Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული ზეტ-პროპაგანდა - პატრიოტული კვერცხები, 40 ათასი ჯარიმა და სხვა 


რუსულ სამხედრო ტექნიკაზე გამოსახულმა ლათინურმა ასოებმა Z-მა და V-მ უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებიდანვე მიიქცია მსოფლიოს ყურადღება. რუსული პროპაგანდის ძალისხმევით ეს ასოები, განსაკუთრებით Z, მალე იქცა ამ ომის ოფიციალურ სიმბოლოებად.

რუსეთში თავიანთი სამხედროებისადმი მხარდაჭერის გამოხატვისას, ფლეშმობებში მონაწილეები Z-ის კონტურს გამოსახავენ; Z-ს აწერენ ავტომობილებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ბილბორდებსა და მაისურებს; Z-ს ასევე იყენებენ მუქარისთვის და ომის მოწინააღმდეგეების დასაშინებლად.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველ დღეებში სოციალურ ქსელებში გამოჩნდა რუსული სამხედრო ტექნიკის ფოტოები ლათინური ასოებით Z და V. მაშინვე გავრცელდა სხვადასხვა ვერსია იმის შესახებ, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ეს. გამოითქვა ვარაუდი, რომ ასოებით მიანიშნებდნენ ჯარების მოძრაობის მიმართულებას: Z - ანუ „დასავლეთი“ („Запад“). ბევრი მიიჩნევდა, რომ V და Z იყო მინიშნება უკრაინის პრეზიდენტ Vოლოდიმირ Zელენსკიზე.

ორგანიზაცია Conflict Intelligence Team-ის დამფუძნებელი, რუსლან ლევიევი განმარტავს, რომ ასო Z სამხედრო ტექნიკაზე ნიშნავს დასავლეთის (Западный) სამხედრო ოლქს, ხოლო V - აღმოსავლეთის (Восточный) სამხედრო ოლქს. სამკუთხედით მონიშნული ტექნიკა მიეკუთვნება სამხრეთის სამხედრო ოლქს, დიაგონალური ხაზით კი - ცენტრალურს.

„ამავდროულად, ჯარისკაცებისთვის არ მიუციათ მკაფიო მითითებები, თუ სად და რა ზომის ნიშნები უნდა გაეკეთებინათ. ამიტომაც არის ამგვარი მრავალფეროვნება ფორმისა და ადგილის თვალსაზრისით. არსებობს მოსაზრება, რომ, თითქოს, ეს ნიშნები გაკეთდა წვრთნებისთვის, თუმცა მსგავსი არაფერი ყოფილა. წვრთნები მხოლოდ ბელარუსში ჩატარდა, ტექნიკა კი ყველგან, უკრაინის მთელი საზღვრის გასწვრივ მოიხატა. გარდა ამისა, წვრთნების დროს არავინ ღებავს აღჭურვილობას ამგვარად - ეს აბსურდია: ჯერ შეღებო, შემდეგ ჩამორეცხო და ხელახლა გადაღებო. წვრთნებისას უბრალოდ ურიგებენ წითელ და ლურჯ დროშებს, ლენტებს და ეუბნებიან: შენ ხარ ლურჯი გუნდი და შენ - წითელი გუნდი“, - ამბობს ლევიევი, რომლის თქმითაც, ამგვარი მარკირება საჭიროა იმისათვის, რომ საომარი მოქმედებების დროს ცხადი იყოს, რომელი ჯგუფის სარდლობას ეკუთვნის სამხედრო ტექნიკა.

რუსული ტანკი Z ნიშნით. უკრაინა. 11 მარტი, 2022 წ.
რუსული ტანკი Z ნიშნით. უკრაინა. 11 მარტი, 2022 წ.

„ომის დაწყებიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, კრემლის პროპაგანდისტებმა გადაწყვიტეს, სიმბოლო Z, რომელსაც უკვე მოესწრო მითებით დახუნძვლა, თავიანთ პროპაგანდისტულ არსენალში შეეტანათ. სწორედ მაშინ მოიფიქრეს საკმაოდ ხეპრული ახსნა, რომ Z ნიშნავს „გამარჯვებისთვის“ („За победу“), V კი, ასევე ბრიყვულად, სიმართლის ძალას დაუკავშირეს („сила V правде“) და დაიწყეს ბრენდის შექმნა წმინდა გიორგის ლენტის დარად. ახლა, რადგან Z იქცა პროპაგანდისტულ ბრენდად, სამხედროებმაც უარი თქვეს სხვა ნიშნებზე და უკლებლივ ყველა ტექნიკურ საშუალებას, ყოველგვარი საჭიროების გარეშე, ახატავენ Z-ს. მაგალითად, ასე ხდება რეზერვიდან მიღებული ტექნიკის შემთხვევაში“, - ამბობს ლევიევი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ სიმბოლიკის შესახებ არანაირი განმარტება არ გაუკეთებია, თუმცა უწყების Instagram-ის ანგარიშზე გამოჩნდა სლოგანები ამ ასოების გამოყენებით: „Zа мир“ („მშვიდობისათვის”), „Zа правду“ („სიმართლისათვის”), „Zаканчиваем войны“ („ვასრულებთ ომებს”), „ZаПацаноV“ („ბიჭებისათვის”) და სხვა.

საბოლოო ჯამში, Z-ზე ააწყვეს ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია. რუსულმა სახელმწიფო ტელევიზია RT-იმ უკრაინის ომს „სპეცოპერაცია Z“ უწოდა და ამ სიმბოლიკიანი მაისურების სერიული გამოშვება დაიწყო. მსგავსი მაისურები და სტიკერები რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ონლაინმაღაზია Wildberries-შიც გამოჩნდა.

ომის დაწყებიდან ერთი კვირის თავზე, კემეროვოს ოლქის გუბერნატორმა სერგეი ცივილევმა გამოსცა ბრძანება, რომლის საფუძველზეც ოფიციალურ დოკუმენტებში რეგიონის სახელად „КуZбасс“-ი („კუZბასი“) ჩაიწერა.

„Z“-ი პირველ რიგში ჩვენი მებრძოლების მხარდაჭერის ნიშანი და ჩვენი საზოგადოების სოლიდარობის სიმბოლოა“, - განაცხადა ცივილევმა. კემეროვოს ოლქს მალევე მიბაძა ამიერბაიკალის მხარის ადმინისტრაციამ, რომელმაც თავის საინფორმაციო მასალებში რეგიონის დასახელებად Zабайкалье-ს გამოყენება დაიწყო.

გამოცემა SOTA-მ გამოაქვეყნა სახელმძღვანელო, რომელიც, სავარაუდოდ, შემუშავებულია კემეროვოს რეგიონის ხელისუფლების მიერ და მასში მოცემულია რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაუჭირონ მხარი რუს სამხედროებს სოციალურ ქსელებში, როგორ ჩაწერონ პატრიოტული მიმართვები, სიმღერები და ა.შ. სახელმძღვანელოს ავტორები ურჩევენ ბლოგერებს, გამოიყენონ ჰეშთეგები ZаРоссию, ZаНаших, ZаПутина, СвоихНеБросаем. SOTA-ს ამ რეკომენდაციით სოციალური ქსელების ათასობით მომხმარებელმა ისარგებლა, მათ შორის, Z-სიმბოლიკით გაჯერებული მიმართვები გაავრცელეს საგანმანათლებლო დაწესებულებების აღსაზრდელებმა, სხვადასხვა ასაკის ბავშვებმა.

ყაზანში მსგავსი აქცია ჰოსპისმაც მოაწყო - ასო Z გამოსახეს ავადმყოფმა ბავშვებმა, მათმა მშობლებმა და დაწესებულების თანამშრომლებმა.

„მარცხენა ხელში გვეჭირა ლუგანსკის, დონეცკის, რუსეთისა და თათრეთის დროშები, მარჯვენა ხელი კი მუშტად გვქონდა შეკრული. გადაღებისას გამოვიყენეთ კვადროკოპტერი, ჩვენი აქციით დაინტერესდნენ ფედერალური არხები“, - სიამაყით განაცხადა ჰოსპისის მმართველი ფონდის თავმჯდომარემ, ვლადიმირ ვავილოვმა.

ასო Z შეიძლება იხილოთ საკმაოდ მოულოდნელ ადგილებშიც. მაგალითად, იაკუტიის მეფრინველეობის ფერმის „პატრიოტულ კვერცხებზე“.

ან სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის ტატიანა ბუტსკაიას მეუღლის კეფაზე.

ძალიან მცირე დროში, ჩვეულებრივი ლათინური ასო Z იქცა ლამის საკრალურ სიმბოლოდ, რომელზე ხუმრობაც კი აკრძალულია. ასო Z-ზე დაწერილი უდიერი კომენტარისთვის, სურგუტის ერთ-ერთი მკვიდრი 40 000 რუბლით დააჯარიმეს რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის შესახებ მიღებული ახალი მუხლის საფუძველზე. მოქალაქემ დაწერა, რომ Z ნიშნავს „засранцы“-ს („ქვეშა...ვიები“).

Z-ს მხოლოდ უკრაინაში შეჭრის მხარდასაჭერად როდი იყენებენ. Z ასევე აქციეს ომის მოწინააღმდეგეთა დაშინების სიმბოლოდ. კინოკრიტიკოსმა ანტონ დოლინმა რუსეთიდან წასვლამდე თავისი ბინის კარზე ნახა ეს სიმბოლო: „მნიშვნელობა გასაგებია: „ჩვენ ვიცით, სად ცხოვრობს შენი ოჯახი, ფრთხილად იყავი“, - წერს დოლინი. უცნობმა ადამიანებმა იგივე ნიშანი დატოვეს ჟურნალ „თეატრის“ მთავარი რედაქტორის, მარინა დავიდოვას კარზეც. დავიდოვას ხელი აქვს მოწერილი უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტის მოთხოვნით შედგენილ პეტიციაზე: „რამდენიმე დღის შემდეგ, ჩემი ბინის კარზე გამოჩნდა Z ნიშანი, რომლის მნიშვნელობა მაშინ ჩემთვის ბოლომდე გასაგები არ იყო, მაგრამ ცხადი იყო ერთი რამ: ეს იყო თეთრი საღებავით გაკეთებული „შავი ნიშანი“, - დაწერა სოციალურ ქსელში ჟურნალის რედაქტორმა. იგივე სიმბოლო აღმოაჩინეს „მემორიალის“ თანამშრომლებმა ორგანიზაციის ოფისში 14-საათიანი ჩხრეკის შემდეგ: უზარმაზარი Z-ის ქვეშ ეწერა „მემორიალი - მორჩა“. პოლიციელებიც კი თავიანთ ჩაფხუტებზე Z-ს იწერენ, როცა ომის მოწინააღმდეგეთა მიტინგებს არბევენ.

რუსეთმა ასევე აქტიურად გამოიყენა Z სიმბოლო 18 მარტს, ყირიმის ანექსიის მორიგი წლისთავის აღნიშვნისას. მოსკოვში, ლუჟნიკის სტადიონზე შეკრებილმა ათასობით ადამიანმა „აჩვენა საზოგადოების ყველა ფენის კონსოლიდაცია პრეზიდენტისა და მის მიერ უკრაინაში გატარებული დენაციფიკაციის პოლიტიკის გარშემო“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG