილმიდან „შერლოკი“
კადრი ფილმიდან „შერლოკი“

საქართველო ნახსენებია დეტექტივის „შერლოკის“ მეოთხე სეზონის პირველ სერიაში - „ექვსი ტეტჩერი“. ჯონ უოტსონის ცოლი მერი ჰყვება, რომ წარსულში ის დაქირავებული მკვლელი იყო, რომელიც კიდევ სამ მეწყვილესთან ერთად სახიფათო დავალებას ასრულებდა. ერთ-ერთი ასეთ დავალება, სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ თბილისში ტყვედ აყვანილი ბრიტანეთის ელჩის გათავისუფლება იყო.

„გვირაბი“ (The Tunnel)

რეჟისორი: ტომას ვინსენტი

ქვეყანა: ბრიტანეთი, საფრანგეთი

გამოსვლის თარიღი: 2013-2018

დეტექტიური სერიალის ერთი სერია მთლიანად „საქართველოს ეძღვნება“. უფრო სწორედ, მამა-შვილ ბატურინებს, რომლებმაც პოლიციას თავსატეხი გაუჩინეს.

იარაღით მოვაჭრე გრეგორ ბატურინი წარმოშობით რუსია, დედა კი ოსი ჰყავს და საქართველოს პროდასავლური პოლიტიკის კატეგორიული მოწინააღმდეგეა. თავიდან მისი დაპატიმრება სამხრეთ ოსეთში ჩადენილი მასობრივი მკვლელობების გამო უნდოდათ, მაგრამ ოსეთიდან ევროპაში გაიქცა. მაფიის ერთ-ერთ რგოლია მისი შვილიც, წარმატებული ადვოკატი არტიომ ბატურინი, მეტსახელად კობა.

„ფორსჟი 9“ (F9: Fast & Furious)

რეჟისორი: ჯასტინ ლინი

ქვეყანა: აშშ

გამოსვლის თარიღი: 2021

აუდიტორია: მაყურებელთა რაოდენობა ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, თუმცა ფილმმა მსოფლიოში დაახლოებით 726.2 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.

ფილმის გადაღება თბილისში
ფილმის გადაღება თბილისში

ამ ფილმის ნაწილი თბილისში გადაიღეს. საბურთალოზე დადის დაჯავშნილი მანქანა, საიდანაც თანამგზავრზე უნდა ატვირთონ პროგრამა Aries, რომელსაც შეუძლია მთელი მსოფლიოს კომპიუტერებს მისწვდეს და კიბერშეტევა მოაწყოს.

„მიტაცება“ (The Capture)

ავტორი: ბენ ჩანანი

ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი

გამოსვლის თარიღი: 2019

ამ ბრიტანულ სერიალში საქართველო არჩევნებთან დაკავშირებით გამოჩნდა. ფილმში კომპანია წარადგენს ხელოვნური ინტელექტის პროგრამას, რომელიც არჩევნებში მონაწილე პოლიტიკოსს, ამ შემთხვევაში ალფონზ გურულს საშუალებას აძლევს ხალხის წინაშე ისეთი წარდგეს, როგორიც ხალს უნდა დაინახოს და არა როგორიც სინამდვილეშია.

„ჯეკი ქალების სამეფოში“ (Jacky in the Kingdom of Women)

ფილმის დირექტორი: რიად სატუფი

ქვეყანა: საფრანგეთი

გამოსვლის თარიღი: 2014

აუდიტორია: დაახლოებით 100 ათასი ადამიანი. მიიღო 854,529 დოლარის შემოსავალი.

ეს ფრანგულ კომედია 2014 წელს წეროვანში გადაღეს. თუმცა ნაჩვენებია პარლამენტის შენობაც და აქა-იქ ქართული ლაპარაკიც ისმის. ფილმში გამოგონილი სამყაროა, ტოტალიტარიზმი და მატრიარქატი. კაცები ერთნაირი კაბებით დადიან და ქალებს ემორჩილებიან. საჭმელად ყველას ერთი და იგივე სალაფავი აქვს, რომელიც სახლებში გაყვანილი სპეციალური ონკანებიდან ისხმება. ფილმის ბოლოს გაარკვევენ, რომ სალაფავს ხელისუფლება მათივე განავლისგან ამზადებს. ამ აღმოჩენას ქვეყანაში ამბოხი და გადატრიალება მოსდევს.

„ღვთის წვეთები“ (Drops of God)

ავტორი: ქუოკ დანგ ტრანი

ქვეყანა: საფრანგეთი-იაპონია-აშშ

გამოშვების წელი: 2023

სერიალის მეორე სეზონი, რომელიც წელს გამოვიდა, უნიკალური ვაზის ჯიშის და მისგან დამზადებული ღვინის ძიებას ეთმობა. მთავარი გმირები, ცნობილი მეღვინის მემკვიდრეები, სწორედ საქართველოში აღმოაჩენენ ამ ვაზს და ღვინოს. ფილმის ნაწილი გადაღებულია ქართლში, ატენის ხეობასა და თბილისში. ეპიზოდებში კარგად არის ნაჩვენები ქართული ღვინის კულტურა და ქვევრის ტრადიცია. სერიალში "სიტყვის გამტეხი ქართველი ბიზნესმენიც" არის - დავით აბაშიძე, რომლის როლს თორნიკე გოგრიჭიანი ასრულებს.

როგორ იქმნება ასეთი სტერეოტიპები კინოში?

კინომცოდნე ანი კილაძე ამბობს, რომ საქართველო ამ მხრივ „მარტო არაა“, იგივე ბედს იზიარებენ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები და ახლო აღმოსავლეთი. „ყველა მუსლიმანურ ქვეყანას ერთნაირად წარმოაჩენენ ჰოლივუდურ ფილმებში. არსებობს სტერეოტიპები და სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანაც ამ სტერეოტიპებში ექცევა იმის გამო, რომ რუსეთთან ახლოს ვართ. ხანდახან ქართველი რეჟისორებიც კი ცდილობენ, ისეთად წარმოაჩინონ ქვეყანა, როგორიც უკვე დიდი ხანია აღარაა, როგორიც მაგალითად წლების წინ იყო“, - ამბობს ანი კილაძე, - „თუმცა, ქართულ კინოშიც იქმნება ახალი ნამუშევრები, რომელიც საშუალებას გაძლევს [მაყურებელს] მხოლოდ ჰოლივუდური უცნაური ფილმით არ შეგექმნას წარმოდგენა ამ ქვეყანაზე. ისიც ძალიან მაღიზიანებს, როცა საქართველოს წარმოაჩენენ, როგორც სტუმართმოყვარე ქვეყანას, ხაჭაპურით. არც ეს არის ამ ქვეყნის არსი. უფრო ავთენტიკურ ფილმებს თუ გადაიღებენ ქართველი თუ არაქართველი რეჟისორები, ეს იქნება ერთადერთი გზა, თორემ ჰოლივუდურ ფილმს, რომლის 90 პროცენტი ისედაც არარეალურ ამბავზეა, რა თქმა უნდა, ვერ მოსთხოვ, საქართველო რატომ გამოიყვანეთ ასეთიო“.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

კატეგორიები

ფორუმი

XS
SM
MD
LG