Accessibility links

უმცირესობა და უმრავლესობა


შესაძლებელია თუ არა, რომ უმცირესობამ თავს მოახვიოს თავისი პრინციპები უმრავლესობას?

ან დასაშვებია, რომ უმცირესობების შეხედულებები გარკვეულ დროს ნორმად იქცეს უმრავლესობისთვის?

ტექსტი, რომლითაც ქართული ლიტერატურა იღებს სათავეს, სწორედ "უმცირესის" და "უმრავლესის" დაპირისპირებით იწყება, სადაც აშკარა უმცირესობაში მყოფი ერთი ცალი შუშანიკი უთუოდ თავს ახვევს ქრისტიანულ პრინციპს ძლიერ უმრავლესობაში მყოფ ვარსქენს, რაც საშინლად აღიზიანებს მძლავრ უმრავლესობაში მყოფ ატროშანის ამღიარებელს...

უმცირესობაშია ვაჟა-ფშაველას ჯოყოლაც აგრესიული და თავის სიმართლეში დარწმუნებული უმრავლესობის, თემის წინაშე, ვისგანაც ამაოდ ცდილობს დარლას საფლავზე დასაკლავად განწირული ზვიადაურის დაცვას... ანუ თემისთვის შესაძლოა წმინდა, მაგრამ უმცირესობაში მყოფი ჯოყოლასთვის უკვე არქაული და სისხლიანი ტრადიციის ჩანაცვლებას ჰუმანიზმის პრინციპით.

მცირედნი იყვნენ ისინიც, ვინც თავისუფლების იდეას ახვევდნენ თავს საბჭოურ უმრავლესობას მეოცე საუკუნის სამოცდაათიან-ოთხმოციან წლებში, როცა საქართველოს თავისუფლების შესახებ ხმამაღლა ლაპარაკს მხოლოდღა აბსოლუტურ უმცირესობაში მყოფები ბედავდნენ და ციხეებსა და ბანაკებში ხვდებოდნენ ამის გამო, რადგან უმრავლესობა არ და ვერც შეძლებდა ამ მცირედთა მსგავსად, თუნდაც ისეთი ობიექტური სურვილის და პრინციპის გაცხადებას, რაც ახლა უმრავლესობისთვისაც მისაღები და თავისთავადია - რომ საქართველო დამოუკიდებელი უნდა იყოს.

რადგან ის, რაც შესაძლოა მიუღებელი და მაშოკირებელია უმრავლესობისთვის კონკრეტულ დროსა და ეპოქაში და განვითარებისკენ გზის გაკაფვას კი მხოლოდ მცირედნი ბედავდნენ, შემდეგ, ანუ დღეს თუ ხვალ, ეს თავად ობიექტურ რეალობად იქცევა უმრავლესობისთვისაც, რადგან როგორც ისტორია გვასწავლის, დიდ, მნიშვნელოვან და ღირებულებით ცვლილებებს, ჩვეულებრივ, მცირედნი, ერთნი და ორნი, იწყებენ... უმრავლესობა კი ტრადიციულად მათ ნაკვალევს მიჰყვება.

შესაძლოა მავანმა გაიოცოს, სად იაკობ ხუცესის ტექსტი, ეროვნული დამოუკიდებლობა და სად სექსუალური უმცირესობების უფლებები, მაგრამ სინამდვილეში აქ ცხადი და ხილული კავშირია, რადგან ყველა ეს ამბავი უმცირესობის უთანასწორო ბრძოლაზეა ღონით ძლიერ და ხმაურიან, მაგრამ უმეტესად ნებით სუსტ უმრავლესობასთან, რომელიც წაგებული, საბოლოოდ, არა იმდენად მის მიერ ჩაგრულთან, არამედ დროსთან მიმართებით გამოდის, რაკი ის, რაც ნებსით თუ უნებლიეთ, თანასწორობისა და თავისუფლების იდეალებს უპირისპირდება, ისტორიის განჩინებით, სწორედ ისტორიისავე მიღმა რჩება ხოლმე...

მომავლის ისტორიას კი არა განვლილ, არამედ გასავლელ დღეზე, მომავალზე ორიენტირებული აზროვნება ქმნის.

უმცირესობა და უმრავლესობა
please wait

No media source currently available

0:00 0:03:24 0:00
Direct link

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG