Accessibility links

ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე 4 კაცი პატიმრობაში რჩება


20 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა აღმკვეთი ღონისძიება 4 პირის მიმართ. ისინი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე არიან დაპატიმრებულები.

იანვარში სამართალდამცავებმა ვიდეოჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით 18 პირი დააკავეს. აქედან ზაალ ლატარიას, ზურაბ სოლომნიშვილს, თემურ ირემაძეს და ანტონ ღლონტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. მათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვთ წარდგენილი.

ადვოკატები დაპატიმრებულების გირაოს სანაცვლოდ გამოშვებას ითხოვდნენ.

„რეალურად ამ ადამიანებს, ეს ვიდეოები შემთხვევით მიუვიდათ მესინჯერში. რაც შეეხება გავრცელებას, ეს დადასტურებული არ არის“, - ამბობს, ზურაბ სოლომნიშვილის ადვოკატი მუხრან ღურწკაია.

პროკურორის გიორგი მუკბანიანის თქმით, გამოძიება გრძელდება. დასადგენია პირველწყარო, რომელიც აღნიშნულ ვიდეოებს ავცელებდა. ამის გამო აღნიშნული პირები ჯერჯერობით პატიმრობაში უნდა დარჩნენ.

თემურ ირემაძის ადვოკატი დავით გირგვლიანი კი ახალგაზრდების ამ მუხლით დაპატიმრებას არაადეკვატურს უწოდებს.

„გამოძიების საქმეებიდან იკვეთება, რომ არც ერთი არ არის პირველწყარო. ბრალდება არაადეკვატურია. ამ შემთხვევაში პასუხი უნდა გავცეთ იმას, რამდენად არის ბმულის გაგზავნა დანაშაული. ეს არის ინფორმაცია, რომელიც ძალიან ბევრმა ნახა. მე არ ვეთანხმები არც ბრალს და არც ბრალის ინტერპრეტაციას“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, არ არსებობს არავითარი საფუძველი ამ პირების არც დაკავების და არც აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG