Accessibility links

ყაზახეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე და 26 მილიონი


მესამე წელია, გრძელდება სასამართლო ლევან ცისკარიშვილის საქმესთან დაკავშირებით.

2017 წელს საქართველოს მოქალაქე ყაზახეთში მკვდარი იპოვეს. საქმე მკვლელობის მუხლით აღიძრა და ყაზახეთის პოლიციამ 10 ადამიანი დააკავა, თუმცა რამდენიმე სასამართლო პროცესის შემდეგ, 2020 წლის ივლისში, საოლქო სასამართლომ ყველა ისინი დარბაზიდან გაათავისუფლა.

„26 მილიონი დოლარი მაქვს ანგარიშზე, ბანკები დიდ პროცენტს მთხოვენ და ვერ გამომაქვს, - ამ სიტყვებით ლევან ცისკარიშვილი ხან ერთ ნაცნობს მიადგებოდა, ხან მეორეს, რამე ხერხი ხომ არ იცით, ფული რომ ნაკლები პროცენტით გამოვიტანოო. ლევანის ნათქვამი მაშინ სერიოზულად არავის მიუღია. საუბრები მილიონებზე მას შემდეგ გაახსენდათ, როდესაც ცისკარიშვილი ყაზახეთში მკვდარი იპოვეს.

35 წლის ლევან ცისკარიშვილი განათლებით ისტორიკოსი და იურისტი იყო, თუმცა, როგორც დედამისი, ლეილა ისმაილოვა, ამბობს, „კომპიუტერშიც კარგად ერკვეოდა“ და არ არის გამორიცხული, რომ თანხა, თუკი ის ოდესმე არსებობდა და რომელიც მისთვის საბედისწერო გახდა, ჰაკერული გზით მოეპოვებინა.

გარდაცვლილის ნათესავი, ოლიკო ცისკარიშვილი, ვისთან ერთადაც ლევანი გაიზარდა კი იხსენებს, რომ ლევანს, რომელიც ზოგადად ძალიან ნაკითხი და განათლებული იყო, „კომპიუტერებში ბევრი არაფერი ესმოდა“ და იგი ხანდახან მის ბავშვებსაც კი სთხოვდა დახმარებას.

ლევანს ბავშვობიდან ჰიდროცეფალიის გამო ძალიან დიდი თავი ჰქონდა, შიგ სითხე იყო დაგროვილი და სულ მკურნალობდნენ. ძალიან კეთილი იყო, მაგრამ თავის გამო მას მუდმივად დასცინოდნენ და ძალადობდნენ კიდეც. რომ გაიზარდა, შემდეგ სამსახურშიც ვერსად მოეწყო მავე პრობლემის გამო, მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი წარჩინებით დაამთავრა. ერთხელ საზღვარგარეთ იყო წასული, მათ შორის უკრაინაში, რომ ჩამოვიდა თითები დამტვრეული ჰქონდა, ვიღაცებთან ჩხუბი მომივიდა და მცემესო. სწორედ იმ დროიდან დაიწყო ამ მილიონებზე ლაპარაკი. განურჩევლად ყველას ეუბნებოდა, რომ ბანკში მილიონობით დოლარი აქვს. ეს იმდენად არადამაჯერებელი იყო ბიჭისგან, რომელსაც არასდროს უმუშავია, რომ სერიოზულად არავის მიგვიღია. მე დავეჭვდი, ცემისგან ფსიქიკური პრობლემები ხომ არ დაეწყო-მეთქი. ექიმთან გვინდოდა წაყვანა და ამ დროს ყაზახეთში გაემგზავრა“, - ჰყვება ოლიკო ცისკარიშვილი.

2017 წელს ლევანმა დედას გამოუცხადა, ერთი კვირით ყაზახეთში კომპიუტერული პროგრამის შესაქმნელად მივდივარო. დედას კი გაუკვირდა, მაგრამ არაფერი უეჭვია. 2017 წლის 13 მარტს აეროპორტში გააცილა, 14-ში კი სკაიპითაც ელაპარაკა. ლევანმა უთხრა, რომ ალმათიში (ალმა-ათა) იყო, დახვდნენ, ბინა უქირავეს და ერთ კვირაში დაბრუნდებოდა.

ლევან ცისკარიშვილი და ლეილა ისმაილოვა
ლევან ცისკარიშვილი და ლეილა ისმაილოვა

კვირა, რომელიც თვეებად იქცა

შემდეგ დღეებში ვითარება ნელ-ნელა იძაბებოდა. ლეილა ისმაილოვამ შეატყო, რომ ლევანი შეშინებულია, სკაიპით საუბრისას სთხოვს მხოლოდ რუსულად ილაპარაკოს, მასთან მუდმივად არის ვიღაც, ამბობს, რომ პასპორტი დაკარგა. 20 აპრილიდან ლევანს აღარც დაურეკავს, აღარც ზარზე უპასუხია, 28 მაისს კი, როდესაც სკაიპში ისევ გამოჩნდა, ცემისგან სახე შეშუპებული ჰქონდა, ხელიდან კი სისხლი სდიოდა.

მეთქი, ვინ არის მანდ, დამალაპარაკე. ლევანმა დაუძახა ერთ კაცს, რომელიც მომესალმა და გამომიცხადა, რომ ლევანი მათ კმაყოფაზე იყო და ხარჯის დასაფარად 2 300 ევრო უნდა გამეგზავნა. ვეხვეწე, გაუშვით და ფულს ნელ-ნელა მოგაწვდით-მეთქი. ხელმეორედ რომ დავურეკე, ლევანი სიცხეში პულოვერით იჯდა. ვთხოვე, ამდგარიყო და ტანი ეჩვენებინა. ძლივს ადგა. პულოვერი რომ აიწია, უთოს კვალი ემჩნეოდა სხეულზე“, - ჰყვება ლეილა ისმაილოვა.

ამის შემდეგ სკაიპი გათიშეს და დედამ ლევანთან კავშირი ისევ დაკარგა. დარეკილზე ისევ არავინ იძლეოდა პასუხს.

რა ხდებოდა ყაზახეთში

2019 წლის 15 აპრილის განაჩენის აღწერით ნაწილში ნათქვამია, რომ სტანისლავ კიმმა თავის ნაცნობებს - ჩოკან უკეევს, სანველ არაქელიანსა და რენატ ომაროვს - ბიზნესის წამოწყება შესთავაზა - კერძოდ, ნაგვის გადასამუშავებელი ქარხნისა და სათბურების აშენება. მისი აზრით, ამ ბიზნესისთვის ფულის შოვნა ჰაკერული გზით იყო შესაძლებელი. ს. არაქელიანის მეუღლემ, ო. არაქელიანმა, ინტერნეტში ჰაკერების ძებნა დაიწყო და ლევან ცისკარიშვილს გადააწყდა, რომელიც ფსევდონიმით „ლეო ცისკარი“ იყო დარეგისტრირებული. კიმმა ცისკარიშვილი ალმათიში მიიწვია, მას დახვდნენ და ბინაც უქირავეს. ლევანმა მათ შესთავაზა ბიზნესის დასაწყებად ჰონგ-კონგის ბანკიდან მოეხსნათ 24 500 000 დოლარი (ლ.ც. პირად საუბრებში 26 მილიონს ასახელებდა, თუმცა საქმის მასალებში ნაკლებ თანხაზეა საუბარი), რომელიც, მისი თქმით, მის ანგარიშზე იყო და 2014 წელს ჰაკერული გზით ჰქონდა მოპოვებული.

ლევან ცისკარიშვილის მოთხოვნა იყო, თანხის 25 % დედამისის ანგარიშზე გადაერიცხათ, რომელიც იმ დროს საბერძნეთში მომვლელად მუშაობდა, დანარჩენი კი - ყაზახეთის ერთ-ერთი ფირმის ანგარიშზე, საიდანაც შემდეგ თანხას გაინაწილებდნენ. ჩოკან უკეევმა წამოაყენა იდეა, თანხა მისი მეგობრის ფირმაში BuildingFuture გადაერიცხათ. შეთანხმდნენ და ფირმის მეპატრონე ბანკშიც კი წავიდა ევროსა და დოლარში ანგარიშების გასახსნელად.

ლევან ცისკარიშვილი
ლევან ცისკარიშვილი

13 მარტიდან მოყოლებული, ლევან ცისკარიშვილი თავისი ნოუთბუქის ინტერნეტბანკინგის საშუალებით ცდილობდა ფული HangSengBank-იდან საბერძნეთში ბანკ Pireus-ში გადაერიცხა, მაგრამ ვერ შეძლო. საბოლოოდ განაცხადა, რომ ბანკში პირადად ფულის მეპატრონე ან ვინმე ნდობით აღჭურვილი პირი უნდა მისულიყო. ლევანის დამზადებული დოკუმენტებით ჰონგ-კონგში რ. ომაროვი გაგზავნეს, რადგან მას თვითმფრინავის ბილეთზე ფასდაკლება ჰქონდა.

ჰონგ-კონგის ბანკში რ. ომაროვი ყალბი დოკუმენტების გამოყენებისთვის დააკავეს და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სასამართლომ დაადგინა, რომ სერტიფიკატი, რომელიც ცისკარიშვილმა ომაროვს გაატანა, ნამდვილი არ იყო, მსგავსი ანგარიში კი ბანკში საერთოდ არ არსებობდა.

ომაროვის დაპატიმრების შემდეგ კიმმა, უკეევმა და არაქელიანმა ჩათვალეს რა, რომ ლევან ცისკარიშვილმა ისინი გააცურა, მას პასპორტი წაართვეს, გადაადგილება შეუზღუდეს და მოსთხოვეს თავისი გაფუჭებული საქმე თვითონვე გამოესწორებინა.

საქმის მასალების მიხედვით, ამის შემდეგ ლევან ცისკარიშვილზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა იწყება. მას გამუდმებით სცემენ, სთხოვენ ჰაკერული ოპერაციებით მათ კომპანიას თანხები გადაურიცხოს, გადაჰყავთ ერთი ბინიდან მეორეში, შემდეგ კი საერთოდ ალმათიდან ყარაღანდაში. მისი ბოლო ადგილსამყოფელი კლუბ „ჯემის“ ერთ-ერთი ოთახი იყო. თანდათანობით ლევან ცისკარიშვილის დამალვის, ყარაულობისა თუ ზეწოლის საქმეში სხვა პირებიც ერთვებიან, რომელთა რიცხვმაც, მთლიანობაში, 11 კაცს მიაღწია: სტანისლავ კიმი, სანველ არაქელიანი, ჩოკან უკეევი, არსენ ჟოლდიბაევი, ერკებულან სულეიმენოვი, ნურტას ახმეტოვი, ასილ საგიმბეკოვი, კანატ მამადიაროვი, რადი საიტბაგინი, ისატაი კოპბაევი, ადიარ ნაკბეკოვი.

სასამართლოს დოკუმენტების მიხედვით, საბოოლოოდ, როცა დარწმუნდნენ, რომ ცისკარიშვილისგან სარგებელს ვერ მიიღებდნენ, ახმეტოვმა, საგინბეკოვმა და ნაკბეკოვმა ის ცემით მოკლეს.

როდის ჩამოდიხათ, ლეილა ხანუმ?

როდესაც ლევანი დიდი ხნის განმავლობაში არ გამოჩნდა, დედამ, ლეილა ისმაილოვამ, საქართველოს შსს-ს მიმართა, ინტერპოლმა ძებნა დაიწყო. ძებნაში რამდენიმე თვე გავიდა.

ადრე ლევანი იმ პირების ნომრებიდანაც მირეკავდა, ვისთანაცსტუმრადიყო. ალბათ, ასე ცდილობდა, რომ მე მათი ნომრები მქონოდა. სექტემბერში მივწერე ერთ-ერთს, ყაზახეთში მოვდივარ-მეთქი. მანამდე თუ არავინ პასუხობდა, ახლა 5 წუთში დამირეკეს, როდის ჩამოდიხა, ლეილა ხანუმ, როცა ჩამოხვალთ, შეგვატყობინეთ და დაგხვდებითო. სულელები ხომ არ იყვნენ, იცოდნენ, რომ მოწმე ვიყავი და მათ სახეზე ვცნობდი“, - ამბობს ლეილა ისმაილოვა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.

ლეილა ისმაილოვამ შსს-ს აცნობა, რომ ლევანის დამტყვევებლებიდან ერთ-ერთი კავშირზე გამოვიდა. ინტერპოლი ყაზახეთის პოლიციას დაუკავშირდა, რომელმაც, მობილურის მონაცემების მიხედვით, ჯერ ერთი კაცი დააკავა, შემდეგ კი, მისი ჩვენების საფუძველზე, - კიდევ ცხრა. ერთმა მიმალვა მოასწრო, თუმცა, საბოლოოდ, ისიც დააპატიმრეს. ლეილა ისმაილოვამ ოთხი მათგანი ამოიცნო.

10 კაცის 10 სხვადასხვა ჩვენება

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დაკავებულებმა ცისკარიშვილის მკვლელობა და თავისუფლების უკანონო აღკვეთა არ აღიარეს. ზოგი მათგანი თავს, საერთოდ, უდანაშაულოდ მიიჩნევს, თუმცა მიცემული ჩვენებები გარკვეულწილად ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ბოლო სასამართლოზე, რომელიც 2020 წლის ივლისში გაიმართა, დაცვის მხარემ განაცხადა, რომ ჩვენებები ზეწოლის შედეგადაა მიცემული და მათზე დაყრდნობა არ შეიძლება, თუმცა ადვოკატი შოკან კაჟიკარიმოვი, რომელიც გარდაცვლილი ცისკარიშვილისა და მისი დედის, ლეილა ისმაილოვას, ინტერესებს იცავს, აცხადებს, რომ ეს ჩვენები შემდეგ ფაქტებით დადასტურდა, ამიტომ მათი უგულებელყოფა არასწორია. მაგალითად, სწორედ აღიარების შედეგად მიაგნეს სტეპებში ჩამარხულ გვამს, რომელსაც სხვა შემთხვევაში, უბრალოდ, ვერავინ იპოვიდა.

კონკრეტულად რა წერია ჩვენებებში, რომლებიც, დაცვის მხარის მტკიცებით, ზეწოლის შედეგად არის მოპოვებული? საქმის მასალების მიხედვით, სტანისლავ კიმმა დანაშაული არ აღიარა და განაცხადა, რომ ლევან ცისკარიშვილი საქართველოდან არა ჰაკერული ოპერაციებისთვის, არამედ მისი ბიზნესიდეის პრეზენტაციის გასაკეთებლად ჩამოიყვანეს, თუმცა კიმი არ განმარტავს, რატომ დასჭირდა პრეზენტაციის გაკეთებას „კარგი პროგრამისტი“, ან რატომ ვერ მოიძებნა მსგავსი კადრი ყაზახეთში.

კიმი ამტკიცებს, რომ უკვე ალმათიში ცისკარიშვილმა სურვილი გამოთქვა ბიზნესის ინვესტორი თავად ყოფილიყო. მის აღიარებაში არაფერია ნათქვამი ცისკარიშვილის გარდაცვალების პირობებზე. ლევან ცისკარიშვილის გარდაცვალების შესახებ არაფერს ჰყვება სანველ არაქელიანიც, თუმცა სხვების ჩვენებებში ჩანს, რომ ის გვამის გადამალვაში მონაწილეობდა.

ტრაგედია კარაოკე კლუბში

კლუბი „ჯემი“ ბოლო ადგილი იყო, სადაც ლევან ცისკარიშვილი მიიყვანეს. იქ ის ერთ ოთახში ცხოვრობდა. ნურტას ახმეტოვი, რომელიც კლუბში მუშაობდა, ცისკარიშვილის გარდაცვალებას ასე აღწერს: ლევანი თავის ოთახში კომპიუტერს უჯდა. მისგან ყროლის სუნი მოდიოდა, ამიტომ ახმეტოვმა უთხრა, წადი, დაიბანეო, რაზეც უხეში პასუხი მიიღო. ახმეტოვმა ლევანს ორივე ხელი მკერდში ჰკრა, ის სკამს წამოედო, წაიქცა და თავი მაგიდას ჩამოარტყა.

გონდაკარგული ცისკარიშვილი ახმეტოვმა საწოლზე დააწვინა და გარეთ გავარდა. არ იცოდა, რა ექნა. უკან შებრუნებულს უკეევმა უთხრა, რომ ლევანი უკვე მკვდარი იყო.

ასილ საგიმბეკოვი, რომელიც კლუბში მუშაობდა, თავის ჩვენებაში ამბობს, რომ ლევანს ოთახში შეაკითხა, უნდოდა გაერკვია, ისადილებდა თუ არა. ამ დროს აღმოაჩინა, რომ ცისკარიშვილი იატაკზე წევს და გონებას კარგავს. საგიმბეკოვი კლუბის ხელმძღვანელ ერკებულან სულეიმენოვთან გაიქცა დასაძახებლად.

თავის მხრივ, სულეიმენოვი ჰყვება, რომ 2017 წლის 21 ივლისის საღამოს საკუთარ კლუბში ყალიონს ეწეოდა, როცა მასთან ასილ საგიმბეკოვმა მიირბინა და უთხრა, ცისკარიშვილი უგონოდ წევს, პირიდან ქაფი სდისო. ის მაშინვე შევარდა ლევანის ოთახში და ცდილობდა მოებრუნებინა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. უკან დაბრუნებულმა უკეევი დაინახა და უთხრა, რომ ცისკარიშვილი გარდაიცვალა. უკეევი დაჰპირდა, ცხედარს ალმათიში წავიღებო. ამის შემდეგ სულეიმენოვი სახლში წავიდა, მეორე დღეს კი გაიგო, რომ ნეშტი დაწვეს.

„ამ მილიონების შესახებ, საერთოდ, არაფერი ვიცოდი. ლევანი რომ მოკვდა, მერე გავიგე. 2 300 ევრო რომ მომთხოვეს, ამით შეამოწმეს, ჩემთვის ხომ არ ჰქონდა ლევანს ფული გადმორიცხული. რომ ვუთხარი, რა ფული, ბებიებს პამპერსებს ვუცვლი-მეთქი, მაშინვე გათიშეს სკაიპი“.
ლეილა ისმაილოვა

ჩოკან უკეევი თავის ჩვენებაში ამბობს, რომ კლუბში სტუმრად იმყოფებოდა, როდესაც ერკებულან სულეიმენოვმა მოულოდნელად უთხრა, ცისკარიშვილი მოკვდაო. გვამი ზეწარში შეახვიეს და ალმათიში წასაღებად გაამზადეს.

შემდეგი ჩვენებებიდან ჩანს, რომ ლევან ცისკარიშვილის ცხედარი ჩადეს მანქანა „ფოლკსვაგენ პასატში“, რომელშიც საგიმბეკოვი, ახმეტოვი და საიტბაგინი ისხდნენ. მათ უკან მეორე მანქანით („ჰუნდაი“) უკეევი, არაქელიანი და ნაკბეკოვი გაჰყვნენ. ამ მანქანაში იჯდა ასევე მამადიაროვი, რომელმაც, უკეევის თქმით, გვამის შესახებ არაფერი იცოდა. გზად გადაწყდა, რომ ალმათის ნაცვლად ცხედარი ყარაღანდის სტეპებში წაეღოთ, სადაც მას საბურავები დააყარეს, ბენზინი დაასხეს, დაწვეს და ჩამარხეს კიდეც.

რა ფული, ბებიებს პამპერსებს ვუცვლი-მეთქი

დაკავებულებს 2018 წელს სასამართლომ სხვადასხვა მუხლით წაუყენა ბრალდებები, მათ შორის იყო მკვლელობა, დატყვევება და ასე შემდეგ, მაგრამ 2020 წლის ივლისს საოლქო სასამართლომ განაცხადა, რომ ლევანი გაუფრთხილებლობით გარდაიცვალა. დაკავებულები, რომლებიც სამი წელი ციხეში ისხდნენ, გარეთ გამოუშვეს.

„შესაძლოა განზრახ არ მოუკლავთ, მაგრამ სხეულის დაზიანებამ მიიყვანა სიკვდილამდე. სასამართლომ ისინი გაამართლა იმ მოტივით, რომ დანაშაული დასატკიცებლად საკმარისი სამხილი არ არსებობდა. პირველ რიგში, ცხედრის ექსპერტიზა არ იყო სრულფასოვანი. გვამი დამწვარი იყო, ამიტომ ვერ დგინდება, რისგან დაიღუპა ლევანი, ნამდვილად მოკლეს თუ არა. ტრავები ნამდვილად იყო, ნეკნები ჩამტვრეული აქვს, თავის ქალაც, მაგრამ თავად ამბობენ, ძვლები მაშინ დაიმტვრა, როდესაც დავმარხეთ და მიწის დასატკეპნად საფლავზე დავხტოდითო“, - ამბობს შოკან კაჟიკარიმოვი.

სად წავიდა ეს აღიარებები, ვიდეოები წამების, რომლებსაც თვითონვე იღებდნენ? ყოველ მომდევნო პროცესზე ნივთმტკიცებები სადღაც იკარგებოდა. ამას, საერთოდ, რა ჰქვია, არ ვიცი“, - კითხულობს გარდაცვლილის დედა. - ამ მილიონების შესახებ, საერთოდ, არაფერი ვიცოდი. ლევანი რომ მოკვდა, მერე გავიგე. 2 300 ევრო რომ მომთხოვეს, ამით შეამოწმეს, ჩემთვის ხომ არ ჰქონდა ლევანს ფული გადმორიცხული. რომ ვუთხარი, რა ფული, ბებიებს პამპერსებს ვუცვლი-მეთქი, მაშინვე გათიშეს სკაიპი“.

შოკან კაჟიკარიმოვმა ივლისში გამოტანილი განაჩენის გაუქმების მოთხოვნით ყაზახეთის სააპელაციო სასამართლოს მიმართა. ის ეყრდნობა მოწმეების ჩვენებებსა და ვიდეოჩანაწერს, რომელთა მიხედვითაც მტკიცდება, რომ ლევან ცისკარიშვილს სისტემატურად სცემდნენ, მათ შორის პლასტმასის მილით, წვავდნენ გაცხელებული რკინით ან უთოთი და სთხოვდნენ ფულის გადარიცხვას. ადვოკატი მიიჩნევს, რომ დაკავებული პირების გათავისუფლებით სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG