Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბჭოთასიმბოლიკიანმა მაისურებმა Walmart-ის მომხმარებელი აღაშფოთა


მსოფლიოს ერთ-ერთი გიგანტი სავაჭრო კორპორაცია Walmart Inc. ონლაინ მაღაზიის მომხმარებელს საბჭოთასიმბოლიკიან მაისურებს სთავაზობს. მაისურების მწარმოებელი კომპანიაა Buy Cool Shirts ("შეიძინე მაგარი მაისურები"). Walmart-ის ონლაინ მაღაზიაში მამაკაცის მაისურის ფასი, რომელზეც ნამგალი და ურო და CCCP არის გამოსახული, 17 დოლარიდან 30 დოლარამდე მერყეობს, გააჩნია მაისურის ფერსა და ფორმას. ​

ონლაინ მაღაზიაში განთავსებულმა საბჭოთა სიმბოლიკიანმა მაისურებმა საზოგადოების ნაწილის პროტესტი გამოიწვია. საკუთარ პროტესტს ისინი ტვიტერის საშუალებით გამოხატავენ და წერენ:

„რატომ იყიდება საბჭოთა სიმბოლიკიანი მაისურები Walmart-ზე? ეს მაისურები კრემლის პროპაგანდისტული მანქანის მუშაობაზე ასხამს წყალს, რომელიც ოცნებობს საბჭოთა რეჟიმის აღდგენაზე. იმ რეჟიმის, რომელიც პასუხისმგებელია ათობით მილიონი ადამიანის სიკვდილზე, რომელიც მოჰყვა სხვადასხვა სადამსჯელო ღონისძიებებს, გადასახლებებს, გულაგებსა და შიმშილს “;

„დღეს გრძელი სია მაქვს საყიდლებისა და ვაპირებდი Walmart-ში წასვლას, მაგრამ სხვა მაღაზიაში წავალ. ჩემი სახლიდან 30 მილის მანძილზე Walmart-ი ერთადერთი მაღაზიაა, ყოველთვის იქ ვვაჭრობ, მაგრამ დღეს არა“;

„რას აკეთებ, Walmart? გგონია, ვერ გხედავთ?...“; „ეს რა ჯანდაბაა, Walmart? პასუხები გვჭირდება“;

„ეს სულაც არ არის „მაგარი“, Walmart“; „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საბჭოთა კავშირში“;

„შემდეგი რა იქნება, სვასტიკა?“...

„გასულ საუკუნეში კომუნიზმმა 100 მილიონზე მეტი ადამიანი დახოცა. უამრავი ადამიანი დაიტანჯა და იტანჯება დღესაც... და მიუხედავად ამისა, Walmart-ი კომუნისტურ სიმბოლოებს რეკლამას უკეთებს...“;

კომპანია Buy Cool Shirts ყიდის მაისურებსა და აქსესუარებს, როგორც მამაკაცების, ისე ქალებისა და ბავშვებისათვის. გარდა მაისურებისა, კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ე.წ. "ჰუდი"-ებსა და ზურგჩანთებს სხვადასხვა გამოსახულებებით, მათ შორის ცნობილი მსახიობების, სპორტსმენებისა თუ სახალისო გამონათქვამებითა და ფოტოებით. თავად კომპანიის საიტზე საბჭოთა სიმბოლიკით გაფორმებული 167 პროდუქტი იყიდება.

რაც შეეხება გიგანტ კორპორაციას Walmart-ს, ის მომხმარებელს ამ კომპანიის მიერ წარმოებულ 5 პროდუქტს სთავაზობს.

კომპანია Buy Cool Shirts-ის პროდუქცია, კონკრეტულად მაისურები, ონლაინ მაღაზია Amazon-ზეც იყიდება, თუმცა, მათ ჩამონათვალში არ არის საბჭოთა სიმბოლიკიანი მაისურები.

კორპორაცია Walmart Inc. მსოფლიოს ერთ-ერთი გიგანტი კორპორაციაა, რომელიც ონლაიან მაღაზიასთან ერთად, მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს 12 ათასამდე მაღაზიას. მისი სათაო ოფისი არკანზასის შტატში, ქალაქ ბენტონვილშია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG