Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღამე დამარხული სამი შვილის დედა


23 წლის მადინა უმაევას უეცარ სიკვდილსა და ღამე დამარხვას საზოგადოებაში ფართო რეზონანსი მოჰყვა. მადინა ჩეჩნეთის მოქალაქე და სამი არასრულწლოვანი შვილის დედა იყო. ჩეჩნეთში ეჭვობენ, რომ მადინა ძალადობის მსხვერპლი გახდა და შესაძლოა ცოცხლადაც დამარხეს.

გარდაცვალებიდან ერთი კვირის თავზე ადგილობრივმა მთავრობამ გვამის ექსჰუმაციის ნებართვა გასცა. საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ სიკვდილის მიზეზის დასადგენად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას ჩაატარებს.

12 ივნისის საღამოს ქალაქ გუდერმესში (დაბა დრუჟბა) მეზობლები რამდენჯერმე შეცვივდნენ ხამიდოვების სახლში, საიდანაც ყვირილის ხმა გამოდიოდა. დიასახლისი, გუმსეტ ხამიდოვა, მეზობლებს ისევ გარეთ ერეკებოდა. ბოლოს რომ მიირბინეს, მადინა კიბეზე იწვა. ხამიდოვამ განაცხადა, არაფერი სჭირს, თვალთმაქცობსო.

იმ დღეს მადინა უმაევამ დედისგან ფული მიიღო. შინ დაბრუნებულმა დედამთილს ახარა, ტელევიზორი და ბავშვებისთვის ტანსაცმელი შევიძინეო. დედამთილმა ამგვარი საქციელი ფულის ფლანგვად მიიჩნია და მადინას თავს დაესხა, მოვარდა მამამთილიც. შეშინებული მადინა აბაზანაში ჩაიკეტა. დედამთილმა შვილს სამსახურში დაურეკა და უთხრა, შინ დაბრუნებულიყო. მას შემდეგ მადინა ცოცხალი არავის უნახავს.

დედამთილი გუმსეტ ხამიდოვა ამტკიცებს, რომ მადინა ეპილეფსიით იყო ავად და კიბეზე დაეცა, თუმცა არანაირი საბუთი, რომელიც გარდაცვლილის ავადმყოფობაზე მიუთითებდა, არ არსებობს. ხუტმატ დავლეტმირზაევა, მადინას დედა, დაავადების არსებობას უარყოფს და ამბობს, რომ მისი შვილი აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო.

უკვე 12 ივნისს ჩეჩნები ერთმანეთს უზიარებდნენ ვიდეოს, რომელზეც მადინას უცნაური დაკძალვა იყო გადაღებული. ის მომხდარიდან რამდენიმე საათში დამარხეს, მაშინ როცა მუსლიმებში მიცვალებულის ღამით დაკრძალვა მიუღებელია.

მეჩეთის იმამმა, აბდულ-კარიმ რაშიდოვმა, რომელიც დაკრძალვას ხელმძღვანელობდა, მედიასთან განაცხადა, რომ ასეთი გადაწყვეტილება ვირუსისა და სიცხის გამო მიიღო.

საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ მადინა ოჯახურ ძალადობას შეეწირა და ნაჩქარევი დასაფლავებაც ამით იყო განპირობებული. ამასთან დაკავშირებით გარდაცვლილის მეუღლე, ვისხაჯი ხამიდოვი, ამბობს, რომ როდესაც მისი ცოლი დაიღუპა, ის სახლში არ იყო. შსს-ს თანამშრომლები ამტკიცებენ, რომ მადინა არაძალადობრივი გზით გარდაიცვალა, თუმცა კითხვაზე, ჩატარდა თუ არა გვამის ექსპერტიზა, მათ პასუხი არ გაუციათ. გარდაცვალების მოწმობა, რომელშიც გარდაცვალების მიზეზი უნდა ეწეროს, არავის შეუდგენია.

მეზობლები აცხადებენ, რომ ვისხაჯი ხამიდოვი რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელია. ამბობენ იმასაც, რომ ახალგაზრდა ქალს არც მამა ჰყავდა და არც ძმა, ქალების ეს კატეგორია კი ჩეჩნეთში ყველაზე მოწყვლადია.

მადინას ოჯახში ეს პირველი კონფლიქტი არ ყოფილა. გარდაცვლილის დედა ჰყვება, რომ მის შვილს ქმარი სცემდა, დედამთილი კი ათასგვარ პროვოკაციას უწყობდა. ქმარსა და მის ნათესავებთან უთანხმოების გამო 12 ივნისამდე მან დედის სახლში სამი დღე გაატარა. შვილიშვილების ხათრით ხუტმატმა შვილი ისევ ქმრის სახლში გაუშვა. იმავე საღამოს მას სიძის ნათესავებმა დაურეკეს და აცნობეს, რომ მადინა ცუდად გახდა და გარდაიცვალა.

დედა შვილის ნეშტთან არ მიუშვეს და ანახვეს, როცა მიცვალებული უკვე განბანილი და შესუდრული იყო. ხუტმატის სიტყვებით, ერთ-ერთმა შვილიშვილმა უთხრა, „რომ გენახა, რამდენი სისხლი წამოუვიდა დედასო“...

მისივე თქმით, გარდაცვლილს სისხლი ექსჰუმაციის შემდეგაც ეტყობოდა.

დავესწარი ექსჰუმაციას. შვილის ნეშტი მორგში ვნახე და მასზე ჭრილობა იყო, ზედ სისხლით“, - განაცხადა ხუტმატ დავლეტმირზაევამ.

საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა მადინა ცოცხლადაც კი დამარხეს. ეჭვის საფუძველი, პირველ რიგში, ის არის, რომ დაკრძალვის წინ ის ექიმს არ გაუსინჯავს; ამასთან, საფლავის გახსნის შემდეგ სუდარას სიხლი ეტყობოდა, სისხლისდენა კი ცოცხალი ორგანიზმისთვის უფრო არის დამახასიათებელი.

შესაძლებელია ცოცხლად დაემარხათ. ასეთი რამ ხდება, როცა ადამიანს სამედიცინო შემოწმების გარეშე ასაფლავებ. სამედიცინო შემოწმება არ ჩატარებულა, მხოლოდ პარამედიკოსმა დაათვალიერა სხეული, ის კი ექიმი არ არის“, - ამბობს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის იურისტი, აბუბაქარ აინგულბაევი.

მადინა უმაევას სამი შვილი - ორი გოგო და ერთი ბიჭი - დარჩა. გოგონები ამჟამად ბებიასთან, ხუტმატ დავლეტმირზაევასთან, იმყოფებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG