Accessibility links

ღამის რიგები მართვის მოწმობის ასაღებად


რამდენიმე თვეა, მართვის თეორიის გამოცდის ჩასაბარებლად 20 ათასამდე ადამიანს შუაღამისას ქუჩაში დგომა უწევს. მსურველები რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებენ.

მან, ვისაც მართვის მოწმობის აღება სურს, გამოცდა როგორც თეორიაში, ისე პრაქტიკულ ნაწილში უნდა ჩააბაროს. თეორიის გამოცდაზე დარეგისტრირება ონლაინ ხდება. რეგისტრაცია კვირა ღამის 12 საათზე იწყება. დაახლოებით, 10 წუთში ადგილები უკვე აღარ არის, ამიტომ დარეგისტრირების მსურველებს გამოცდაზე გასვლის უფლების მოსაპოვებლად დიდი დავიდარაბის გადატანა უწევთ.

სექტემბრიდან მოყოლებული დარეგისტრირება ყველას უჭირს, ამბობს ავტოსკოლა „შუმახერის“ დირექტორი გივი ღუღუნიშვილი, რომელმაც თავისი მოსწავლეებისთვის ასეთი ინსტრუქცია შეიმუშავა:

1. რეგისტაცია ჯობს გაიარო აპარატიდან, ვიდრე კომპიუტერით ან მობილურით, აპარატი უფრო სწრაფია.

2. გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი ბანკის აპარატი მეტად ჭედავს, ზოგის - ნაკლებად.

3. აპარატთან უნდა მიხვიდეთ რეგისტრაციამდე 15 წუთით ადრე, რათა რიგის დაკავება შეძლოთ. ამ დროს ნებისმიერი წუთი ძვირფასია.

4. რუსთავზე დროის დაკარგვა არ ღირს, სცადეთ პირდაპირ გორი.

რაც შეეხება ბოლო რჩევას, მსურველს გამოცდის ჩაბარება საქართველოს რამდენიმე ქალაქში შეუძლია, თუმცა არა თბილისში. რადგან მსურველთა უმეტესობა სწორედ თბილისიდანაა, ყველაზე დიდი მოთხოვნა რუსთავში დარეგისტრირებაზე მოდის. რუსთავის გამო ჭიდილში შეიძლება ძვირფასი წუთები დაიკარგოს და სხვაგანაც ვერ მოასწრო ადგილის დაჯავშნა.

„რუსთავში, მგონი, სულ 20 პროცენტი ხვდება. დანარჩენი ზოგი ქუთაისში მიდის, ზოგი ფოთში, ზოგი კიდევ სხაგან. თან, ღამის 12 საათზე ქუჩაში დგომა როგორია?!“, - ამბობს გივი ღუღუნიშვილი.

გიორგი, რომელიც გამოცდაზე მოხვედრას ცდილობდა, ჰყვება, რომ აპარატთან ნახევარი საათით ადრე მივიდა, მაგრამ რიგში მაინც მესამე აღმოჩნდა.

„თელავში წასვლა მიწევს, უფრო ახლოს ადგილი არ შემხვდა. მე თბილისში ვცხოვრობ“, - ამბობს ის.

შსს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე იმედა მაკასარაშვილი ამბობს, რომ ახლა გამოცდების ჩაბარების მსურველთა რაოდენობა ერთიორადაა გაზრდილი, რადგან ყველას უნდა მართვის მოწმობა ახალი კანონპროექტის მიღებამდე მოასწროს.

პარლამენტმა უკვე პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი, რომელიც მართვის მოწმობის აღების მსურველს ავალდებულებს ორის ნაცვლად სამი გამოცდა გაიაროს - კერძოდ, თეორია, პრაქტიკა, რაც მანქანის სასწავლო მოედანზე მართვას ითვალისწინებს, და ქალაქში მანქანის მართვა. სწორედ ეს მესამე კომპონენტი ემატება გამოცდებს ახალი კანონმდებლობით, თუკი პარლამენტი კანონპროექტს დაამტკიცებს.

„სისტემა გათვლილია 13-14 ათას ადამიანზე, მაგრამ ახლა ყოველკვირა 20 ათასი კაცია მსურველი. ადგილები რამდენიმე წუთში თავდება. მომსახურების სააგენტოს რესურსი შეზღუდულია. თუ თეორიულ გამოცდაზე ნაკადი იმატებს, იმატებს პრაქტიკულ გამოცდაზეც. ამ ეტაპზე ჩვენ პრაქტიკულ გამოცდას დახურულ მოედანზე ვიღებთ. 20 ათასი ადამიანის დაკმაყოფილებას სააგენტო ვერ აუვა“, - ამბობს იმედა მაკასარაშვილი.

მისივე თქმით, სიტუაცია თავისთავად განიმუხტება მას შემდეგ, რაც პარლამენტი კანონს დაამტკიცებს, მანამდე კი ვითარების შეცვლის საშუალება, უბრალოდ, არ არსებობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG