Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მოკვდა და ჩაანაცვლეს" - როგორ გაჩნდა ხმები პუტინსა და მის ორეულებზე?


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ხვდება თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს. 2022 წლის 21 აპრილი. პუტინის პოზამ მაშინ გააძლიერა ხმები, რომ მან ინსულტი გადაიტანა.
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ხვდება თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს. 2022 წლის 21 აპრილი. პუტინის პოზამ მაშინ გააძლიერა ხმები, რომ მან ინსულტი გადაიტანა.

რუსეთის პრეზიდენტზე შეთქმულების თეორიები წლებია ვრცელდება. ზოგი ამტკიცებს, ავადაა და მალე მოკვდებაო, ზოგი კი ამბობს, უკვე მკვდარია და მის ორეულს ვუყურებთო. მსგავს ჭორებს სიმართლისა არაფერი ეტყობა ხოლმე და ამ ტექსტში აგიხსნიით, რატომ ჩნდება ისინი.

ვლადიმირ პუტინი გულის შეტევით მოკვდა, ის ორეულით ჩაანაცვლეს, რუსეთს კი უშიშროების საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევი მართავს, - დაწერა პოპულარულმა ტელეგრამარხმა Генерал СВР („საგარეო დაზვერვის სამსახურის გენერალი”) 26 ოქტომბერს.

მომდევნო დღეებში ეს ისტორია კიდევ უფრო განავრცო და დეტალებით გაამდიდრა.

„პუტინის გვამი მოათავსეს საყინულე კამერაში, პრეზიდენტის ვალდაის რეზიდენციაში. მედიკოსები, რომლებიც პუტინის მკურნალობასა და რეანიმაციაში მონაწილეობდნენ, რეზიდენციის რამდენიმე ოთახში გამოკეტეს”, - დაწერა არხმა 27 ოქტომბერს.

ცნობები პუტინის სიკვდილზე აიტაცეს ბრიტანულმა ტაბლოიდებმა, The Star-მა, Mirror-მა და The Sun-მა. ასევე უკრაინულმა მედიამ.

დაინტერესდნენ რუსებიც. მხოლოდ ექვს დღეში, პრეზიდენტის სიკვდილს რუსულ საძიებო სისტემა „იანდექსში“ 400-ათასჯერ ეძებდნენ.

აჟიოტაჟს გამოეხმაურა თავად პუტინის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვიც. ცნობებს პუტინის სიკვდილისა და მისი ორეულების შესახებ პესკოვმა „ღიმილისმომგვრელი ჭორი” უწოდა.

Генерал СВР ტელეგრამარხია, რომელსაც თითქოსდა რუსეთის გარე დაზვერვის ყოფილი ოფიცერი მართავს და რომელიც ამტკიცებს, რომ წყარო ჰყავს პუტინის ახლო გარემოცვაში.

ვალერი სოლოვეი
ვალერი სოლოვეი

არხს ოდიზიურ რუს პოლიტოლოგთან, ვალერი სოლოვეისთან აკავშირებენ. ის პუტინს დიდი ხანია „კლავს”, თან ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე.

მაგრამ არამხოლოდ ის.

ათას ერთი სნეულება

ინტერნეტში ხმები პუტინის ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის გაუარესებასა და სიკვდილზე წლებია დადის. ჯერ კიდევ 2003 წელს სხვადასხვა ფორუმზე წერდნენ, რომ მას კუჭ-ნაწლავის კიბო დაუდგინდა.

2012 წელს, ამერიკული გამოცემა Wall Street Journal-ი ამტკიცებდა, რომ პუტინს ხერხემლის მძიმე დაავადება აქვს და სიარული უჭირს. დმიტრი პესკოვი მაშინაც გამოესარჩლა და თქვა, რომ პრეზიდენტმა უბრალოდ ზურგის კუნთები დაიჭიმა.

2014 წლის ბოლოს, ამერიკული ტაბლოიდი New York Post-ი „პუტინთან დაახლოებულ წყაროებზე”, მათ შორის უსახელო გერმანელ ექიმზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი პანკრეასის კიბოთი იტანჯება და სიკვდილთან ახლოსაა.

არასრული ჩამონათვალი
არასრული ჩამონათვალი

იქიდან რამდენიმე თვეში, ასევე ამერიკულმა USA Today-მ პენტაგონის კონტრაქტორი არასამთავრობო ორგანიზაციის 2008 წლის კვლევა გაასაჯაროვა. იქ ეწერა, რომ პუტინს ასპერგერის სინდრომი აქვს, „აუტისტური დარღვევა, რომელიც ყველა მის გადაწყვეტილებაზე აისახება”.

„ასპერგერის სინდრომი” მოძველებული ტერმინია. დღეს იგი „აუტისტური სპექტრის აშლილობის” ნაწილია.

გამოცემა The Guardian-მა მაშინ „სისულელე” უწოდა ფსიქიატრიული დიაგნოზის დისტანციურად დასმას.

პუტინისთვის ლამის ყველაზე ხშირად „დასმული” დიაგნოზი პარკინსონის დაავადებაა, რომელიც იწვევს კანკალს, კუნთების სპაზმებს და ართულებს მეტყველებას.

2020 წლის ოქტომბერში ტაბლოიდი The Sun-ი ირწმუნებოდა, რომ რუსეთის პრეზიდენტს დაავადება გაუმწვავდა და ის მალე თანამდებობას დატოვებს. „ამაში ოჯახმა დაარწმუნა”, - უთხრა გამოცემას ვალერი სოლოვეიმ.

ეს არასრული ჩამონათვალია. უკრაინაში შეჭრის შემდეგ, „ცნობები” კიდევ უფრო გახშირდა.

"მეტისმეტად ჯანმრთელი"

2022 წლის ივლისში აშშ-ის ცენტალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) უფროსმა, უილიამ ბერნსმა თქვა, რომ ჭორების არ სჯერა და, რამდენადაც იცის, „პუტინი მეტისმეტად ჯანმრთელიც კია”.

ასევე წლებია, ინტერნეტში ვრცელდება თეორიები, რომ ავადმყოფ, ან უკვე გარდაცვლილ, პუტინს ორეულები ჰყავს. ეს თეორიები დიდი ხანია მიმებადაც იქცა. უამრავ ხუმრობას ნახავთ იმაზე, რომ პუტინს ცალკე ორეული ჰყავს საჯარო გამოსვლებისთვის, ცალკე ორეული ბანკეტებისთვის, ერთიც - მოხსენებების მოსასმენად.

ბრიტანელ ისტორიკოსს, მარკ გალეოტის რთულად წარმოუდგენია, რომ ვინმეს მართლა შეიძლება ჰყავდეს წყარო პუტინის გარემოცვაში, თან ისეთი, რომელიც წლებია ვერ დაადუმეს.

„პუტინის შიდა წრე ნამდვილი შავი ყუთია. როგორც წესი, ისიც კი არ ვიცით, სად იმყოფება, მის ჯანმრთელობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ”, - ეუბნება გალეოტი ბრიტანულ გამოცემა The Independent-ს.

"გულწრფელი სურვილი"

სხვადასხვა შეთქმულების თეორიები პოლიტიკოსებსა და უბრალოდ ცნობილ ადამიანებზე ყოველთვის ვრცელდებოდა. მაგალითად, ერთ-ერთის თანახმად, რეპტილოიდი უცხოპლანეტელები (მაგ. „სპეის-იქსისა“ და „ტესლას“ დამფუძნებელი ილონ მასკი) დედამიწაზე, ჩვენ შორის არიან და პლანეტის მოსახლეობის დამონებას აპირებენ.

კიდევ ერთი კი ამტკიცებს, რომ „ბიტლზის” ერთ-ერთი წევრი, პოლ მაკარტნი თითქოსდა 1966 წელს ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

მაგრამ პუტინის სიცოცხლითა და ჯანმრთელობით აშკარად ჩვეულებრივზე მეტად სპეკულირებენ, ამბობენ ექსპერტები.

ზოგის აზრით, მისტიფიკაციები იმით აიხსნება, რომ პუტინის სიკვდილი უბრალოდ ძალიან ბევრ ადამიანს სურს. რუსეთშიც, უკრაინაშიც და დანარჩენ მსოფლიოშიც.

„ეს უამრავი ადამიანის საკმაოდ გულწრფელი სურვილია, აი, ასე, მარტივად გადაჭრან პრობლემა”, - ამბობდა რუსი პოლიტოლოგი სერგეი გაიდაი 2022 წლის ივლისში.

კიდევ ერთი რუსი პოლიტოლოგი, ივან პრეობრაჟენსკი კი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, თავად კრემლი ავრცელებს ხოლმე მსგავს ხმებს, რათა მოსახლეობას ცოტა ხნით დაავიწყოს ომი და დიქტატურა.

ამგვარად, ცოტა ხანი „რუსეთის ხსენებაზე ყველა არა დანგრეულ ქალაქებსა და ათასობით დახოცილ ადამიანზე იფიქრებს, არამედ მხოლოდ ერთი რუსი პენსიონერის ჯანმრთელობაზე”.

"კრემლის სტილი"

აზრები იმაზეც იყოფა, ვის თამაშს თამაშობენ ტელეგრამარხი Генерал СВР და ვალერი სოლოვეი.

ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაციის, Chatham House-ის წარმომადგენელი, ჯეიმს ნიქსი ამბობს, რომ „გაურკვევლობის დათესვა კრემლის სტილია”, არხი კი დიდი ხანია რუსეთის ხელისუფლებისთვის სასარგებლო დეზინფორმაციას ავრცელებს.

მაგალითად, ამტკიცებს, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის” ყოფილი მფლობელი, ევგენი პრიგოჟინი სინამდვილეში ცოცხალია და ვენესუელაში იმალება.

რუსი ბლოგერი მაიკლ ნაკი კი უფრო იმას ვარაუდობს, რომ ვალერი სოლოვეი უბრალოდ რეკლამას იკეთებს.

„ძალიან მოსახერხებელია. იმის დამტკიცება, რომ პუტინი ცოცხალია, ისევე შეუძლებელია, როგორც მისი სიკვდილის. მსგავს ჭორებს კი ბევრი ნახვა და სარფიანად გაყიდული რეკლამა მოაქვს”, - ამბობს მაიკლ ნაკი.

მართლაც, თითქმის ორი კვირაა, ვალერი სოლოვეი ინტერვიუებს არიგებს. ის ირწმუნება, რომ პუტინის მმართველობა წარსულს ჩაბარდა და ყველას მოუწოდებს, მეტის გასაგებად იკითხონ ტელეგრამარხი Генерал СВР.

არხი კი განაგრძობს იმის აღწერას, თუ რა ხდება პუტინის „სიკვდილის“ შემდეგ. ავტორის მტკიცებით, ახლა პუტინის ორეულიც ავად გამხდარა და კორონავირუსი დამართნია.

XS
SM
MD
LG