Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკონვერტო წერილი ცხინვალის ციხიდან


ვაჟა გაფრინდაშვილი
ვაჟა გაფრინდაშვილი

ტარვმატოლოგ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს “წითელი ჯვრის” საერთაშორისო კომიტეტმა ცხინვალის ციხიდან გამოგზავნილი წერილი გადასცა.

ექიმი ოჯახის წევრებს მოიკითხავს და სწერს, რომ თავს ნორმალურად გრძნობს. გაფრინდაშვილის მეუღლე, თამილა ლაფანაშვილი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამ გზავნილს წერილსაც ვერ უწოდებს, რადგან იგი, ფაქტობრივად, კონვერტის გარეშე, „წითელი ჯვრის“ ტიტულიან ქაღალდზე დაწერილი ჩაბარდა და იქ განსაკუთრებული არაფერი წერია.

ცხინვალის ციხეში ვაჟა გაფრინდაშვილის შედარებით ნორმალურ პირობებში ყოფნას ნიქოზის ამბულატორიის ხელმძღვანელი ნიკო ძამუკაშვილიც ადასტურებს. ნიქოზის ამბულატორია ეგრეთ წოდებული გამყოფი ხაზიდან, დაახლოებით, 500 მეტრში მდებარეობს, ძამუკაშვილი კი არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართლოსის“ პროექტის ფარგლებში ცხინვალელ ექიმებთან თანამშრომლობს. წარსულში „ქართლოსის“ ინიციატივით მესამე ქვეყნებში მავთულხლართების ორივე მხარეს მცხოვრები ექიმების შეხვედრა ტარდებოდა ხოლმე. ძამუკაშვილი იქაურ ექიმებთან კონტაქტს ინარჩუნებს და სწორედ მათგან იცის, რომ ქართველი ექიმი თავს ნორმალურად გრძნობს. გარდა ამისა, ნიქოზის ამბულატორიის ხელმძღვანელის თქმით, ცხინვალელი ექიმებიც გმობენ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას, მაგრამ დე ფაქტო რესპუბლიკაში არსებული რეპრესიული რეჟიმის გამო ამის ხმამაღლა თქმას ვერ ბედავენ.

ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებიდან 11 დღე გავიდა, მას ახალგორის სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა, მისი გათავისუფლების მოთხოვნით კი სულ უფრო მეტი საერთაშორისო პარტნიორი გამოდის. 19 ნოემბერს ცხინვალში დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეს, ევროკავშირის წარმომადგენელს, ტოივო კლაარს, იმედი აქვს, რომ ცხინვალის საპატიმროში მყოფ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, მალე გაათავისუფლებენ. ამის შესახებ კლაარმა რადიო თავისუფლების პროექტ „ეხო კავკაზას“ ცხინვალელ კორესპონდენტს განუცხადა.

ტოივო კლაარი, რუდოლფ მიხალკა და ჯიჰან სულთანოღლუ - ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ევროკავშირიდან, ეუთოდან და გაეროდან - 19 ნოემბერს ცხინვალში ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ტოივო კლაარის ინფორმაციით, მათ შეხვედრაზე ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი დააყენეს.

„რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ სიტუაცია მოგვარდება და ექიმ გაფრინდაშვილს რაც შეიძლება სწრაფად გაათავისუფლებენ, რადგან არ ვფიქრობ, რომ მისი ხანგრძლივი დროით დაკავება ვინმეს ინტერესებშია“, - განაცხადა ტოივო კლაარმა.

„ეხო კავკაზას“ ცნობითვე, ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა მომხდარს პროვოკაცია უწოდა. ბიბილოვის თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილმა „საზღვარი“ განზრახ დაარღვია და ამას არც მალავს.

„მიმაჩია, რომ ეს არის ნაწილი საერთო პოლიტიკისა, რომელსაც საქართველო ატარებს სამხრეთ ოსეთის მიმართ. დროა, საქართველომ გაიგოს, რომ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ამის გათვალისწინებით წარმართოს თავისი მუშაობა“, - განაცხადა ბიბილოვმა.

დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი პოსტკონფლიქტურ საკითხებში მურატ ჯიოევი ამბობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ გადაწყვეტილებას მიიღებენ „სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობის შესაბამისად“. ჯიოევის განცხადებით, ჯერჯერობით გაფრინდაშვილს ორთვიანი სასჯელი აქვს შეფარდებული, შემდეგ კი სასამართლო გადაწყვეტს.

მურატ ჯიოევის თქმით, ისინი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის მონაწილეების წინაშე დააყენებენ საკითხს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილმა „საზღვარი“ განზრახ დაარღვია და არ აღიარებს პასუხისმგებლობას იმ ნაბიჯზე, რომელიც მიზანმიმართულად გადადგა.

ცხინვალში ჩასვლამდე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართეს. მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლებს სთხოვა ყველა ზომას მიმართონ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის, დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან დაბრუნებულ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეებს შეხვდა.

დავით ზალკალიანის განცხადებით, აუცილებელია საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკის შეწყვეტა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საოკუპაციო რეჟიმების მიერ ადამიანის უფლებების თემით მანიპულირების მიუღებლობას და საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის შედეგად ცხინვალის რეგიონში შექმნილ კრიზისულ ვითარებას. ზალკალიანის თქმით, ახალგორის რაიონში მარგო მარტიაშვილის გარდაცვალება და თამარ გიგაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნათლად ადასტურებს საოკუპაციო ხაზზე მიმოსვლისა და სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის შეზღუდვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვა, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება საოკუპაციო ხაზზე პროვოკაციების შეწყვეტისა და ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისთვის.

თავის მხრივ, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ყველა ღონეს ხმარობენ და გააგრძელებენ აქტიურ მუშაობას ადგილზე ვითარების განმუხტვისა და პრობლემების გადაჭრისათვის.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თბილისელი ექიმ-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ახალგორის რაიონთან დააკავეს და ბრალი წაუყენეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევაში, რაც, დე ფაქტო კანონმდებლობით, სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. დე ფაქტო სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG