Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მისი სხეული ბოროტად გამოიყენეს“ - დიანას ამბავი აჩვენებს სუროგატი ქალების ყოფას საქართველოში

დიანა, რომელიც 29 კვირის ორსულია რამდენი დღეში გადაუდებელ ოპერაციას იკეთებს.
დიანა, რომელიც 29 კვირის ორსულია რამდენი დღეში გადაუდებელ ოპერაციას იკეთებს.

36 წლის დიანას ამბავი კარგად აჩვენებს, რის წინაშე დგანან საქართველოში ჩამოყვანილი სუროგატი ქალები და რა ხდება მრავალმილიონიან ბიზნესში, რომელიც სათანადოდ გამჭვირვალე არ არის, პასუხისმგებელი ორგანოები კი დუმან.

დიანას* 3 შვილი ჰყავს. 18 წლის ტყუპი გოგო და 4 წლის ბიჭი. საქართველოში ცენტრალური აზიის ერთ-ერთი ქვეყნიდან 2025 წლის ნოემბერში, მეგობრის რჩევით ჩამოვიდა.

„ჩემი მეგობარი იყო საქართველოში სუროგატი დედა. მითხრა, რომ თქვენს ქვეყანაში ეს ლეგალური საქმიანობაა და თუკი ჯანმრთელობა მომცემდა საშუალებას, შემეძლო, მეც ვყოფილიყავი სუროგატი. ორჯერ გადამიტანეს ემბრიონი, თუმცა, უშედეგოდ. ორსულობა არ დადგა. მესამედ 2026 წლის მარტში ვცადე და დავფეხმძიმდი“, - გვიყვება დიანა, რომელმაც სუროგატობა უფროსი ქალიშვილების სწავლის ფულის მოსაგროვებლად გადაწყვიტა.

დიანა ახლა 29 კვირის ორსულია, ჯანმრთელობის მძიმე პრობლემებით და მორიგი ოპერაციის მოლოდინში.

4 დღეში, 6 ოქტომბერს მას შარდსაწვეთის სტენტები უნდა ჩაუდგან, უფრო ზუსტად, ორი თვის წინ ჩასმული ინპლანტები შეუცვალონ.

ჰიდრონეფროზი, სეფსისი, მიოკარდიუმის მწვავე სუბენდოკარდიული ინფარქტი, კარდიომიოპათია, ორმხრივი ჰიფროთორაქსი, პნევმონია - ეს იმ დიაგნოზების არასრული ჩამონათვალია, რომელიც დიანას ორსულობის 18 კვირიდან დაუსვეს ექიმებმა.

მიუხედავად გართულებული მდგომარეობისა, გვეუბნება, რომ ექიმებმა ბავშვის შენარჩუნება მოახერხეს.

კომპანია, რომელმაც დიანა სუროგატ დედად დაიქირავა, ქალს ეუბნება, რომ მკურნალობის ხარჯების 50%, დაახლოებით 5000 დოლარი, თავად უნდა გადაიხადოს.

დიანას ჰონორარი, კონტრაქტის თანახმად, 16 000 დოლარია, ეს ფული მას ბავშვის ჩინელმა ბიოლოგიურმა მშობლებმა უნდა გადაუხადონ.

თუმცა, კონტრაქტში, რომელსაც დიანამ დამქირავებელ კომპანიასთან და ბიოლოგიურ ოჯახთან ერთად მოაწერა ხელი, წერია, რომ სამედიცინო გამოკვლევებისა და პროცედურების თანხას, რომელიც სუროგატ დედას შეიძლება დასჭირდეს ორსულობისას, იხდის ბიოლოგიური ოჯახი.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ბიოლოგიურ წყვილები, სუროგაცია-დონაციის სააგენტოებს დაახლოებით 60 000-დან 80 000 დოლარამდე თანხას უხდიან, საიდანაც კონკრეტულად სუროგატი ქალების (უცხოელი სუროგატების) ჰონორარი 16 000-დან 20 000 დოლარამდე მერყეობს.

დიანას სახელით საჩივარი გენერალურ პროკურატურაში 29 სექტემბერს შევიდა.

გამომძიებლებმა ქალი 2 ოქტომბერს გამოჰკითხეს: "დაახლოებით ორი საათი ვიყავით პოლიციის განყოფილებაში ადვოკატთან ერთად. რამდენიმე გამომძიებელი ესწრებოდა ამ პროცესს. დეტალურად მოვუყევი რაც ხდება ჩემს თავს. ყურადღებით მომისმინეს. ვფიქრობ, უახლოეს დღეებში დაიბარებენ კომპანიის წარმომადგენლებსაც", - უთხრა რადიო თავისუფლებას გამოკითხვიდან გამოსულმა ქალმა.

„ისინი ჩემს გადარჩენას ცდილობდნენ“ - რამდენიმე ოპერაცია ზედიზედ

დიანა გვიყვება, რომ სამი ბავშვი ისე გააჩინა, რომ ჯანმრთელობას არ უჩიოდა, პირველი პრობლემები სუროგაციის შემდეგ, 18 კვირის ორსულს დაეწყო, ამ ზაფხულს:

„მოულოდნელად ამტკივდა მარცხენა თირკმელი. ტკივილი ისეთი ძლიერი იყო, რომ სუნთქვაც კი მიჭირდა. დავურეკე კოორდინატორს და საავადმყოფოში წავედით. მითხრეს, რომ სასწრაფოდ სტენტის ჩადგმა იყო საჭირო, რადგან კენჭს შარდსაწვეთი ჰქონდა გადაკეტილი და შარდი ვეღარ გადიოდა. პირველი ოპერაცია 14 ივლისს გამიკეთეს.

ამის შემდეგ, დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში, საშინელი ტკივილები მქონდა, შარდში სისხლიც იყო. მუდმივად მქონდა კავშირი უროლოგთან. მოგვიანებით თითქოს უკეთ გავხდი“, - ყვება დიანა.

თუმცა,10 აგვისტოს ისევ ცუდად გახდა. კლინიკაში მაღალი სიცხით გადაიყვანეს. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სეფსისი (ინფექციაზე ორგანიზმის სიცოცხლისთვის საშიში რეაქცია) ეწყებოდა:

„მითხრეს, სტენტი უნდა ამოვიღოთ და სხვა სტენტები ჩაედგათო, ორივე თირკმელში, რათა თირკმელებს მუშაობა გაეგრძელებინათ და არ გაჩერებულიყო მათი ფუნქცია. ისევ სასწრაფო ოპერაცია ჩამიტარდა“.

ოპერაციიდან მეხუთე დღეს, დიანას ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა:

„მოულოდნელად გავხდი ცუდად. მხოლოდ ის მახსოვს, რომ ექიმები ყვიროდნენ: „ადრენალინი, ადრენალინი“. ისინი ჩემს გადარჩენას ცდილობდნენ“, - იხსენებს დიანა.

დიაგნოზი - ინფარქტი და გულის უკმარისობა:

„შემდეგ ფილტვებში სითხეც აღმომაჩნდა. ინფარქტის შემდეგ კიდევ ერთი პროცედურა ჩამიტარეს ანესთეზიით - ვენიდან გულამდე შევიდნენ და შეამოწმეს. როგორც მახსოვს, ამას კორონაროგრაფია ჰქვია.

როდესაც გონზე მოვედი, პირველ რიგში ბავშვის მდგომარეობა ვიკითხე. მითხრეს, რომ ბავშვი კარგად იყო. ყოველ დღე მოდიოდნენ და ბავშვის მდგომარეობას ამოწმებდნენ.

რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობას, ექიმებმა მითხრეს, რომ ბავშვის ბოლომდე ტარება შემიძლია, თუ სტენტებს დროულად შევცვლი, რადგან მათზე მარილები გროვდება და ამან შეიძლება ინფექცია გამოიწვიოს. სტენტები, წესით, ყოველ ორ თვეში ერთხელ უნდა შეიცვალოს. ახლა 6 ოქტომბერს უნდა ჩამიტარდეს მორიგი პროცედურა, კვლავ ნარკოზით“, - მეუბნება დიანა.

„გვინდა, გაიგოთ, რომ თქვენს მხარეზე ვართ“ - როგორ გაყვეს მკურნალობის ხარჯები

სუროგაცია-დონაციის სააგენტო, რომელმაც დიანა დაიქირავა, საქართველოში 2025 წლის აგვისტოში დარეგისტრირდა.

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

საჯარო რეესტრის თანახმად, შპს. „ბაიოთალა ინტერნეიშენალ“-ის დამფუძნებელი, წარმოშობით ჩინელი, კანადის მოქალაქე ჯინ ქსიეა.

სუროგატი დედები მას მაიკის სახელით იცნობენ.

სწორედ მაიკმა უთხრა 28 სექტემებრს პირადად შეხვედრისას, რომ დიანამ, მკურნალობის ხარჯების ნახევარი თავად უნდა დაფაროს, თან ეს იმ დროს, როდესაც ის გადაუდებელი ოპერაციის აუცილებლობის წინაშე დგას:

„მითხრეს, რომ ის ოპერაციები დაახლოებით 10 000 დოლარი დაჯდა და აქედან 5 000 დოლარს მე ჩამომაჭრიან. თუ მომავალშიც დამჭირდება ოპერაციები ან ჰოსპიტალიზაცია, მათი ხარჯებიც ჰონორარიდან ჩამომეჭრება. ჩემს კონტრაქტში კი წერია, რომ ასეთ ხარჯებზე პასუხისმგებლობა ბიოლოგიურ მშობლებს ეკისრებათ, მათ უნდა გადაიხადონ“, - ამბობს დიანა.

რადიო თავისუფლება შეეცადა, სუროგატი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მკურნალობის ხარჯებსა და სააგენტოსთან დაკავშირებულ სხვა ბრალდებებზე, კითხვები დაესვა კომპანია „ბაიოთალა ინტერნეიშენალ“-ის ხელმძღვანელისთვის. ჯინ ქსიეს (მაიკს) დავუკავშირდით, თუმცა, მან ინტერვიუზე უარი გვითხრა.

რადიო თავისუფლებამ მოიპოვა აუდიო ჩანაწერი, სადაც, სავარაუდოდ, ჯინ ქსიე, თარჯიმნის დახმარებით ესაუბრება სუროგატ ქალს მკურნალობის ხარჯების გადახდის პირობებზე:

კაცი, რომელიც ჩინურ ენაზე საუბრობს, სავარაუდოდ, მაიკი:

„მშობლებისთვის ადვილია, იპოვონ სხვა სუროგატი დედა, მაგრამ ჩვენ გვინდა, გაიგოთ, რომ თქვენს მხარეზე ვართ. ჩვენთვის, თქვენი ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია, ამიტომ მზად ვართ გადავიხადოთ მხოლოდ ნახევარი. მშობლები რომ შეიტყობენ ამას [სუროგატი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობას], საერთოდ უარს იტყვიან ყველაფერზე, ბავშვზეც და არანაირ თანხას არ გადაიხდიან, ამიტომ აუცილებელია, რომ ჩვენ მკურნალობის თანხები გავიყოთ შუაზე. ეს არის მაქსიმუმი, რაც შემიძლია შემოგთავაზოთ“ [თარგმანი - ჩინური ენიდან რუსულ ენაზე].

დიანა: და რამდენია ეს ნახევარი?

„ზუსტი თანხის თქმა არ შეგვიძლია, თქვენი წინა პროცედურების თანხა, ასევე მომავალი პროცედურების, რაც იქნება ჯამი, იმას გავიყოფთ. ჩვენ თქვენს მხარეზე ვართ. ჩვენ ამ ფულს ჩვენი ჯიბიდან ვიხდით, რადგან ბიომშობლებს სხვა ემბრიონებიც აქვთ და თუ ჩათვლიან მშობლები, რომ თქვენი ჯანმრთელობის პრობლემების მოგავრება მათ ძვირი დაუჯდებათ, საერთოდ უარს იტყვიან და სხვა ემბრიონებს გადაუტანენ სუროგატებს“ [თარგმანი - ჩინური ენიდან რუსულ ენაზე].

„მისი სხეული ბოროტად არის გამოყენებული“ - ადვოკატი

დიანას ადვოკატმა, დავით შაშიაშვილმა, გენერალურ პროკურატურას 29 სექტემბერს მიმართა და გამოძიების სასწრაფოდ დაწყება მოითხოვა.

„მე მიმაჩნია, რომ ეს არის ტრეფიკინგის შემთხვევა, თუმცა გამოძიება როგორ დააკვალიფიცირებს, არ ვიცი. ჩემი შეფასებით, ეს არის ადამიანის ჯანმრთელობის ბოროტად გამოყენება. მართალია, ეს ქალი ნებაყოფლობით ჩაერთო პროგრამაში, მაგრამ მისი სხეული ბოროტად არის გამოყენებული. ამიტომ მინდა, რომ ამ მიმართულებით დაიწყოს გამოძიება“, - ეუბნება დავით შაშიაშვილი რადიო თავისუფლებას.

მისივე თქმით, კონტრაქტის თანახმად, მკურნალობის ხარჯები, სრულად უნდა დაფარონ ბიოლოგიურმა მშობლებმა:

„დიანას კონტრაქტის მეხუთე მუხლი განსაზღვრავს, რომ ორსულობისას წარმოშობილი გართულებებისა და მკურნალობის ხარჯები პოტენციურმა მშობლებმა უნდა დაფარონ“, - ამბობს დავით შოშიაშვილი.

რადიო თავისუფლება შეეცადა გასაუბრებოდა დიანას მკურნალ ექიმსაც. მიუხედავად იმისა, რომ თავად პაციენტი თანახმა იყო მის შესახებ ინფორმაციის გაზიარებაზე, ექიმმა გვითხრა, რომ „პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე ინფორმაციას ვერ გასცემს“.

„საქონლებივით ექცევიან“ - როგორ ეპყრობიან სუროგატებს საქართველოში

დიანა არ არის ერთადერთი სუროგატი ქალი, რომელსაც საქართველოში დასაქმების შემდეგ, ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებთან ერთად, ანაზღაურებასთან დაკავშირებითაც შეექმნათ სირთულეები.

რადიო თავისუფლება თითქმის ორი წელია წერს საქართველოში უცხოეთიდან ჩამოყვანილი სუროგატი ქალების პრობლემებზე. ქალები ყვებიან გადაუხდელ ჰონორარებზე, მძიმე საცხოვრებელ პირობებსა და ჯანმრთელობის სერიოზულ გართულებებზე.

განსაკუთრებით მძიმეა ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევები - რადიო თავისუფლების რესპონდენტებს შორის არიან ქალები, რომლებსაც მშობიარობისა და გართულებების შემდეგ საშვილოსნოს ამოკვეთა დასჭირდათ. 2025 წელს საქართველოში დასაქმებული ათეულობით სუროგატი ქალი გამოძიებამ დაზარალებულად ცნო, 2026 წელს კი, სუროგაცია-დონაციის სააგენტოს, Kinderly-ს დამფუძნებლებს სასამართლომ თაღლითობის საქმეზე 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

რადიო თავისუფლება ესაუბრა ქალს, რომელიც სუროგაცია-დონაციის სფეროში ხუთი წელია მუშაობს. თანამშრომლობდა საქართველოში რეგისტრირებულ არაერთ უცხოურ კომპანიასთანაც. ამბობს, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, ცდილობს ქალების უფლებების დაცვას, თუმცა, მისი აქტიურობა სუროგაცია-დონაციის კომპანიების ხელმძღვანელებს აღიზიანებთ:

„მე ყოველთვის გოგოების მხარეს ვდგავარ და ეს მათ არ მოსწონთ. მათი აზრით, უფრო მეტად დამკვეთზე უნდა ვიზრუნო - „ეს ხომ დამკვეთია“ - მეუბნებიან. მე ყოველთვის ვუმეორებ მათ, თუ აქ წესრიგი არ გექნება, არანაირი დამკვეთი არ გეყოლება-მეთქი. ხუთი წელია ამ სფეროში ვმუშაობ და ასეთი დასკვნა გავაკეთე - ქალებს საქონელივით ექცევიან“.

კიდევ ერთი სუროგატი ქალი, რომელიც კომპანია „ბაიოთალა ინტერნეიშენალ“-თან თანამშრომლობს, ამბობს, რომ კომპანიას ამ მომენტისთვის, დაახლოებით 18 სუროგატი დედა ჰყავს დაქირავებული და ქალებს არაერთი პრობლემა აქვთ:

„გოგოების ნაწილს კონტრაქტები ხელში დღემდე არ აქვთ. თვეებია ვითხოვ, კონტრაქტები ამოუბეჭდონ რუსულ ენაზე და პირადად მიუტანონ. არის შემთხვევები, როცა გოგოებს ეუბნებიან, რომ მშობიარობის შემდეგ, სახლში დასაბრუნებელი ბილეთებიც თვითონ უნდა იყიდონ. ერთ ჰონორარს ეუბნებიან, მეორეს უხდიან, პრობლემები აქვთ მედიკამენტების შეძენასთან დაკავშირებითაც“.

ჩამორთმეული პასპორტი

„ბაიოთალა ინტერნეიშენალ“-ის ხელმძღვანელის მიერ პასპორტების ჩამორთმევის მაგალითზე გვესაუბრება კიდევ ერთი სუროგატი დედა. ბავშვი ჩინელი წყვილისთვის დეკემბერში უნდა გააჩინოს.

ამბობს, რომ კომპანიის ხელმძღვანელმა, შვილის ოპერაციისთვის, ავანსად გადახდილი 700 დოლარის სანაცვლოდ, მას პასპორტი ჩამოართვა და ის დღემდე არ დაუბრუნებია:

„ხუთი თვის ორსული ვიყავი, ჩემს შვილს, მცირეწლოვან ბავშვს, თიაქრის სასწრაფო ოპერაცია რომ დასჭირდა. ოპერაციის თანხა არ მქონდა, ამიტომ წინასწარ ვთხოვე ავანსი. მითხრა, რომ თანხას მხოლოდ იმ შემთხვევაში მომცემდა, თუკი პასპორტს დავუტოვებდი. ამით დაიზღვია თავი, რომ ვერ წავიდოდი საქართველოდან და მხოლოდ თანხას გადავაგზავნიდი ჩემს ქვეყანაში. თანხა „საქართველოს ბანკიდან“ გავგზავნე.

პარალელურად, მომთხოვა, რომ როცა ჩემს შვილს ოპერაციას გაუკეთებდნენ, ამის დამადასტურებელი ფოტოები გადაეღოთ, გამოეგზავნათ, რომ მისთვის მეჩვენებინა. პასპორტი დღემდე არ დაუბრუნებია. გუშინ ველაპარაკე კიდევ ერთხელ და ვუთხარი, რომ ყველაფერს ჟურნალისტებს ვეტყვი“, - გვეუბნება ახალგაზრდა ქალი.

ზუსტად რამდენი სუროგაციისა და კვერცხუჯრედის დონაციის შუამავალი სააგენტო მუშაობს საქართველოში, ეს ინფორმაცია დაუზუსტებელია, რადგან არ არსებობს რაიმე წესი ან ლიზენცია, რომელიც ამ ტიპის სააგენტოების რეგისტრაციისთვის სავალდებულოა.

რადიო თავისუფლების მოპოვებული ინფორმაციით, მათი რაოდენობა, სავარაუდოდ, ათეულობითაა, ხოლო დაუზუსტებელი მონაცემებით, ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩინურ სააგენტოებზე მოდის.

ასეთი კომპანიები საქართველოში სუროგატ და კვერცხუჯრედის დონორ ქალებს სხვადასხვა ქვეყნიდან იზიდავენ.

რადიო თავისუფლებას უკვე აქვს აღწერილი ყაზახეთიდან, ტაილანდიდან, ყირგიზეთიდან, უზბეკეთიდან, ტაჯიკეთიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან ჩამოსული ქალების შემთხვევები, მათი უფლებების დარღვევები, რასაც სასამართლო პროცესიც მოჰყვა.

„ეს სფერო კატეგორიულად დაურეგულირებელია“ - ჯანდაცვის ექსპერტი

კლინიკა „ლიდერმედის“ დამფუძნებელი და ჯანდაცვის ექსპერტი ნატალია ხონელიძე სუროგაციის სფეროში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად შუამავალი სააგენტოების საქმიანობაზე რეგულაციების არ არსებობას ასახელებს.

კლინიკა „ლიდერმედის“ დამფუძნებელი და ჯანდაცვის ექსპერტი ნატალია ხონელიძე
კლინიკა „ლიდერმედის“ დამფუძნებელი და ჯანდაცვის ექსპერტი ნატალია ხონელიძე

„ეს სფერო არის კატეგორიულად დაურეგულირებელი. რეგულაციები, პირველ რიგში, უნდა ეხებოდეს სააგენტოებს და კერძო პირებს, რომლებსაც რეალურად მოჰყავთ სუროგატები, დონორები - როგორ მოჰყავთ, სად მიჰყავთ... უმრავლესობა სააგენტო არ არის რეგისტრირებული. სად ცხოვრობენ, როგორ ცხოვრობენ ეს ქალები - ამის რეესტრი უნდა არსებობდეს. რამდენად სწორად ხდება ამ სუროგატების და დონორების მონიტორინგი ყველა თვალსაზრისით“.

ნატალია ხონელიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ საქართველოში, სუროგაციის სფეროში ჩინური მიმართულება განსაკუთრებით დიდია - პაციენტების მნიშვნელოვანი ნაკადი სწორედ ჩინეთიდან მოდის და შესაბამისად, ბაზარზე, ბევრი ჩინური სააგენტო მუშაობს. თუმცა სფეროში არსებულ დარღვევებსა და დავებს მხოლოდ ჩინურ კომპანიებს არ უკავშირებს:

„ეს არის ერთობლივი პრობლემა, არა მარტო ჩინეთის პრობლემა, ერთობლივი პრობლემაა, რაშიც სახელმწიფო ნაკლებად ჩაერია“, - ამბობს ის.

ნატალია ხონელიძის თქმით, აუცილებელია სააგენტოების საქმიანობის წესების მკაფიოდ განსაზღვრა:

„სააგენტოების როლი [უნდა იყოს განსაზღვრული], ისინი აუცილებლად უნდა იყვნენ დარეგისტრირებულები, აუცილებლად უნდა ჰქონდეთ წარმოდგენილი ყველანაირი დოკუმენტაცია, კლინიკასთან თანამშრომლობაზე, სუროგატების და დონორების ჩამოყვანაზე, მათ მოვლაზე, რომელ კლინიკასთან თანამშრომლობენ და ასე შემდეგ“.

მას ასევე ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მიაჩნია ისიც, რომ დამხმარე რეპროდუქციის სფერო საქართველოში ერთიანი ჩარჩო კანონმდებლობით არ რეგულირდება:

„იმ ქვეყნებში, სადაც ინვიტრო განაყოფიერება, დონაცია, სუროგაცია არსებობს - აქედან ერთი ან ყველა ერთად - აქვთ თავიანთი კანონმდებლობა, სადაც ზუსტად, ერთ ჩარჩოშია გაწერილი ეს ყველა მიმართულება: როგორ, რანაირად, რა როლი აქვს სააგენტოს, რა როლი აქვს კლინიკას და ასე შემდეგ, თუნდაც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ამ სფეროში მუშაობს. ზუსტად ამაზე უნდა გაკეთდეს ძალიან დიდი აქცენტი“, - ამბობს ის.

ნატალია ხონელიძე საჭიროდ მიიჩნევს ქვეყანაში სუროგაცია-დონაციის სრულფასოვანი რეესტრის არსებობასაც, სადაც სახელმწიფოს ექნება ინფორმაცია, რამდენი პროცედურა ტარდება ქვეყანაში, რამდენი ქართველი და უცხოელი პაციენტი სარგებლობს ამ მომსახურებით, რამდენია ინვიტრო განაყოფიერების, დონაციისა და სუროგაციის ციკლი და როგორია ცალკეული კლინიკების შედეგები.

მისი თქმით, დღეს არსებული სისტემა სრულყოფილად არ მუშაობს. სახელმწიფო კი ვალდებულია, რომ ამ სფეროს შესახებ ზუსტი სტატისტიკა ჰქონდეს.

საერთაშორისო პორტალ Health-Tourism-ის 2024 წლის მონაცემებით, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით წამყვანი საინფორმაციო წყაროა სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით, საქართველოში სამედიცინო ტურისტებს შორის ყველაზე პოპულარული პროცედურებია სტომატოლოგია, პლასტიკური ქირურგია და რეპროდუქციული პროცედურები - ინ ვიტრო განაყოფიერება, დონაცია, სუროგაცია.

ბოლო ექვს წელში ყველაზე მეტი წყვილი სუროგაციის მომსახურების მისაღებად საქართველოში ჩამოვიდა ჩინეთიდან, ისრაელიდან და აშშ-დან.

ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, არაერთხელ ვცადეთ ინტერვიუს ჩაწერა ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის წარმომადგენელთან, რათა გაგვერკვია, ხომ არ გეგმავს სამინისტრო ექიმებთან, იურისტებთან, ექსპერტებთან ერთად სუროგაცია-დონაციის შესახებ ჩარჩო-კანონმდებლობაზე მუშაობის დაწყებას, რაც მინიმუმამდე დაიყვანს ამ პროცესში როგორც ქალების, ისე ბიოლოგიური ოჯახებისა და სუროგაციით დაბადებული ბავშვების უფლებების დარღვევის რისკს.

უწყებისგან პასუხი ვერც ერთხელ ვერ მივიღეთ.

ჯანდაცვის სამინისტროსგან ვერ მივიღეთ პასუხები ვერც ხუთი თვის წინ გაგზავნილ კითხვებზე, რომლებიც საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წესით გვაქვს მოთხოვნილი და პასუხების მისაღებად კანონით დადგენილი ყველა ვადა უკვე გასულია - უწყების "ცხელ ხაზზე" გვეუბნებიან, რომ ჩვენი წერილი დამუშავების პროცესშია.

კითხვები, რომლებზე პასუხსაც ხუთი თვეა ველოდებით, ასეთია:

  • 2023 წელს პრემიერ-მინისტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაანონსდა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც, 2024 წლიდან უნდა აკრძალულიყო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერება, მათ შორის, სუროგაციისა და დონაციის სერვისი. სუროგაცია ალტრუისტული ნება უნდა გამხდარიყო. პრემიერ-მინისტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს ამ ინიციატივას, დამხმარე რეპროდუქციულ პროგრამებზე მომუშავე კლინიკების მკაცრი კრიტიკა შეხვდა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, კანონპროექტის განხილვა პარლამენტმა დაიწყო, თუმცა მალევე შეჩერდა. რა ბედი ეწია კანონპროექტს? რატომ შეჩერდა მისი განხილვა და რა ეტაპზე? თუ შეიძლება, მოგვაწოდეთ დეტალური ინფორმაცია.
  • ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის იანვრიდან ქვეყანაში უნდა ამოქმედებულიყო ერთიანი რეესტრი, სადაც აისახებოდა სუროგაციასთან, ინ ვიტრო განაყოფიერებასა და ინსემინაციასთან დაკავშირებული მონაცემები. ამოქმედდა თუ არა რეესტრი? ხელმისაწვდომია თუ არა ის ღია წყაროებში (თუ კი, სად)? თუ არ არის რეესტრში დაცული მონაცემები ღიად ხელმისაწვდომი, გთხოვთ, მოგვაწოდოთ შემდეგი სახის სტატისტიკური ინფორმაცია:
  • - რამდენი დონორი და რამდენი სუროგატია დარეგისტრირებული რეესტრში - 2024-2026 წლებში?
  • - ამავე წლებში, რამდენი ემბრიონი შეიქმნა?
  • - რამდენი ინ ვიტრო განაყოფიერება შესრულდა?
  • გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია, 2022-2026 წლებში სუროგაციით ცოცხლად დაბადებული ბავშვების რაოდენობის შესახებ - ჩაშლილი წლების მიხედვით.
  • სუროგაციით დაბადებული რამდენი ბავშვია გაყვანილი საქართველოდან 2022-2026 წლებში?
  • რამდენი ბავშვი დაიბადა სუროგაციით ქართველი ბიოლოგიური მშობლებისთვის?
  • რომელია მოწინავე ქვეყნები, რომლებიც საქართველოში სუროგაცია-დონაციის პროგრამით სარგებლობენ?
  • რამდენი კლინიკა ახორციელებს საქართველოში დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სერვისს?
  • რამდენი ე.წ. სუროგაცია-დონაციის სააგენტოა დარეგისტრირებული საქართველოში? - რგოლი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში სუროგატი და დონორი ქალების მოზიდვას.
  • სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, რომელიც უწყებამ 2025 წლის მაისში მოაწოდა რადიო თავისუფლებას, იმ მომენტისათვის, სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში განთავსებული იყო სუროგაციით დაბადებული რვა არასრულწლოვანი. გთხოვთ, მიმართოთ თქვენ დაქვემდებარებულ სსიპ-ს და მოგვაწოდოთ განახლებული ინფორმაცია, დღეის მდგომარეობით, სუროგაციით დაბადებული რამდენი ბავშვია განთავსებული ზრუნვის სააგენტოს სისტემაში, როგორია მათი ასაკი? რა მიზეზებით არიან ბავშვები განთავსებული სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში?
  • რადიო თავისუფლება ერთი წელია წერს სტატიების სერიას საქართველოში სუროგაციასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ. მათ შორის, გადაუხდელი ჰონორარების, სუროგატი დედების გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის (საშვილოსნოს ამოკვეთის არაერთი შემთხვევა, აბორტი სქესის გაგების შემდეგ და ა.შ.) შესახებ. ამ პრობლემაზე არაერთი გახმაურებული სტატია და მასალა გამოქვეყნდა სხვადასხვა საერთაშორისო, წამყვან მედიასაშუალებაში. ცნობილია თუ არა ჯანდაცვის სამინისტროსთვის ამ გამოწვევების შესახებ და რას აკეთებს უწყება იმისათვის, რომ სუროგატი ქალების, სუროგაციით დაბადებული ბავშვების, ბიოლოგიური ოჯახების უფლებები იყოს დაცული?
  • დარგის სპეციალისტები, რომლებსაც რადიო თავისუფლება ელაპარაკება, ამბობენ, რომ სუროგაცია-დონაციასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი კანონმდებლობით უნდა იყოს დარეგულირებული, რაც დღეს საქართველოს არ აქვს. ეს აჩენს ხვრელებს და ნიადაგს არაკეთილსინდისიერი საქმიანობისთვის და ამით ჩრდილს აყენებს დარგს, რომელიც დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებზე მუშაობს და დღეს ქართულ მედიცინაში ერთ-ერთი წარმატებულ სფეროა. მათი თქმით, მნიშვნელოვანია, დაიწყოს ჩარჩო-კანონმდებლობაზე მუშაობა, რომელიც ევროპული სტანდარტების შესაბამისობაში მოიყვანს დღეს არსებულ რეგულაციებს. მიმდინარეობს თუ არა, ან იგეგმება თუ არა ჯანდაცვის უწყებაში, შესაბამისი ექსპერტების ჩართულობით, ჩარჩო-კანონმდებლობაზე მუშაობა, სადაც გაწერილი იქნება, ვინ შეიძლება იყოს სუროგატი ქალი, ვის შეუძლია მიიღოს სუროგატი ქალის მომსახურება, რა სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს სუროგატმა ქალმა, სადაც ასევე გაწერილი იქნება კლინიკებისა და ექიმების კვალიფიკაციის საკითხი, სააგენტოების რეგისტრაციისა და მუშაობის პირობები.
  • 2022 წელს საქართველოში სამედიცინო ტურიზმი ზოგადად ტურიზმის 55%-ს მოიცავდა. 2022 წელს საქართველოს ბიუჯეტმა დაახლოებით 60 მილიონი დოლარი მიიღო სამედიცინო ტურიზმის დახმარებით. საერთაშორისო პორტალ Health-Tourism-ის 2024 წლის მონაცემებით, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით წამყვანი საინფორმაციო წყაროა სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით, საქართველოში სამედიცინო ტურისტებს შორის, ყველაზე პოპულარული პროცედურებია სტომატოლოგია, პლასტიკური ქირურგია და რეპროდუქციული პროცედურები - ინ ვიტრო განაყოფიერება, დონაცია, სუროგაცია. როგორია უახლესი სტატისტიკური მონაცემები საქართველოში სამედიცინო ტურიზმის წილისა და ქვეყნის ბიუჯეტში შეტანილი თანხის შესახებ 2024-2025 წლებში?

დიანას* სახელი შეცვლილია ანონიმურობის დაცვის მიზნით. მისი ოჯახიდან მხოლოდ დედამ იცის, რომ ის საქართველოში სუროგაციისთვის ჩამოვიდა.

  • 16x9 Image

    ნინო თარხნიშვილი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. 

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG