Accessibility links

4 ივნისს საქართველოს საპატრიარქოს ერთდღიანი ვიზიტით ეწვია რუსეთის ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, ორ თანმხლებ პირთან ერთად.

“სტუმრობის მიზანი იყო უკრაინის ეკლესიის გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან მიმართებაში რუსეთის ეკლესიის პოზიციის გაცნობა”, - ვკითხულობთ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ასე მთავრდება: „უახლოეს პერიოდში, ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესიას ეწვევა მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლობა.“

რთული საკითხია, რასაც უკრაინა ითხოვს. ამას კანონიკური ნორმები განსაზღვრავს და ამიტომ ამ საკითხზე მსჯელობა რთული იქნება.
საქართველოს პატრიარქის მდივანი

თუმცა, როგორც ჩანს, მსოფლიო საპატრიარქოს დაასწრო მოსკოვის საპატრიარქომ საქართველოს პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის განმარტებით, ილარიონ ალფეევი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სწორედ უკრაინის ადგილობრივი ეკლესიის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისგან გამოყოფის საკითხზე ელაპარაკა.

„უკრაინის ადგილობრივი ეკლესია სთხოვს მსოფლიო საპატრიარქოს, როგორც პირველ ეკლესიას, რომ რაიმე ზომები მიიღოს და დაეხმაროს უკრაინას ამ დამოუკიდებლობის მოპოვებაში. ამასთან დაკავშირებით რუსეთის საპატრიარქოს თავისი პოზიციები გააჩნია. ამიტომ ბრძანდებოდა მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი). მსგავსი კონსულტაციები გაიმართება მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელთან. თუმცა, ჩვენ შეტყობინება ჯერ მათგან არ მიგვიღია. რუსეთის საპატრიარქო აცხადებს, რომ ალბათ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოც განახორციელებს ასეთივე ვიზიტს საქართველოში. ჯერ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ჩვენთვის არ მოუმართავს“, - განუცხადა მიქაელ ბოტკოველმა სააგენტო "ინტერპრესსნიუსს". მისი თქმით, საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია უკრაინის ეკლესიის ურთულეს საკითხზე, „მოზომილი“ იქნება.

„...მოზომილი და ისეთი, როგორც ეკლესიები შეთანხმდებიან. რთული საკითხია, რასაც უკრაინა ითხოვს. ამას კანონიკური ნორმები განსაზღვრავს და ამიტომ ამ საკითხზე მსჯელობა რთული იქნება“, - განაცხადა საქართველოს პატრიარქის მდივანმა.

ახლაც არ არის არანაირი მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს საპატრიარქო წავა მოსკოვის საპატრიარქოს ინტერესების წინააღმდეგ.
თეოლოგი ბექა მინდიაშვილი

„მოზომილი პოზიცია, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს საპატრიარქო, საგარეო ასპარეზზე, ისევე როგორც ბოლო 25-30 წლის მანძილზე, ამჯერადაც გაატარებს რუსეთის საპატრიარქოს ინტერესებს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას თეოლოგმა ბექა მინდიაშვილმა, რომელიც იხსენებს გამოსვლას ეკუმენური საბჭოებიდან, მსოფლიო კრების ჩაშლის მცდელობას, წინააღმდეგობას კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ინტერესებისადმი და ა.შ. ბექა მინდიაშვილი ასევე იხსენებს ილარიონ ალფეევის სიტყვებს, რომლებიც ცნობილი გახდა ვიკილიქსის მასალების გამოქვეყნების შემდეგ. რუსეთის ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე აშშ-ს ელჩთან საუბრის დროს ამბობს, რომ რუსეთის საპატრიარქო რუსეთის სახელმწიფოს გამტარებელი ინსტრუმენტია.

please wait

No media source currently available

0:00 0:02:33 0:00
Direct link

„ახლაც არ არის არანაირი მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს საპატრიარქო წავა მოსკოვის საპატრიარქოს ინტერესების წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში არაერთხელ დაისვა აღიარების საკითხი როგორც უკრაინის ხელისუფლების, ასევე კიევის (დამოუკიდებელი) საპატრიარქოს მხრიდან. უარს საქართველოს საპატრიარქო იმით ამართლებს ხოლმე, რომ თითქოს ამ წინააღმდეგობის შემდეგ შეიძლება რუსეთის საპატრიარქომ საქართველოს წინააღმდეგ გადადგას ნაბიჯი და აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთი ოსეთის ტერიტორიებზე არსებული, სქიზმაში მყოფი თემები ან აღიაროს ან მიიერთოს... თუმცა ყველასათვის ნათელია, რომ რუსეთი სრულად აკონტროლებს ორივე საეკლესიო თემს, შესაბამისად მოსკოვის საპატრიარქოს ქცევა მხოლოდ ფორმალური არაღიარებაა და სხვა არაფერი“, - ამბობს ბექა მინდიაშვილი.

რუსეთის საპატრაირქოს მიერ გავრცელებული განცხადებიდან ისიც ირკვევა, რომ ალფეევის ორი თანმხლები პირიდან ერთი მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების მართლმადიდებელთაშორისი ურთიერთობების განყოფილების მდივანი, დეკანოზი იგორ იაკიმჩუკია, მეორე კი განყოფილების თავმჯდომარის რეფერენტი ა. ერშოვი.

ილარიონ ალფეევსა და მის თანმხლებ პირებს საქართველოს პატრიარქის რეზიდენციაში კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ უმასპინძლა. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს პატრიარქის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო, თბილისის სასულიერო აკადემიის რექტორი პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და დეკანოზი ვლადიმირ ალექსანდროვი, რომელიც 14 მაისს მოავლინა საქართველოში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG