Accessibility links

ქართული პოლიტიკური სისტემის კრახი კოვიდ-19-თან ბრძოლის ველზე


თინათინ ხიდაშელი

ავტორი: თინათინ ხიდაშელი

COVID -19-ის კრიზისის პიკური მდგომარეობის გადავლისა და აფთიაქების დახლებზე წამლის გამოჩენის შემდეგაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იგი დარჩება ჩვენი დროის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად.

დღეს ყველანი ადვილად ვთანხმდებით, რომ მსოფლიო ომშია. ჩვენ ყველანი, ყველა კონტინენტზე, საბრძოლო თეატრის შუაგულში ვართ. ჩვენს თვალწინ ჩვენი მონაწილეობით მიმდინარეობს ომი უხილავ მტერთან, თან ისე, რომ გამყოფი ხაზი “წითლებსა” და “თეთრებს” შორის გავლებული არ არის. თითქოს ყველანი, მთელი კაცობრიობა, ფრონტის ერთ მხარეს უნდა ვიდგეთ, ვინაიდან მეორე მხარეს უხილავი ბოროტი მტერია, რომელმაც არაფერი იცის ეთნიკურ, რელიგიურ, სოციალურ ან ეკონომიკურ განსხვავებებსა და ინტერესებზე და ყველა შემხვედრს ერთნაირად უტევს. ამასთანავე, პერიოდულად სახესა და ზნეს იცვლის უფრო მეტი დამანგრეველი ეფექტისთვის.

ტრადიციული ომის შესაბამისად: ადამიანები მასობრივად იღუპებიან, ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა ნადგურდება, მსოფლიო საზოგადოებაში დიდი პანიკა და იდეოლოგიური კრიზისია, არეულია სწორისა და არასწორის, ლეგიტიმურისა და არალეგიტიმურის განმასხვავებელი ნიშნები. ყველაფერი უფრო დიდი მიზნის, სიცოცხლის გადარჩენის, არგუმენტითა და ამოცანით “პრავდება”. შესაბამისად, ზუსტად ისე, როგორც დიდი, გამანადგურებელი ომის დროს, კანონის უზენაესობა, დემოკრატიული პროცედურები, ძალისა და შეზღუდვების ლეგიტიმური გამოყენების მართვა და საინფორმაციო სივრცის თავისუფლება და მიუკერძოებლობა თითქოს მეორეხარისხოვანი ხდება.

სწორედ ამიტომ, მაღალია ხელისუფლების ცდუნება გაიმარტივოს ყოფა და ერთი ხელის მოსმით აღკვეთოს, შეზღუდოს, დახუროს ყველაფერი, რაც იმწუთიერი კატასტროფის გამომწვევად მოეჩვენება. ცოტა უფრო გონიერი და ანგარიშვალდებული ხელისუფალი პირველი შოკიდან გამოსვლის შემდეგ საკუთარი გადაწყვეტილებების შეცვლას, რეალობასთან შესაბამებას და საკუთარი ამომრჩევლისგან წამოსული წუხილების მოსმენას იწყებს; მასზე კიდევ უფრო გონიერი და ანგარიშვალდებული ხელისუფალი კი, დამატებით, დღევანდელი პრობლემების გრძლევადიანი კატასტროფის პრიზმაში ანალიზს შეუდგება.

ჩემი ქვეყანა, საქართველო, ბევრის აზრით, დღეს COVID-19-თან ბრძოლის პოზიტიურ მაგალითად ითვლება. ამ იდეის ავტორებისა და მომხრეების მთავარი იარაღი სტატისტიკაა. საქართველოს მსოფლიო დემოკრატიებს შორის ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს, როგორც ინფიცირების, ასევე ლეტალური შედეგის თვალსაზრისით. ახალი ვირუსით პირველი ინფიცირებულის გამოვლენიდან (2020 წლის 26 თებერვალი) თითქმის ორი თვის შემდეგ ქვეყანას 411 ინფიცირებული და მხოლოდ 5 გარდაცვლილი ჰყავს. ასევე მართალია, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებმა - როგორც ექიმებმა, ასევე მენეჯერებმა - მაღალი პროფესიონალიზმი, კრიზისში მოქმედებისა და კომუნიკაციის მაღალი კლასი და დიდი გამძლეობის მაგალითი მოგვცეს ყველას.

თუმცა, თუკი მოვლენების განვითარებას ქვეყნის გრძელვადიანი და წარმატებული განვითარების პერსპექტივით შევხედავთ, ვითარება არცთუ სახარბიელოა.

მთავარი კითხვაც სწორედ აქ დგება. რა არის ამ დროს წარმატება? როგორ უნდა გავზომოთ? რა არის მთავარი მახასიათებელი? ის ერთკომპონენტიანია, - რამდენი ინფიცირებული და გარდაცვლილი გვყავს დღეს და რომელ საფეხურზე ვართ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რუკაზე, - თუ მრავალკომპონენტიანია და სახელმწიფოს დემოკრატიულობის ხარისხით, მომავლის პრიზმაში უნდა გავზომოთ?

ვფიქრობ, სწორი პასუხი სწორედ მეორეა. წარმატება ვირუსთან ომის მოგებაა და არა ექსკლუზიურად დღევანდელი ბრძოლის, რომელიც პოზიტიური ჯანდაცვის დინამიკაში გამოიხატება.

საქართველო, ავად თუ კარგად, კონსტიტუციური დემოკრატიაა, სადაც -,მათ შორის საგანგებო ან საომარი მდგომარეობის პირობებისთვისაც - დემოკრატიული წესები არსებობს. ქვეყნის დემოკრატიული მდგრადობა სწორედ ჟამიანობის დროს იწრთობა და ფასდება. ჩვენმა პოლიტიკურმა სისტემამ, ამ მხრივ, ჯერჯერობით სრული კრახი განიცადა.

საქართველოში პირველი მსხვერპლი გაღებულია. კონსტიტუციური, სრულიად მკაფიო მოთხოვნის მიუხედავად და მის საპირისპიროდ, საქართველოს პარლამენტმა უარი თქვა ზუსტად დაედგინა მთავრობის მოქმედების საზღვრები საგანგებო მდგომარეობის პერიოდში. კონსტიტუცია ასევე პირდაპირ მოითხოვს, რომ პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის მოქმედების დროს მუდმივი სხდომის რეჟიმში იყოს, რაზეც ასევე უარი თქვეს ხალხის წარმომადგენლებმა და სრულიად უკონტროლო ძალაუფლება გადასცეს პრემიერსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას.

პარლამენტის მიერ, ნებაყოფლობით და კონსტიტუციური მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, მმართველობაზე უარის თქმის პირობებში, აბსოლუტურად იდენტურად იქცევა პრემიერ-მინისტრიც. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების არც ერთ ეტაპზე ის პარლამენტში არ გვინახავს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკად ითვლება. უფრო მეტიც, ერთთვიანი კრიზისის შემდეგ შეზღუდვების გაგრძელების თხოვნით პარლამენტში პრემიერის ნაცვლად პოლიტიკური პასუხისმგელობისგან თავისუფალი მისი აპარატის უფროსი მივიდა მხოლოდ იმისთვის, რომ დეპუტატებისთვის უსიტყვო და უპირობო მხარდაჭერა ეთხოვა. პარლამენტი კი ისე მისცემს თანხმობას, რომ არც ერთი სიტყვა არ მოუსმენია იმაზე, ამ ერთი თვის მანძილზე როგორ გააუმჯობესა ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა ქვეყანამ, ან რა ზომები გაატარა მთავრობამ ეკონომიკის გადასარჩენად, სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად, რა ღონისძიებების გატარებას აპირებს იმ ერთ თვეში, რომელიც დღეს დამატებით მოითხოვა.

დემოკრატია, პირველ რიგში, ანგარიშვალდებულებას, თავისუფალ დებატებს, დაგროვილ კითხვებზე პასუხების გაცემას ნიშნავს. ამისთვის სახელმწიფოებმა პარლამენტები მოიგონეს. ხალხის წარმომადგენლები ყველა კრიტიკულ მომენტში აღმასრულებელი ხელისუფლებისგან ხალხის სახელით ანგარიშს ისმენენ, გეგმებს ითხოვენ, დეტალებს აზუსტებენ და არკვევენ. პროცესი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, თუკი დემოკრატიული პროცესი შეჩერებულია, თუკი ადამიანის უფლებების შეზღუდულია და ქვეყანა ომშია. ამ დროს გაცილებით მაღალია პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულებების სტანდარტი.

ამის ნაცვლად, პრემიერი ან რომელიმე სხვა, პოლიტიკური პასუხისმგებლობის მატარებელი პირი, საერთოდ უარს ამბობს საჯარო პროცესში მონაწილეობაზე, თავს არიდებს დისკუსიას და კრიტიკულ კითხვებს, უარს აცხადებს პასუხისმგებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე. უფრო მეტიც, პროცესს კანონმდებლობით დადგენილი წესის უგულებელყოფით, ნაცვლად კოლექტიური და მეტ-ნაკლებად წარმომადგენლობითი უსაფრთხოების საბჭოსი, გაუგებარი სამართლებრივი სტატუსის მქონე შტაბით მართავს, რომელსაც თავის მხრივ, არავითარი კანონით დადგენილი პასუხისმგებლობა ან ანგარიშვალდებულება არა აქვს ვინმეს წინაშე, გარდა მხოლოდ თავად პრემიერისა.

საქართველოში ხელისუფლება სრულიად შეგნებულად და მიზანმიმართულად თავს არიდებს ფართო დისკუსიას სხვა, ზუსტად ისეთივე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც ვირუსის გავრცელების პრევენციაა, თუმცა არც პრევენციულ ღონისძიებებზე ამბობს რამეს. იმ პირობებში, როდესაც პარლამენტი “თვითდათხოვნაშია”, მსგავსი დისკუსიის ფორმატი და ადგილიც გაფერმკრთალებულია.

საკითხების ჩამონათვალი, რომელზეც დღეს ქვეყნის პარლამენტში დისკუსია უნდა ყოფილიყო, ვრცელია:

  • რა გააკეთა ქვეყნის მთავრობამ ამ ერთი თვის მანძილზე საავადმყოფოების უკეთ აღჭურვისთვის?
  • კრიზისის შესაბამისად, ჯანდაცვის სისტემის მეტი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად?
  • ვირუსის მეტი პრევენციისთვის, რომელიც, გრძელვადიან პერსპექტივაში, მხოლოდ ჩვენი, თითოეული ადამიანის კეთილგონიერებაზე არ იქნება დამოკიდებული?
  • რა გააკეთეს სამუშაო ადგილების შენარჩუნებისთვის?
  • სახლში დარჩენილი მოქალაქეების შემოსავლის წყაროს დივერსიფიკაციისთვის?
  • საგანგებო მდგომარეობის რომელი აკრძალვები იყო არასაჭირო და, შესაბამისად, სასწრაფოდ გასაუქმებელი?
  • სად გადის ზღვარი პრევენციისა და ხელისუფლების შიშებით გამოწვეულ აკრძალვებს შორის?
  • როგორ უნდა განახლდეს პოლიტიკური კალენდარი საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ?
  • ქვეყანაში ინიცირებული იყო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც შუა გზაში გაჩერდა, როგორია გეგმა “ბ” ან “გ” ამ პროცესის დასრულების და მის საარჩევნო კალენდართან მორგების ნაწილში? და მრავალი, მრავალი სხვა.

ამ ომს ზუსტად მაშინ წავაგებთ, თუკი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ყველა საკითხი ნაგვის ურნაში გადაიყრება, თუკი უარს ვიტყვით რეფორმებზე, რომლებიც ვირუსის წამალზე არანაკლებ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, და უარს ვიტყვით დემოკრატიულ მმართველობაზე.

მაგალითად, საქართველოში დღეს კვლავაც მუშაობს საკვები პროდუქტების სახლში გამოძახების სერვისი, თუმცა ისევ დახურული და აკრძალულია ასევე სახლში გამოძახებით მომსახურების ყველა სხვა ანალოგიური სერვისი ტექნიკისა ან სხვა საყოფაცხოვრებო საჭიროების მაღაზიებიდან; დაშვებულია იურიდიული მომსახურება, მაგრამ რატომღაც აკრძალულია ყველა სხვა საკონსულტაციო ან მსგავსი მომსახურება, რომელიც ასევე უკონტაქტო ფორმით შეიძლება განხორციელდეს, მაგალითად, საბუღალტრო საქმიანობა; ბოლო დრომდე შეჩერებული იყო სანოტარო მომსახურება და სხვა. არც რაციონალური ან რამე დასაბუთებული ახსნის ვალდებულებას გრძნობს პრემიერი და არც პარლამენტი მოითხოვს ამას. ამასობაში, ასე აუხსნელად და დაუსაბუთებლად ადამიანებს ერთმევათ შემოსავალი შეზღუდვებით, რომელიც მათ სიცოცხლის გადარჩენასთან ან ვირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებთან არავითარ კავშირში არ არის.

კიდევ ერთხელ, დასკვნისთვის: ადვილია პოლიციურ სახელმწიფოში ნებისმიერი შემოტევის მოგერიება და ბრძოლის მოგება, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, პოლიციური სახელმწიფო ომიდან ყოველთვის დამარცხებული გამოდის.

დემოკრატული პროცესი კი სწორედ იმიტომ გვჭირდება, რომ უმძიმეს და მტკივნეულ რეფორმებზე, რომლებიც პოსტ-COVID-19-ის პერიოდში იქნება გასატარებელი, კონსენსუსი შედგეს და ყველას ძალისხმევით, ერთად მოვიგოთ ომი.

_____________________________

თინათინ ხიდაშელი ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარეა. “სამოქალაქო იდეა” უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობს. მისი საქმიანობის ერთ-ერთი ფოკუსი რუსეთისა და ჩინეთის გავლენის ოპერაციების კვლევაა. 2015-2016 წლებში იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG