Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ მიგვატოვა ღვთისმშობელმა


„სწორედ ღვთის წყრომა და უბედურებაა ჩვენს თავს! ალბათ მართალი უთქვამს ცნობილ მოღვაწეს გორში: ქართველები ისეთი ავზნიანები და უბედურები იყვნენ ძველადვე, რომ ღვთისმშობელმა ხელი აიღო და აღარ მობრძანდა ქრისტიანობის საქადაგებლად, თუმცა ეს ქვეყანა ხვდა წილადო“, - ამგვარი ვარაუდის საფუძველი ალექსანდრე ფრონელს მესხეთში მოგზაურობისას, ქართველთა ხელით „წაბღალული“ ეკლესიების ხილვამ მისცა.

ძნელი წარმოსადგენი არ არის, თუ რა ფიქრებს აღუძრავდა „დიდებული მესხეთის“ ავტორს საუკუნის შემდეგ კიდევ უფრო მეტად „წაბღალული“ გელათის მონასტრისა და კიდევ უფრო მეტად „ავზნიანი და უბედური“ ქართველების ხილვა, იმ ქართველებისა, რომლებიც ყოველ ნაბიჯზე არღვევენ კონსტიტუციას თუ სჯულისკანონს, იმ ქართველებისა, რომლებიც არც ქვეყნის თავისუფლებას დაგიდევენ და არც - ცალკე აღებული მოქალაქეებისას.

(სავარაუდოდ) საქართველოს უსაფრთხოების სამსახურიდან (სუს) გამოტანილმა ფარული მიყურადებისა და თვალთვალის უპრეცედენტო მოცულობის მასალებმა აჩვენეს, თუ როგორ არის „წაბღალული“ საქართველოს ე.წ. საერო და სასულიერო ხელისუფლება, როგორ უთვალთვალებს ერთი მეორეს და როგორ სჩადიან, ერთად თუ ცალ-ცალკე, დანაშაულს, თუმცა, როგორც მრავალწლიანი მანკიერი ურთიერთობით დაკავშირებულ გამოცდილ პარტნიორებს შეშვენით, არცერთი მათგანი არ აპირებს არც კონტრაქტის გაწყვეტას და არც ერთმანეთთან კონფრონტაციაში შესვლას. არადა, მოქმედი ხელისუფლების უსაფრთხოების სამსახურის მასალების მიხედვით, საქართველოს საპატრიარქოს ეკლესიებსა და დაწესებულებებში ჩადენილია ათობით (ასობით თუ არა) დანაშაული (მათ შორის, არასრულწლოვნების მიმართ), ხელყოფილია აღსარებისა და ზიარების საიდუმლო, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება და ა.შ.

საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები აღშფოთდნენ მასალების გავრცელების გამო. თქვეს, რომ ნაწილი მართალია, ნაწილი ტყუილ-მართალი და ნაწილი ტყუილი, და ამით საპატრიარქოს და პატრიარქს ებრძვიან, თუმცა, იქვე დააზუსტეს, რომ თვალთვალსა და მიყურადებაში პრობლემას ვერ ხედავენ; არც საკუთარ რიგებში ჩადენილი დანაშაული დაგმეს და არც სუს-ს უსაყვედურეს, უფრო გაუგეს, თქვეს, თუ საჭიროა, თუ ქვეყნის უსაფრთხოებას სჭირდება, მოგვისმინონო.

საქართველოს ხელისუფლებამაც, პატრიარქსა და სასულიერო პირებს სწორედ იმიტომ ვუსმენთ, იმიტომ ვუთვალთვალებთ საკურთხევლებსა და საძინებლებში, რომ პატრიარქი და ეკლესია დავიცვათო. მეტიცო, ამბობენ, ასე იმართება სახელმწიფო და ეს ნორმააო.

ცხადია, ნორმა არაა და ეს ყველამ იცის, ისევე, როგორც ყველამ იცის, რომ გამჟღავნდა დიდი, სისტემური დანაშაული, შეიძლება ითქვას, უპრეცედენტო თავისი მასშტაბით, როცა სახელმწიფო (სავარაუდოდ) ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე უთვალთვალებს და აშანტაჟებს ათასობით თავის მოქალაქეს, უკანონოდ მოიპოვებს და აგროვებს მათი პირადი ცხოვრების ამსახველ აუდიო- და ვიზუალურ მასალას.

სუს-ი რომ პოლიტიკური პოლიციის ფუნქციას ასრულებდა, ისედაც ყველამ იცოდა, მაგრამ ბოლო, მასშტაბური გაჟონვის წყალობით სუს-ის დანაშაული საყოველთაოდ დადასტურებულ ამბად, ხოლო მისი საშუალებით ძალაუფლების შენარჩუნება და მიტაცება ანბანურ ჭეშმარიტებად იქცა. მიუხედავად იმისა, რას გამოიძიებს პროკურატურა და როგორ გადაწყვეტს სასამართლო, აღარავისთვის არის საიდუმლო, რას და რატომ აკეთებდა სუს-ი. ისე, აღარც ხელისუფლების წარმომადგენლები უარყოფენ სუს-ის დანაშაულებრივ საქმიანობას და ყველაფერს სახელმწიფო ინტერესებით ამართლებენ, მათ შორის, საქართველოში აკრედიტებული ელჩების საუბრების მიყურადებასაც.

წესით, საიდუმლო მასალების ამგვარ გაჟონვას და მათ შინაარსს საზოგადოების რისხვა უნდა გამოეწვია, მაგრამ იმდენად აშკარად და ვულგარულად გაშიშვლდა თვალთვალისა და მიყურადების, გადაბირებისა და შანტაჟის, დამნაშავეთა მფარველობისა და დანაშაულის წახალისების მანკიერი სისტემა, რომ სუს-ის და მასთან დაკავშირებული მმართველი პარტიის ლიდერთა მიმართ ზიზღის ემოციურმა გამოხატვამ პარადოქსულად დაკარგა აზრი მსგავსად იმისა, როგორც სტენდალის რომან „ლუსიენ ლევენშია“: „როცა ზიზღი ყბადაღებულ ჭეშმარიტებად იქცევა, მას მხოლოდ ბრიყვები ამჟღავნებენო“.

შეუძლებელია, ემოციურად გამოხატო ზიზღი ან აღშფოთება საყოველთაოდ ცნობილი, ბანალური მანკიერების მიმართ. რისხვას ბევრად იოლად გამოიწვევს კარგად შენიღბული, ვითომ სიკეთისა და სიქველის სენსაციური მხილება, ვიდრე ბანალური, ყველასათვის აშკარა მანკიერება, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და მისი სპეცსამსახური კი დიდი ხანია ბანალურ მანკიერებად იქცნენ, რომლებიც, თუ მეტაფორებს შევყვებით, შეჩვეული, ქრონიკული ავადმყოფობა უფროა, ვიდრე მოულოდნელად აღმოჩენილი სიმსივნე, რომელიც დაუყოვნებელი მოქმედებისკენ გიბიძგებს...

ცალკე ამბავია, ძალადობრივი სისტემის გამართლების მდიდარი ტრადიცია, რომელიც გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან იღებს სათავეს და, რომლის საფუძვლიანი რეფლექსია არ მომხდარა. დღესაც ბევრი მიიჩნევს, რომ რეპრესიები გამართლებული იყო და, რომ ტყუილად არავის ხვრეტდნენ და იჭერდნენ; დღესაც ბევრი ეტრფის სტალინს და ბევრი ამაყობს მისი ქართველობით, ბევრი ოცნებობს, იყოს მოძალადე სისტემის ნაწილი, სისტემისა, რომელიც თავის რიგებში მყოფ მკვლელებსა და ვამპირებს იცავს, როგორც ეს ვიქტორ შენდეროვიჩის ერთ პიესაშია:

- იციან, რომ ვამპირი ხარ?
- ამხანაგებმა სამსახურში იციან!
- ფიქრობ, არ გამჟღავნდება?
- გამჟღავნდება და ცილისწამებისთვის ჩავსვამთ!
[„ტკბილეული მეხსიერებისათვის“, ვ. შენდეროვიჩი]

ასე მუშაობს ყველა მანკიერი, ავტორიტარული სისტემა, ისევე, როგორც ყველა ამგვარი სისტემა გვარწმუნებს, რომ არჩევანი გასაკეთებელი გვაქვს უსაფრთხოებასა და თავისუფლებას შორის. გვარწმუნებს, რომ თავისუფლება უნდა დავთმოთ უსაფრთხოების გამო და მეტი დამაჯერებლობისთვის ცდილობს შექმნას ე.წ. ხელსაყრელი ექსტრემალური სიტუაცია, რომელიც ბუნებრივადაც შეიძლება არსებობდეს. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ასეთი „ხელსაყრელი ექსტრემალური სიტუაცია“ რუსეთის აგრესია და რუსეთიდან მომავალი რეალური საფრთხე იყო, „ქართულმა ოცნებამ“ კი „ხელსაყრელ ექსტრემალურ სიტუაციად“ თვითონ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი აქცია, თუმცა, როგორც უნდა იყოს, აუცილებლად გასათვალისწინებელი გვაქვს XX საუკუნის გამოცდილება, რომელიც გვასწავლის: ვინც თავისუფლებას უსაფრთხოების ხარჯზე დათმობს, ის, ბოლოს, ორივეს დაკარგავს!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG