Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტები - 1991 - 2018


28 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა მეხუთე პრეზიდენტს ირჩევს. არჩევნებში 25 კანდიდატი მონაწილეობს. მათგან 19 პოლიტიკური პარტიის, ხოლო 6 ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერაა წარდგენილი.

პრეზიდენტი #1 - ზვიად გამსახურდია (1991-1992)

ზვიად გამსახურდია საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1991 წლის მარტში აირჩია. 1991 წლის 26 მაისს კი ეს არჩევანი საქართველოს მოსახლეობამ საყოველთაო-სახალხო საპრეზიდენტო არჩევნებით დაადასტურა. სამხედრო გადატრიალების შემდეგ, 1992 წლის 6 იანვარს მან საქართველო დატოვა და თავშესაფარი ჩეჩნეთში ჰპოვა. მთავრობა დროებით შეცვალა სამხედრო საბჭომ. მისი ერთ-ერთი პირველი განკარგულება ზვიად გამსახურდიასთვის პრეზიდენტის წოდების ფორმალური ჩამორთმევა იყო. სამხედრო საბჭომ მოგვიანებით თავი "სახელმწიფო საბჭოდ" გამოაცხადა და ხელმძღვანელად ედუარდ შევარდნაძე მოიწვია 1992 წლის მარტში.

პრეზიდენტი #2 - ედუარდ შევარდნაძე (1995-2003)

ედუარდ შევარდნაძემ საქართველოს პრეზიდენტის პოსტი პირველი ვადით 1995 წლის 5 ნოემბრის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად დაიკავა. მეორე ვადით საქართველოს პრეზიდენტად ის 2000 წლის 9 აპრილს აირჩიეს. პრეზიდენტის თანამდებობიდან ედუარდ შევარდნაძე ვადამდე გადადგა 2003 წლის 23 ნოემბერს, ვარდების რევოლუციის შედეგად.

პრეზიდენტი #3 -მიხეილ სააკაშვილი (2004 - 2013)

საქართველოს მოსახლეობამ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტად ამომრჩეველთა ხმების 96 %-ით, 2004 წლის 4 იანვარს აირჩია. მეორე ვადით ის საქართველოს მოქალაქეების 53,4%-მა 2008 წლის 5 იანვარს აირჩია პრეზიდენტად.

პრეზიდენტი #4 -გიორგი მარგველაშვილი (2013-2018)

გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად 2013 წლის 27 ოქტომბერს აირჩია საქართველოს მოსახლეობამ ხმათა 62,18%-ით.

პრეზიდენტი #5 - ? (2018-2024)

ახალი კონსტიტუციის თანახმად, მოსახლეობა წელს ბოლოჯერ, 6 წლის ვადით აირჩევს პრეზიდენტს. 2024 წლიდან საქართველოს პრეზიდენტს 300-კაციანი ამომრჩეველთა კოლეგია აირჩევს, რომლის შემადგენლობაში იქნებიან საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG