Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ფეისბუკის პოსტის“ საქმე სასამართლოში


თბილისის საქალაქო სასამართლომ იურისტ გიორგი ნონიაშვილის საქმეზე იმსჯელა. ნონიაშვილმა სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც, მისი თქმით, მარტში სამინისტრომ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებული სტატუსი წაუშალა და დაბლოკა.

იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებდა სასამართლოს გადაწყვეტილებას თამაზ ახობაძის შესახებ, რომელიც განაცდურის ანაზღაურებას ითვალისწინებდა. საბოლოოდ, სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც, ის მზად იყო ახობაძის მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა. გიორგი ნონიაშვილს მაშინ განცხადების ტონალობა არ მოეწონა და იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ Facebook-გვერდზე კომენტარი დაწერა, რომელიც, მისი თქმით, სამინისტრომ წაშალა, თავად ნონიაშვილი კი დაბლოკა.

უზენაესმა სასამართლომ დავის განხილვა ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას დაავალა. ამასთან, მიუთითა, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ მოქალაქის კომენტარების წაშლა პოტენციურად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას.

სასამართლო სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე იუსტიციის სამინისტრომ გიორგი ნონიაშვილს ბლოკი მოუხსნა. ნონიაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ ეს შეიძლება მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებოდეს, უნდათ, რომ მოსარჩელეს დავის საბაბი აღარ ჰქონდეს:

„ამიტომ ამჯერად მოვითხოვთ იუსტიციის სამინისტროს დაევალოს უარყოს მის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია. მათ გიორგის ბრალი დასდეს, არც მისი პოსტი წაგვიშლია და არც დაგვიბლოკავსო“.

გიორგი ნონიაშვილი ასევე ითხოვს სამინისტრომ ის პოსტიც აღადგინოს, რომელიც წაუშალა.

„იუსტიციის სამინისტრო და სხვა ადმინისტრაციული უწყებები ხშირად შლიან უარყოფით კომენტარებს, კრიტიკას ადმინისტრაციული უწყებების მიმართ. ამას მთელი რიგი კვლევები ადასტურებს“, - ამბობს გიორგი ნონიაშვილი.

მისივე თქმით, სასამართლო დავის გაგრძელება მისთვის მნიშვნელოვანია, რადგან სურს შეიქმნას პრეცედენტი, როდესაც მოქალაქე რეაგირებს ფეისბუკის პოსტის წაშლაზე და ამით გამოხატვის უფლებას იცავს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG