Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს - მოზარდმა ცოტა ხნის წინ იმშობიარა


„ბავშვი საავადმყოფოში გამოკითხეს. იქ მოყვა, რომ მას ორი წლის განმავლობაში აუპატიურებდა მამა".
„ბავშვი საავადმყოფოში გამოკითხეს. იქ მოყვა, რომ მას ორი წლის განმავლობაში აუპატიურებდა მამა".

დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რაიონში არასრულწლოვანმა იმშობიარა. გოგოს გაუპატიურების ბრალდებით პოლიციამ მოზარდის მამა დააკავა.

რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ, რომ ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-137-ე პრიმა მუხლით დაიწყო. თუ კაცს დანაშაული დაუმტკიცდა, მას 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელის.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 4 თებერვალს კაცს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა.

ამ ეტაპზე, ჩვენთვის უცნობია, აღიარებს თუ არა კაცი მის მიმართ წაყენებულ ბრალს.

ჩვენივე ინფორმაციით, 17 წლის მოზარდმა რამდენიმე დღის წინ ნაადრევად იმშობიარა, ნაყოფი დაიღუპა*. კლინიკა არასრულწლოვანმა 5 თებერვალს დატოვა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რადიო თავისუფლებას თანასოფლელი უყვება, რომ მას შემდეგ, რაც მოზარდმა იმშობიარა, თქვა, რომ მასზე სექსუალურად მამამ იძალადა: „ბავშვი საავადმყოფოში გამოკითხეს. იქ მოყვა, რომ მას ორი წლის განმავლობაში აუპატიურებდა მამა. სადმე თუ იტყვი, ყველას დავხოცავო, ემუქრებოდა ბავშვს“.

რადიო თავისუფლება ელაპარაკა სოფლის სკოლის დირექტორს, რომელიც გვეუბნება, რომ 17 წლის გოგომ სკოლა გასულ წელს დაამთავრა: „2023 წელს დაასრულა 12 კლასი. 5 წლის შევიდა სკოლაში, მაშინ ასაკობრივი შეზღუდვა არ იყო. ის და მისი ექვსი წლის ძმა ერთად შემოიყვანეს სკოლაში“.

სკოლის დირექტორი ამბობს, რომ ყოფილი მოსწავლისთვის არასდროს შეუმჩნევიათ, რომ ის შესაძლოა, ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო:

„ამ ახალ წლებზეც იყო მოსული სკოლაში, საახალწლო ზეიმზე. ვისაუბრეთ კიდეც, მისთვის არ შეგვიტყვია არაფერი, ჩვენთვისაც შოკი იყო ეს ამბავი. ბოლო წლების განმავლობაში ბავშვისთვის არანაირი განსაკუთრებული ცვლილება არ შეგვიმჩნევია. არავის მოუტანია ამბავი, რომ ოჯახში რაიმე პრობლემა ჰქონდა, ან ძალადობის მსხვერპლი იყო. კარგი მოსწავლე იყო. ეროვნული გამოცდებისთვისაც ემზადებოდა, მაგრამ წელს ჩაბარება გადაიფიქრა, ინგლისურში დამატებით უნდა მოვემზადოო. ახლო მეგობრები ჰყავდა, 24 საათი ერთად იყვნენ და არავის შეუმჩნევია მასში რადიკალური ცვლილება“.

დირექტორის თქმით, შვილის სასკოლო ცხოვრებაში დედასთან ერთად აქტიურად იყო ჩართული მამაც:

„მოდიოდა, ყურადღებიანი მშობელი იყო. ამ გოგონას გარდა, ჩვენს სკოლაში მისი და-ძმებიც სწავლობენ“.

„დიახ, ახლა შევიტყვეთ ეს ინფორმაცია. ნაყოფი დაიღუპა“, - გვეუბნება რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი და ამატებს: „სკოლას რაიმე რომ სცოდნოდა ძალადობის შესახებ, ჩვენ და შესაბამის უწყებებს აუცილებლად ჩაგვაყენებდა საქმის კურსში, არ დამალავდა. გოგონამ სკოლა გასულ წელს დაამთავრა და ამიტომ მასზე, როგორც სკოლის მოსწავლეზე აღარ გვქონია ინფორმაცია“.

მოზარდის თანასოფლელის ინფორმაციითვე, სოფლის მოსახლეობის ნაწილი ოჯახის „სოფლიდან გასახლებას“ ითხოვს: „ეგ როგორ ჩაიდინა, ეგენი ბინძურები არიანო. მე ვეხვეწე, ბავშვებს დაანებეთ თავი-მეთქი, მაგრამ როგორც სოფელი გადაწყვეტსო“.

რადიო თავისუფლება ელაპარაკა მოზარდის ნათესავს. ის უარყოფს ინფორმაციას, რომ მრავალშვილიან ოჯახს სოფელში რაიმე საფრთხე ემუქრება:

„პირიქით, ყველანი გვერდში უნდა დავუდგეთ ახლა, რომ უფრო ნორმალური სახლი ააშენონ და იქ გადავიდნენ. სოციალურად დაუცველები არიან. სხვას არაფერს გეტყვით. ჩვენ სოციალური სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო გვეუბნება, რომ ეს ინფორმაცია არსად არ თქვათო და რა ინფორმაციას მთხოვთ. ისედაც ყველანი განადგურებულები ვართ“.

მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მისი ნათესავი გვპასუხობს: „არ ვიცი, არ დავინტერესებულვარ“.

მუშაობს თუ არა ოჯახთან სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი? კლინიკის დატოვების შემდეგ, სად წავიდა არასრულწლოვანი გოგო - დაბრუნდა ოჯახში თუ გადაიყვანეს თავშესაფარში? როგორია ოჯახში მცხოვრები დანარჩენი არასრულწლოვნების მდგომარეობა? - რადიო თავისუფლებამ ამ კითხვებით მიმართა ბავშვზე ზრუნვის სააგენტოს.

სააგენტომ პასუხი წერილობით გაგვცა:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომართვის საფუძველზე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მყისიერად ჩაერთო აღნიშნული საქმის შესწავლის პროცესში და განახორციელა შესაბამისი მოქმედებები, მათ შორის საპროცესო წარმომადგენლობა.

არასრულწლოვანთან და მის ოჯახის წევრებთან მუშაობს სააგენტოს შესაბამისი რეგიონული ცენტრის სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგები.

შეფასების შედეგად გამოვლენილი საჭიროებებიდან გამომდინარე გაგრძელდება სოციალური სამუშაო. სააგენტოს მხრიდან დაიგეგმება და შემდგომ განხორციელდება ყველა საჭირო ღონისძიება არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებისა და უფლებების დაცვის გათვალისწინებით“.

ფსიქოლოგი მაია ცირამუა, წლებია მუშაობს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებსა და ქალებთან. რატომ მალავენ ადამიანები, განსაკუთრებით კი ბავშვები, სექსუალური ძალადობის ფაქტებს, ის ამბობს, რომ ეს არის მოძალადის მხრიდან ჩანერგილი შიშისა და სირცხვილის დაუოკებელი განცდა:

მაია ცირამუა
მაია ცირამუა

„სექსუალური ძალადობა მდუმარე, ჩუმ დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. მოძალადე ძალიან ხშირად მიმართავს ე.წ. პრევენციულ ზომებს, რომელიც ხელს უწყობს იმას, რომ ბავშვი იყოს დადუმებული. დაშინება, რომ ხმას თუ ამოიღებ, მოგკლავ ან საყვარელ ადამიანს მოგიკლავ, ან მაინც არ დაგიჯერებენ, ეს კარგად ნაცადი ხერხია. მთელი მექანიზმი აქვს მოძალადეს, რითაც ის ხელს უწყობს იმას, რომ ბავშვი ამაზე დუმდეს. შეიძლება მთელი ცხოვრებაც კი გავიდეს და ადამიანმა ეს შიში ვერ დაძლიოს და ვერასდროს ამოიღოს ხმა“.

ფსიქოლოგის თქმით, ბავშვებზე სექსუალური ძალადობის 70-80% სწორედ ოჯახის წევრების, ახლობლების მხრიდან ხდება:

„მითია, რომ მოძალადე ძირითადად უცხო პირია. არა, მოძალადეთა უმრავლესობა სწორედ ახლობელია. ამიტომ, როცა ბავშვი იძლევა მინიშნებას, მის უახლოეს გარემოცვაში უნდა ვეძებოთ ეს ადამიანი. მოძალადე შეიძლება იყოს ოჯახის წევრი, მეზობელი, ნათესავი, აღმზრდელი და ა.შ.“

თბილისის ადამიანით ვაჭრობის და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის პირველ ცხრა თვეში, სექტემბრის ჩათვლით, ცენტრში სქესობრივი დანაშაულის 97 არასრულწლოვანი მსხვერპლის საქმეზე ჩატარდა საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები. მსხვერპლთა უმრავლესობა გოგოა.

* სტატიაში შეტანილია ცვლილება. ჩვილის გარდაცვალების ფაქტს შსს-ში არ ადასტურებენ. მათი ინფორმაციით, ჩვილი ცოცხალია.

* ბავშვთა მიმართ ძალადობის, ჯანმრთელობის, განათლების, სოციალურ და ბავშვთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე უნდა მიმართოთ დახმარების ცხელ ხაზს - 111.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG