Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„უკვდავი პოლკის“ მეთაური ქართველი დეპუტატის წინააღმდეგ


საქართველოს პარლამენტის წევრ აკაკი ბობოხიძის საქმიანობით რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი დაინტერესდა. 25 ივნისს კომიტეტს შესაბამისი განცხადებით მიმართა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრმა, ნიკოლაი ზემცოვმა, რომელიც სერგეი გავრილოვთან ერთად ასევე იმყოფებოდა 20 ივნისს თბილისში, საქართველოს პარლამენტის დარბაზში, სადაც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის პირველი სხდომა გაიხსნა. რუსი დეპუტატი თავისი ქვეყნის მთავარი საგამოძიებო ორგანოს ხელმძღვანელს სთხოვს, შეისწავლოს აკაკი ბობოხიძის საქმიანობა 1992-2019 წწ-ის პერიოდში.

ზემცოვი ბასტრიკინს

„ძვირფასო ალექსანდრე ივანეს ძევ! 2019 წლის 19-დან 20 ივნისამდე მე, ზემცოვი ნიკოლაი გიორგის ძე, რუსი პარლამენტარების დელეგაციის შემადგენლობაში, საქართველოს მხარის მიწვევით, მონაწილეობას ვიღებდი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის მუშაობაში...“ - ასე იწყება რუსი დეპუტატის განცხადება, რომლის ადრესატი რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ბასტრიკინია.

ნიკოლაი ზემცოვი დეტალურად იხსენებს 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში განვითარებულ მოვლენებს და ციტატის სახით მოიხმობს საქართველოს პარლამენტის წევრის, აკაკი ბობოხიძის მიერ რუსეთის დელეგაციის წევრებისათვის ნათქვამ სიტყვებს:

„მე ვკლავდი თქვენიანებს, ვკლავდი და ისევ მოვკლავ... წაეთრიეთ აქედან... თუ არ წაეთრევით... წადით უკან...“

„გთხოვთ, მოცემული რეპლიკა მიიჩნიოთ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მკვლელობის აღიარებად 1992-1993 წლებში, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროსა და შემდგომ წლებში. ბობოხიძის განცხადებიდან ასევე შეიძლება დავასკვნათ, რომ რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ მას დანაშაული ჩადენილი აქვს აწმყოში და რომ ასევე აპირებს განსაკურებით მძიმე დანაშაულის ჩადენას მომავალში“, - ნათქვამია ზემცოვის განცხადებაში.

რუსული მედიისათვის მიცემულ ინტერვიუში რუსი პოლიტიკოსი ამბობს, რომ შესაძლოა ქართველ დეპუტატს ომში მიღებული აქვს კანტუზია და იმ მომენტში არ ესმოდა, რას აკეთებდა, მოქმედებდა აფექტის მდგომარეობაში.

„მაგრამ ადგილი, სადაც ყოველივე ეს მოხდა, გამოუსადეგარია ხუმრობისთვის - ეს პარლამენტი და ოფიციალური დელეგაციაა. საქმე გვაქვს გამოწვევასთან, დანაშაულის აღიარებასთან, რომელიც ჩადენილია აფექტის მდგომარეობაში. ამიტომ უნდა აუხსნას ჩვენს გამომძიებლებს, როგორ ხოცავდა ჩვენს მოქალაქეებს, იყო ეს სამხედრო კონფლიქტის დროს, თუ საქმე გვაქვს ორგანიზებულ დანაშაულთან. რა ჰქონდა მხედველობაში. ასეთი განცხადებები არ უნდა დარჩეს რეაქციის გარეშე“, - უთხრა news.ru-ს რუსმა დეპუტატმა.

ვინ არის ნიკოლაი ზემცოვი

ნიკოლაი ზემცოვი, VII მოწვევის რუსეთის სათათბიროს ფედერალური კრების წევრი, ცნობილია იმით, რომ 2013 წელს პირველმა ჩაატარა რუსული პოლიტპროპაგანდის ყველაზე წარმატებული პროექტის, „უკვდავი პოლკის“, მსვლელობა მოსკოვში, „პოკლონნაია გორაზე“. 2015 წელს, ზემცოვის თხოვნით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, მიიღო გადაწყვეტილება წითელ მოედანზეც გაევლო „უკვდავ პოლკს“ და მამის პორტრეტით ხელში თვითონაც მიიღო მონაწილეობა მსვლელობაში. 2015 წლიდანვე ნიკოლაი ზემცოვი სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი მოძრაობა „რუსეთის უკვდავი პოლკის“ თანათავმჯდომარეა.

მიღებული აქვს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის საპატიო სიგელი. არის მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთის“ წევრი. დამთავრებული აქვს გერასიმოვის სახელობის რუსეთის კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტი ოპერატორის სპეციალობით. 51 წლის პოლიტიკოსს ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

„მზად ვარ ჩავიდე მოსკოვში და ვითანამშრომლო გამოძიებასთან, თუკი...“

აკაკი ბობოხიძე ამბობს, რომ არაფერი ექნება საწინააღმდეგო, თუკი რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი, მისი სიტყვების საფუძველზე, აღძრავს სისხლის სამართლის საქმეს და დაინტერესდება, რას აკეთებდნენ მისი ქვეყნის მოქალაქეები 1992-1993 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე; გამოიძიებს, რატომ იყვნენ რუსეთის მოქალაქეები საქართველოს ტერიტორიაზე 2008 წლის აგვისტოში.

„თუ ამ საკითხებით დაინტერესდებიან, მზად ვარ ჩავიდე მოსკოვში და ვითანამშრომლო გამოძიებასთან“, - ამბობს აკაკი ბობოხიძე.

საქართველოს პარლამენტის წევრის განმარტებით, სიტყვა „ვკლავდი“ მის მიერ ნათქვამი იქნა „ვებრძოდის“ მნიშვნელობით.

„უამრავი ფაქტი ვიცი, როდესაც ქართველ ტყვეებს გადაჰფარებიან ჩეჩნები, აფხაზები. ზუსტად ასევე ტყვეები დაუცავს ქართულ მხარესაც. სამწუხაროდ, ყველა ომში იღუპებიან ადამიანები და, სავარაუდოდ, ჩემი ავტომატიდან ნასროლი ტყვიითაც დაიღუპებოდა ვინმე. მესმის, რომ ცუდად, რაღაცნაირად „ქილერულად“ ჟღერს ინდივიდუალურ ფორმატში ნათქვამი „ვკლავდი“, მაგრამ, ვიმეორებ, ომში იხოცებიან ადამიანები... დღეს, ცხადია, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ, არ უმუქრებათ ახლა და არ დაემუქრებათ არც მომავალში საქართველოს არც ერთი მოქალაქისაგან და მათ შორის ჩემგან. მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ არანაიარი პრობლემა არ გვაქვს“.

ბობოხიძე მზადაა სკრიპალების ბედი გაიზიაროს

თუმცა რუსულმა მედიამ და რუსმა პოლიტიკოსებმა აკაკი ბობოხიძის ნათქვამი ისე მიაწოდეს თავიანთი ქვეყნის მოქალაქეებს, თითქოს, საქართველოს პარლამენტში რუსების მოკვლის მოწოდება გაკეთდა.

აკაკი ბობოხიძის სიტყვები შეუმჩნეველი არც სოციალური ქსელების მომხმარებლებს დარჩენიათ.

„გაიქეცი, აკაკი, გაიქეცი! ოღონდ მტრები კი არა, შენნაირი მკვლელები მოგიღებენ ბოლოს, უფრო ჭკვიანები და მეტად მდუმარენი... ქართველმა კანონიერმა ქურდებმა უკვე შეუკვეთეს შენი მკვლელობა. დაელოდე სტუმრებს“, - წერს livejournal-ის ერთ-ერთი მომხმარებელი.

შესაძლებელია თუ არა რაიმე სახის საფრთხე ემუქრებოდეს ქართველ დეპუტატს რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან?

როგორც უნდა იყოს, აკაკი ბობოხიძე ამბობს, რომ არც კი ფიქრობს თავის დაცვაზე, მთავრობისთვის მიმართვასა და დაცვით სიარულზე.

„რუსეთთან ურთიერთობისას საფრთხისგან არავინ და არასდროს არ არის დაზღვეული, თუმცა იმედი მაქვს, თუ რუსები იმოქმედებენ სკრიპალების საქმის მსგავსად, ამით დიდად გაირთულებენ ცხოვრებას, ხოლო რუსეთისთვის ცხოვრების გართულებაში თუ ჩემი სახელი და გვარი რამე როლს ითამაშებს, ღმერთმა ხელი მოუმართოთ“, - უთხრა აკაკი ბობოხიძემ რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG