Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თავში მოვარტყი“ - უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი ასევე ქართველი ბიზნესმენის ყოფილი ცოლისა და 19 წლის შვილის მკვლელობაშია ბრალდებული

თეიმურაზ გოგიაშვილი ირიცხებოდა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის საბრძოლო რაზმში, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდა.
თეიმურაზ გოგიაშვილი ირიცხებოდა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის საბრძოლო რაზმში, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდა.

53 წლის ქალის დანაწევრებული ცხედარი საკუთარ ბინაში აღმოაჩინეს, ხოლო მისი 19 წლის ქალიშვილის - მკვლელის ავტოფარეხში. მოსკოვში მომხდარი საზარელი ორმაგი მკვლელობის ყველა მონაწილეს ქართული გვარი აქვს. მკვლელობაში ბრალდებული თეიმურაზ გოგიაშვილი 2014 წლიდან უკრაინის წინააღმდეგ დონბასში იბრძოდა.

ბოლო ინფორმაციით, ბრალდებულმა აღიარა, რომ ელენა წერეთელი და მისი შვილი - დარია წერეთელი - ცეცხლსასროლი იარაღით დახოცა.

„სიკვდილი დადგა მყისიერად... თავში მოვარტყი, რის შემდეგაც ხელში ავიყვანე, აბაზანაში გავიყვანე და იქ დავაწვინე“, - ჰყვება თეიმურაზ გოგიაშვილი ელენა წერეთლის მკვლელობის ეპიზოდის შესახებ, საგამოძიებო კომიტეტის მიერ გავრცელებულ მოკლე ვიდეოში. 5 ოქტომბერს საგამოძიებო ექსპერიმენტები ჩაატარეს როგორც ბინაში, ასევე - ავტოფარეხში.

“ბრალდებულმა განმარტა, რომ მკვლელობების ჩადენის შემდეგ, ის, შენობებში სისხლის კვალის გასუფთავებით, დანაშაულის დაფარვას ცდილობდა”, - საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, დაკავებული ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. თუმცა ოფიციალურ ცნობებში არ არის დაკონკრეტებული, რა ნაწილში უარყოფს დაკავებული მისთვის წაყენებულ ბრალს.

გოგიაშვილის კვალზე გამოძიება ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერების დახმარებით გავიდა. როდესაც ბრალდებულს ვორონეჟში მიაგნეს, მასთან ერთად იმყოფებოდა 40 წლის ქალი - ჯერჯერობით უცნობია, ჰქონდა თუ არა მას შემხებლობა და რა ტიპის შემხებლობა ჰქონდა მკვლელობის ფაქტებთან. 4 ოქტომბერს ბრალდებული ვორონეჟიდან სწრაფად გადაიყვანეს მოსკოვში.

რა მოხდა?

მკვლელის ძებნა მოსკოვში მას შემდეგ დაიწყეს, რაც ჟულებინის ბულვარზე მდებარე ერთ-ერთი სახლის ბინაში 3 ოქტომბერს 53 წლის ქალის, ელენა წერეთლის, დანაწევრებული ცხედარი აღმოაჩინეს. მაშინ ჯერ კიდევ არავინ იცოდა, რომ მისი 19 წლის ქალიშვილი დარია წერეთელიც მოკლული იყო და მკვლელი მის ცხედარს “ახალ მოსკოვში”, ავტოფარეხში მალავდა. ავტოფარეხს გამოძიებამ 4 ოქტომბერს მიაგნო.

ვიდრე ელენას ცხედარს იპოვიდნენ, ის რამდენიმე დღის განმავლობაში კავშირზე არ გადიოდა ახლობლებთან და მისი დაც სწორედ ამ ფაქტმა ააფორიაქა.

გამოძიების თანახმად, თეიმურაზ გოგიაშვილმა ჯერ მოკლა დარია, რომელიც ვარჯიშის შემდეგ ფიტნეს დარბაზიდან წამოიყვანა და მიზანში ამოღებული მსხვერპლი გზად - თითქოს ნივთების წამოსაღებად - ავტოფარეხში შეატარა.

საქმეს რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მოსკოვის სამმართველო იძიებს. საგამოძიებო მასალების თანახმად:

  • ბინა, სადაც 3 ოქტომბერს ქალის დანაწევრებული ცხედარი აღმოაჩინეს, დასუფთავებული იყო და სისხლის კვალის მიგნება მხოლოდ თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით მოხერხდა.
  • ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე პარკები აივანზე აღმოაჩინეს.
  • ბინაში ასევე მიაგნეს დანებს - რითაც, სავარაუდოდ, მკვლელმა ქალის სხეული დაანაწევრა.
  • ბრალდებულის უძრავი ქონების ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღების მთელი არსენალი - საბრძოლო მასალები, მათ შორის, ხელყუმბარებიც აღმოაჩინეს. იარაღის ძირითადი ნაწილი შენახული იყო ავტოფარეხში, სადაც 19 წლის გოგოს ცხედარს მიაგნეს.


ჩხრეკისას ამოღებული იარაღი
ჩხრეკისას ამოღებული იარაღი

სხვადასხვა წყაროს თანახმად, თეიმურაზ გოგიაშვილს ელენა წერეთელთან სასიყვარულო ურთიერთობები აკავშირებდა და მასთან ცხოვრობდა, სწორედ იმ ბინაში, სადაც ქალი მოკლეს. უცნობია, მათთან ერთად ცხოვრობდა თუ არა დარიაც.

წინასწარი ინფორმაციით, ორმაგი მკვლელობა შესაძლოა ფინანსურ დაინტერესებას უკავშირდებოდეს.

სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და აღკვეთის ღონისძიების სახით გოგიაშვილს პატიმრობა შეუფარდა, 2026 წლის 3 დეკემბრამდე.

თეიმურაზ გოგიაშვილი სასამართლოში. 2026 წლის 5 ოქტომბერი
თეიმურაზ გოგიაშვილი სასამართლოში. 2026 წლის 5 ოქტომბერი

გოგიაშვილისთვის წაყენებული ბრალი რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორ მუხლს მოიცავს:

  • 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ზ“ პუნქტები - ორი პირის მკვლელობა ანგარებითი მოტივით;
  • 222-ე მუხლის პირველი ნაწილი - იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო ბრუნვა.


რა ვიცით ბრალდებულზე?

„დაკავებული თეიმურაზ გოგიაშვილი 1979 წელს არის დაბადებული. იგი წარმოშობით საქართველოდანაა. წარსულში ნასამართლევი არ არის და არც ადმინისტრაციულ პასუხისგებაში არ ყოფილა მიცემული“, - განუცხადა სააგენტო ТАСС-ს ინკოგნიტო წყარომ სამართალდამცავი ორგანოებიდან.

სხვა წყაროების თანახმად, ეთნიკურად ქართველი 47 წლის კაცი დონეცკში დაიბადა და წლების განმავლობაში რუსეთში ბინადრობის მოწმობით ცხოვრობდა.

ერთი ვერსიით, 2021 წელს გოგიაშვილი რუსეთის მოქალაქე გახდა და ეს სტატუსი მან გამარტივებული წესით მიიღო.

  • უკრაინელი აქტივისტები ჯერ კიდევ 2015 წელს წერდნენ, რომ თბილისში რეგისტრაციის მიუხედავად, გოგიაშვილი ძირითადად საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობდა - უკრაინასა და რუსეთში.
  • დონბასში შეტაკებების დაწყებამდე ის ლუგანსკში სწავლობდა, ეკონომიკის განხრით და შემდეგ მუშაობდა სატრანსპორტო კომპანიებსა და „სევერსტალში“, სადაც, სავარაუდოდ, მოხდა მისი გადაბირება რუსეთის სპეცსამსახურების მიერ.
  • ამავე წყაროების თანახმად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში გოგიაშვილი საქართველოშიც იყო ჩასული, მაგრამ "სავალუტო კრედიტის არგადახდის გამო" კვლავ უკრაინაში დაბრუნება მოუწია - სადაც ის სეპარატისტულ დაჯგუფებას შეუერთდა.


გოგიაშვილი ბოლო წლებში, გავრცელებული ინფორმაციით, ავტომანქანების სათადარიგო ნაწილების ბიზნესში იყო ჩაბმული. თუმცა ფინანსური პრობლემები ჰქონდა და საარბიტრაჟო სასამართლო მისგან ძველი დავალიანებების - 42 მილიონ რუბლზე მეტის [თითქმის 500 ათასი დოლარის] - გადახდას ითხოვდა.

ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, გოგიაშვილი ძალისმიერი და ფუნქციონალური ვარჯიშების ფიტნეს მწვრთნელიც იყო; ინდივიდუალურად ადგენდა კვების პროგრამებს.

2014 წლიდან ის უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში იყო ჩართული.

„ვაჟნიე ისტორიიმ“ [Важные истории] პირადი მონაცემებით დაადგინა, რომ უკრაინის წინააღმდეგ გოგიაშვილი 2014 წლიდან ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში შექმნილ ბატალიონ „სპარტაში“ იბრძოდა.

ამ ბატალიონს სეპარატისტებში კარგად ცნობილი არსენ პავლოვი - მეტსახელად „მოტოროლა“ - მეთაურობდა. ამ ინფორმაციას ძალოვნებთან დაახლოებულ ტელეგრამ-არხებზეც ადასტურებენ. თეიმურაზ გოგიაშვილს იცნობდნენ მეტსახელით - "გოგი".

რუსეთის მედიის თანახმად, 2022 წლიდან, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, გოგიაშვილი ავტომობილით არაერთხელ შევიდა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

დონეცკელ სეპარატისტთა საველე მეთაური არსენ პავლოვი, მეტსახელად „მოტოროლა“, წარმოშობით რუსეთიდან იყო. ის 2016 წელს მოკლეს.
დონეცკელ სეპარატისტთა საველე მეთაური არსენ პავლოვი, მეტსახელად „მოტოროლა“, წარმოშობით რუსეთიდან იყო. ის 2016 წელს მოკლეს.

ტელეგრამ-არხ „112-ის" ცნობით, გოგიაშვილის ყოფილი ცოლი, ეკატერინა, 2014 წელს, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი იყო. ბრალდებულს მასთან ორი შვილი ჰყავს.

ეკატერინამ „რენ ტვ-ს" (РЕН ТВ) განუცხადა, რომ ქმარი მას ღალატობდა: თავიდან ის ელენა წერეთელთან გადავიდა საცხოვრებლად, შემდეგ მასაც დაშორდა და სხვა ქალზე დაქორწინდა. ამ უკანასკნელთან განქორწინების შემდეგ კი, თეიმურაზი კვლავ ელენასთან დაბრუნდა. აგრესიისკენ მიდრეკილება მანამდე არასოდეს შემიმჩნევიაო - თქვა ეკატერინამ.

როგორც გამოცემა Astra-მ გაარკვია, 2019 წლიდან 2021 წლამდე გოგიაშვილი მოსკოვის ოლქში საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას“ სასაწყობო კომპლექსში მუშაობდა, ხოლო საკუთარ რეზიუმეში მიუთითებდა, რომ მედიაჯგუფში „მიმდინარე და კაპიტალური რემონტის განყოფილების უფროს სპეციალისტად“ მუშაობდა.

რა ვიცით მოკლულ დედა-შვილზე?

53 წლის ბიზნესმენი ელენა წერეთელი ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლი იყო, ხოლო დარია ელენასა და მამუკას საერთო შვილია. საჯარო წყაროებში დარიას შესახებ ინფორმაცია ძალიან მწირია.

ელენა და მამუკა 2020 წელს დასცილდნენ ერთმანეთს, თუმცა შეინარჩუნეს ბიზნესპარტნიორობა და კეთილგანწყობა ერთმანეთის მიმართ. როგორც ახლობლები ამბობენ, მამუკა წერეთელი მზრუნველობას არ აკლებდა შვილს - დარიას. შესაბამისად, სოციალურ ქსელებში უმეტესობა გამორიცხავს ვერსიას, რომ შესაძლოა მკვლელობა ყოფილი ქმრის ჩანაფიქრი იყოს.

ყოფილი ცოლ-ქმრის ყველაზე მსხვილ ერთობლივ კომპანიად სახელდება Даник-ი - უძრავი ქონების გაქირავებისა და მართვის კომპანია. მისი აქტივები თითქმის 305 მილიონ რუბლად არის შეფასებული.

ელენა ფლობდა ასევე მოსკოვში ცნობილ სილამაზის სალონ „ვაშ ობლიკს“. ეს სალონი 1992 წელს არის დარეგისტრირებული.

ელენა წერეთელი
ელენა წერეთელი

ვინ არის მამუკა წერეთელი?

თავად მამუკა წერეთელს რუსული მედია „ცნობილ რესტორატორად“ მოიხსენიებს.

ღია წყაროების თანახმად, მამუკა წერეთელი რესტორნების ბიზნესში 2000-იანი წლების ბოლოდან არის ჩართული. თავდაპირველად, მისი კომპანია მოსკოვში Subway-ს ქსელს ამუშავებდა და 2010 წლისთვის შვიდ ობიექტს მართავდა. მოგვიანებით ბიზნესმენმა საკუთარი პროექტების განხორციელება დაიწყო და მათ შორის არის ლუდის რესტორანი Beer Pairing-ი. ბიზნესმენის სათვალავზეა ასევე ქართული და ვიეტნამური სამზარეულოს სწრაფი კვების ობიექტები.

ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობასთან დაკავშირებით მამუკა წერეთელმა განაცხადა, რომ შოკირებულია, თუმცა ინფორმაციას არ ფლობს და ამ ეტაპზე გამოძიების ოფიციალურ შედეგებს ელოდება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG