Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„შუადღე პუტინის წინააღმდეგ“ - რა შეიძლება მოხდეს 17 მარტის არჩევნებზე, ზუსტად შუადღისას?!


საპროტესტო აქცია სანქტ-პეტერბურგში. წარწერა ტრანსპარანტზე: "რუსეთი პუტინის გარეშე!"
საპროტესტო აქცია სანქტ-პეტერბურგში. წარწერა ტრანსპარანტზე: "რუსეთი პუტინის გარეშე!"

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად სულ უფრო პოპულარული ხდება იდეა „შუადღე პუტინის წინააღმდეგ“, რომელიც ეკუთვნის ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, სანქტ-პეტერბურგის საკანონმდებლო კრების ყოფილ დეპუტატს მაქსიმ რეზნიკს.

რუსეთის ოპოზიციის ნაწილმაც აიტაცა ინიციატივა, რომელშიც შესაძლოა მილიონობით ადამიანი ჩაერთოს, თუ ისინი არჩევნების ბოლო დღეს, 17 მარტს, შუადღისას, ზუსტად დღის 12:00 საათზე მივლენ საარჩევნო უბნებში.

„რუსეთში განვითარებული მოვლენები მიუთითებს იმაზე, რომ არსებობს ძლიერი, მასობრივი, მაგრამ ჯერჯერობით ცუდად ორგანიზებული წინააღმდეგობა ვლადიმირ პუტინის მორიგ ჯერზე არჩევასთან დაკავშირებით“, - უკრაინელ ჟურნალისტსა და პუბლიცისტ, კონსტანტინ პოდოლიაკს, ამგვარი ვარაუდის საფუძველს აძლევს როგორც ბორის ნადეჟდინის რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენისთვის საჭირო ხელმოწერების შეგროვების შედეგები, ასევე ომის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები, რომლებსაც რუსეთის ხელისუფლება სასტიკი ფორმით ახშობს.

რუსეთის ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ შექმნილ ვითარებაში შეუძლებელია ვლადიმირ პუტინის სახელმწიფოს მეთაურად არჩევა ნორმალური საარჩევნო პროცესის შედეგად. მათი აზრით, მზადდება მასშტაბური ფალსიფიკაციის მექანიზმი, რომელმაც პუტინი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დატოვოს ხელისუფლებაში.

"ის ვნებს რუსეთს. ის უნდა წავიდეს", - ამბობს პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნი პუტინზე და ამომრჩევლებს მიმართავს:

„უეჭველად, საარჩევნო პროცედურის პაროდია გველოდება. საბოლოო შედეგები კი, ჩვეულებისამებრ, გაყალბდება... 71 წლის პუტინი, რომელიც ხელისუფლებაში 24 წელია, კიდევ 6 წელი არ უნდა დარჩეს..."

ვინ და როგორ უნდა შეუშალოს ხელი პუტინის რეჟიმს ძალაუფლების მორიგ მიტაცებაში?

ალექსეი ნავალნი
ალექსეი ნავალნი

„შუადღე პუტინის წინააღმდეგ! მომწონს იდეა, რომ პუტინის მოწინააღმდეგე ამომრჩევლები უბნებზე ერთსა და იმავე დროს, 12 საათზე მივლენ, - დაწერა პატიმრობაში მყოფმა ალექსეი ნავალნიმ, - ეს იქნება ქვეყნის განწყობის ძლიერი დემონსტრირება. ნამდვილი ცოცხალი ამომრჩევლები "ელექტრონული ხმის მიცემის" ფიქციის წინააღმდეგ. ნამდვილი ხალხი რიგში დგას, რათა პუტინის წინააღმდეგ მისცეს ხმა. რაც მთავარია, ეს იქნება ნამდვილი საერთო-რუსული საპროტესტო აქცია, რომელიც გაიმართება არა მხოლოდ ყველა ქალაქში, არამედ ყველა ქალაქის ყველა უბანში“.

ალექსეი ნავალნის თქმით, ამგვარი პროტესტის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ ის კანონიერი და უსაფრთხოა. მეტიც, ხელისუფლება თავად იწვევს ხალხს მასში მონაწილეობის მისაღებად:

„ამ აქციისთვის ხელის შეშლა სრულიად შეუძლებელია. რას იზამს ხელისუფლება? დახურავს საარჩევნო უბნებს 12:00 საათზე? იქნებ კონტრაქციას მოაწყობს „პუტინისთვის დილის 10 საათზე“? თუ შუადღისას მისულ ამომრჩევლებს არასანდო ადამიანების სიაში შეიყვანს? 12 საათზე უკვე მაღალი აქტივობაა, ბევრი ხალხია უბნებში და უბრალოდ შეუძლებელი იქნება იმის გარკვევა, თუ ვინ აძლევს ხმას პუტინის წინააღმდეგ. ეს იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი სახალხო პროტესტი. მილიონობით ადამიანი შეძლებს მასში მონაწილეობას, ხოლო ათობით მილიონი იქნება ამ პროტესტის მოწმე“.

ალექსეი ნავალნის თქმით, უბრალოდ მისვლა არჩევნებზე და პუტინის წინააღმდეგ ხმის მიცემა საკმარისი არაა. მისი თქმით, პუტინს სწორედ ეგ უნდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე, ხმა მისცეს ვისაც უნდა, ჯადოქარი ელა პამფილოვა, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ყველაფერს გამოასწორებს, მაგრამ სხვა არაფერი გააკეთონ, ჩათვალონ, რომ ასე „იბრძვიან“ ხელისუფლების წინააღმდეგ.

„ამ კამპანიაში აგიტაცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხმის მიცემა, - წერს ნავალნი, - თქვენს ერთ ხმას, პუტინის წინააღმდეგ აგიტაციის გარეშე, არანაირი აზრი არ აქვს. აზრი მხოლოდ მაშინ აქვს, თუ შენ ირგვლივ მყოფმა ადამიანებმა (ორმა, ხუთმა, ათმა) იციან, რომ შენ წინააღმდეგი ხარ, რომ მიდიხარ პუტინისა და ომის წინააღმდეგ ხმის მისაცემად და სხვებსაც ამისკენ მოუწოდებ“.

"ჩრდილები შუადღისას ქრებიან"

„მიდი საარჩევნო უბანში შუადღისას და ხმა მიეცი პუტინის წინააღმდეგ!“ - იდეის ავტორი მაქსიმ რეზნიკი, სანქტ-პეტერბურგის საკანონმდებლო კრების ყოფილი დეპუტატი და ალექსეი ნავალნის ძველი მეგობარი, ამ ინიციატივით ჯერ კიდევ 2023 წლის 29 სექტემბერს გამოვიდა, როცა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა:

„შუადღე პუტინის წინააღმდეგ" - ჩვენ გვესმის: შეუძლებელია პუტინის სიცრუის, გაყალბების, ჩანაცვლების, მუქარისა და ძალადობის კრიმინალური საარჩევნო მანქანის დამარცხება.

2024 წელს პუტინი კვლავ აიყვანს პრეზიდენტის ტახტზე პუტინს. დიახ, ეს არაა არჩევნები. დიახ, ეს ამაზრზენია. დიახ, ისინი კრიმინალები არიან. მაგრამ ჩვენ ვერ დავრჩებით უმოქმედოდ. შეუძლებელია იმის ატანა, რაც ხდება.

ჩვენ დარწმუნებულები ვართ: პეტერბურგსა და რუსეთის სხვა დიდ ქალაქებში უმრავლესობა პუტინის წინააღმდეგია. მედიაში გავრცელებული აზრი პუტინის მომხრე უმრავლესობის შესახებ, პროპაგანდისტული მითია.

ჩვენ ზუსტად ვიცით: ტოტალიტარული დიქტატურის პირობებში, პრინციპში შეუძლებელია პატიოსანი სოციოლოგიური კვლევა; მეტიც, გამოქვეყნებული შედეგები მხოლოდ ხელისუფლებას ემსახურება. ჩვენ გვჯერა: არსებული სამხედრო-პოლიტიკური რეალობის პირობებში, ნებისმიერმა მოაზროვნე ადამიანმა, ნებისმიერმა მოქალაქემ, რომელსაც აწუხებს თავისი შვილების მომავალი, მაქსიმალური ზიანი უნდა მიაყენოს პუტინის რეჟიმს...

შუადღე პუტინის წინააღმდეგ - აქციის ტექნოლოგია ძალიან მარტივი და უაღრესად კანონიერია: ყველა, ვინც პუტინის წინააღმდეგია, უნდა მივიდეს საარჩევნო უბნებზე ზუსტად შუადღისას. შეგიძლიათ აიღოთ თქვენი ბიულეტენი სუვენირად. ბიულეტენზე შეგიძლიათ დაწეროთ ნებისმიერი ტექსტი. შეგიძლიათ ხმა მისცეთ ბიულეტენში მითითებულ ნებისმიერ ე.წ. კანდიდატს.

მთავარი სხვა რამეა. ჩვენ და თქვენ და ჩვენთან ერთად მთელი მსოფლიო დაინახავს სიმართლეს. ჩვენ არ ვართ მარგინალური ხუთი ადამიანი. ჩვენ ათობით მილიონი ვართ და ჩვენ არ გვინდა პუტინი.

ეს იქნება ისტორიული შუადღე. შუადღის ფოტოები და ვიდეოები საარჩევნო უბნებში წარმოქმნილი რიგებიდან თვალებს აუხელს ყველას. გაქრება ეჭვის ბოლო ჩრდილები. გახსოვდეთ: ჩრდილები შუადღისას ქრებიან!“

მაქსიმ რეზნიკის დაკავება სანქტ-პეტერბურგში თავისუფალი არჩევნების მოთხოვნით გამართულ დემონსტრაციაზე, 2019 წ.
მაქსიმ რეზნიკის დაკავება სანქტ-პეტერბურგში თავისუფალი არჩევნების მოთხოვნით გამართულ დემონსტრაციაზე, 2019 წ.

ჟურნალისტი დმიტრი კოლიზევი ვარაუდობს, რომ „შუადღის აქციის“ ინიციატივა გააცოცხლა პრეზიდენტობის ალტერნატიული კანდიდატის, ბორის ნადეჟდინის საარჩევნო შტაბებთან გაჩენილმა რიგებმა.

„იდეა, როგორც ჩანს, მდგომარეობს იმაში, რომ ეს რიგები გადაიტანონ საარჩევნო უბნებზე, - ამბობს კოლიზევი, რომელიც იქვე შენიშნავს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ელა პამფილოვას შეუძლია კენჭისყრის ნებისმიერი შედეგის „დახატვა“, რის გამოც, „შუადღის ინიციატივა“ ვერ იქონიებს ვერანაირ გავლენას არჩევნების საბოლოო შედეგებზე, თუმცა, თუ აქციას ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდება, გაყალბება ბევრად უფრო გაჭირდება, ამან კი შესაძლოა შეამციროს პუტინის ლეგიტიმურობის რწმენა.

აბას გალიამოვი, პოლიტიკურ მეცნიერებათა კანდიდატი და 2008-2010 წლებში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის სპიჩრაიტერი, მიიჩნევს, რომ „შუადღის აქციის“ ატაცების შემთხვევაში, რუსეთის ხელისუფლებას მოუწევს ხალხის მირეკა საარჩევნო უბნებზე ჯერ დილის 9-დან 11 საათამდე, შემდეგ კი - 14-15 საათზე. გალიამოვის თქმით, ხელისუფლება შეეცდება გააბუნდოვანოს, გათხაპნოს სურათი, რომელიც შეიქმნება აქციის „შუადღე პუტინის წინააღმდეგ“ განხორციელების შემთხვევაში, ხელისუფლება შექმნის პირობებს იმისათვის, რომ თქვას, მთელი დღის განმავლობაში უბნებზე გვქონდა ხალხმრავლობა, ამიტომ შუადღისას განსაკუთრებული არაფერი მომხდარაო.

აბას გალიამოვი
აბას გალიამოვი

„თუმცა საპროტესტო აქცია „შუადღე პუტინის წინააღმდეგ“ იმითაა კარგი, რომ ის ადვილად ეხამება პროტესტის ნებისმიერ სხვა ფორმას - ბიულეტენის დაზიანებას და შემდეგ მის ინტერნეტში გამოქვეყნებას, ბორის ნადეჟდინისთვის ხმის მიცემას (თუ იგი სასწაულებრივად მოხვდება საარჩევნო ბიულეტენში), ან სხვა რამეს. შესაბამისად, არჩევანიც არაა გასაკეთებელი - „შუადღე“ თუ სხვა რამე. ესეც შეგიძლია გააკეთო და ისიც“, - ამბობს აბას გალიამოვი.

უნდა ითქვას, რომ „შუადღის აქციას“ კრიტიკოსებიც არ აკლია. ყოფილი საბჭოთა დისიდენტის, უფლებადამცველისა და ჟურნალისტის, ალექსანდრ პოდრაბინეკის თქმით, ამომრჩევლებით სავსე საარჩევნო უბნების კადრები კრემლის პროპაგანდისთვის გაკეთებული გულუხვი საჩუქარი იქნება:

„ეს კადრები მთელ მსოფლიოში გავრცელდება პროპაგანდისტული ინტერპრეტაციით - როგორც პუტინის სახალხო მხარდაჭერისა და საპრეზიდენტო არჩევნებში მაღალი აქტივობის ილუსტრაცია. პუტინის პროპაგანდის სიმძლავრისა და ანტიპუტინური პროპაგანდის სისუსტის გათვალისწინებით, ვფიქრობ, არ ღირს ასეთი საჩუქრის გაკეთება. ჯობია სხვა გზა მოიძებნოს. მაგალითად, პუტინის მმართველობით უკმაყოფილო ხალხი შეიკრიბოს არა საარჩევნო უბნებზე, არამედ ქალაქების ცენტრალურ მოედნებზე. სამწუხაროდ, ცოტა ადამიანი თუ გაბედავს ამას. მოკლედ, ვცხოვრობთ ისე, როგორც ვცხოვრობთ - ჰიბრიდულ პროტესტებსა და თავის დამშვიდებაში“.

რუსი სამოქალაქო აქტივისტი და ყოფილი პოლიციელი, რომელსაც დაუსწრებლად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით, ოლეგ კაშინცევი დარწმუნებულია, რომ პუტინის რეჟიმის ოპონენტებსა და უკრაინასთან ომის მოწინააღმდეგეებს ეს ინიციატივა კარგს არაფერს მოუტანს. უფრო პირიქით, შექმნის ხელსაყრელ სურათს პროპაგანდისთვის, რომელიც დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ უჩვეულოდ ბევრი ადამიანი მივიდა პუტინის მხარდასაჭერად, ოპოზიციის არგუმენტები კი არ გასცდება ოპოზიციურ „ბაბლს“.

„და კიდევ, რა შეუშლით ხელს პუტინის ლაქიებს, ანალოგიურად მოუწოდონ ყველას, ვინც მხარს უჭერს ფიურერს, მივიდეს საარჩევნო უბნებზე ასევე 17 მარტს შუადღისას, შემდეგ კი გამოაცხადონ, რომ ეს იმ ადამიანების რიგებია, რომლებიც პუტინს უჭერენ მხარს? როგორ უნდა დაამტკიცოთ, რომ ყველაფერი პირიქითაა? ეს ინიციატივა კომედიად გადაქცევის მაღალ რისკებს შეიცავს“, - ამბობს ოლეგ კაშინცევი.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG