Accessibility links

როგორ გაასამართლებენ კალანდიას, როგორც მოზარდს თუ ზრდასრულს?


2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 18 წლის მიხეილ კალანდიას, ბრალი ოფიციალურად 5 ივნისს წაუყენეს.

პროკურატურის ინფორმაციით, „მიხეილ კალანდიას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, განზრახ, ჯგუფურად მკვლელობას“.

ეს მუხლი ითვალისწინებს პატიმრობას 13-დან 17 წლამდე.

როგორც მიხეილ კალანდიას ადვოკატი, ანა კოტეტიშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. ადვოკატი მიხეილ კალანდიას წინასწარი დაკავების იზოლატორში, 4 ივნისს, საღამოს შეხვდა: „ძალიან მძიმე ბრალი აქვს წაყენებული და ცხადია, მისთვის ემოციურად ძალიან რთულია ამ პოზიციაში ყოფნა. თუმცა, მზად არის, რომ ბოლომდე იბრძოლოს საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის ბრალდება, რასაც ამ ეტაპზე გვედავებიან, აბსურდულია და არ არსებობს არანაირი მტკიცება იმისთვის, რომ წარდგენილ ბრალში მიხეილ კალანდია გამტყუნდეს. აქედან გამომდინარე, ვემზადებით იმისთვის, რომ მოგვიწევს ბრძოლა ამ ყველაფრის დასამტკიცებლად“.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს მიხეილ კალანდია სრულწლოვანია, დანაშაულის სავარაუდოდ ჩადენის დროს, 2017 წლის პირველ დეკემბერს, ის არასრულწლოვანი, 16 წლის იყო. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მეორე მუხლის, მეორე პუნქტის თანახმად კი ეს კოდექსი გამოიყენება იმ პირის მიმართაც, რომელიც დანაშაულის ჩადენისას არასრულწლოვანი იყო და შემდეგ გახდა სრულწლოვანი.

ამავე მუხლის მეოთხე პუნქტის თანახმად კი თუ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის დაწყებისას პირი არასრულწლოვანი იყო და პროცესის დასრულებამდე გახდა სრულწლოვანი, მის მიმართ პროცესის იმ ეტაპიდან, როცა ის სრულწლოვანი გახდა, გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები.

შესაბამისად, მიხეილ კალანდიას ადვოკატის თქმით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სასჯელის ზომის განსაზღვრისას, ისევე როგორც ხორავას ქუჩის საქმეში სხვა, ორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულის მიმართ, სავარაუდოდ, გათვალისწინებული იქნება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი. ანუ მიხეილ კალანდიას მსჯავრი არ უნდა ასცდეს 12 წელს.

დანაშაულის სიმძიმის მიუხედავად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, სასჯელის მაქსიმალურ ზომად განსაზღვრავს 12 წელს. სასჯელის შეფარდებისას ასევე განსაზღვრულია დამნაშავეთა ასაკობრივი ჯგუფები - 16 წლამდე მოზარდებში სასჯელის მაქსიმალურ ზომად შესაძლოა გამოყენებული იყოს 10 წელი; 16-დან 18 წლამდე მოზარდებში კი 12 წელი.

სრულწლოვანების შემთხვევაში, ანალოგიური ქმედება, ანუ, ჯგუფურად განზრახ მკვლელობა, ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს თავისუფლების აღკვეთას ვადით 13-დან 17 წლამდე.

სხვა საკითხებთან ერთად, მოზარდთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ასევე ადგენს საქმის ძიების და წარმართვის შემჭიდროებულ ვადებსაც.

4 ივნისს, მას შემდეგ, რაც გამოძიებამ მიხეილ კალანდია დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დააკავა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, სწორედ შემჭიდროებული ვადები დაასახელა მიზეზად, რის გამოც თავის დროზე, მისი თქმით, შეუძლებელი გახდა მეტი მტკიცებულებების შეგროვება. შესაბამისად, მიხეილ კალანდიას გამოძების პირველივე ეტაპზე დაკავება:

„ამ საქმეს პირველივე დღიდან იძიებს შსს-ს საგამოძიებო ორგანო, ზედამხედველობდა პროკურატურა და მათ გააკეთეს, რაც შეძლეს იმ პირობებში, როდესაც არაერთი არასრულწლოვანი მოწმე არასრულ, ცრუ ჩვენებას აძლევდა, ფარავდნენ ერთმანეთს. რეალურად იმ მოკლე ვადებში, რომელსაც ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე ჩვენი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს, შეუძლებელი იყო იმაზე უფრო მეტი მტკიცებულების მოპოვება თავის დროზე, რაც იქნა მოპოვებული“.

აბსურდულ თავის მართლებად მიაჩნია თეა წულუკიანის განცხადება „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტს ანა თავხელიძეს. მისი თქმით, გამოძიების შემჭიდროებული ვადები არ ნიშნავს იმას, რომ გამოძიების ეტაპზე შესაძლოა დაშვებულ იქნას შეცდომა:

„დიახ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, უფრო შემჭიდროვებულ ვადებში ხდება საქმის გამოძიებაც, დევნის განხორციელებაც და სასამართლო განხილვაც. თუმცა, კოდექსი მიღებულია ყველა დეტალის გათვალისწინებით, მათ შორის, იმ გონივრული ვადებით, რაც სჭირდება საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას, შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებას და ა.შ. არ შეიძლება ეს კოდექსი გავიგოთ ისე, რომ რაკიღა გამოძიების პროცესი შემჭიდროვებულ ვადებში მიმდინარეობს, შესაძლოა დაშვებული იყოს ხარვეზები. ეს ნამდვილად ვერ იქნება გამამართლებელი არგუმენტი“.

მიხეილ კალანდიას ძმა, ლუკა კალანდია ამბობს, რომ მისი ძმა უდანაშაულოა და ის მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ სახელმწიფომ ტაში დაიმსახუროს:

„როგორც ინფორმაცია გავრცელდა, ერთ-ერთი დაკავებულის, გ.ჯ-ს ჩვენება უძღოდა წინ დაკავებას. ასევე, როგორც ვიცი, არსებობს ორი ირიბი მოწმის ჩვენება, თითქოს მათ დაინახეს, როგორ გამორბოდა მიხეილ კალანდია და თითქოს მას რაღაც ეჭირა ხელში. ეს ყველაფერი არის გამოგონილი. ვის რაში სჭირდებოდა ეს, არ ვიცი. დიახ, პოლიტიკურ მოტივსაც ვხედავთ, რადგან ამდენი ხნის შემდეგ, მიხეილ კალანდიას, უდანაშაულო ბავშვს აკავებენ და ამ ყველაფერს ასაღებენ ისე, თითქოს აქამდე არაფერი არ ჰქონდათ და საზოგადოებას წინასაარჩევნოდ აწყნარებენ იმით, რომ მოვიპოვეთ დამატებითი მტკიცებულებები და დავდეთ სამართალი, რომელსაც ამდენი ხანი საზოგადოება ითხოვდაო. სად არის აქ სამართალი? პირველივე დღეებში ყველაფერი ოპერატიულად იყო გამოძიებული, მკვლელს ვერ უმტკიცებენ ბრალს, თორემ ის უკვე დაკავებულია, ყველამ ყველაფერი კარგად იცის, უბრალოდ ვერ უმტკიცებენ მკვლელს დანაშაულის ჩადენას“, - განაცხდა ლუკა კალანდიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მიხეილ კალანდიას, ე.წ. „ოქროს მოწმის“ დაკავებას ზაზა სარალიძე, დავით სარალიძის მამა, 18 თვის განმავლობაში ითხოვდა.

4 ივნისს, მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გავრცელდა ინფორმაცია მიხეილ კალანდიას დაკავების შესახებ, ზაზა სარალიძემ თქვა: "ჩავთვალოთ, რომ სამართალი აღდგენილია“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG