Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული "უკვდავთა პოლკი" 9 მაისს ჭავჭავაძის გამზირზე გეგმავს მსვლელობას


9 მაისის აღნიშვნა 2018 წელს ვაკის პარკში
9 მაისის აღნიშვნა 2018 წელს ვაკის პარკში

ორგანიზაცია "ევრაზიული ინსტიტუტის" დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძე 9 მაისს ჭავჭავაძის გამზირზე ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნას "უკვდავი პოლკის" მსვლელობით აპირებს.

"საქართველოს უკვდავი ჯარი" (რუსული ვერსია: "Бессмертный полк") არის ანალოგი საერთაშორისო მოძრაობისა, თავისი ქართული სპეციფიკითა და სრული ავტონომიით. 1941-45 წლების დიდ სამამულო ომში მონაწილე ჩვენი წინაპრების, ასევე საბჭოთა კავშირის ქართველი გმირების პორტრეტებით დავიძრებით ვაკის პარკისკენ, ჩავუვლით საელჩოებს, ფეხბურთის ფედერაციას, უცხო ენების ინსტიტუტს და ვაკის პარკის კოლონებიანი შესასვლელიდან კიბეებზე ჩავალთ პარკში, სადაც სხვა მოზეიმე საზოგადოებაც იქნება, მემარცხენე პატრიოტები და, რაც მთავარია, საკუთრივ ომის ცოცხალი ვეტერანები, რომლებიც ცოტანი დარჩნენ და რომელთაც ყოველთვის თბილი სიტყვები უნდა ვუთხრათ (სიტყვების გარდაც გაგვიკეთებია ზოგი რამ, მაგრამ ეგ ცალკე იყოს). " - წერს მსვლელობის ინიციატორი გულბაათ რცხილაძე.

​"უკვდავი პოლკის" მსვლელობები სათავეს რუსეთიდან იღებს. მისი მონაწილეები მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ახლობლების ფოტოებით გამოდიან ხოლმე დემონტრაციაში მონაწილეობის მისაღებად. მსველობები რუსეთის გარდა სხვა ქვეყნებშიც ტარდება და მასში მონაწილეობას მოქალაქეების გარდა მონაწილეობენ ხოლმე პოლიტიკოსებიც, მათ შორის ვლადიმირ პუტინიც.

"უკვდავი პოლკი "თავის რიგებში იღებს ყველას, "ვისთვისაც ძვირფასია ფაშიზმზე გამარჯვებისთვის მებრძოლები" და თავის თავს ახასიათებს, როგორც არაკომერციულ არაპოლიტიკურ, არასამთავრობო სამოქალაქო ინიციატივას.

ფეისბუქის ღია ჯგუფის მიხედვით, ორგანიზაციას კოოდინატორები ჰყავს 50 ქვეყნის 1300 ქალაქსა და სოფელში, მათ შორის დიდ ბრიტანეტში, ბულგარეთსა და ისლანდიაში.

თბილისში ე.წ. "უკვდავთა პოლკის" ქართული დანაყოფი" 2017 წლის 9 მაისს გამოჩნდა, ვაკის პარკში გამართულ ღონისძიებებზე.

მსვლელობის ორგანიზატორი გულბაათ რცხილაძე, გამოირჩევა ანტიდასავლური რიტორიკით და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის ნაცვლად ქვეყნის ევრაზიულ კავშირში გაერთიანების მომხრეა. მისი დაფუძნებული ევრაზიის ინსტიტუტი კი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა რუსულ ორგანიზაციასთან.

ევრაზიის ინსტიტუტი რამდენიმე პროექტს ახორციელებს მათ შორისაა „სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისათვის“. თავად პროექტის აღწერაში ნათქვამია, რომ “სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისათვის შეიქმნა, როგორც ქართველი ხალხის პასუხი იმ პოლიტიკური ძალების მიმართ, იქნებიან ისინი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რომლებიც ხელოვნურად ძაბავდნენ და დღესაც ცდილობენ, დაძაბონ ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის”.

XS
SM
MD
LG