Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს ისევ დამოუკიდებელი გამომცემლობები წარადგნენ - რატომ არ არის იქ „მწერალთა სახლი“?

სტენდის მთავარი კედელი პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის მზია ამაღლობელის და ასევე პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას, ასევე, უწყვეტი აქციების მონაწილე ქალების ფოტოებითაა გაფორმებული.
სტენდის მთავარი კედელი პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის მზია ამაღლობელის და ასევე პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას, ასევე, უწყვეტი აქციების მონაწილე ქალების ფოტოებითაა გაფორმებული.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო წელსაც მხოლოდ დამოუკიდებელი გამომცემლებით არის წარმოდგენილი. საქართველოს „მწერალთა სახლი“ ევროპის უდიდესი წიგნის ბაზრობაში არ მონაწილეობს.

ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე, რომელიც 7 ოქტომბერს გაიხსნა და 11 ოქტომბრამდე გაგრძელდება, საქართველოს წიგნის ასოციაცია საქართველოს კოლექტიურ სტენდით წარსდგა - წელს ფრანკფურტის ბაზრობაზე 10 გამომცემლობა მონაწილეობს.

ქართველი გამომცემლების სტენდის მთავარი გზავნილია „წინააღმდეგობა გამძლეობით” - კონცეფცია კი ქართველი ქალების ძალას, გამძლეობასა და შეუპოვრობას ეძღვნება:

„იმ ქალებს, რომლებიც საკუთარი და სხვათა უფლებებისა და თავისუფლების დასაცავად იბრძოდნენ და მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ქვეყნის დემოკრატიული მომავლის შექმნაში”.

სტენდის მთავარი კედელი პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის მზია ამაღლობელის და ასევე პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას, ასევე, უწყვეტი აქციების მონაწილე ქალების ფოტოებითაა გაფორმებული, ხოლო შიდა სივრცეში, საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი ქალების ფოტოებია წარმოდგენილი.

ასე გამოიყურება ქართული სტენდი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე
ასე გამოიყურება ქართული სტენდი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, გასული წლის მსგავსად, საქართველოს წელსაც არ წარმოადგენს "მწერალთა სახლი". რა არის ევროპის უდიდეს წიგნის ბაზრობაზე წაუსვლელობის მიზეზი და აპირებს თუ არა მომავალში "მწერალთა სახლი" წიგნის ბაზრობაზე დაბრუნებას - ამ კითხვებზე "მწერალთა სახლისგან" ასეთი პასუხი მივიღეთ:

"საქართველო მონაწილეობს სამ დიდ ფესტივალში - ლონდონის, პარიზის, ლაიფციგის ფესტივალებზე. გერმანიაში აქცენტი წელს ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე გავაკეთეთ. რაც შეეხება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას, ორგანიზატორებთან გვაქვს საქმიანი კომუნიკაცია და მომავალ წელს ვგეგმავთ ღონისძიებაში ჩართვას".

2024 წელს, "მწერალთა სახლის" პასუხი იყო, მათ მაშინ „სხვა პრიორიტეტები ჰქონდათ" და ემზადებოდნენ სხვა ქვეყნების ლიტერატურულ ფესტივალებში მონაწილეობისათვის, სადაც საქართველო მანამდე მიწვეული არ ყოფილა.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართველი გამომცემლები 1990-იანი წლებიდან ყოველწლიურად მონაწილეობენ, რაც გულისხმობს უცხოელ გამომცემლებთან კავშირების გაღრმავებას, საავტორო უფლებების ყიდვას და გაყიდვას, ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას.

2007 წლიდან, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს ეროვნულ სტენდს კულტურის სამინისტრო აფინანსებდა.

2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანა იყო.

ყველაზე ისტორიული ბაზრობა
please wait

No media source currently available

0:00 0:04:32 0:00

2023 წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს მონაწილეობის ისტორიაში პირველად, გამომცემლობები და მწერლები იქ სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე ჩავიდნენ.

ამ დროს უკვე დაწყებული იყო ქართველი მწერლების, მთარგმნელების, გამომცემლებისა და ლიტერატურის სფეროში დასაქმებული ადამიანების ერთი ნაწილის ბოიკოტი, რაც „მწერალთა სახლის“ დირექტორად, იმჟამად „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ქეთევან დუმბაძის დანიშვნას მოჰყვა.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

კატეგორიები

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG