Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„შსს დაიწყე ბოდიშით“


გორის სასამართლომ დღეს განიხილა რადიო „მოზაიკის“ დირექტორის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში ბრალდებული გვანცა დოლუაშვილის საქმე. პოლიცია დოლუაშვილს ბრალს სდებდა ქალაქის იერსახის დამახინჯებაში და 500 ლარით დაჯარიმებას ითხოვდა.

„შსს დაიწყე ბოდიშით“
please wait

No media source currently available

0:00 0:03:42 0:00
გადმოწერა

საქმე ეხებოდა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის, მხარდასაჭერად გამართული აქციების პარალელურად გორის ქუჩებში გაკეთებულ წარწერებს:„მოკლულია 2 მოსწავლე“, „მკვლელი ქუჩაშია“ და „სამართალი სად არის?!“

სხდომის დაწყებამდე სასამართლოსთან გაიმართა საპროტესტო აქცია, სახელწოდებით „შსს, დაიწყე ბოდიშით“. აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ცდილობს საზოგადოება დასაჯოს მოზარდის მკვლელის დაუსჯელობის გამო პროტესტისთვის და სამოქალაქო აქტივისტისა და ჟურნალისტის დასჯით თავისი ძალისა და გავლენის დემონსტრირება მოახდინოს. რადიო „მოზაიკის“ დირექტორი პროცესის დაწყებამდე იმედიანად იყო და ფიქრობდა, რომ მოსამართლე გამოხატვის თავისუფლების უფლებას დაიცავდა.​

​​გორში ჟურნალისტის მიმართ სოლიდარობის მიზნით, შვილმოკლული მამა, ზაზა სარალიძეც ჩამოვიდა. მისი თქმით, ბრალდება მხოლოდ სამი პოლიციელის ჩვენებას ემყარება, რაც იმას ნიშნავს, რომ "ნებისმიერ დროს შეიკრიბება ვიღაც სამი პოლიციელი ნებმისმიერ მოქალაქეზე და შეუძლია პასუხისგებაში მისცეს."

სასამართლოსთან სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები და პოლიტიკური პარტიების წევრები შეიკრიბნენ. გორის მცხოვრები ირმა პაპიძე აცხადებს, რომ პოლიციელთა ქმედება ჟურნალისტზე ფსიქოლოგიური ზეწოლაა, რადგან არცერთ კანონში არ წერია, რომ თავისუფალი გამოხატვისთვის მოქალაქე შესაძლოა, დაისაჯოს.

უფრო რადიკალური იყო რესპუბლიკური პარტიის წევრი ლექსო ვალიაური. მისი თქმით, თუ მოსამართლე გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდავდა, მის გვარს გორში არსებულ ნაგვის ურნებზე წააწერდა.

​თავის მხრივ, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, დავით პაპუაშვილმა საქმეში მტკიცებულებების არარსებობის გამო გვანცა დოლუაშვილის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყვიტა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG