Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

9 მარტი - სინამდვილეში რა თქვა ხრუშჩოვმა ქართველებზე?


ნიკიტა ხრუშჩოვი და სტალინის ძეგლი - ფოტოილუსტრაცია
ნიკიტა ხრუშჩოვი და სტალინის ძეგლი - ფოტოილუსტრაცია

1956 წლის 9 მარტს თბილისში, სანაპიროზე სტალინის ძეგლთან შეკრებილ ხალხს ხრუშჩოვის გადაწყვეტილებით ტყვიები დაუშინეს. დაიღუპა ათობით ადამიანი, დაიჭრა უფრო მეტი, თუმცა, ზუსტად რამდენი, დღემდე გაურკვეველია.

1956 წელი - საბჭოთა სტუდენტებმა და ახალგაზრდა მუშებმა 5 მარტს, სტალინის ძეგლთან ყვავილები მიიტანეს. მას შემდეგ, რაც 1953 წლის ამავე დღეს სტალინი გარდაიცვალა, ასე იქცეოდნენ. ეს ის თაობა იყო, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოს არ მოსწრებია და საბჭოთა ეპოქისა და მისი ქართველი ბელადის გულწრფელად სწამდა.

მაგრამ ერთი კვირით ადრე, 1956 წლის 25 თებერვალს, დახურულ ყრილობაზე სსრკ-ის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ნიკიტა ხრუშჩოვი მოხსენებით გამოვიდა. ილაპარაკა დიდხანს. მისი სიტყვების შემდეგ დეპუტატებმა დარბაზი დაზაფრულებმა დატოვეს - ხრუშჩოვმა განაცხადა, რომ სტალინი დიქტატორი და კომუნიზმის მტერი იყო და დღეიდან მისი კულტი უნდა დაემხოს.

დელეგატებმა, რომელიც შეკრებას ესწრებოდნენ, საქართველოში ჩამოიტანეს ამბავი, რომ ხრუშჩოვმა არა მხოლოდ სტალინზე, არამედ ზოგადად ქართველებზეც ილაპარაკა და სტალინის ტირანული ხასიათი ქართული ბუნებით ახსნაო. ხმები მალე გავრცელდა და სპონტანური გამოსვლებიც უმეტესწილად ამან განაპირობა.

ხრუშჩოვის სიტყვა დაახლოებით 30 წელი საიდუმლოდ ინახებოდა და მხოლოდ მაშინ გამოქვეყნდა, როდესაც საბჭოთა კავშირს წყალი შეუდგა.

გორბაჩოვის ფონდს ეს დოკუმენტი თავის საიტზე უდევს. ტექსტი საკმაოდ გრძელია, 42 გვერდი და იქ საქართველო მართლაც არის ნახსენები, თუმცა სულ სხვა კონტექსტში.

საქართველოზე ლაპარაკს ხრუშჩოვი 24-ე გვერდიდან იწყებს და ამბობს, რომ სტალინის უსამართლო რეპრესიების ერთ-ერთი მაგალითი ე.წ. მეგრელების საქმეა:

„...საქმე საქართველოში ვითომდა მეგრული ნაციონალისტური ორგანიზაციის არსებობისა. ცნობილია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით 1951 წლის ნოემბერსა და 1952 წლის მარტში ცენტრალურმა კომიტეტმა N51 გადწყვეტილება მიიღო. ეს გადაწყვეტილებები პოლიტბიუროს განხილვის გარეშე იყო მიღებული. სტალინმა ისინი თავად უკარნახა.

მათში ბრალი ჰქონდა წაყენებული ძალიან ბევრ პატიოსან კომუნისტს. მცდარი მასალების საფუძველზე მტკიცდებოდა, რომ თითქოს საქართველში ნაციონალური ორგანიზაცია მოქმედებს, რომლის მიზანი იმპერიალისტური სახელმწიფოების დახმარებით, ამ რესპუბლიკაში საბჭოთა ხელისუფლების ლიკვიდაციაა. ამასთან დაკავშირებით დააპატიმრეს მრავალი პასუხისმგებელი პარტიული და საბჭოთა მოხელე.

როგორც შემდეგ გაირკვა, ეს იყო ცილისწამება ქართული პარტიული ორგანიზაციის მიმართ. ვიცით, რომ საქართველოში, ისევე, როგორც ზოგ სხვა რესპუბლიკაში, თავის დროზე ადგილობრივი ბურჟუაზიული ნაციონალიზმი იყო გამოვლენილი. ჩნდება კითხვა, იქნებ, მართლაც, იმ პერიოდში, როდესაც ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული, ნაციონალური ტენდენციები იმდენად გაძლიერდა, რომ საფრთხე შეიქმნა საქართველო საბჭოთა კავშირიდან გასულიყო და თურქეთის სახელმწიფოს შეერთებოდა? (დარბაზში იცინიან) ეს, რა თქმა უნდა, სისულელეა. წარმოსადგენადაც ძნელია, რომ ეს ვინმემ დაუშვა. ყველამ კარგად იცის, როგორ წამოიმართა საქართველო ეკონომიკურად და კულტურულად საბჭოთა წლების განმავლობაში...

...როგორც შემდეგ გაირკვა, არანაირი ნაციონალური ორგანიზაცია საქართველოში არ არსებობდა. ათასობით სრულიად უდანაშაულო ადამიანი დანაშაულისა და განუკითხაობის მსხვერპლი გახდა. და ეს ყველაფერი სტალინის „გენიალური“ ხელმძღვანელობით კეთდებოდა - „ქართველი ერის დიდი შვილის“, როგორც უწოდებდნენ ქართველები თავიანთ თანამემამულეს (დარბაზი შეირხა)“.

დადგა 5 მარტი და თბილისში ჩვეულებისამებრ მიიტანეს ყვავილები სტალინის უზარმაზარ ძეგლთან, რომელიც 1939 წლიდან მოყოლებული მტკვრის სანაპიროზე, მშრალ ხიდთან, სკვერში იდგა. ეს ძეგლი 1961 წელს აიღეს.

შეკრება იმავე დღეს არ დაშლილა, ხალხი მოვიდა 6, 7, 8 მარტსაც... მიტინგები იმართებოდა გორსა და სოხუმშიც. მოსახლეობა სტალინის კრიტიკას ეწინააღმდეგებოდა. სტალინის ძეგლთან სიტყვით გამოდიოდნენ, ლექსებს კითხულობდნენ.

„სხვა გარემოებებიც იყო, მაგალითად, თუ რადიოეთერი დილით საქართველოს ჰიმნით იწყებოდა, იმ პერიოდში ეს მოიხსნა. გაუგებარია, ხრუშჩოვის თუ სხვა მიზეზით. მაგრამ ქართველებს ეს ცუდად ენიშნათ. აქა-იქ საქართველოს დამოუკიდებლობაც ახსენეს. საბოლოოდ ეს მიტინგები, როგორც ჩანს, ხრუშჩოვისთვის საშიში გახდა“, - ამბობს ისტორიკოსი ლევან ჯიქია.

საბოლოოდ 9 მარტის დილას შეკრებილების წინააღმდეგ ტანკები და მერვე პოლკი გამოიყვანეს, ცეცხლი გახსნეს ტყვიამფრქვევებიდანაც.

რამდენი დაიღუპა, ბოლომდე ცნობილი დღემდე არ არის, ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 30 ადამიანი. ლევან ჯიქია ამბობს, რომ გასაიდუმლოებული იყო დაკრძალვის პროცესიც. ცხედრის ამოსაცნობად მხოლოდ ერთი ჭირისუფალი უნდა მისულიყო და იმავე დღეს დაემარხა.

„ერთი გარდაცვლილი ხაშურიდან იყო, გვარად ნოზაძე. დედას ეუბნებოდნენ, რომ ის აქვე, თბილისში დაემარხა, რაზეც არ თანხმდებოდა.

კიდევ ერთ ბიჭი იყო დახვრეტილი. ბებია ჩიოდა, ობლობაში მყავდა გაზრდილი, ქუდი არ ჰქონდა, სულ გული სწყდებოდა ამაზე და ახლაც ისე მიდის, ქუდს ვერ ვატანო. მერე ვიღაცამ უყიდა ქუდი და ჩაატანეს ამ ბიჭს“, - ჰყვება ლევან ჯიქია.

1961 წელს, მომხდარიდან 5 წლის შემდეგ, ნიკიტა ხრუშჩოვი თბილისს ეწვია. მას გრანდიოზული დახვედრა მოუწყვეს. თავახდილი მანქანით ქუჩებში გაასეირნეს, გზაზე და აივნებზე გადმომდგარი ხალხი კი ტაშს უკრავდა.

თუმცა, 9 მარტის მოვლენებმა გარდატეხის მოხდინა შეძლო. ამ პერიოდში გამოვიდა ასპარეზზე ორგანიზაცია „გორგასლიანი“, რომელსაც ზვიად გამსახურდია ხელმძღვანელობდა. შემონახულია მისი მაშინდელი პროკლამაციაც:

„ქართველნო... არ დაგავიწყდათ ცხრა მარტის სისხლიანი ღამე?.. ქართველნო, სხვა არავინაა ჩვენი მშველელი ჩვენი საკუთარი თავის გარდა. ბრძოლით უნდა მივაღწიოთ თავისუფლებას. ძმური სალამი გმირ უნგრელ ხალხს!... ძირს ჩვენი ხალხის სისხლში ხელებგასვრილი ოკუპანტები და მათი სამხედრო ხროვა!

გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!

რომელი მოღალატეც ამას ჩამოხსნის, სიკვდილი ელის!“

რა იცით 1956 წლის 9 მარტზე?

რა იცით 1956 წლის 9 მარტზე?

დაიწყე ვიქტორინა

9 მარტის მოვლენები აისახა ქართულ ლიტერატურაშიც. „ინტელექტის“ გამომცემელი ზვიად კვარაცხელია ამბობს, რომ ზოგიერთი ქართველი მწერალი ამ ამბების უშუალო შემსწრე და თვითმხილველიც იყო.

„საბჭოთა კავშირის პერიოდში 9 მარტზე დაწერილი ტექსტები ვერ დაიბეჭდებოდა, მაგრამ მაგალითად, 1973 წელს დაიწერა ოთარ ჩხეიძის რომანი „გამოცხადებაი“, რომელიც 90-იან წლების ბოლოს გამოქვეყნდა. მისი პერსონაჟი ხედავს, თუ როგორ იღებება მტკვარი წითლად და წყალში თავადაც შეცურავს. იმავე პერიოდში დაიწერა შოტა ჩანტლაძის მინიატურა და სიმონ ჩიქოვანის ლექსი ამ თემაზე. მოგვიანებით ოთარ ჭილაძის „აველუმშიც“ მოთხრობილია, როგორ გადაეყრება მთავარი მოქმედი პირი ელექტრობოძს ჩახუტებულ სასიკვდილოდ დაჭრილ ახალგაზრდას, რომელიც თავის მისამართს ეუბნება - „ორბელიანის N3“. აველუმი ბიჭს სადარბაზოში დატოვებს და მისი მამის მოსაძებნად მიდის“, - ამბობს ზვიად კვარაცხელია, - „ეს ძალიან ემოციურად აქვს აღწერილი. ოთარ ჭილაძის ახლობლები ამბობდნენ, რომ ეს ამბავი მას მართლაც გადახდა თავს და სულ ახსოვდა“.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG