Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“უკრაინა-2014” თუ “ბელარუსი-2020”? - უკრაინელები მსჯელობენ, რით დაამთავრებს „ქართველი იანუკოვიჩი“


"სად მიდის 'ქართული ოცნება' - ევროპაში თუ რუსეთში", - წერს პორტალი ZN.UA
"სად მიდის 'ქართული ოცნება' - ევროპაში თუ რუსეთში", - წერს პორტალი ZN.UA

უკრაინული მედია ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე პროტესტს. ბევრისთვის, “აგენტებზე” კანონის პარლამენტში დაბრუნება იმის ნიშანია, რომ “ქართული ოცნება” საბოლოოდ ამბობს უარს ევროინტეგრაციაზე… და ამის გამო შეიძლება რუსეთის სატელიტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ბედი გაიზიაროს.

“საქართველოს ნელ-ნელა რუსეთი შთანთქავს”, - წერს ტელეკომპანია "ესპრესოს" წამყვანი, ანდრიი სმოლი.

მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” კვლავ გადაწყვიტა “აგენტების “კანონის მიღება, ათობით უკრაინელი ჟურნალისტი და ექსპერტი ერთ აზრზეა - საქართველოს ხელისუფლება, პირდაპირ თუ ირიბად, კრემლის ინტერესებს ატარებს.

„სავარაუდოდ, მათ [ხელისუფლებას] კრემლი აწვებათ”, - წერს ბლოგერი ოლექსანდრ ნოტევსკი.

იგი ამტკიცებს, რომ “ოცნება” აპირებს არჩევნებამდე „ჭანჭიკებს მაგრად მოუჭიროს”. ანუ ჩაახშოს ნებისმიერი პროტესტი, რომელიც „არჩევნების შესაძლო გაყალბებას“ შეიძლება მოჰყვეს.

ჯერჯერობით, „საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ხელისუფლებამ [დემონსტრანტების] დაშლის და მისრესის ტაქტიკა აირჩია. ეს დიდი სისულელეა, იმიტომ, რომ ქართველებს ახასიათებთ აქტიური დაუმორჩილებლობა”, - დაამატა ნოტევსკიმ.

ზოგი, მაგალითად, პოლიტოლოგი ოლექსი ჰოლობუცკი, “ქართულ ოცნებას” პირდაპირ „რუსეთის აგენტებს” ეძახის.

„სანამ უკრაინის საკითხს გადაჭრიდეს”, კრემლმა გადაწყვიტა, „საქართველოში ვა-ბანკზე წავიდეს და უბრალოდ ბოლომდე დაიმორჩილოს საკუთარი აგენტები ხელისუფლებაში - “ქართული ოცნება” და მისი მთავრობა”, - წერს ჰოლობუცკი.

კიდევ ერთი პოპულარული (მაგრამ დახურული) ტელეგრამარხი კი პარალელს ავლებს “ქართულ ოცნებასა” და უნგრეთის მმართველის, ვიქტორ ორბანის პარტია “ფიდესს” შორის.

“ეს ანალოგია უბრალოდ არ მოგვყავს. ვიქტორ ორბანი ყოველთვის მხარს უჭერდა [ირაკლი] ღარიბაშვილს, ყველა ევროპული თათბირის დროს”, - ნათქვამია პოსტში, რომელსაც თითქმის 30 ათასი ნახვა აქვს.

მაგრამ ყველაზე ხშირად “ქართულ ოცნებას” ადარებენ უკრაინის ყოფილი პრორუსი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლებას.

“აგენტების” კანონის საწინააღმდეგო აქციებსაც აიგივებენ 2014 წლის ღირსების რევოლუციასთან, რომელმაც იანუკოვიჩის მმართველობა დაასრულა.

„ხალხი “ხუილოს [ვლადიმირ პუტინის შეურაცხმყოფელი ეპითეტი - რ.თ.] სტილის“ კანონის წინააღმდეგ, ხელისუფლება ხალხს ხუილოს სტილში არბევს… ასეთია საქართველო ახლა… ხომ ჰგავს იმას, რაც 2014 წელს, მაიდნის დროს ხდებოდა?” - წერს ახალი ამბების პოპულარული ტელეგრამარხი.

ივანიშვილი - ახალი იანუკოვიჩია?

აი, რა მსგავსებებზე წერენ უკრაინელები.

2010 წელს გაპრეზიდენტებული იანუკოვიჩი პრორუსი იყო, თუმცა ხშირად იმეორებდა, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს. “ქართული ოცნების” მსგავსად, მისი ქვეყნის ევროპული არჩევანი მანაც კანონად აქცია.

მაგრამ იანუკოვიჩის სხვა ნაბიჯები მისი სიტყვების საპირისპირო იყო. 2013 წლის შემოდგომაზე, მან უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერაზე.

უკრაინაში ეს „ევროპისთვის ზურგის შექცევად” შეაფასეს, ათიათასობით გაბრაზებული ადამიანი კიევის ქუჩებში გამოვიდა.

როგორ უპასუხა იანუკოვიჩმა ხალხის უკმაყოფილებას? მან მიიღო კანონი “უცხოეთის აგენტების” შესახებ. უცხოეთიდან მიმღები ენჯეოების “აგენტებად” გამოცხადების გარდა, კანონმა ასევე შეზღუდა უკრაინელების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება.

იანუკოვიჩმა ჯერ აქციების ჩახშობა უხეში ძალადობით სცადა, მაგრამ კანონის მიღებიდან დაახლოებით ერთი თვის თავზე იგი ქვეყნიდან რუსეთში გაიქცა. ამით მისი პოლიტიკური კარიერა დასრულდა.

გულმხურვალე ქომაგები

„იანუკოვიჩი ხელისუფლებაში ერთი ვადითაც ვერ გაჩერდა, “ქართული ოცნება” კი ქვეყანას ათ წელიწადზე მეტხანს მართავს”, - წერს "დოიჩე ველეს" ჟურნალისტი რომან გონჩარენკო.

მას ეჭვი ეპარება იმაში, რომ ქართველი დემონსტრანტები ხელისუფლებასთან საკუთარი სიმართლის გატანას შეძლებენ.

რომელ გზას აირჩევს საქართველო - “უკრაინა-2014” თუ “ბელარუსი-2020”? - წერს პორტალი "ზერკალო ნეძელი" (კვირის სარკე).

ტექსტის ავტორს პირველ რიგში ის აფიქრებს, რომ დემონსტრანტებსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის „არ არსებობს გამოკვეთილი ლიდერი”.

აქციების წარმატება ბევრისთვისაა სათუო. მაგრამ სკეპტიკოსებიც არ იშურებენ კეთილ სურვილებს.

„იმედია, ხალხი შეინარჩუნებს საკუთარ თავისუფლებებსა და უფლებებს”, - წერს პოპულარული ბლოგერი და ადკოვატი, სერჰი მილერი.

„გვჯერა მიტინგებისა და პროტესტების ძალის. საქართველო აუცილებლად იქნება ევროკავშირში უცხოეთის აგენტებზე კანონის გარეშე”, - წერს ტელეგრამარხი “ონლაინერი”.

უკრაინულმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ, k41-მა კი ქართველი დემონსტრანტები ქართულადვე გაამხნევა.

„შთამაგონებელია თქვენი მედეგობა. შეგიძლიათ, ყოველთვის გქონდეთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერის იმედი”, - დაწერა ორგანიზაციამ ინსტაგრამის გვერდზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG